კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახლავს ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს

კონტრაცეფციის ისტორია ათასობით, მეტიც, ათიათასობით წელსაც კი ითვლის. ჯერ კიდევ თემური წყობილებისას, პრიმიტიულად მოაზროვნე კაცობრიობა ცდილობდა, ეპოვა პანაცეა არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად, ხშირად მიმართავდნენ შამანურ მეთოდებსაც. იმასაც ამბობენ, ცნობილი დონ ჟუანი და ქალების რისხვა ჯაკომო კაზანოვა თხის ნაწლავისგან დამზადებული კონდომებით სარგებლობდაო. მეოცე საუკუნეში გავრცელებულმა აივ შიდსის ინფექციამ და სხვა სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა, ახალი ამოცანები დაუსახა კონტრაცეფციას. დროთა განმავლობაში კონტრაცეფტივთა სახეობები გამრავალფეროვნდა, დაიხვეწა და ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს. კონტრაცეფციის უპირატესობებსა და შესაძლო უკუჩვენებებზე ჩაჩავას სახელობის კლინიკის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი გვესაუბრება:

– რა არის კონტრაცეფცია, რა ძირითადი დანიშნულება აქვს მას?

– კონტრაცეფტივების ძირითადი დანიშნულება არასასურველი ორსულობის თავიდან არიდებაა. ის თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება, საშუალებას იძლევა, წყვილმა დაგეგმოს ოჯახი და ზოგადად ცხოვრება. პირველი და აუცილებელი პირობა პაციენტის ინფორმირებულობაა. საჭიროა, მსურველმა უცილობლად მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები. არჩევანი კონკრეტულად წყვილზეა დამოკიდებული. ვარჩევთ პაციენტისთვის ინდივიდუალურად, შეძლებისდაგვარად მისთვის კომფორტულს, მისაღებ საშუალებას და იმ სახეობას, რომელიც მის ზოგად ანამნეზს შეესაბამება.

საქართველოში დიდი ხანია, გაეროს პროგრამა – UNFPA მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებას კონტრაცეფტივების პოზიტიური როლის შესახებ თანამედროვე ადამიანების, წყვილების ცხოვრებაში და მათი სათანადო კონტრაცეფტიული საშუალებებით უზრუნველყოფას. ამ პროგრამამ საშუალება მისცა ქართველ რეპროდუქტოლოგებს, განევითარებინათ კვლევა და პრაქტიკული მუშაობა ამ მიმართულებით. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ბუნებრივია, თავდაცვითი საშუალებების გამოყენების სტატისტიკამ საგრძნობლად მოიმატა და პირდაპირპროპორციულად შემცირდა აბორტების მაჩვენებელი. თუმცა, აბორტების რიცხვი ქვეყანაში ჯერ კიდევ კატასტროფულია. აუცილებელია, ადამიანებმა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის მიმართ. არასწორად გაკეთებული აბორტი ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება. სატელევიზიო კამპანია ამ თემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს.

კონტრაცეპტივების სახეობები და მეთოდები მრავალგვარია. 1) ჰორმონალური კონტრაცეფცია (აბები და საინიექციო საშუალებები); 2) საშვილოსნოსშიდა საშუალებები; 3) ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში; 4) ლაქტაციური ამენორეის მეთოდი; 5) ბარიერული მეთოდები; 6) სპერმიციდები; 7) ბუნებრივი მეთოდები; 8) შეწყვეტილი სქესობრივი აქტი.

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას საჭიროა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება: კონტრაცეფციის ეფექტურობა, უსაფრთხოება, გვერდითი მოვლენები, მეთოდის არაკონტრაცეფციული უპირატესობები და ნაკლოვანებები, ფერტილობის აღდგენა.

– კონტრაცეფციასთან დაკავშირებული შიში რატომ არის საზოგადოებაში?

