კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ სჭირდებათ ევროკავშირის ქვეყნებში იაფი მუშახელი – ქართველი არალეგალი მიგრანტები და როგორ აპირებენ მათ დეპორტაციას საქართველოს ხელისუფლების დახმარებით

ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების სიხარული ჯეროვნად განცდილიც არ გვქონდა, როდესაც გაირკვა, რომ ამის პარალელურად საქართველომ თავისი არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნება უნდა უზრუნველყოს. მეორე მხრივ, ოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველები ყოველწლიურად, საშუალოდ, 800 000 მილიონ დოლარს აგზავნიან სამშობლოში თავიანთი ოჯახების სარჩენად (იმას გარდა, რომ საკუთარ თავს თვითონვე ისაქმებენ!). ეს კი, ჯერ ერთი, ლარის კურსსაც ამყარებს და, რაც მთავარია, სახელმწიფოსაც უმსუბუქებს სოციალურ ტვირთს. ღირს თუ არა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება (რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ვიზის მიმღებთა კატეგორიები და არა იმას, რომ ვიზის აღების პროცედურები მარტივდება), არალეგალი მიგრანტებისთვის დამატებითი სირთულეების შექმნად (მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები კვლავაც მკაცრად შეზღუდულია), – თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე გვესაუბრება.

– როგორ შეაფასებდით საქართველოს იმ ვალდებულებას, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყოს არალეგალების სამშობლოში დაბრუნება?

– როდესაც ქვეყანა ასეთ ვალდებულებას იღებს თავის თავზე, ბუნებრივია, ის ამისთვის მზად უნდა იყოს და მე არ ვიცი, რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო ამისთვის მზად. ტელევიზიიდან მიღებული ინფორმაციით, აშკარაა, რომ პრეზიდენტი ეხვეწება უცხოელ ინვესტორებს, ჩამოვიდნენ და აქ ჩადონ თავიანთი კაპიტალი. მიუხედავად იმისა, რა მიზნით აკეთებს ამ განცხადებებს პრეზიდენტი, ფაქტია, რომ მისი მიზანია ინვესტიციების გაზრდა და გეტყვით, რატომ: არსებობს მიგრაციის სხვადასხვა თეორია, მაგრამ მიგრაციისას ძირითადი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია. არსებობს შრომის ბაზრის ორი თეორია და მსოფლიოში ეკონომიკის ორი პოლუსია: არის ძლიერი ეკონომიკის და სუსტი ეკონომიკის მქონე, ანუ განვითარებადი ქვეყნები. ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში მაღალია კაპიტალის წილი, რაც ითხოვს შრომის რესურსების ზრდას.

– მარტივად რომ ვთქვათ, განვითარებულ ქვეყნებში არ იციან, სად წაიღონ და დააბანდონ ეს ფული.

– დიახ, მაშინ, როდესაც სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კაპიტალის ოდენობა დაბალია, მაგრამ, სამაგიეროდ, მაღალია შრომის კაპიტალის დონე. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, ჩვენს პრეზიდენტს უნდა, რომ ეს კაპიტალი წამოიღოს საქართველოში და ამ კაპიტალის მეშვეობით გაზარდოს შრომაზე მოთხოვნა, ანუ დასაქმება. საერთოდ, მიგრაციის გადაწყვეტილება ერთბაშად არ მიიღება, ამ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, მთელი ოჯახი იღებს. ჩვეულებისამებრ, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან და, მათ შორის, საქართველოდანაც ემიგრაციაში მიდის ოჯახის ერთი წევრი და, როდესაც უცხოეთში მომაგრდება, იშოვის სამუშაოს, მიჰყავს ოჯახის სხვა წევრებიც. თუმცა, ამ მხრივ, ჩვენთან განსხვავებული ვითარებაა: ემიგრაციაში წასული ადამიანები აგროვებენ ფულს, რომ შემდეგ ჩამოვიდნენ სამშობლოში.

– ცნობილია, რომ მშობლები წლობით არიან ემიგრაციაში და მათი შვილები ისე იზრდებიან, რომ დედას ან მამას ვერც ნახულობენ. ამ მშობლების მიზანია, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მომავალი?

