კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოარგო აინშტაინმა დათო ევგენიძეს კვანტური თეორია და ვის აჩუქა მან საკუთარი ცხოვრება

ის ძალიან ნიჭიერი და არაორდინარული ადამიანია, ალბათ, ამიტომაც, ბევრ როლს ითავსებს და ყველა როლში კარგად გრძნობს თავს. ბევრი იარა თუ ცოტა, ღუზა მაინც თბილისში ჩაუშვა. ამბობს, რომ აქ თავს ყველაზე კარგად გრძნობს. ბოლო დროს საინტერესო კონცერტებით გვანებივრებს, გეგმებიც საკმაოდ ბევრი აქვს – „ათასწლეულის სინანულზე” მუშაობს. დათო ევგენიძე... უკრავს, წერს, ხატავს... ხელოვანიც არის, მეკობრეც და სნაიპერიც. სად და როდის ასწრებს?! ცხოვრებაში ხშირად აგორებს კამათელს და სულ „დუ-შაშს“ სვამს, რის გამოც საკუთარ იღბალს ხშირად სწირავს მადლობას.

დათო ევგენიძე: ბაბუის ამპლუას მშვენივრად შევეჩვიე. ისეთი სიჩქარით განვიცადე სამგზის ბაბუობა, დაფიქრებაც ვერ მოვახერხე. პირველ შვილიშვილს, რომელიც პარიზში დაიბადა, ერთი წელიც არ იყო გასული მეორე მოჰყვა; ის ექვსი თვისაც არ იყო და ლიკამ ანა-სოფია გააჩინა. ახლა მეოთხეს ველოდებით. ასეთი ტემპით თუ გააგრძელეს ჩემმა შვილებმა, რასაც, ვატყობ, რომ მართლა ასე უნდა იყოს, მალე ფეხბურთის გუნდს შევქმნი. ცოტა თუ მოიკოჭლეს, მე დავეხმარები – ოთხი შვილი მყავს, არა, ხუთი – ჩემი მეუღლის შვილიც ჩემს შვილად მიმაჩნია, ასე რომ, შეიძლება მალე მეექვსეზეც „წავიდე” – გუნდისთვის ფორვარდებს გავაკეთებ, რომ სულ კარში დაარტყან. თან, აბსოლუტური ჭადრაკიც გამომდის, ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობაც კამათელივით მიდის. ორ გოგოს და ორ ბიჭს: ანჟელიკას, ლიკას, ლუკასა და ნიკოლოზს, შვილიშვილებიც ასე მოსდევთ: ლიკა და ანჟელიკა ორი წლის განსხვავებით, მაგრამ ერთ დღეს არიან დაბადებულები, ასე რომ, მე სნაიპერიც ვარ. თუმცა, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩემს შვილიშვილებს ესტერი და იტანი თუ ერქმეოდათ და გვარად მარიატები იქნებოდნენ. ამათ მოჰყვა ანა-სოფია, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა. როცა პირველად დავიჭირე ხელში და ჩავიხუტე, სხვანაირად აღვიქვი, რომ ის ჩემი სისხლი და ხორცია. მგონი, უკვე თვითონაც გრძნობს, რომ მისი ვარ. თვითონ ხშირად არაა ჩემი სტუმარი, მე მივდივარ ხოლმე მასთან, ლიკასთან და ნიკუშასთან. ბებია არის ყველაზე ხშირად მათი სტუმარი.

– ბაბუობის სტატუსმა ხომ არ დაგაბერათ?

– არა, რას ამბობთ! ვინც მართლა ბერდება, იმისთვის ბაბუის სტატუსი არასასიამოვნო შეიძლება იყოს. ჩემს ახალგაზრდობას ნამდვილად არ ეხება ის, თუ რამდენი შვილიშვილი მეყოლება. პარიზელი შვილიშვილები ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვგრძნობ, ჩემს კავშირს მათთან. მე ვიცი, რომ ოჯახი ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზეა. რომ არა დედაჩემი და ბებიაჩემი, მე ბრინჯივით გავფანტავდი ჩემს ცხოვრებას – ისინი კრეფდნენ ხელებით იმ ყველაფერს, რაც ღმერთმა მომცა. ნორმალური კაცისთვის ხომ ყველა დედა ღვთისმშობელია, იმ ღვთისმშობელსაც ხომ თავისი დედა ჰყავდა... მე სიყვარულით ვუფასებდი ჩემს ქალებს, მაგრამ მათ იმაზე ბევრად მეტი ეკუთვნით ჩემგან, ვიდრე მე გამიკეთებია. მეოჯახე, ამ სიტყვის სრული გაგებით, არასდროს ვყოფილვარ. მე მანდობენ იმას, რაც ვიცი: ჩემი შემოქმედება, ხელოვნება, მუსიკა, ლექსი, ხატვა, კინო და ასე შემდეგ. მე ამ ყველაფერთან ერთად დავიბადე, ასე რომ, ამის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ყველაზე კომფორტულად მაშინ ვარ, როცა ინსტრუმენტთან ვზივარ, ან ფანქრით ხელში ლექსს ვწერ, ან ქალთან როცა ვარ ლოგინში... არაფრის დამტკიცება არ მჭირდება. მე მთელი ცხოვრება ვცხოვრობ ისე, როგორც კაცმა უნდა იცხოვროს: იმას ვაკეთებ, რაც კაცმა უნდა აკეთოს ლოგინში და არც ის შემშლია, ქალის გვერდით რაინდი ვყოფილიყავი. ფულსაც ვშოულობდი, კონცერტები მქონდა მთელ მსოფლიოში... სხვა რა უნდა მეკეთებინა? მაინცდამაინც ხახვი ხომ არ უნდა დამეჭრა სამზარეულოში, ჩუსტებითა და ხელთათმანებით ერბოკვერცხი უნდა შემეწვა? (იცინის). თუმცა, რომ მომენდომებინა, ესეც გამომივიდოდა. ბევრ ჩემს მეგობარს აქვს გასინჯული ჩემი გაკეთებული საჭმელი, ოღონდ, ჩემ გვერდით ბევრი შეფ-პოვარი უნდა იყოს – ისინი ჭრიან, მე ვყრი და ძალიან გემრიელი კერძები გამომდის სპონტანურად. ეს ხდება ხოლმე ათწლეულებში ერთხელ, მაგრამ, ხდება.