– ბევრი მცდარი შეხედულებაა გავრცელებული. საერთოდ, საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულებაა სიტყვა „ჰორმონის“ მიმართ (ეს ძირითადად აბებს ეხება). ის მათთვის საფრთხის შემცველ პრეპარატთან ასოცირდება, რომელიც ორგანიზმში ჰორმონული ფონის ცვლილებებს გამოიწვევს, რაც რეალურად, სიმართლეს არ შეესაბამება. სწორად შერჩეული საშუალებები, ჯერ ერთი, მის დანიშნულებას ძალიან ზუსტად ასრულებს და მეორე, სწორედაც რომ ჰორმონული დისბალანსის სამკურნალოდაც გამოიყენება. საერთოდ, სამკურნალო თვალსაზრისით მას ბევრი დადებითი მხარე, ეფექტი აქვს. რეპროდუქტიულ პრაქტიკაში პირადად მე კონტრაცეპტულ საშუალებას უფრო ხშირად სამკურნალოდ ვიყენებ, ვიდრე უშუალოდ ორსულობის პრევენციისთვის, ანუ მისი ძირითადი დანიშნულებისამებრ.

საერთოდ, ჰორმონული კონტრაცეფციული საშუალებების ფუნქცია ამოუწურავია. მას ფართოდ იყენებენ ჰორმონული დისბალანსის, ჭარბთმიანობის, უნაყოფობის, პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალოდ, რომლითაც მსოფლიოში უამრავი ქალი იტანჯება. აქ იგულისხმება მხოლოდ ორალური კონტრაცეფტივები, ვინაიდან ჰორმონებს მხოლოდ ეს უკანასკნელი შეიცავს.

არსებობს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ასევე, აბების ტოლფარდი საინიექციო საშუალებები, რომლებიც ქალის სასქესო ჰორმონს ესტროგენსა და პროგესტერონს შეიცავს. პერორალური კონტრაცეფცია განკუთვნილია ძირითადად პუნქტუალური, მოწესრიგებული ქალბატონებისათვის, ვინაიდან აბების მიღება აუცილებელია თანმიმდევრულად, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, რათა ეფექტი იყოს სრულფასოვანი და მაქსიმალური. ინიექციის გაკეთება შეიძლება თვეში ერთხელ, ან თუნდაც სამ თვეში ერთხელ. ჯანმრთელი ადამიანისთვის ყოველი მათგანი უსაფრთხოა, თუმცა არის ცალკეული გამონაკლისი შემთხვევები. ეს უფრო ინდივიდუალურ აუტანლობასთან არის დაკავშირებული.

ბარიერული მეთოდის კონტრაცეფციაა საშვილოსნოს შიდა საშუალება – სპირალი. მასაც აქვს გარკვეული უკუჩვენება. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება საშვილოსნოსა და დანამატების ანთებითი პროცესები ან სქესობრივი გზით გადამდები ავადობა. უკუჩვენებად არ მიიჩნევა ყელის ეროზია, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები. სპირალის გამოყენება არ შეიძლება მაშინაც, როცა ქალბატონს ერთის ნაცვლად რამდენიმე პარტნიორი ჰყავს. ეს ვენერიული დაავადებების რისკს ზრდის.

არსებობს მედიკამენტური და არამედიკამენტური საშვილოსნოსშიდა საშუალებები. მედიკამენტური გამოყოფს სპილენძის იონს ან ჰორმონს. სპირალი შეიძლება, იყოს დამზადებული სხვადასხვა მასალისგან, ძირითადად პლასტმასისა და სხვადასხვა სახის ლითონებისგან – სპილენძი და ასე შემდეგ. ზოგჯერ შეიძლება პაციენტს ამ ლითონებზე ალერგიული რეაქცია განუვითარდეს.