– დიახ. თუ მიგრანტი უცხოეთში იმისთვისაა წასული, რომ იქ იმუშაოს და კაპიტალი დააგროვოს, რომ შემდეგ აქ ჩამოვიდეს და ბიზნესი აამუშაოს, ეს უკვე დადებითი მოვლენაა. საქართველოს შემთხვევაში დადებითი მოვლენა ისიც არის, რომ უცხოეთში ემიგრაციის შედეგად დაგროვილი კაპიტალი, უპირველესად, იდება განათლებაში. მშობელმა იცის, რომ განათლება უნდა მისცეს შვილებს, რომ ისინი არ ჩამორჩნენ თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, ძალიან განვითარდა სოციალური ქსელი, აქედან გამომდინარე, როდესაც სხვები ხედავენ, რომ ვიღაც წავიდა უცხოეთში სამუშაოდ და უზრუნველყოფს თავის ოჯახს, ისინიც იღებენ წასვლის გადაწყვეტილებას. როგორც გითხარით, მიგრაციას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საქართველოდან მიგრაციას რამდენიმე მიზეზმა შეუწყო ხელი: მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ, არასტაბილურმა პოლიტიკურმა გარემომ. დევნილების მასშტაბური რაოდენობა, რომლებმაც ვერც სამსახური ნახეს აქ და ვერც საცხოვრებელი, ქვეყნიდან გავიდნენ. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დაიწყო ეს მიგრაცია, თუმცა 2000 წლიდან შემცირდა.

– რატომ? ვინც წასასვლელი იყო, უკვე წავიდა?

– არა, გამოკვლევების მიხედვით, დანარჩენებსაც უნდათ წასვლა, მაგრამ არ აქვთ საშუალება: არ გააჩნიათ გზის ფული, არ აქვთ იქ სოციალური ქსელი, რომ სამსახური იშოვონ; ამასთან, ბევრს ურჩევნია, აქ იყოს და დროებითი სამუშაოთი დაკმაყოფილდეს. მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში მიგრაციას სხვა ფაქტორებიც უწყობდა ხელს. კერძოდ: განვითარებულ ქვეყნებში არსებობს შრომითი რესურსის იერარქიული სისტემა. იქ არის მაღალკვალიფიციური და მაღალი ანაზღაურების მქონე კადრები. ასე რომ, იქ შრომა არა მხოლოდ ანაზღაურებაა, არამედ სტატუსიც: მაღალკვალიფიციური მუშაკი არ დათანხმდება დაბალკვალიფიციურ სამუშაოს. ამასთან, მათ უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრს, ამიტომაც, თუ დამქირავებელი დაბალი კვალიფიკაციის მქონე კადრს მაღალ ხელფასს მისცემს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრიც მოითხოვს ხელფასის მომატებას. ამდენად, უცხოელი დამქირავებელი იძულებული ხდება, გარედან შემოსული შრომითი რესურსები დაასაქმოს იმ სამუშაოზე, რაზეც იქაური არ დათანხმდება. ანუ ჩვენი მიგრანტის ძირითადი მიზანია ხელფასი, იქაური მუშაკი კი არა მხოლოდ ხელფასს ითხოვს, არამედ პროფესიულ ზრდასაც, რომ იერარქიაში მაღლა ავიდეს. ასე რომ, ამ სისტემაში ეს სოციალური მომენტი მუშაობს და უცხოელი დამქირავებელიც ამჯობინებს, დაასაქმოს შემოსული სამუშაო ძალა, რომელსაც არც იერარქიაში წინსვლის პრეტენზია აქვს და დაბალ ანაზღაურებასაც თანხმდება. საქართველოდან წასულების ძირითადი მიზანი კი ხელფასია, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ეკონომიკური კრიზისის გამო. სწორედ ამ კრიზისის გამო, რამაც გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება, ადგილობრივი კადრები, რომლებიც ადრე არ კადრულობდნენ დაბალ ანაზღაურებას, უკვე თანხმდებიან ამას, რადგან ოჯახების გამოკვების პრობლემა შეექმნათ. იმ ქვეყნების ხელისუფლებებიც ფიქრობენ, როგორ გამოვიდნენ ამ ეკონომიკური კრიზისიდან და მათ უკვე ურჩევნიათ, გამოათავისუფლონ უცხოელი არალეგალი მიგრანტების მიერ დაკავებული სამუშაო ადგილები და იქ ადგილობრივები დაასაქმონ. ამის ერთ-ერთი საშუალებაა დეპორტი. ისმის კითხვა: ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ გამარტივებულ სავიზო რეჟიმს, მაგრამ რას გვაძლევს ეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი?!

– გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ იმას, რომ ვიზის აღება გაუმარტივდებათ კიდევ უფრო მეტი კატეგორიის მოქალაქეებს, ოღონდ მათში არ იგულისხმებიან დასაქმების მსურველები.

– ანუ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ისედაც მიდიან ევროკავშირის ქვეყნებში, ბიზნესმენებიც, მეცნიერებიც… გაუადვილდებათ სტუდენტებსაც, მაგრამ ვინ დაადგინა სტუდენტის ასაკობრივი ზღვარი?! სხვათა შორის, დეპორტაცია არ შეეხება ისეთ მიგრანტებს, რომლებიც თავიანთ დამქირავებლებთან ხელშეკრულებას გააფორმებენ. ასე რომ, ჩვენები მაინც გამოძებნიან იქ დარჩენის ფორმას: გააფორმებენ თავიანთ დამქირავებლებთან ხელშეკრულებას და ამით დაიცავენ თავს დეპორტაციისგან. ანუ შესაძლოა, არ გქონდეს მოქალაქეობა, მაგრამ გქონდეს ხელშეკრულება.