– მარტოს ხშირად მოგიწიათ ცხოვრება და ალბათ, ამ ყველაფერში მაშინ დაოსტატდით.

– როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ და არ შეეძლოთ ჩემთან ერთად წამოსვლა, მე წლების განმავლობაში მარტო ვიყავი ნიუ-იორკში, საფრანგეთში, კანარებზე. მშვენივრად ვუვლიდი საკუთარ თავს. მე ხომ კაცი ვარ, თან, ვარ სულით მეკობრე – ამას სულ ვგრძნობ. მეკობრე რომ იყო, ეკვადორი ერთხელ მაინც უნდა გქონდეს გადალახული და შარშიც ბევრჯერ უნდა იყო მოყოლილი. მე ეკვადორი არაერთხელ მაქვს გადალახული...

– მტაცებელი ხართ, როგორც ყველა მეკობრე?

– მეკობრეობა მტაცებლობას არ ნიშნავს, მიმთვისებლობა მეკობრეთა ცხოვრების წესი იყო და არა ნივთებისა და ქონების შეგროვება. ყველაფერს, რასაც მეკობრეები იპარავდნენ, ახმარდნენ საკუთარ თავისუფლებას, როგორც დღეს ხდება, ვილებსა და მონტე-კარლოში ცხოვრებაზე არ ოცნებობდნენ. მე ვშოულობდი ფულს, ვხარჯავდი, ვშოულობდი, ვხარჯავდი... აბა, რად მინდა ფული თუ არ დავხარჯე?! ფული ჩემთვის კალათბურთის ბურთივითაა – თუ კალათში არ ჩააგდე, ან „პასი“ არ გააკეთე, ერთი გარბენი და – აუცილებლად წაგართმევენ. ფული ისეთი რამეა, საჩქაროდ უნდა მოიცილო ხელიდან, ამიტომაც, როცა მაქვს ფული, სასტიკი მფლანგველიც ვარ. ფულს არ ვეძებ, დედას ვფიცავარ, თვითონ მოდის ჩემთან ბურთივით – „პასს“ მომცემენ და ხელებში მივარდება, მერე მე ვაძლევ სხვას „პასს“, რომ იმანაც კალათში ჩააგდოს.

– იღბლიანი ხართ?

– დიახ, უფალმა ბევრი რამ მაჩუქა, ცოტა უმადურიც ვარ იმ თვალსაზრისით, რომ, უფრო მეტი უნდა ვაკეთო იმისთვის, რაც მომცა. სულ „დუ-შაშს“ ვსვამდი მთელი ცხოვრება. მე არ ვიცი ეს ფილოსოფია ისე, როგორც მოთამაშეებმა, მაგრამ, ის ვიცი, რომ ყველაფერი შემთხვევითია, მათ შორის სიცოცხლეც. ეს დიდი ფილოსოფიაა, რომელსაც აინშტაინიც კი შეეკამათა თავის ბოლო ნაშრომში – მან თქვა, რომ ღმერთი დგას შემთხვევითობაზე მაღლა. ჩემთვის ის ხელიც ღმერთია, რომელიც კამათელს ისვრის, ასე რომ, კვანტური თეორიაც კი ჩემზეა მორგებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს შემთხვევით მოუნდა ადამისა და ევას გაჩენა. იქ რაღაც შეეშალა, ლილიტი გააკეთა, რომელიც აუჯანყდა მას, ბოლოს ადამის ნეკნიდან ამოიღო ევა და, იმანაც რა ქნა?! უფალი ყოველთვის გიტოვებს საშუალებას, რომ კამათელი შენი ხელიდან გაისროლო.

– ბოლო დროს ისე ჩაუშვით ღუზა, როგორც ჩანს, მეკობრის სული ჩაცხრა.

