კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააჯარიმებს სახელმწიფო იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, რომლებიც არ შეაგროვებენ ინფორმაციას თავიანთი თანამშრომლების შესახებ

საქართველოს პარლამენტმა აგერ უკვე პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიღება არ აგვცდება. სახელწოდებამ უბრალო მოკვდავთ, ზედაც ხელისუფლების ოპონენტებს, ყოვლისმცოდნე საბჭოთა უშიშროება გაახსენა. ერთი სიტყვით, უსიამოვნო ასოციაციები ქარავანივით აიშალა. აქვს თუ არა ამ ქარავანს არსებობის უფლება და რა საფრთხეს შეიცავს (ან არ შეიცავს) საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისა და გავრცელების აწ უკვე კანონით გარანტირებული პერსპექტივა? – საკითხს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვახუშტი მენაბდე განგვიმარტავს.

– უპირველესად, რა არის ამ კანონპროექტის არსი?

– ზოგადად, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი, რაც განმარტებით ბარათშიცაა მოცემული, არის პერსონალური მონაცემების ბრუნვის რეგულირება. პერსონალური მონაცემი, განმარტების თანახმად, არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს და იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას სხვადასხვა მახასიათებლების მეშვეობით. დღესდღეობით ამ საკითხს არეგულირებს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, ოღონდ ის ეხება მხოლოდ საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციას: საჯარო დაწესებულება არის ნებისმიერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს შეიძლება, იყოს ნებისმიერი ინფორმაცია, დაწყებული თქვენი თითის ანაბეჭდიდან, რომელსაც ფლობს სამოქალაქო რეესტრი, ქორწინება და ასე შემდეგ.

– მოქალაქის შესახებ ინფორმაცია არსებობს ეგრეთ წოდებული „სივის“ სახითაც, რომელსაც ვავსებთ სამსახურში მიღებისა თუ რამე პროექტში მონაწილეობის მიზნით?

– ეს მონაცემები დღესაც არსებობს, ისევე, როგორც საჯარო დაწესებულებების სამსახურებში ინახავენ ჩვენს საქმეებს: ზემდგომებისა თუ ქვემდგომების შეფასებებს ჩვენ შესახებ. მაგრამ ფაქტია, რომ გარდა საჯარო დაწესებულებისა, პირად მონაცემებს ამუშავებს კერძო ორგანიზაციებიც. მაგალითად, ბანკები, მათ აქვთ ინფორმაცია ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ჩვენს დამსაქმებლებს აქვთ ინფორმაცია ჩვენი შემოსავლების შესახებ. ანუ პერსონალური ინფორმაცია დაცულია არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო დაწესებულებებშიც, მაგრამ ეს საკითხი კერძო სექტორში არ არის სრულყოფილად რეგულირებული, ამიტომაც დაიწერა კანონი, რომელიც ამას დაარეგულირებს. საქართველო ჩართულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში, რაც ითვალისწინებს ევროკავშირთან ეტაპობრივ დაახლოებას და მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულირება. ასე რომ, რეალურად რეგულირების ამ მექანიზმის არსებობა ევროკავშირის მოთხოვნაა. სწორედ ამან განაპირობა კანონის მიღების დაჩქარება.

– ძალიან კეთილშობილური საფუძველი და მიზანი ჰქონია ამ კანონპროექტს, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს კანონპროექტი მთლად ჰარმონიაში ვერ მოდის ადამიანის უფლებებთან. კერძოდ?

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაქვეყნა პირველი შენიშვნები. ეს საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია, რომელიც გავუგზავნეთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ჩვენ დღემდე გვაქვს კონსულტაციები ამ კანონპროექტის ავტორებთან და იმედიც გვაქვს, რომ რაღაც საკითხებზე შევთანხმდებით. ჩვენს შეშფოთებას რამდენიმე ფაქტორი იწვევს. პირველია, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობის მიცემა ამა თუ იმ იურიდიული პირისთვის. განვმარტოთ, რას ნიშნავს „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები“: ეს არის მონაცემები დაკავშირებული პიროვნების რასობრივ და ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ მრწამსთან, პროფესიული ორგანიზაციის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან ან ნასამართლეობასთან.