– შეიძლება, არალეგალურად ცხოვრობდე და შრომითი ხელშეკრულება გააფორმო?

– რა თქმა უნდა. მიმიწვია იმ ქვეყნის მოქალაქემ და გამიფორმა ხელშეკრულება. მოქალაქე კი თავისუფალია თავის არჩევანში: ის, ვისაც უნდა, იმას მიიწვევს. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში მომვლელებად მუშაობენ, ახლო ურთიერთობა აქვთ თავიანთ დამქირავებლებთან, ადვილად პოულობენ მათთან საერთო ენას. იქაურები, მოგეხსენებათ, უფრო ცივები არიან. ქართველი ხშირად იმაზე მეტსაც აკეთებს, ვიდრე ევალება, მაშინ, როდესაც ადგილობრივი, თავისი შრომითი ბუნებიდან და ევროპული ქცევიდან გამომდინარე, ამას არ გააკეთებს. სწორედ ეს შველის ჩვენებს და ამიტომაც უფრო ადვილად შოულობენ სამუშაოს, ვიდრე ადგილობრივები.

– არის დაახლოებით მაინც დათვლილი, საქართველოდან უცხოეთში წასულებიდან რამდენია არალეგალი მიგრანტი?

– არ მგონია, 300 000-ზე მეტი იყოს. რუსეთში, დაახლოებით, 700 000-800 000-მდე ადამიანია გასული, რუსეთი კი ევროკავშირის ქვეყანა არ არის და ეს აკრძალვა არ ეხება.

– მაგრამ 300 000 ჩვენთვის ძალიან დიდი ციფრია: ეს 300 000 ოჯახს ნიშნავს?

– რუსეთის გარდა, დანარჩენ მსოფლიოში ნახევარი მილიონი ქართველი თუ იქნება გასული, მაგრამ, როგორც გითხარით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენები უფრო ადვილად შოულობენ სამუშაოს, თავიანთი ქართული ბუნებიდან გამომდინარე: ქართველი უფრო თბილია, კარგად უვლის და არ თაკილობს ზედმეტ სამუშაოს.

– ქალებისა და მამაკაცების ხვედრითი წილი როგორია ჩვენს მიგრანტებში?

– ზუსტი ციფრი არ არსებობს, მაგრამ, როგორც წესი, მამაკაცები უფრო მეტნი მიდიან ხოლმე ემიგრაციაში, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს პირიქითაა: ქალები უფრო მეტნი არიან. როდესაც ამოქმედდება გამარტივებული სავიზო რეჟიმი და არალეგალურ მიგრანტებს საქართველოში დააბრუნებენ, ბუნებრივია, დაფიქსირდება, რომ ისინი არალეგალები იყვნენ და მათ აღარ მიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებში. ამას გარდა, როდესაც მოქმედებს გამარტივებული სავიზო მიმოსვლა, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მათი სოციალური დაცვის ვალდებულება. ჩვენთან, მოგეხსენებათ, შრომის ბირჟა გაუქმებულია, თორემ, წესით, სახელმწიფო უნდა იძიებდეს სამუშაო ადგილებს თავისი მოქალაქეებისთვის და ხელშეკრულებითი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს იმ ქვეყნებთან, სადაც მისი მოქალაქეები მიდიან სამუშაოდ. ჩვენი სახელმწიფო კი ამას არ აკეთებს. ამიტომაც ამ საქმეს ეწევა კერძო კომპანიები, რომელთა ნაწილი ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს და ისინი ხშირად ხდებიან „ტრეფიკინგის“ მსხვერპლი. მიუხედავად მოსალოდნელი სირთულისა, ჩვენი მიგრანტები მაინც მოახერხებენ მის დაძლევას და გადასვლას ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი არ უყენებს ასეთ მოთხოვნას ჩვენს მეზობელ ქვეყნებს: რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსიას, ამდენად, შესაძლებელია, ჩვენმა არალეგალმა მიგრანტებმა მიიღონ ამ ქვეყნების მოქალაქეობა, კანონიერად თუ უკანონოდ და ამ გზით უპრობლემოდ მოახერხონ ევროპის ქვეყნებში შეღწევა.

– სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ჩამოიყვანოს თავისი მიგრანტები. როგორ უნდა მოახერხოს ეს? მექანიზმი როგორია, როდესაც ისიც კი არ ვიცით, რამდენი ადამიანია წასული უცხოეთში?

– ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს 300 000 ადამიანი ერთბაშად დაბრუნდება ისინი, ალბათ, ეტაპობრივად დაბრუნდებიან.

