კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შედის სახლში ბიჭოლა ყოველთვის ყვირილით და რას სთხოვს ის დას სისტემატურად

ყველაზე ექსცენტრიკული, ეპატაჟური, უცნაური და თან, საოცრად მხიარული დიზაინერის – ბიჭოლას და, მისგან რადიკალურად განსხვავდება. მართალია, ჩაცმასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ენდობა ძმას და მხოლოდ მის შერჩეულ ტანსაცმელს იცვამს, მაგრამ ბევრად განსხვავებული ინტერესები და გატაცებები აქვს. თუმცა, ეს ხელს არ უშლით მათ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში მთავარი მრჩეველის როლი ჰქონდეთ.

ბიჭოლა: ჩემი და გახლავთ თამუნა თეთრაძე, ოცდასამი წლის, მსახიობი. სულ ახლახან მიიწვიეს გორის თეატრში.

თამუნა: გორის თეატრში კონტრაქტით ვარ მიწვეული. გასულ წელს დავამთავრე სოსო ნემსაძის ჯგუფი, რომელიც მას შემდეგ, რაც გორის თეატრში მმართველობა შეიცვალა, მის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. მოკლედ მან, მიმიწვია საპრემიერო სპექტაკლზე – „ტოპაზის სისტემა“ და სულ რამდენიმე დღეში შედგება კიდეც. სამომავლოდ, არ ვიცი, როგორ იქნება და სად გავაგრძელებ მუშაობას. მანამდეც მქონდა საინტერესო სამუშაოები. ვიყავი „შუა ქალაქშიც“, იყო რეკლამებიც. მოკლედ, ახლა ვარ გორის თეატრში და ვემზადებით ტრიუმფისთვის (იცინის). კიდევ არის რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ ყოველთვის ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რაიმე შემოთავაზებას დავთანხმდები – საინტერესოა თუ არა, ის ჩემთვის. მოვსინჯე კიდეც ერთი სამუშაო, მაგრამ იმდენად უინტერესო გამოდგა, წამოვედი. მოკლედ, ახლა გორის თეატრში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, თბილი და კომფორტული გარემოა.

– როგორია სახლში ბიჭოლა? გარეთ ყოველთვის სუპერენერგიული, ჰიპერაქტიურია და, შეუძლებელია, სახლში სხვანაირი იყოს.

ბიჭოლა: სახლში ვისვენებ.

თამუნა: მართალია. ნამდვილად არ გვღლის სახლში თავისი ენერგიულობითა და აქტიურობით. ისე, ამ ბოლო დროს, ორივე ისეთი გრაფიკით ვცხოვრობთ, ხანდახან ორი დღე ისე გადის, ერთმანეთს ვერ ვნახულობთ. ეს გამთენიისას შემოდის სახლში, მე ადრე გავდივარ და მოკლედ... ისე ბავშვობიდან ასეთი იყო, უცნაურობები ახასიათებდა. მაშინ ექვსი წლის ვიყავი და ბიჭოლა კი – ოთხის, პირველი ბარბი მშობლებმა პოლონეთიდან რომ ჩამომიყვანეს, ის გახდა ჩემი ძმის პირველი მოდელი. ისე მეც მიკერავდა რაღაცეებს, სულ ცდებს ატარებდა ჩემზე.

– მამას არ ანერვიულებდა ის, რომ ბიჭი ბარბების კაბებით უფრო ერთობოდა, ვიდრე თოფებით?

– ბაბუას უფრო ჰქონდა ეს მომენტი, მაგრამ მერე, როცა დაინახეს, რომ ამ მიმართულებით მას მართლა განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, ყველამ ხელი შეუწყო. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ყურადღებიანი ძმაა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, როდესაც უცხოეთში მიდის, რამდენი ტანსაცმელი ჩამოაქვს ჩემთვის. ფაქტობრივად, მაღაზიებში აღარ დავდივარ – ფეხსაცმლიდან დაწყებული მაისურებით დამთავრებული, ყველაფერს ბიჭოლა ყიდულობს. არასდროს დამავიწყდება, ჩემი დაბადების დღე იყო და ბიჭოლა ლონდონში სწავლობდა. 26 ნოემბერს, რეპეტიციიდან სახლში მოვედი და უზარმაზარი, ულამაზესი თაიგული დამხვდა, სადაც ეწერა – გილოცავ დაბადების დღეს, ბიჭოლა. ისე გამიხარდა და ისე იმოქმედა ამან, რომ ტირილი დავიწყე. ვეღარ დამაწყნარეს. მოკლედ, მატირა დაბადების დღეზე.

– როგორი ბავშვები იყავით, ჩხუბობდით? „მე დაქალები მყავს, შენ გადი ოთახიდან“...