ზოგადად, არსებობს გარკვეული უკუჩვენებები, რომლის დროსაც კონტრაცეფციის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. ამისთვის საჭიროა, პაციენტის ზოგადი ანამნეზი, გამოკვლევა და დადგენა. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება არ შეიძლება მწეველ ქალბატონებში, ასევე მათთვის, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა იშემიური დაავადებანი. დადგენილია, რომ თუ ქალი დღეში საშუალოდ 20 ღერ სიგარეტს მოიხმარს, ის მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში ორალური კონტრაცეპტივის დანიშვნა საერთოდ არ შეიძლება.

– კონტრაცეფტივებისთვის რისკჯგუფებს რა დაავადებების მქონე ადამიანები მიეკუთვნებიან?

– როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რისკჯგუფებს განეკუთვნებიან მწეველი ქალბატონები, გულ-სისხლძარღვთა კორონალური სნეულებების, თრომბოემბოლიური და იშემიური დაავადებების მქონე პაციენტები, ჰიპერკოაგულაციური დაავადებების მატარებელნი, ვისაც აქვს მკერდის სიმსივნე ან გენეტიკური განწყობა მკერდის სიმსივნური დაავადებების მიმართ, – მიჩნეულია, რომ კონტრაცეფციული საშუალებები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის. გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების მდგომარეობაც. თუ აღინიშნება კუჭზე წყლული, მწვავე ქოლეცისტიტი ან ღვიძლის რაიმე პათოლოგია, ბუნებრივია, იქ კონტრაცეპტივის დანიშვნა არ არის რეკომენდებული, აბების მეტაბოლიზმი პირდაპირ ღვიძლში მიმდინარეობს, ციროზისას ხომ ამაზე საერთოდ არ შეიძლება ლაპარაკი. რისკის ჯგუფში შედიან ესტროგენდამოკიდებული სიმსივნეების მქონე ავადმყოფები. სიფრთხილით არის საჭირო კონტრაცეფტივის დანიშვნა შაქრიანი დიაბეტის დროსაც, როდესაც ადამიანს აღენიშნება დიაბეტური ნეიროპათია და რეტინოპათია. თუმცა, გააჩნია პაციენტის მდგომარეობასაც. პლუს გასათვალისწინებელია ასაკობრივი ზღვარიც, ქალბატონებს 35 წლის ზევით ენიშნებათ ეს პრეპარატები ასევე გულდასმით დაკვირვების შემდგომ.

საერთოდ კონტრაცეფტული საშუალება ძალიან კარგი და ეფექტურია მტკივნეული მენსტრუაციის დროს, ციკლის დარღვევის შემთხვევაში, რაც ასევე ჰორმონულ ფონთან არის დაკავშირებული. კონტრაცეფტივები ახდენს ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარების პრევენციას. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი 50 პროცენტით მცირდება იმ ქალბატონებში, რომლებიც მეტი ინტენსივობით მოიხმარენ კონტრაცეფტიულ საშუალებებს. კონტრაცეპტივები აგრეთვე აფერხებს საკვერცხის კიბოს განვითარებას, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ემოციურ მდგომარეობაზე.

– ასაკობრივი შეზღუდვა აქვს კონტრაცეფტივებს?

– ასაკობრივი შეზღუდვა ჰორმონალურ საშუალებებს თითქმის არ აქვს. მთავარია, თავად აბები იყოს სწორად შერჩეული. ჰორმონული საშუალებების გამოყენება შეიძლება ეგრეთ წოდებული პუბერტაციის პერიოდიდან. ჩვენს სინამდვილეში ხშირად ხდება ისე, რომ მოზარდი ადრე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ხშირია ქორწინებამდელი კავშირებიც. აბები არსებობს სხვადასხვა სახის, კომბინირებული, მთავარია ასაკობრივი კატეგორიისთვის, ყურადღება მიექცეს აბების დოზირებას. არის მცირედდოზირებული და მეტადდოზირებული საშუალებები. შესაძლოა გოგონას ორგანიზმი არ იყოს ბოლომდე მომწიფებული, მაგრამ მას დაწყებული ჰქონდეს სქესობრივი ცხოვრება. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას პრევენციული ზომების მიღება ნამდვილად ჯობია.

