კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული წარმოშობის მილიარდერი თურგაი ჯინერი თურქეთის ყველაზე გავლენიან ხუთ ბიზნეს-ოჯახს შორის დასახელდა



უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შორის, რომლებმაც სახელისა და ქონების მოხვეჭა შეძლეს, ბევრი ცხოვრობს თურქეთში. მათ შესახებ გაცილებით ნაკლებია ცნობილი, ვიდრე ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებზე. თურგაი ჯინერი თურქეთში მცხოვრები ერთ-ერთი წარმოშობით ქართველი უაღრესად წარმატებული ბიზნესმენია. აღსანიშნავია, რომ უმდიდრეს ქართველებს შორის ჯინერი ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მესამე ადგილზე სახელდებოდა ქართული პრესის მიერ ბოლო წლებში გამოქვეყნებულ რეიტინგებში, სადაც მისი ქონება დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.

ჯინერის ქონების შესახებ თურქულ და დასავლურ პრესაში განსხვავებული მონაცემები არსებობს. 2008 წელს გამოქვეყნებულ ყველაზე მდიდარი თურქების სიაში, რომელიც გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ შეადგინა, 52 წლის ჯინერი 29-ე ადგილზეა, მისი ქონება კი 1,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ზოგიერთი ცნობით კი წინა წლებში მისი ქონება 1,5 მილიარდს აღწევდა. „ფორბსის“ მონაცემებით, 2008 წლისთვის თურქეთში სულ 36 მილიარდერი იყო, რომელთა ქონებაც ჯამში 100 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

თურგაი ჯინერი დიპლომირებული სპეციალისტია, რომელმაც სტამბულის ეკონომიკისა და ბიზნესსერვისის პრესტიჟული აკადემია დაასრულა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო ხელოვნებასა და მეცნიერებაში. მასზე ამბობენ, რომ ისაა მილიარდერი, რომელიც მილიარდერთა შორისაც კი გამოირჩევა დიდი გავლენითა და შესაძლებლობებით. მას კარგად იცნობენ თურქეთში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი და ოჯახთან ერთად სტამბულში ცხოვრობს. მოღვაწეობს სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიაში და მრავალ სხვა დარგში. ჯინერი მრავალმხრივი ბიზნესმენია, რომელსაც ერთდროულად სრულიად განსხვავებულ სფეროებში აქვს ინტერესები.

ჯინერი ალუმინისა და სპილენძის, ასევე, კალციუმის შემცველი სოდის მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელია. მისი ინტერესები თხევადი გაზისა და ავიაციის სფეროებზეც ვრცელდება. მანვე ააშენა ახალი მედიაცენტრი სტამბულის ყველაზე პოპულარული სასტუმროების ქსელის „ტაქსიმის“ გვერდით. მის მედიაკომპანია „მერკეზს“ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს თურქეთში. ჯინერი ხილის გადამამუშავებელ ქარხნებსაც ფლობს სტამბულის გარეუბნებში. ის აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა, – მთელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული სკოლების რეკონსტრუქციაში უანგაროდ მონაწილეობს.

თურგაი ჯინერმა ამერიკული „ფორბსისგან“ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ჟურნალის თურქული ვერსიის – „ფორბს თურქის“ გამოცემის უფლება შეისყიდა. ის ასევე პრესის სხვა პოპულარული საშუალებების საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა: 2007 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თურქული გაზეთის – „საბაჰის“ მფლობელი იყო, რომელიც ბიზნესმენმა 430 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა ორი წლის წინ მისი კონფისკაცია განხორციელდა. ჯინერს სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი აქტივებიც ჩამოართვეს, მაგრამ მის კაპიტალზე ამ დანაკლისს სერიოზული გავლენა არ მოუხდენია.