– არ გვქონდა ისეთი ბავშვობა ერთმანეთს რომ ჭამენ.

ბიჭოლა: როდესაც თამუნას დაქალების ასაკი მოვიდა, მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად. ბებია იყო მოსკოვში და ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთად ჩამოვიდნენ. ყველანაირ არდადეგებზე აქ იყო და ამიტომ გაუცხოების მომენტი, არ გვქონია. თუმცა, უფრო ღრმა ბავშვობაში, მახსოვს, ისე ვიჩხუბეთ, მაკრატელი მესროლა. პლეხანოვზე ვცხოვრობდით, დიდი სახლი გვქონდა, სადაც სულ სტუმრიანობა იყო, ბევრი ხალხი მიდი-მოდიოდა. ბიძაშვილებიც სისტემატურად ჩვენთან იყვნენ და ხომ წარმოგიდგენიათ, ამდენი ბავშვი, რა დღეში ვიქნებოდით. თან, სულ ვჩხუბობდით, ელემენტარულ რაღაცეებზე. ცნობილი ჯგუფების პლაკატებს ვაგროვებდი და მოკლედ, იმ ომის წლებში, მაქსიმალურად ვცდილობდით გართობას...

– ერთი „ბექსთრით ბოიზის“ ან ბრიტნი სპირსის პლაკატის გაკვრის დროს მენახე, რა საინტერესო იქნებოდა!

– (იცინიან) მოკლედ, არ მახსოვს ზუსტი მიზეზი, მაგრამ ნაიარევი დღემდე მაქვს, ფაქტია, როგორ გამწარდა თამუნა, რომ მაკრატელი მესროლა და ფეხში ჩამარჭო.

თამუნა: არასდროს მაცდიდა რაღაცის გაკეთებას. იმ დღესაც იმდენი იძახა, მაკრატელი მომეცი, მომეციო, რომ ბოლოს ვესროლე.

ბიჭოლა: დღეს უკვე არანაირი სხვა მოთხოვნა არ მაქვს სახლში, გარდა საჭმლისა. შევდივარ და ვყვირი მშია-მეთქი. ხან თამუნა, ხან დედაჩემი, ბებიაჩემი და კიდევ დამატებით, თუ საჭირო გახდა, ორი ბებია საჭმელს მიმზადებენ. ხედავ, რამდენი ქალი მახვევია თავს?! ძალიან მოძრავი ოჯახია, დიდი და მჭიდრო სანათესაოთი.

– მავნეები თუ იყავით?

თამუნა: კი. ყოველთვის გვაინტერესებდა, მაგალითად, თოჯინის, ან რაიმე სათამაშოს შიგნით რა ხდებოდა და ვშლიდით. სულ პატარა იყო, ორი წლის – გააღებდა უჯრას, სათითაოდ იღებდა წინდებს და აივნიდან ყრიდა. თან, რამდენიმე ერთად კი არ მიჰქონდა, ერთს აიღებდა, გადააგდებდა, შემობრუნდებოდა და ისევ ახალს იღებდა.

– რჩევებს თუ აძლევთ ერთმანეთს? მხოლოდ ჩასაცმელს არ ვგულისხმობ.

ბიჭოლა: კი ყველანაირ რჩევას ვაძლებ თამუნას.

თამუნა: სახლიდან გასვლის წინ, ყოველთვის ვეკითხებით ერთმანეთს აზრს. ჩაიცვამ რასაც გინდა, მაგრამ ბოლო შეფასება მაინც კარგია, როდესაც ვისაც ენდობი, ის გეტყვის, კარგად გამოიყურებიო.

ბიჭოლა: ბოლო კორექტივებს ერთმანეთს ვაძლევთ. ცხოვრებისეულ თემებზეც ყოველთვის ვეკითხებით ერთმანეთს აზრს, იგივე სამსახურთან დაკავშირებითაც. მართალია, თამუნა ჩემზე უფროსია, მაგრამ მასზე გაცილებით მეტი გამოცდილება მაქვს, თუნდაც შოუს ან ბიზნესის თვალსაზრისითაც. ანუ, ვიცი, მარკეტინგული კუთხით რა იქნება მისთვის მომგებიანი, კარგი; რა იქნება მისთვის სასარგებლო.

თამუნა: მეც აუცილებლად ვითვალისწინებ. თუმცა, ჩემს სფეროში ის, რომ ბიჭოლას და ვარ, ნაკლებად მეხმარება. მყავს ჩემი პროფესიული წრე, სადაც ის, თუ ვისი და ხარ, არ აინტერესებთ. თუმცა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ყველა აღიარებს და აღნიშნავს, როგორი ნიჭიერი ძმა მყავს.

– გათხოვილი ხარ?

– კი და მყავს სამი წლის შვილი – მაშიკო.