კონტრაცეფტივების დანიშვნა აკრძალულია კლიმაქტერულ პერიოდში.

– ჰორმონალური პრეპარატების მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად თუ არის ნებადართული?

– სხვა ჯგუფის მედიკამენტებთან ერთად ჰორმონული აბების მიღება სამედიცინო პრაქტიკაში დაშვებულია, მაგრამ ზოგიერთი ჯგუფის პრეპარატების მოქმედებას ის ანელებს, ზოგისას კი პირიქით, აძლიერებს. მაგალითად, გავლენას ახდენს ანალგეტიკების ეფექტზე, საგრძნობლად ასუსტებს მის მოქმედებას ორგანიზმში. ანტიეპილეფსიურმა (ანტიკონვულსიურმა) და ანტიტუბერკულოზურმა საშუალებებმა შეიძლება, მკვეთრად დააქვეითოს კონტრაცეფტივის ეფექტურობა.

– რაიმე კვებითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია?

– განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის დაცვა არ არის საჭირო.

– თუ არსებობს კონტრაცეფცია მამაკაცებისათვის?

– ეს გაცილებით უფრო ახალი მოვლენაა, არ არის კარგად გამოკვლეული და შესწავლილი არც მისი ეფექტურობა, არც გვერდითი მოვლენები. უცხოეთში ჯერ კიდეც გამოცდის პროცესშია, თუმცა მამაკაცთა ჰორმონალური საშუალებები 5 წელია, არსებობს ევროპის ბაზარზე. ჩვენში და საერთოდ უფრო გავრცელებული მეთოდია სტერილიზაცია. ზოგიერთი მედიკოსის მტკიცებით, მამაკაცებისთვის განკუთვნილ აბებს სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია, კერძოდ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სახით. არსებობს აგრეთვე სათესლე ჯირკვლების სპეციალური დამჭერი, რომელსაც ფერტილობის შესუსტება შეუძლია.

– თუ სპირალის ან აბების მომხმარებელი მაინც დაორსულდა, შესაძლოა, მოხდეს ორსულობის ბუნებრივი გზით შეწყვეტა?

– ამის რისკი, მინიმალურია. თუ მაინც მოხდა და განვითარდა ორსულობა, საჭიროა, პაციენტმა სასწრაფოდ შეწყვიტოს აბების მიღება. მას ტერატოგენული საფრთხე (ნაყოფის სიმახინჯეები, პათოლოგიები) არ ახლავს. ნაყოფის ბუნებრივი გზით მოწყვეტის შანსი, ცხადია, არსებობს.

– თუ იწვევს სპირალი სისხლდენას, ალერგიას. მენსტრუალური ციკლის არევას?

– სპირალის ყველაზე სახიფათო გვერდითი მოვლენა სწორედ ის არის, რომ იწვევს ჭარბ სისხლდენას მენსტრუალური ციკლის დადგომისას, ან ციკლთა შორის შუალედებში, შესაძლოა აღინიშნოს სხვა, ანთებითი სახის გამონადენიც. ასეთ დროს სპირალის ორგანიზმიდან ამოღება აუცილებელია. შეიძლება ალერგიული რეაქციის გამოწვევაც, ვისაც ალერგია აქვს სპილენძის მიმართ. შესაძლოა, გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევაც.

– დაბოლოს, მოქმედებს თუ არა კონტრაცეფტივები ფერტილობაზე?

– არანაირად. ყოველ შემთხვევაში, ნეგატიურ გავლენას არ ახდენს განაყოფიერების უნარზე. შეწყვეტს თუ არა ქალი ამგვარი საშუალებების მიღებას, ფერტილობის უნარი მყისიერად აღდგება.

დაუშვებელია კონტრაცეფტივების თვითდანიშვნა. მართალია, აფთიაქებში იყიდება ავარიული კონტრაცეფტივები, მაგრამ მათი მრავალჯერადი გამოყენება არასგზით არ არის გონივრული საქციელი.


скачать dle 11.3