კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ნუცა ჯანელიძე ყველაზე დიდი ეგოისტი და რატომ უნდა ლადო ჯანელიძეს ყვავობა

გადაცემა „ნუცას სკოლა“ დიდი ხნის წინ დაიწყო. ის ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ეს სკოლა არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას დაეხმარა წარმატების მიღწევაში. ნუცა ჯანელიძე ამ სკოლის სულის ჩამდგმელი და მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი ძმისშვილი ლადო ჯანელიძე კი – პროექტის წამყვანი. რა ხდება ამ ეტაპზე მათ ცხოვრებაში და როგორია მამიდა-ძმისშვილის ურთიერთობა, ამას თავად მათგან შევიტყობთ.

– ქალბატონო ნუცა, პირველ ყოვლისა, როგორ ხართ? რაღაც პერიოდი ეკრანზე არ ჩანდით. რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში?

ნუცა: ამ ეტაპზე გადასარევად ვარ, რადგან მუშაობა დავიწყე და ვარ ყოველთვის კარგ ხასიათზე – ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს. დავუბრუნდი იმ პროექტს, რომელიც დიდი ხნის წინ დავიწყე და ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– თქვენი და ლადოს დუეტი ვისი იდეა იყო?

– თავიდან ლადო იყო ერთ-ერთი მონაწილე. შემდეგ, როდესაც მკითხეს, ვინ მინდოდა ყოფილიყო ამ გადაცემის წამყვანი, ლადოს კანდიდატურა შევთავაზე – ჩემი აზრით, ის კარგად გაართმევდა თავს ამ ყველაფერს და ჩემი ვარაუდი გამართლდა კიდეც.

ლადო: ფაქტობრივად, ეს არის ჩემი საქმე. სცენას რაც ეხება, ყველაფერს დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ყოველთვის.

ნუცა: ბუჩქის როლსაც ითამაშებს (იცინის).

ლადო: ვფიქრობ, ეს ადგილი ჩემთვის არის ზედგამოჭრილი. ჯერჯერობით მხოლოდ ამ საქმით ვარ დაკავებული. ასევე, მყავს პატარა შვილი და ჩემებურად ვმამობ (იცინის).

– როგორი მამა ხარ, როგორ შეეგუე ოჯახურ ცხოვრებას?

– არაჩვეულებრივი მამა ვარ.

ნუცა: ეს შენ გგონია, რომ არაჩვეულებრივი მამა ხარ (იცინის).

ლადო: ეს დასკვნა გამოვიტანე შვილის ჩემდამი დამოკიდებულებიდან: უხარია, რომ მივდივარ, ოღონდ, არა იმიტომ, რომ შოკოლადი მიმაქვს (იცინის). გამოვცადე, რამდენჯერმე არ მივუტანე და მაინც იმავე რეაქციით შემხვდა. პამპერსებსაც მე ვყიდულობ (იცინის).

– მამიდა-ძმისშვილის ურთიერთობა როგორია ეკრანს მიღმა?

ნუცა: ჩხუბი, ჩხუბი და ჩხუბი! (იცინის).

ლადო: მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება დამნაშავე, ყველაფერზე მე მეჩხუბება. ოპერატორმა რომ რაღაც დააშავოს, მაშინაც „ლადოს“ ყვირის. შეიძლება, ყოველთვის მე ვიყო დამნაშავე? (იცინის).

ნუცა: მე ხომ ვიცი, რა შეიძლება და რა არა. ამიტომ, არ მინდა, ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, ვიღაცას რაღაც აწყენინოს. თქვენ უნდა ნახოთ, ტექსტი რომ უჭირავს და სწავლობს.

ლადო: ნუცა არ მაცდის ხოლმე, თორემ მე ჩემს საქმეს გადასარევად ვაკეთებ (იცინის).

– როგორც ჩანს, ლადო მაინც გამორჩეულად გიყვართ: ყველგან ერთად ხართ, სადაც ჩანხართ, ლადოც თქვენ გვერდითაა.

ნუცა: ამისი დებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ქართველი ქალების ცხოვრება, ხომ იცით – ორივე გათხოვილია და დამთავრდა იმათი ყველაფერი. ისინი შესანიშნავად მღეროდნენ. ერთი ანსამბლ „მზიურის“ წევრიც იყო, მაგრამ, გათხოვდნენ და „ჩაჯდნენ“ ოჯახებში. ლადო ბოლომდე მიჰყვება თავის სპეციალობას.

