კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ჭარბი ოფლიანობის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას უმნიშვნელო ნერვიულობის დროსაც კი უოფლიანდება ხელები

ჭარბი ოფლიანობა, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს უქმნის ცალკეულ პიროვნებას, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემაა საზოგადოებასთან ურთიერთობისას, ამიტომ ჰიპერჰიდროზი თამამად შეიძლება, ჩაითვალოს ადამიანის სიცოცხლის ხარისხის დამთრგუნავ ფაქტორად. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია თბილი შემოდგომის პერიოდში, როდესაც ზაფხულის განმავლობაში ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გამო, ოფლს უსიამოვნო სუნი უჩნდება, რომლის დახშობაც საკმაოდ სერიოზულ და, ხშირ შემთხვევაში, გადაუჭრელ საკითხს წარმოადგენს. იმის შესახებ, თუ რა არის ჰიპერჰიდროზი, მის რა ტიპებს განასხვავებენ და როგორ დავამარცხოთ ეს პრობლემა, გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ირაკლი გოლეთიანი.

– რას ნიშნავს ტერმინი „ჰიპერჰიდროზი“ და რა არის ჭარბი ოფლიანობის მიზეზი?

– „ჰიპერჰიდროზი“ ლათინური სიტყვაა და ოფლის ჭარბ გამოყოფას ნიშნავს. ჭარბი ოფლიანობა ჯანმრთელ ადამიანებშიც ვითარდება გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში, ფიზიკური ან ემოციური დატვირთვისას, ასევე, ალკოჰოლისა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მიღების ფონზე, მჭიდრო, არაბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარებისას. ამას „ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი“ ეწოდება და, როგორც აღვნიშნეთ, ის ჩვეულებრივი მოვლენაა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. რაც შეეხება პათოლოგიურ ჰიპერჰიდროზს, ეს ნორმიდან გადახრაა და არ არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურის ცვლილებაზე. ის ვითარდება სიმპატიკური ნერვული სისტემის ფუნქციის მომატების დროს. ყველაზე ხშირად, ის თან ახლავს ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას, ასევე ზოგიერთ ენდოკრინულ დაავადებას, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას, თავის ტვინის ტრავმას და სხვა. არსებობს ზოგადი და ადგილობრივი, ანუ ლოკალურ ჰიპერჰიდროზი. ზოგადი ჰიპერჰიდროზის დროს ოფლიანობა მთელ სხეულზეა გამოხატული, ხოლო ლოკალურის შემთხვევაში – მხოლოდ სხეულის გარკვეულ ნაწილებზე, მაგალითად, სახეზე, ხელისგულებზე, იღლიებსა და ტერფებზე. გარდა ჰიპერჰიდროზის ნახსენები ფორმებისა, ასევე განარჩევენ პირველად და მეორად ჰიპერჰიდროზს. სამწუხაროდ, პირველადი ჰიპერჰიდროზის მიზეზი დადგენილი არ არის, ხოლო მეორადი ჰიპერჰიდროზი ვლინდება მრავალი დაავადებისა თუ პათოლოგიური მდგომარეობის დროს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, ნერვული სისტემის დარღვევები, სისხლში შაქრის დონის უეცარი დაცემა და ასე შემდეგ. მეორადი ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ ექიმს ნაკლებად მიმართავს პაციენტი, რადგან ძირითადი მიზანი პირველადი დაავადების მკურნალობაა, რომლის შემდეგაც ავტომატურად მოიხსნება ჭარბი ოფლიანობის პრობლემა.

– ჰიპერჰიდროზის რომელი ფორმაა ყველაზე ხშირი და რამდენად შემაწუხებელია ეს პრობლემა?

– თუ თქვენ ხშირად გიოფლიანდებათ ხელები, აღგენიშნებათ იღლიის მიდამოში ოფლის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა და სტრესის დროს გამოხატულად გიწითლდებათ სახე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიეკუთვნებით მოსახლეობის იმ 0.6 პროცენტს, რომელსაც ლოკალური ჰიპერჰიდროზი აწუხებს. ლოკალური ჰიპერჰიდროზის ყველაზე ხშირი ფორმებია ხელისგულებისა და დიდი ნაოჭების ჰიპერჰიდროზი. როდესაც ადამიანმა იცის, რომ უმნიშვნელო მღელვარებაზეც კი ხელისგულები უცივდება და უსველდება, მას უხერხულობა ექმნება ურთიერთობებში, ხელის ჩამორთმევის დროს, საჯარო გამოსვლისას და ასე შემდეგ. ამასთან, ოფლის ჭარბ გამოყოფას თან უსიამოვნო სუნიც ახლავს, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ამგვარად, ჰიპერჰიდროზი, რომელიც, თავის მხრივ, ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. ჰიპერჰიდროზი ხელს უწყობს კანის მაცერაციას და ცვლის მის მჟავიანობას, რითაც ის ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისთვის, რომელთა სიმრავლე განსაკუთრებით აღინიშნება ხელისგულებზე, ტერფსა და დიდ ნაოჭებში.

