კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრება გასაიდუმლოებული და რა ნათესაური კავშირი აქვს მას საქართველოს პრეზიდენტთან

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს მსოფლიოში პირველ სამხედრო ავიაკონსტრუქტორად აღიარებული ალექსანდრე ქართველიშვილის პერსონა. რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებას ამერიკაში წლების განმავლობაში იკვლევდა, მას დაწყებული აქვს მის შესახებ ფილმის გადაღება, აპირებს წიგნის გამოშვებას... რამაზ ბლუაშვილი ამ თემაზე თავად გვესაუბრა...

– ბატონო რამაზ, თქვენ პირველი დაინტერესდით ლეგენდარული ქართველი ავიაკონსტრუქტორის – ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებით და ამერიკაში წლები მოანდომეთ მის შესახებ უნიკალური ინფორმაციების შეგროვებას, გვიამბეთ ამის შესახებ.

– ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრება, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, მთლიანად გასაიდუმლოებულია, ანუ, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც მე მოვიძიე და თბილისში ჩამოვიტანე, ნებისმიერი ფოტო, ინახებოდა ისეთ გასაიდუმლოებულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: „ნასას”, პენტაგონის, სამხედრო საჰაერო ძალების არქივები, უმეტესობა საჰაერო და საავიაციო მუზეუმებსა ამერიკის შეერთებული შტატებში... სამწუხაროდ, ეს იდეა რომ გამიჩნდა, არავითარი დაფინანსება არ მქონდა. აქედან გამომდინარე, ჩემი ერთადერთი „სპონსორი” ჩემი საკუთარი ჯიბე იყო... კვირაში ერთხელ მაინც, მიწევდა ნიუ-იორკსა და ბოსტონში გაფრენა, რადგან ეს მასალები მთელი ამერიკის მასშტაბით იყო მიმობნეული. თავიდან მთელი ოთხი თვე მომიწია რეკვა, არქივებში რომ შემეღწია. არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც არქივში შემიშვეს. იქ ჩემთვის წარმოუდგენელი რაოდენობის მასალა აღმოვაჩინე – ოთხი ძალიან დიდი ყუთი გამომიტანეს, სადაც ყველაფერი იყო ალექსანდრე ქართველიშვილზე: სტატიები, მის შესახებ ინფორმაცია, მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი ფოტოები... ეს იყო, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე. ისეთი ემოციით დატვირთული გამოვედი იქიდან, რომ დაახლოებით თორმეტი კილომეტრი ვაშინგტონის ცენტრამდე ვიარე ფეხით, ვერც კი ვიგრძენი. არადა, მეტროს სადგური გვერდზე იყო და არც კი გამხსენებია, რომ ტრანსპორტი გამომეყენებინა. შემდეგ დაიწყო უკვე მეორე, ძალიან საინტერესო ამბავი, როდესაც დავიწყე ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავის ძებნა. ყველგან ხუმრობით ვამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც შეგიძლია, მესაფლავეს იმეილი გაუგზავნო. მე დღემდე მაქვს შენახული ის იმეილი ერთ-ერთი სასაფლაოდან, საიდანაც დიდი სიხარულით მაუწყებენ, რომ ალექსანდრე ქართველიშვილი დასაფლავებულია მათ სასაფლაოზე. თან, ზუსტად დამისახელეს, რომელ სექტორში, რომელ მოსახვევში და რა ადგილას იყო ალექსანდრე ქართველიშვილის საფლავი და, ესეც ამერიკული შტრიხია, რომ იქ სასაფლაოც კი ამ დონეზეა ორგანიზებული. საოცარი ის არის, რომ დაახლოებით 70 თუ 80 სასაფლაო მდებარეობს ლონგ-აილენდზე, სადაც ეს საფლავია. აი, ასე ვეძებდი რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ მივედი, ქალბატონი დამხვდა რუკით ხელში, რომელზეც დახაზული იყო, თუ როგორ მივსულიყავი საფლავამდე. საფლავზე რომ მივედი, მოვიდა ადამიანი, რომელიც იქ მუშაობდა და მკითხა: „ნათესავი ბრძანდებით?” მე ვუპასუხე, რომ, უბრალოდ, ქართველი ვიყავი. სამწუხაროდ, მან მითხრა, ამ საფლავზე ჯერ არავინ მოსულა და თქვენ ხართ პირველი, ვინც მე აქ ვნახეო.