– თქვენი ცხოვრების სტილი, ალბათ, ძალიან აქტიურია.

– რა თქმა უნდა, მე ყოველთვის აქტიურად ვცხოვრობდი, მაშინაც, როცა ტელევიზიაში არ ვმუშაობდი, მყავდა მოსწავლეები. ჩემი ცხოვრება სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ეს პროფესია ჩემი არჩეულია და არა დედიკოს ან მამიკოს სურვილით გადადგმული ნაბიჯი. მგონი, ზუსტად მივაგენი ჩემს პროფესიას.

– სიახლეებით ხშირად ხართ დატვირთული, თუ უფრო ერთფეროვანია თქვენი ცხოვრება?

– ჩემი პროფესიის გამო უამრავ ადამიანს ვიცნობ. ფართოვდება ნაცნობობის წრე, ვხვდები ბევრ საინტერესო ადამიანს. ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. სწავლა, ხომ იცით, სიბერემდეა და მეც ვსწავლობ (იცინის). ასე რომ, ერთფეროვანი ცხოვრება არასდროს არ მქონია, ყოველთვის ხდება რაღაც ახალი.

ლადო: მეც ვფიქრობ, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ ვიზრდები. ყოველ შემთხვევაში, იმ შეცდომას აღარ ვუშვებ, რაც წინა გადაცემაში დავუშვი.

– ცხოვრებაში ხშირად გიმართლებს?

– კი, მიმართლებს. თუნდაც იმიტომ, რომ ოჯახიც მაქვს და სამსახურიც, და, რაც მთავარია, ხალხს ვუყვარვარ. ქუჩაში ვინც მხვდება, ყველა მეუბნება, კარგი ხარ და მომწონს, რასაც აკეთებო.

– სიზარმაცე ხომ არ გახასიათებს?

– მე ზარმაცი კი არა, უზარმაცესი ვარ. ნუცა რომ არ იყოს ჩემი მამიდა, ალბათ, მეც არ ვიქნებოდი (იცინის).

ნუცა: უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებოდი საქმეს, ვიდრე ახლა.

ლადო: ვიცი, რომ ნუცა მყავს და ყველაფერს გამიკეთებს (იცინის), მაგრამ მიზნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი. ერთხელ დავუშვი შეცდომა ჩემი სიზარმაცის გამო და ამას აღარასოდეს გავიმეორებ – უარი ვთქვი ძალიან კარგ წინადადებაზე იმის გამო, რომ რაღაც უნდა მესწავლა.

ნუცა: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემ გამო არ იყო დაპატიჟებული, რეჟისორს თვითონ მოეწონა.

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

– მე, მაგალითად, არ ველოდი მის ასეთ დასერიოზულებას ოჯახური კუთხით, თუმცა, არც ქუჩაში გასვლას იკლებს, არც სახინკლეში სიარულს და არც ფეხბურთის თამაშს ღამის 11 საათზე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავ, რომ მასში სერიოზული კაცი ყალიბდება. რაც შეეხება სამუშაოს, ერთხელ იმღერებს თავიდან ბოლომდე, მთელი გრძნობით და იმას ვინახავთ, იმიტომ რომ მერე რომ დაიწყება ერთი ადგილის ტკეპნა, უკვე ეზარება ხოლმე. საშინლად არ უყვარს ტექსტების სწავლა.

ლადო: როცა საჭიროა, მაშინ ვსწავლობ. როცა ვიცი, რომ თუ არ ვისწავლი, ამით არაფერი დაშავდება, მაშინ არ ვსწავლობ (იცინის). იცი, ნუცა როგორია?! ყველაფერს აკეთებს ხარისხიანად, არასდროს არ მიატოვებს საქმეს შუა გზაზე. შეიძლება მამიდაზე ცუდი არავინ თქვას, იმიტომ, რომ მამიდაა, მაგრამ ის მართლაც იმსახურებს ქებას.

– თავს, ალბათ, უფრო საქმიანი ქალის ამპლუაში ხედავთ, ვიდრე დიასახლისის როლში.