– გავშიფროთ თითოეული მათგანი. რაში შეუძლია სახელმწიფოს ამ მონაცემების გამოყენება?

– განსაკუთრებული მონაცემები არის განსაკუთრებით მგრძნობიარე მონაცემები, შესაძლოა, ჩემი დაბადების თარიღის ან სამუშაო ადგილის გამჟღავნება არ იყოს ჩემთვის მტკივნეული, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც შესაძლოა, არ მინდა, რომ ვინმესთვის ხელმისაწვდომი იყოს. მაგალითად, რელიგიური მრწამსი, სექსუალური ორიენტაცია, ნასამართლეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუნდაც, პოლიტიკური შეხედულებები. კანონის მიღებამდე საქართველოში ამ მონაცემების დამუშავება აკრძალულია.

– რასობრივი კუთვნილება ყურით მოთრეული მგონია, რომ შემომხედავენ, ვერ მიხვდებიან, რა ფერის კანი მაქვს?

– მოკლედ, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ამ მონაცემების დამუშავება შესაძლებელი ხდება. დამუშავება კი გულისხმობს მონაცემების გავრცელებასაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ძალიან ზუსტად უნდა განმარტოს, რაც განმარტებით ბარათში არ ჩანს, თუ რატომ არ იყო შესაძლებელი აქამდე ამ მონაცემების დამუშავება და ახლა რატომ გახდა შესაძლებელი. გასაგებია, რომ ამ კანონის მიღება დირექტივის შედეგია, მაგრამ ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, გვაინტერესებს, რატომ უარესდება ჩვენი უფლებრივი მდგომარეობა? რა არის სახელმწიფოს მიზანი? იქნებ ეს მართლაც საჭიროა, ამით ძალიან კეთილშობილური მიზანი მიიღწევა და ჩვენ მზად ვართ, უარი ვთქვათ ჩვენი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობაზე, თუ ეს საერთო საქმეს წაადგება?! მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ დასაბუთება, თუ რა არის ამ ნაბიჯის მიზანი.

– განმარტეთ, როგორ მოხდება ამ მონაცემების შეგროვება? ვინმე გამოჰკითხავს მოქალაქეებს, აბა, ერთი გვითხარი შენი პოლიტიკურიდან დაწყებული ორიენტაციებიო?

– არა, კანონპროექტით არ არის განსაზღვრული, როგორ მოხდება ამ ინფორმაციის მოპოვება, უბრალოდ კანონი განსაზღვრავს, ვის და როგორ აქვს ამ მონაცემების დამუშავების, თანაც, გავრცელების უფლებაც. უნდა გითხრათ, რომ ეს კანონი არ გავრცელდება მედიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე.

– დიდად არ მხიბლავს ეს პერსპექტივა, მაგრამ, თუ, მაინცდამაინც, ამათზე არ უნდა ვრცელდებოდეს?

– მათზე სხვა კანონები ვრცელდება და ისინი არეგულირებს ამ საკითხს. კანონპროექტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ საკმაოდ რთულ პირობებს სთავაზობს იმ პირებს, რომლებსაც შეეძლებათ ამ მონაცემების დამუშავება. წერია, რომ პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის, ანუ იმ პირის, ვისი მონაცემებიც მუშავდება, ღირსების შეულახავად, მხოლოდ და მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული მიზნისთვის. მაგალითად, თუ დაამუშავებენ ინფორმაციას ჩემი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ, მხოლოდ იმ მოცულობით უნდა დამუშავდეს, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად.

– ხელისუფლებები მიდი-მოდიან, კანონი რჩება, შესაბამისად, პერსონალური ინფორმაცია შეიძლება, იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების საშუალებად? ახლა უკვე არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორშიც ადამიანები მიიღონ ან არ მიიღონ, ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულებების გამო?

– ეს კანონი, აგრეთვე, არ ვრცელდება არც პოლიტიკურ პარტიებზე, კავშირებსა და რელიგიურ ორგანიზაციებზე.

– არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ უთანაგრძნობს ან ვიღაც იდგა, ვთქვათ, მიტინგზე?