თურგაი ჯინერი 1956 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ხოფაში დაიბადა, სადაც ბავშვობა გაატარა. მცირეწლოვანი ჯინერი მშობლებს ჩაის წარმოებაში ეხმარებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახმა გაყიდა რიზეში კუთვნილი მიწა, სადაც ჩაის პლანტაცია ჰქონდათ და საცხოვრებლად სტამბულში გადავიდნენ. სტამბულის უმაღლესი ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლაში განათლების მიღების შემდეგ თურგაი ჯინერმა მუშაობა თურქულ ავტოფირმა „პარსასალიკში“ დაიწყო.

კერძო ბიზნესს წარმოშობით ქართველი მილიარდერი 24 წლიდან იწყებს: თურგაისა და მის ძმას გერმანიიდან ავტომობილები ჩამოჰყავდათ და შემდეგ მათ სტამბულში ყიდდნენ. პირველ კომერციულ წარმატებას მომავალმა უმაღლესი დონის მეწარმემ სწორედ ასე მიაღწია.

1988 წელს ჯინერმა „ანადოლუ ინდუსტრი ჰოლდინგი“ ჩამოაყალიბა და პარტნიორებთან ერთად ერაყში დაიწყო მოღვაწეობა ენერგომატარებლების ექსპორტის სფეროში. ამ რეგიონში ის 1990 წლამდე მოღვაწეობდა. მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურეში კრიზისი დაიწყო, მან რუსულ ბაზარზე სცადა ბედი. ჯინერი თურქეთ-რუსეთს შორის სატელევიზიო ტექნიკით ვაჭრობდა. მან მალევე მიიღო დსთ-ს რეგიონში ბიზნესის გაფართოების გადაწყვეტილება, რადგან მიხვდა, რომ იქ საკმაოდ პერსპექტული გარემო დახვდებოდა ბიზნესისთვის. თანაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია დასავლეთის მიერ იმ პერიოდში ჯერ კიდევ თითქმის აუთვისებელი იყო. თურგაი ჯინერმა იმ წლებში უზბეკეთში საფეიქრო მრეწველობაშიც დაიწყო მოღვაწეობა და რამდენიმე ფაბრიკა გახსნა შუა აზიასა და თურქეთში.

1995 წელს ჯინერმა 36 მილიონ დოლარად შეიძინა ფირმა „ჰავაშის“ აქციათა 60 პროცენტი, რომელიც აეროპორტების მომსახურებას ეწეოდა. „ჰავაში“ თურქეთში ჯერ კიდევ 1933 წელს ჩამოყალიბდა და იმ დროიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა მომსახურების სფეროში. 1997 წლიდან „ჰავაშმა“ შვეიცარიულ კომპანია „სუისპორტთან“ დაიწყო თანამშრომლობა. 1998 წელს შვეიცარიელებმა „ჰავაშის“ აქციების დარჩენილი 40 პროცენტი შეიძინეს. ჯინერისა და შვეიცარიელების თანამშრომლობა დაახლოებით 7 წელიწადი გაგრძელდა. 2005 წლის ზაფხულში „ტავ ჰოლდინგმა“, რომელიც თურქეთის სამოქალაქო ავიაციის სექტორში ლიდერია და აეროპორტებისა და ტერმინალების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე სპეციალიზდება, თურგაი ჯინერის ჯგუფისგან კომპანია „ჰავაშის“ აქციების 60 პროცენტი იყიდა. მას შემდეგ „ჰავაში“ ერთობლივი კომპანია გახდა და სახელად „ტავ-ჯინერ გრუპ პარტნერშიფი“ დაერქვა. ეს პარტნიორობა წარმატებით 2007 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა, მანამდე, ვიდრე ჯინერის ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო საავიაციო სექტორის დატოვების შესახებ და თავისი კუთვნილი აქციების დარჩენილი 40 პროცენტი „ტავ ჰოლდინგს“ მიყიდა.

თურგაი ჯინერმა მასმედიასა და, კონკრეტულად, სატელევიზიო ბიზნესშიც სცადა ბედი, რომელსაც ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, თურქეთშიც, უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებაში. ჯინერის ჯგუფმა „კანალ ტურკ 1“, მოგვიანებით კი „ჰაბერტურკ ტვ“ შეისყიდა.