ნუცა: ჩემი ცხოვრება ისეა აწყობილი, რომ სულ ერთსა და იმავეზე ვფიქრობ: საქმე, სამსახური, ხელფასი, ჰონორარი. სიამოვნებით დავჯდებოდი სახლში, ცოტა ხანი გავზარმაცდებოდი და არაფერს არ გავაკეთებდი. კომპოტების და მურაბების გაკეთება ნამდვილად არ ვიცი. მე უფრო შემომტანი ვარ, ვიდრე მეოჯახე ქალი. ერთხელ ერთმა გამაშაყირა, შენ ნუცა ბიძია უფრო ხარ, ვიდრე მამიდაო (იცინის). ხანდახან მინდა ხოლმე, ვიგრძნო, რომ ქალი ვარ და აქეთ მომემსახუროს ვინმე.

– ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი. თუნდაც სალონში, სამსახურში, სცენაზე. ნებისმიერ საქმეში, რასაც ვაკეთებ, მთავარია შედეგი. თუ რაღაც ისე არ გაკეთდა, როგორც საჭიროა – მტრისას! (იცინის). დიდ სიამოვნებას მანიჭებენ ლადოს შვილი და ლადოს დის ორი შვილი. მათთან თამაში ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა.

– ძალიან მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ როგორც სამსახურში, ისე ოჯახში.

ლადო: კი, მკაცრია. ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ადამიანისგან. თუ არ დავუჯერეთ, ამ შემთხვევაში კარგი არაფერი მოხდება (იცინის). თუმცა, ჩვენთვისვე აჯობებს, რომ დავუჯეროთ.

– თქვენთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალება რა არის, ანუ რას აკეთებთ მაშინ, როცა გინდათ, ყველაფრისგან დაისვენოთ?

ნუცა: ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა წამოწოლა, ყურებში ყურსასმენების გაკეთება და რადიოს მოსმენა. ხშირად ვუსმენ მუსიკას. ასე ცოტა ხნით ვითიშები და ხანდახან ოცნებებშიც გადავდივარ ხოლმე. სიმშვიდეში ყოფნა არის ყველაზე კარგი დასვენება. ჰო, მთავარი გამომრჩა – ძალიან მიყვარს ჭორაობა (იცინის). დავსხდებით ხოლმე მეგობრები და გულიანად ვჭორაობთ (იცინის). ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება იქნება დილის 7 საათზე რომ აღარ ავდგე (იცინის).

ლადო: რომ „გაგიჩალიჩონ“ და ეგ დასვენება გაგიკეთონ არ გინდა? (იცინის).

ნუცა: არა, მირჩევნია ავდგე (იცინის). სიმშვიდეში მუსიკის მოსმენას მირჩევნია კომპიუტერს მივუჯდე, ან ტელევიზორს ვუყურო.

– თქვენი ცხოვრება რის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ?

– ჩემი ოჯახისა და ჩემი პროფესიის გარეშე ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ძალიან მიყვარს შექმნის პროცესი. ნებისმიერი საქმის კეთება – უკვე სიამოვნებაა.

ლადო: ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია სიყვარულის გარეშე.

ნუცა: და – ფულის (იცინის).

ლადო: ჰო, უფულოდ ვის წარმოუდგენია ცხოვრება, მაგრამ, უსიყვარულოდ არანათელ ფერებში ვხედავ სამყაროს. სიყვარული მაინც სულ სხვაა.

ნუცა: დამავიწყდა მეთქვა მთავარი: მეგობრების გარეშე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ თავს. შეიძლება რაღაც იყოს ისეთი, რასაც ოჯახში ვერ ვიტყვი, თუნდაც სანერვიულო, თუნდაც ძალიან სასიხარულო. გავვარდები და ვეტყვი მეგობრებს. ხუთი წუთის შემდეგ დავურეკავ და ვეტყვი ოჯახსაც. გინდა, გითხრათ, რას წარმოვიდგენ ხოლმე ხანდახან. მე როცა იქნება მოვკვდები და ეს ხეები, რომლებსაც ახლა ვუყურებ ისევ იქნება. ეს სახლიც იქნება. ალბათ ეგოისტი ვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე ვფიქრობ და რა ვქნა.

ლადო: აბა რა, რატომ უნდა იყოს ეს ხე და რატომ უნდა ვიყო მე ამ ხის ქვეშ? (იცინის).

ნუცა: რუსებს აქვთ ასეთი სიმღერა: „პუსტ ვსიგდა ბუძეტ სოლნცე, პუსტ ვსეგდა ბუდუ ია“ – გადასარევია! (იცინის).

ლადო: მინდა ვიყო ყვავი!.. (იცინის).


скачать dle 11.3