– ასეთ ინფორმაციას მოიპოვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამ პროცედურას არეგულირებს კანონი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ. შესაბამისად, მგონია, რომ კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ ამ შემთხვევისთვის არ გამოდგება.

– ვინ იქნება ამ უწყების თუ, რაც არის, ხელმძღვანელი?

– ესეც ერთ-ერთი სადავო საკითხია საქართველოს პარლამენტსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორის თანამდებობა.

– სად?

– ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, დაახლოებით, ომბუდსმენის მსგავსი, რომელსაც მიენიჭება საკმაოდ დიდი უფლებამოსილება. მას ექნება უფლება, დააჯარიმოს ორგანიზაციები, რომლებიც არასწორად გამოიყენებენ ამ კანონს და დაარღვევენ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებებს. გარდა, ამისა, ამ უწყებას დაევალება, მისცეს მითითებები ორგანიზაციებს და შეადგინოს სახელმძღვანელო პრინციპები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს და დაინერგოს ეს კანონი. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორი უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა. მანამდე კი შეიქმნება კომისია, რომელშიც შევლენ: სახალხო დამცველი, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი გამოაცხადებენ კონკურსს და წარუდგენენ შერჩეულ კანდიდატურას პრემიერ-მინისტრს, თუმცა მას შეუძლია, არ დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურა და მოითხოვოს მეორე კანდიდატურის წარდგენა. ჯერ ერთი, პრემიერ-მინისტრი დღესაც პოლიტიკური ფიგურაა და, როდესაც კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედდება, ის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება და მისთვის ამ უფლების მინიჭებაც, ვფიქრობ, პრობლემებს შექმნის. ჩვენი აზრით, ეს სამსახური უნდა ყოფილიყო საკანონმდებლო ხელისუფლების ნაწილი და არა აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმი, აკონტროლოს საკუთარი თავი.

– ინსპექტორი რატომ დაარქვეს, რამე უფრო ყურს რბილად მოსახვედრი ვერ მოიფიქრეს?

– ასე ჰქვია ამ თანამდებობას სხვადასხვა ქვეყანაში და ყველგან განსხვავებული მექანიზმებით ირჩევენ მას, თუმცა, მაგალითად, ბალტიისპირეთში ჩვენნაირი მოდელია. მიუხედავად ამისა, ქართული კონტექსტისა და სინამდვილის გათვალისწინებით, ეს პარლამენტის უფლებამოსილება იყო. ამ კანონპროექტში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, რაც ინსპექტორის უფლებამოსილებებს უკავშირდება. კანონპროექტში წერია, რომ ინსპექტორი, სანამ კონკრექტულ დაწესებულებაში შევლენ…

– სანამ ამას გვეტყვით, განგვიმარტეთ, რისთვის შევლენ ამა თუ იმ დაწესებულებაში: არის თუ არა თანამშრომლების შესახებ პერსონალური მონაცემები, თუ ბოროტად ხომ არ იყენებენ მათ?

– ჯერ ერთი, არის თუ არა ეს მონაცემები და, მეორე, რამდენად სწორადაა დამუშავებული. მაგრამ, თუ ინსპექტორი შედის მონიტორინგისთვის ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვასთან, ან ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, ის ვალდებულია, არანაკლებ სამი დღით ადრე აცნობოს მათ შესაძლოა მონიტრინგის შესახებ. ეს მოთხოვნა ასუსტებს ინსპექტორს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო სტრუქტურებს, წაშალონ კანონდარღვევათა კვალი. მონიტორინგის იდეა ისაა, რომ ის მოულოდნელია. ჩვენს შემთხვევაში კი წინასწარ აფრთხილებენ იმ დაწესებულებებს, სადაც ყველაზე მაღალი რისკია, რომ ინფორმაციას ბოროტად იყენებდნენ. მოკლედ, ინსპექტორის დანიშვნის წესი, ზემოჩამოთვლილი უწყებების სამი დღით ადრე გაფრთხილება და განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფორმაციის შეგროვება იწვევს პრინციპულ წინააღმდეგობას ჩვენსა და პარლამენტს შორის. სხვა საკითხებში, ვფიქრობთ, შეთანხმება შესაძლებელია.

– განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფორმაციას რაც შეეხება: მე ხომ შემიძლია, მოვიტყუო? რა არის ამ მონაცემების სიზუსტის გარანტია? ბოლოს და ბოლოს, შესაძლებელია, შევიცვალო როგორც პოლიტიკური შეხედულებები, ისე რელიგიური მრწამსი და სექსუალური ორიენტაცია (პირი ქვისკენ მიქნია)?

– ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. ამის რეგულირებას კანონი არ გვთავაზობს. თუ ზუსტი მონაცემი არ იქნება, კანონის მიხედვით, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ინფორმაციის შესწორება.

– ეს არ არის ცოტა კომიკური?! განზრახ მომყავს უტრირებული მაგალითები: ვთქვათ, ვინმეს ოჯახიც აქვს და საყვარელიც ჰყავს, ესეც უნდა დაზუსტდეს?

– რადგან ეს საკითხი ეხება სქესობრივ ცხოვრებას, ესეც განსაკუთრებით მგრძნობიარე ინფორმაციაა. უბრალოდ, ძალიან რთული იქნება იმის დასაბუთება, თუ რატომ დასჭირდებათ ამ მონაცემების დამუშავება და გავრცელება. წაგიკითხავთ, როგორ არის კანონში ჩამოყალიბებული, თუ რა საფუძველზე მოხდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება: თუ მონაცემთა სუბიექტმა გამოხატა წერილობითი თანხმობა.

– თუ არ ვაძლევ თახმობას?

– მეორე: თუ პერსონალური მონაცემები სუბიექტმა საჯარო გახადა მისი გამოყენების აკრძალვის გარეშე. მაგალითად, თუ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, ვიღაცას შეუძლია, ისინი დაამუშაოს და გაავრცელოს, ოღონდ უნდა დაასაბუთოს, რაში სჭირდება. არავინ მოგთხოვთ თქვენ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ეს ინფორმაცია ისედაც არსებობს, უბრალოდ მის განსაჯაროებას დასჭირდება დასაბუთება. შემდეგი პირობაა, რომ ამ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია, თუ მონაცემები დამუშავდება მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.



– ეს რას ნიშნავს?

– ამის განსაზღვრა ძნელია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული ინტერესის დაცვის მიზნით და იმედია, სწორედ ასე იქნება ინტერპრეტირებული. ამ კანონის ხარვეზია ის, რომ იგი რთულადაა დაწერილი. ჩვენც კი, იურისტები, განსხვავებულად ვიგებთ მას და მით უფრო გაუჭირდება მისი აღქმა ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ანუ არაიურისტებს. კანონი ზედმეტად ზოგადია, ინფორმაციას გვაძლევს პრინციპების დონეზე და შემდეგ უკვე საქმე ინტერპრეტაციაზეა. გვეუბნებიან, რომ შეიქმნება სახელმძღვანელოები, რომლებიც გააადვილებენ ამ კანონის გაგებას.

– კანონი დაეწერათ გასაგები სახელმძღვანელოების ბეჭდვას?

– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რა თქმა უნდა, ჩაერთვება ამ პროცესში და მონიტორინგს განახორციელებს. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა შედეგს მოიტანს და მივიღებთ იმ დოკუმენტების წყებას, რომლებიც დაიცავს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობას.

– რადგან ეს ევროკავშირის დირექტივაა, ესე იგი, მათ აქვთ ამ კანონით მოქმედების გამოცდილება, რას ამბობს ევროპული გამოცდილება: რას აძლევს ეს კანონი სახელმწიფოს? იმიტომ, რომ ჩვენთან, ნებსით თუ უნებლიეთ, ინფორმაციის შეგროვება „კაგებესთან“ ასოცირდება?

– დიახ, ასოცირდება იმასთან, რომ ამ მონაცემებს ვიღაც ბოროტად გამოიყენებს და მიიჩნევა, რომ კანონის ამოქმედება პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უფლებების შელახვასთან. მაგრამ ევროპაში ამ კანონის მიზანია არა სახელმწიფოსთვის მოქმედების გაადვილება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვა, რომ ადამიანმა იცოდეს, თუ რა შემთხვევაში დამუშავდება მისი პერსონალური მონაცემები.


скачать dle 11.3