საინტერესოა, რომ თურქულმა პრესამ 2008 წელს ჯინერი თურქეთის ყველაზე გავლენიან ხუთ ბიზნეს-ოჯახს შორის დაასახელა. „ვინ არის თურგაი ჯინერი? ის ბიზნესმენია, რომელსაც შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვს მიზნების მისაღწევად. ყველაზე მნიშვნელოვანი მის მრავალმხრივ და მრავალპროფილიან ბიზნესში ის არის, რომ ის „სელფ მეიდ მენია“ (პიროვნება, რომელმაც საკუთარი თავი თვითონვე შექმნა, ყოველგვარი მემკვიდრეობისა და წინაპირობების გარეშე – დ.ბ.).

თურგაი ჯინერი ის მოღვაწეა, რომელიც არასდროს მალავდა საკუთარ ამბიციებს და აცხადებდა, რომ ყოველთვის აქვს სურვილი, კიდევ უფრო გააფართოვოს ბიზნესი. მისი ჯგუფი ამჟამადაც არაერთ სექტორში ახორციელებს ინვესტიციებს: საფეიქრო და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა თუ მედია-ბიზნესში. მისი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც სწვდება, თუმცა, ჯინერი ამით არ კმაყოფილდება და მზად არის, ჩინეთის ბაზარიც დაიპყროს. ამჟამად ქართული წარმოშობის ბიზნესმენის კომპანიებში 14 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

2007 წელს გავლენიანმა თურქულმა სადაზღვევო კომპანია „სეივინგს დეპოზიტს ინშურენს ფონდმა“ (შემნახველი დეპოზიტების დაზღვევის ფონდი – დ.ბ.) მენეჯმენტის უფლება „მერკეზი მედიას“ და მის მეპატრონეს – თურგაი ჯინერს გადასცა. „მერკეზი“ დღესდღეობით თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა და მასში 63 ერთეულია გაერთიანებული.

ბოლო პერიოდში ჯინერი დასავლელ ბიზნესმენებთანაც ააქტიურებს ურთიერთობის მასშტაბებს და თურქეთში გერმანული ინვესტიციების მიზიდვით არის დაკავებული. ჯინერი მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ გერმანული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომელთა აქტივები 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. „თურქეთი მზადაა გაიხსნას ევროპისთვის. ევროპისთვის თურქეთი კარგი ბაზარია და თანამშრომლობა ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – აცხადებს ჯინერი.

2009 წლის აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი თურქეთს ესტუმრა. მან და თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიიბ ერდოღანმა სხვა საკითხებთან ერთად ატომურ ენერგეტიკაში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერებმა თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე მოილაპარაკეს, რომელიც რუსი სპეციალისტების დახმარებით უნდა აშენდეს. თურქეთში ოთხი ენერგობლოკის აშენებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 21 მილიარდი დოლარია. მისი მშენებლობა საკუთარ თავზე რუსულ-თურქულმა კონსორციუმმა აიღო, რომლის შემადგენლობაშიც რუსული „ატომსტროი ექსპორტი“, „ინტერ რაო ეესი“ და თურქული ჰოლდინგი „ჯინერ გრუპი“ შედიან, რომლის ხელმძღვანელიც წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი თურგაი ჯინერია.

ჯინერის კომპანიას რუსებთან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უქმნის ატომური ენერგეტიკის სფეროში, რომელიც თურქეთისთვის სრულიად ახალი სფეროა. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას თურქეთში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება. ატომური ელექტროსადგურის აშენება ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე არსებულ საპორტო ქალაქ მერსინის მახლობლადაა დაგეგმილი.

თურქულ მხარეს, კერძოდ, „ჯინერ გრუპს“, მოლაპარაკებების პერიოდში რუსულ მხარესთან სერიოზული უთანხმოება ჰქონდა ელექტროენერგიის ფასთან დაკავშირებით. რუსები უფრო ძვირად ითხოვდნენ ელექტროენერგიის გაყიდვას, რასაც თურქული მხარე არ თანხმდებოდა. საბოლოოდ მხარეები, მშენებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.