– ჩვენი სახელმწიფო გადასცემს მათ სიას?

– ჩვენმა სახელმწიფომ არ იცის, ამიტომ ვერაფერს გადასცემს. იმ ქვეყნების შესაბამისი სამსახურები თვითონ მოიძიებენ ასეთ პირებს. აქ იგულისხმება, რომ მათი დეპორტაციის ხარჯებს გაიღებს საქართველოს სახელმწიფო. არალეგალების ერთ ადგილას შეკრება, მათი კვება და გამომგზავრება თანხა ღირს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ხარჯის გაღება მოუწევს ჩვენს სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ დამალულია, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ მოხდება. რას გულისხმობს დაბრუნების ვალდებულება? ჩვენი სახელმწიფოს მიერ ხარჯის გაღებას თუ იმას, რომ მიიღოს თავისი არალეგალი მიგრანტები?! 1999 წელს ჰოლანდიაში მომიწია ჩასვლა და იქ მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს, რომ იმ ხანად ჰოლანდიის მთავრობა თითოეულ მიგრანტს 5 000-5 000 ამერიკულ დოლარს სთავაზობდა, რომ ისინი საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და ბიზნესი დაეწყოთ. სხვათა შორის, 1999 წელს 5 000 ამერიკული დოლარი საკმარისი იყო ბიზნესის დასაწყებად, მაგრამ ჩვენმა მიგრანტებმა უარი თქვეს, რადგან მათ ჰოლანდიაში ცხოვრებით გაცილებით მეტი ეკონომიკური მოლოდინი ჰქონდათ. 2004 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც მათ დაინახეს, რომ შევარდნაძე წავიდა და ახალი, ენერგიული მთავრობა მოვიდა, მიგრანტების გარკვეული რაოდენობა დაბრუნდა, თუმცა ომისა და ეკონომიკური კრიზისისის გამო ისევ უცხოეთში წავიდნენ და მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. სხვათა შორის, თუ მიგრაციაზე ვსაუბრობთ, გამოდის, რომ ჩვენი პრეზიდენტი და, ზოგადად, ხელისუფლება მიგრანტები არიან, იმდენად ხშირად დადიან უცხოეთში. მაგალითად, 2009 წელს საქართველოდან 34 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა ინახოს, ვინ შევიდა კონკრეტულად და ვინ გავიდა, რომ ნათელი სურათი მივიღოთ. მიგრანტი არის ის, ვინც სამი თვიდან ერთ წლამდე ვადით გავიდა ქვეყნიდან. ერთ წელზე მეტი ხნით გასული მუდმივი მიგრანტია. ქვეყნიდან ორ თვემდე გასული ადამიანი მიგრანტი არ არის.

– რომ შევაჯამოთ, რა გამოდის? მიგრანტების დაბრუნებით ჩვენი მოქალაქეების მატერიალური მდგომარეობა გაუარესდება, გაიზრდება შეჭირვებულ ოჯახთა რაოდენობა, ისევე, როგორც უმუშევართა, ლარის კურსს დამატებითი პრობლემა შეექმნება და ჩვენს სახელმწიფოს დამატებითი ხარჯი ექნება მიგრანტების დეპორტაციისა?

– და კიდევ ერთი: 15 წლის წინ წასული მოსახლეობა წასვლის მომენტში 45-50 წლის თუ იყო, ახლა საპენსიო ასაკში არიან, თუ დაბრუნდებიან, პენსიას მოითხოვენ. მეტიც, უცხოეთში სამუშაოდ არიან გასულები 60 წელს გადაცილებული ქალბატონებიც, რომლებიც არ იღებენ პენსიას, იმიტომ რომ უცხოეთში არიან, მაგრამ, როგორც კი დაბრუნდებიან, პენსიის დანიშვნას მოითხოვენ. ერთადერთი ის შეიძლება, აღმოჩნდეს მომგებიან ვითარებაში, ვინც კაპიტალის დაგროვება მოახერხა უცხოეთში და აქ ბიზნესი დაიწყო, მაგრამ ასეთთა რაოდენობა ბევრი არ არის. ასე რომ, ჩვენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუმცა, ვიმეორებ, არალეგალმა მიგრანტებმა შესაძლოა, მიიღონ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა და ასე შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი უცხოეთში. მათი გვარი დაფიქსირებულიც რომ იყოს კომპიუტერში, მაინც ვერ აუკრძალავენ ქვეყანაში შესვლას, იმიტომ რომ ახლა უკვე იქ შევლენ, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

– ანუ ესეც უბრალო მოქალაქეების ტყავზე გადაივლის?

– როგორც წესი, სოციალურ წესრიგს თვითონ პიროვნებები არეგულირებენ და სახელმწიფოს იმედზე ნაკლებად არიან. ოჯახები აქტიურობენ, რომ თავი გადაირჩინონ.


скачать dle 11.3