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ რა სახით გააგრძელეთ კვლევები ალექსანდრე ქართველიშვილზე?

– ამ მასალის მოძიების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ეს ყველაფერი ჩამოვუტანე იმდროინდელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ პროდიუსერს, ბატონ გია ჭანტურიას, რომელმაც მითხრა, არა მარტო ფილმი უნდა გავაკეთოთ ერთად (მე მინდოდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის გადაღება ალექსანდრე ქართველიშვილზე), არამედ, დარჩი საქართველოში და ერთად შევქმნათ „პირველ არხზე” დოკუმენტური ფილმების სტუდიაო. დოკუმენტური ფილმების სტუდიაში უკვე დაწყებულია ალექსანდრე ქართველიშვილზე ფილმის კეთება. ძალიან საინტერესო ინტერვიუები გვაქვს ჩაწერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ფილმის დამთავრება დამოკიდებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორზე: მე დაახლოებით სამი წლის წინ გამიჩნდა საკმაოდ ამბიციური და, შეიძლება ითქვას, თავხედური იდეაც კი, რომელიც გავაჟღერე პენტაგონში ერთ-ერთ პოლკოვნიკთან. ჩემი იდეა იყო, საქართველოში ჩამოგვეყვანა ალექსანდრე ქართველიშვილის მიერ შექმნილი ერთ-ერთი თვითმფრინავი და ის სამახსოვროდ დაგვედგა სადმე თბილისში, როგორც მონუმენტი. ამან ჩემს ძალიან ბევრ მეგობარში ირონიული ღიმილი გამოიწვია, მაგრამ ეს იდეა უკვე ძალიან ახლოს არის რეალობასთან. მე ჩავწერე ამერიკელი კონგრესმენი ჯიმ მარშალი, რომელმაც აღნიშნა, რომ, თუ ამერიკა ამ თვითმფრინავს გადმოგვცემს, ეს იქნება ძალიან კარგი მოვლენა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, დღეს უკვე საქართველოს მთავრობის სხვადასხვა წრეში მქონდა შეხვედრები, მიმდინარეობს საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და, იმედი მაქვს, თვითმფრინავი მალე ჩამოვა საქართველოში. მე მინდა, რომ ჩემი ფილმი ამ მოვლენით დამთავრდეს.

– იქნებ, უფრო მეტი გვითხრათ ქართველიშვილის პიროვნებაზე?

– ალექსანდრე ქართველიშვილზე როდესაც დავიწყე მუშაობა, პირველ ყოვლისა, დამაინტერესა მისი მემკვიდრეების ნახვამ, მაგრამ, სამწუხაროდ დავადგინე, რომ მას არანაირი მემკვიდრე არ დარჩა იქ, ამერიკაში. ერთადერთი ყველაზე ახლო ნათესავი არის მისი დისშვილი, ჩვენი ქართველი მხატვარი, ბატონი დიმიტრი ერისთავი. მაგრამ, ისევ და ისევ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ ქართველიშვილის ცხოვრება გასაიდუმლოებული იყო, თვით ამ ოჯახშიც კი, ბატონი დიმიტრის ოჯახში, ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ ბატონ ალექსანდრესთან დაკავშირებით. ამერიკაში შევხვდი ხალხს, რომლებიც იცნობდნენ მას და, მხოლოდ ერთი მინდა, აღვნიშნო: ამ ადამიანის სახელისა და გვარის ხსენებისთანავე ნებისმიერი მათგანი სხვა ადამიანად გარდაიქმნებოდა – მათ უნათდებოდათ სახე, სასიამოვნო გაკვირვება გამოეხატებოდათ და უღრმეს მადლობას ვიღებდი ამ ადამიანის გახსენებისთვის. უხუცეს ქართველ ემიგრანტს, ბატონ პეტრე ხვედელიძეს რომ ვაჩვენე ჩემს მიერ მოძიებული მასალები ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ, მან თავი ვერ შეიკავა, ცრემლიც კი წამოუვიდა სიხარულისგან და დიდი მადლობა გადამიხადა, რომ არ ვივიწყებ და არ ვუკარგავ ღვაწლს ალექსანდრე ქართველიშვილს. ალექსანდრე ქართველიშვილი – ეს იყო ქართველი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი” იცოდა ზეპირად; ეს იყო ქართველი, რომელსაც, პრაქტიკულად, ისევ და ისევ თავისი სამუშაოდან და სამსახურის გარემოებიდან გამომდინარე, ეკრძალებოდა ქართველობა; მაგრამ, მე აღმოვაჩინე რამდენიმე დოკუმენტი, რომელთა თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ჩამოვიდა სამშობლოში და ვერანაირ კავშირს ვერ დაამყარებდა, საქართველოს ასოციაციის საწევრო გადასახადს მაინც იხდიდა. ალექსანდრე ქართველიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დაახლოებით 35-წლიანი კარიერა და მისი მოღვაწეობის შედეგია დღეს რომ ამერიკის სამხედრო ძალებს არაერთი ლეგენდარული თვითმფრინავი შემორჩა.