– მერე, საბავშვო ხაზს არ აპირებ?

ბიჭოლა: კი მაქვს საბავშვო ხაზი – „ბიჭოლა ჯუნიორ“, რომელსაც მხოლოდ დაკვეთით ვაკეთებ. ბალიშებიც, კაბებიც იყო გაკეთებული სპეციალურად ბავშვებისთვის. როცა უნდა, რომ გაიპრანჭოს, „ბიჭოლას“ ბალიშებს გაიკეთებს და ჭკუაზე არაა.

– ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერევით?

თამუნა: პირადი ცხოვრება ის თემაა, სადაც საერთოდ არ ვერევით. არ არის ლამაზი, პირადი ცხოვრება გავქექოთ. ამ მიმართულებით, ყველას არჩევანი თავისუფალია.

ბიჭოლა: მხოლოდ, როცა უკვე ფაქტის წინაშე ვდგები, ამის შესახებ, როგორც ოჯახის სხვა წევრებს, ისე თამუნასაც ვაგებინებ, თუ რა და როგორ ხდება.

– გეგონა, რომ ამხელა წარმატებას მიაღწევდა?

თამუნა: ამაზე არ მიფიქრია, რადგან წარმატებული რომ იყო, ამას ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ. პატარა ასაკიდან ჰქონდა პერსონალური გამოფენები, მიწვევები, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი, გრანტის მფლობელი... ისე ვარ მიჩვეული ამ ყველაფერს, რომ ჩემთვის მისი პოპულარობა, მოულოდნელი და მით უმეტეს, წარმოუდგენელი, არ ყოფილა.

– დასასვენებლად სად დადიოდით?

ბიჭოლა: სიონში. სოფელი არასდროს გვქონია. სიონში გვაქვს სახლი და იქ ყოფნაზე ვგიჟდები. მის მიმართაც ყოველთვის საოცარი ნოსტალგია მაქვს. რომ ავდივარ, სუნიც კი მიყვარს, რომელიც ბავშვობას მახსენებს. ძალიან მიყვარს ეს ადგილი. უბრალოდ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დასვენებისთვის ნაკლები დრო მრჩება...

– უფრო ლონდონისა და მილანისთვის იცლი?!

– და იბიცასთვის (იცინიან).

– ერთმანეთის მეგობრები თუ ხართ?

– ვიტყოდი, რომ მოზომილი, კარგი დაძმური ურთიერთობა უფრო გვაქვს ვიდრე ახლო მეგობრული. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, ყოველთვის ერთმანეთის გვერდში ვდგავართ, მაგრამ რომ გითხრა, უახლოესი მეგობრები ვართ, ყველგან ერთად დავდივართ-მეთქი მოგატყუებ. ღამის ცხოვრება მიყვარს, თამუნას სხვა ინტერესები აქვს. „ტუსოვშიკი“ ნამდვილად არ არის, ეს არ არის მისი გართობა. ამაში ერთმანეთს ვერ ვუგებთ. თამუნა უფრო თეატრში დადის, კინოში, ლიტერატურულ საღამოებზე.

თამუნა: არ შემიძლია მთელი ღამის კლუბში გატარება, მეორე დღეს შრომისუუნარო ვიქნები.

– ბიჭოლ, ბოლოს ორი სიტყვით შენს ახალ კოლექციაზეც გვითხარი, რა კონცეფცია იდო, როგორ მოეწონათ ის მოდის კვირეულის სტუმრებს?

ბიჭოლა: ძალიან მოეწონათ, აღფრთოვანდნენ. თან ისეთ თემას შევეხე, რომელიც კაცობრიობას აწუხებს. მსოფლიო იბრძვის შიდსის წინააღმდეგ, მხატვრები მუსიკოსები, მწერლები... ვიფიქრე, რატომაც არ შეიძლება, რომ დიზაინერმაც გააკეთოს რაღაც ამ სტილში-მეთქი და მთელი კოლექცია მივუძღვენი შიდსს. კოლექციაში ფერი არ იყო, მხოლოდ კრემისფერი და ყავისფერი აბრეშუმისა და ორგანზასგან იყო შექმნილი და ბოლოს იყო გრანდიოზული წითელი კაბა. მანამდე „ნაკანი-მამასახლისის“ ლაბორატორიამ საოცრად იმუშავა ამ კოლექციის ლუქ-ბუქის გადაღებაზე. სიუჟეტურად იქ არის გოგონა მსხვერპლი და შიდსი, თიკო დალაქიშვილი და ანი ჩიხლაძე. მხატვრული ენით გადმოცემულია როგორ ამსხვრევს შიდსი ოცნებებს. ერთი სიტყვით, კარგი გამოვიდა.


скачать dle 11.3