80-იანი წლებიდან ამ ჯგუფმა თავისი საქმიანობა გააფართოვა აგროსამრეწველო კომპლექსსა და საფეიქრო ინდუსტრიაში. „ჯინერ გრუპი“ ბოლო წლებში სამთო-მომპოვებელ სფეროში აფართოებს ბიზნესის მასშტაბებს. ის თურქეთში, ბეიპაზარ-ჯეიჰანში ფლობს მაღაროებს, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთო-მომპოვებელი საწარმოებია.

ჯეიჰანის თბოელექტროსადგური პირველი კერძო საწარმოა თურქეთში თავის სექტორში, რომელიც „ჯინერ გრუპის“ წარმომადგენელთა განცხადებით, უახლოეს ხანებში ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული ობიექტი გახდება ამ სფეროში.

„ჯინერ გრუპის“ სლოგანია „50 ათასი 50-ზე“, ანუ ჰოლდინგის გაცხადებული მიზანია მასში შემავალ კომპანიებში მომსახურე თანამშრომელთა რაოდენობის 50 ათასამდე აყვანა და 50 საგანმანათლებლო თანამედროვე დაწესებულების აშენება ქვეყნის მასშტაბით, რომელიც შემდეგ თურქეთის განათლების სამინისტროს უანგაროდ გადაეცემა სასწავლო მიზნებით გამოყენებისათვის.

თურგაი ჯინერის ღვაწლს თურქეთის ხელისუფლება ჯეროვნად აფასებს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიბ ერდოღანმა, კალციუმის სოდის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ „ჯინერ გრუპს“ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს თურქეთის ეკონომიკის განვითარებაში და გაწეული მუშაობისთვის პირადად ჯინერს გადაუხადა მადლობა. აღსანიშნავია, რომ ჯინერის კალციუმის სოდის გადამამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში წარმოების მასშტაბებით მეორეა. ერდოღანმა სამთო-მომპოვებელი მრეწველობის სფეროში „ჯინერ გრუპის“ განსაკუთრებულ ძალისხმევასა და მასშტაბურ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

საინტერესოა, რომ თავად თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიიბ ერდოღანიც, თურგაი ჯინერის მსგავსად, წარმოშობით ქართველი მოღვაწეა. ამის შესახებ მან რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიზიტისას თავადვე განაცხადა. ერდოღანის აღიარებით, მისი წინაპრები წარმოშობით აჭარიდან, კონკრეტულად კი ბათუმიდან იყვნენ.

საინტერესო დეტალი: თურქეთში ამბობენ, რომ თურგაი ჯინერი რევოლუციონერია, რომლის მიზანიც ქვეყნის სამთო-მომპოვებელი მრეწველობის კარდინალურად შეცვლაა. მისი ამბიციური გეგმა მიზნად თურქეთის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, სამთო-მომპოვებელ მაღაროებში მუშათა რაოდენობისა და მოპოვების სერიოზულად გაზრდას ისახავს.

თურგაი ჯინერმა საკუთარი წარმატების საიდუმლო თურქულ პრესას გაუმხილა. მისი აღიარებით, 24 წლისამ დაიწყო დამოუკიდებელი ბიზნესი, მილიარდერი კი 40 წლის ასაკში გახდა. როგორც ჯინერი აცხადებს, წარმატებას დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია, მილიონების დაგროვება კი ერთ დღეში შეუძლებელია. თურქეთის განვითარებადი ეკონომიკის პირობებში მისმა „ჯინერ გრუპმა“ 40 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევას გაუძლო და დღესაც მეტ-ნაკლები სტაბილურობის კუნძულია გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. „ლეგენდაა, თითქოს ჩვენ მუდმივად ზენიტში ვიყავით. ყველა კომპანიას აქვს აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები. ჩვენი წარმატების საიდუმლო ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში გამარჯვება უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე მარცხი“, – აცხადებს ქართული წარმოშობის წარმატებული თურქი ბიზნესმენი.

დავით ბახტაძე


скачать dle 11.3