– როგორ ხდება ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა?

– ჰიპერჰიდროზის დიაგნოზის დასმა პრობლემა არ არის – ეს, ძირითადად, პაციენტის ჩივილების საფუძველზე და ვიზუალური დათვალიერებისას ხდება. სამწუხაროდ, რამდენადაც მარტივია დიაგნოზის დასმა, იმდენად რთულია ჰიპერჰიდროზის დამარცხება. მისი მკურნალობა კომპლექსური და ხანგრძლივი მკურნალობის საკითხია. ეს მდგომარეობა მდგრადია მკურნალობის ყველა იმ მეთოდის მიმართ, რომლებიც დღემდე არსებობდა. ასეთ პაციენტებს, პირველ ყოვლისა, ურჩევენ, ატარონ თავისუფალი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი; ფეხსაცმელი სასურველია ტყავის. საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა, შხაპის მიღება დღეში ორჯერ. ჩვეულებრივი ანტიპერსპირანტების ნაცვლად, უმჯობესია ალუმოქლორიდების გამოყენება, თუმცა, ეს უკანასკნელი ზოგჯერ კანის გაღიზიანებას იწვევს. ასეთმა პაციენტმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტაც, უნდა შეიზღუდოს ისეთი სასმელების მიღება, რომლებიც აძლიერებენ ოფლის გამოყოფას. ასეთებია: ჩაი, ყავა, კაკაო, ალკოჰოლური სასმელები და სხვა. დღესდღეობით ჰიპერჰიდროზის სამკურნალოდ იყენებენ გარკვეულ პრეპარატებს, რომელთაგან ზოგიერთი ბოტულინური ტოქსინის ანალოგია. ჭარბი ოფლიანობის ზონაში ახორციელებენ ასეთი პრეპარატის ინიექციებს და შედეგი რეალურად მიიღწევა, რაც მხოლოდ რვა თვე გრძელდება, შემდეგ კი პროცედურის გამეორებაა საჭირო. არსებობს ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც.

– რაში მდგომარეობს ჰიპერჰიდროზის ქირურგიული მკურნალობა?

– ჰიპერჰიდროზის მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია ჭარბი ოფლდენის ზონის კიურეტაჟი: კანზე კეთდება მცირე კვეთა, საიდანაც სპეციალური ინსტრუმენტით, კიურეტით, ხდება კანის გამოფხეკა. ამგვარად, ხდება საოფლე ჯირკვლების მოცილება და მცირე სიმპატიკური დაბოლოებების გადაკვეთა კანქვეშა ცხიმის დონეზე. ეს პროცედურა ყველაზე ეფექტურია იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის დროს. იღლიის ფოსოს კიურეტაჟის შედეგად ოფლიანობის შემცირება 90 პროცენტში მიიღწევა, ამასთან, ქრება უსიამოვნო სუნიც. თუმცა, ამ პროცედურის შემდეგ კანმა შეიძლება ნაწიბუროვანი ცვლილებები განიცადოს და, ცალკეულ შემთხვევაში, გარკვეული ხნის შემდეგ, შესაძლოა, ოფლის გამოყოფა ისევ აღდგეს. კიდევ ერთი პროცედურაა სიმპათექტომია, რაც მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვირებელი ნერვების გადაკვეთაში. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოსა და ხელისგულების ჰიპერჰიდროზის დროს. ეფექტი მიიღწევა 40-80 პროცენტის შემთხვევებში და, ამასთან, საკმაოდ მყარიცაა შედეგი, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ზოგჯერ პაციენტებს უვითარდებათ ოფლის გამოყოფის კომპენსატორული გაძლიერება. დადგენილია, რომ პაციენტთა 5 პროცენტში კომპენსატორული ჰიპერჰიდროზი იმდენად ძლიერია, რომ თავად ხდება პრობლემის წყარო, ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე, აუცილებელია, რომ პაციენტმა გააანალიზოს რისკის ფაქტორები, ექიმმა კი, თავის მხრივ, განახორციელოს ოპერაციამდელი ყველა საჭირო პროცედურა.

– რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებთ?

– ჰიპერჰიდროზი შემაწუხებელი პრობლემაა, მისი მკურნალობა კი ხანგრძლივი და კომპლექსურია. მაგრამ, თუ პაციენტი მოთმინებით აღიჭურვება და შეასრულებს ექიმის მითითებებს, შესაძლებელია ხანგრძლივი ეფექტის მიღწევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად არ დაითრგუნოს, რადგან ამ მოვლენაზე ხანგრძლივად ფიქრი და ნერვიულობა, ძირითადად, აძლიერებს ოფლიანობას. საჭიროების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ფსიქოლოგსაც, სასურველია, გავაანალიზოთ, რომ ჩვენი პრობლემა დაავადება არ არის და მისი დამარცხება შესაძლებელია.


скачать dle 11.3