– თქვენ დაგვპირდით, რომ გაქვთ ექსკლუზივი, რომელსაც პირველად ჩვენი ჟურნალის მკითხველს გაანდობთ...

– დიახ, მე გავარკვიე, რომ ალექსანდრე ქართველიშვილი და ჩვენი პრეზიდენტი ნათესავები აღმოჩდნენ. რამდენიმე კვირის წინ მე ვესაუბრე ალექსანდრე ქართველიშვილთან დაკავშირებით ბატონ ნიკოლოზ სააკაშვილს – პრეზიდენტის მამას და მან აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რამ იცოდა ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ იმის გამო, რომ მისი მამა, ანუ საქართველოს პრეზიდენტის ბაბუა და ალექსანდრე ქართველიშვილი იყვნენ ნათესავები და ძალიან კარგი მეგობრები. ბატონმა ნიკამ ისიც მიამბო, რომ, როდესაც ალექსანდრე ქართველიშვილი მიემგზავრებოდა პარიზში, მას ბატონი ნიკას მამისთვის უთქვამს, რაღაც, არ მომწონს აქ პოლიტიკური ვითარება და გამომყევიო, მაგრამ პრეზიდენტის ბაბუას ვერ მიუტოვებია ოჯახი და საქართველოში დარჩენილა. ბატონმა ნიკამ მეორე ძალიან საინტერესო ფაქტიც მიამბო (მამამისის ნაამბობის მიხედვით): ალექსანდრე რომ წავიდა, კარგა ხანს არ გამოჩენილა, დაიკარგა და პირველად 1937 წელს გამოჩნდაო. უკვე ჩემს მიერ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, სწორედ 1937 წელს აღიარეს ალექსანდრე ქართველიშვილი უკვე ძალიან დიდ ავიაკონსტრუქტორად, მისი პირველი თვითმფრინავი – „პი-35” – ლეგენდარული თვითმფრინავი იყო და, რა თქმა უნდა, იგი გამოჩნდა, დაუკავშირდა ოჯახს და მოხდა ასეთი რამ: მოგეხსენებათ, 1937 წელს აქ რაც ხდებოდა და მისი და, მხატვარ დიმიტრი ერისთავის დედა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ძმას გაუგზავნა ასეთი წერილი: „აღარ მოგვწერო, შე მოღალატევ, შენ აღარ ხარ ჩემი ძმა...” და ასე შემდეგ. ცხადია, მათ რომ გულითადი მიწერ-მოწერა დაემყარებინათ, ოჯახს კარგი დღე არ დაადგებოდა. ამის შემდეგ უკვე ალექსანდრე ქართველიშვილი გამოჩნდა 1960 წელს, როდესაც სუხიშვილების ანსამბლმა პირველად იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოცეკვავეები იხსენებენ, რომ ვაშინგტონში „კენედის ცენტრში“ გამოსვლის დროს, ერთ კონცერტზე ორი რიგი მთლიანად იყო ცარიელი, იჯდა მხოლოდ ერთი ადამიანი და მას გარშემო ამერიკის სპეცსამსახურის წარმომადგენლები იცავდნენ. პირველი განყოფილების შემდეგ, ისე, რომ არავის დაენახა, ადგა და გავიდა დარბაზიდან. უკვე, შემდეგ, ამერიკაში, მისი ნაცნობებისგან გავიგე, რომ ალექსანდრე ქართველიშვილმა იმხელა ემოციები მიიღო ამ კონცერტიდან, რომ მეორე განყოფილებას ვეღარ გაუძლო და ამიტომ დატოვა დარბაზი...

ფილმს რომ დავამთავრებ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, წიგნი დავწერო ალექსანდრე ქართველიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.


скачать dle 11.3