– არა, სულ სადღაც ვარ, პინკ-პონკივით დავქრივარ თბილისს, მოსკოვსა და პარიზს შორის, სტიუარდესა ხომ არ გავხდები? ამ ბოლო დროს თბილისშიც არ გავჩერებულვარ, შვიდჯერ ჩავედი ბათუმში, სულ წინ და უკან დავდივარ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ენერგიით მიდიხარ. შეიძლება, იმდენი ენერგია დახარჯო შმიდტის ქუჩიდან რუსთაველზე გასვლაში, რაც ვიღაცამ ნიუ-იორკში ჩასვლისას ვერ დახარჯოს. გზა მეტრებით და კოლომეტრებით არ განისაზღვრება, გააჩნია ამ გზაზე რამდენ კილოგრამ გრძნობას ხარჯავ. ენერგიის საზომი კი მრავალფეროვანია, მაგრამ მე ტონობით ენერგიას ვდებ ყველაფერში, რაც მიყვარს.

– ამბობენ, გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებაო.

– ვემზადები. დიდი ხანია, ვაპირებდი გრანდიოზული კონცერტის ჩატარებას, ეს არ იქნება კონცერტი, უფრო ლიტურგიის სახეს მიიღებს – ჩატარდება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. „გალობანი სინანულისანი” მაინც სასულიერო ნაწარმოებია და პატრიაქის კურთხევის გარეშე ვერ გავაკეთებ. ჩემი სურვილია, მოვაწყო „სინანულის ათასწლეული” – ეს იქნება შოთას, დემეტრეს, გალაკტიონისა და სხვათა და სხვათა სინანული. ამ ჟანრის ნაწარმოებების შესრულებას დახურული სივრცე სჭირდება. ჯერ არ ვიცი, სად ჩატარდება ეს ლიტურგია, მაგრამ ვიცი, რომ თებერვლამდე უნდა გავაკეთოთ. როგორ შეიძლება, როცა ათასწლეულის ზღვარზე მოგიწევს ცხოვრება, ამ თემას არ შეეხო? ახალი საუკუნე დაიწყო, ეს არაა უბრალო საქმე. მე თავიდან ფეხებამდე ვეკუთვნი საქართველოს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევდა აქეთ-იქით სიარული, ფეხბურთელებიც ხომ მიდიან სათამაშოდ სხვა ქვეყნებში, მაგრამ რჩებიან საქართველოს სამსახურში. მე მუსიკითა და ნოტებით მიწევდა თამაში, ჩავდიოდი სხვაგან, მაგრამ ყოველთვის ვბრუნდებოდი უკან.

– შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბოლო პერიოდში, თუნდაც მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს დაუნათესავდით?

– ჩემი ცხოვრება ამით არ შეცვლილა, შეიცვალა ის, რომ უფრო ახლოს გავიცანი პრეზიდენტი. ჩვენ ძალიან ხშირად ვყოფილვართ ერთად სუფრასთან. მე ადრეც ვიცნობდი მას, მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდა პოლიტიკაში, ასე რომ, ჩვენ წლების ურთიერთობაც გვაკავშირებს, მაგრამ ახლა გავიცანი ის სხვანაირად, დავინახე ის თვისებები, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ მქონდა და ეს ძალიან მიხარია. ახლა უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი, რადგან ახლა ის ვიცი მიშაზე, რაც ადრე არ ვიცოდი. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ახლოს, სხვა განზომილებაშიც და ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

– თქვენი და თქვენი სიძის ურთიერთობა ტრადიციულ ქართულ „სიძესიმამრიანს“ ჰგავს?

– ქალებში არ დავდივართ ერთად. ხანდახან ხუმრობით ჩემი შვილი ეჭვიანობს კიდეც – მე ნიკუშა უფრო მეტად ხომ არ მიყვარს ვიდრე ის. ლიკას მთელი ცხოვრება აქვს ჩემგან ნაჩუქარი, ახლა ნიკას სჭირდება ჩემი სითბო და სიყვარული, ის ჩემი შვილიშვილის მამაა და ამაზე მეტი სიახლოვე რა არის?! მე არასდროს ვერევი ჩემი შვილისა და სიძის ცხოვრებაში, არც მაშინ ჩავრეულვარ, როცა ლიკამ მითხრა, ვთხოვდებიო – უკვე ჩანთით გადიოდა სახლიდან. კაცისა და ქალის ურთიერთობა იმდენად იდუმალია, მასში არავინ არ უნდა ჩაერიოს, მამამ მხოლოდ მაშინ უნდა იაქტიუროს, როცა შვილს საფრთხე ელის, ჩემს შვილს კი ეს არ ემუქრებოდა.

– თქვენს ცხოვრებაში შემოდგომის სიყვარულის დროც დადგა. აქაც ჩაუშვით ღუზა?

– ეს სულ არაა შემოდგომის სიყვარული. როცა ჩემს ცხოვრებაში შემოდგომა დადგება, აუცილებლად გეტყვით. ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარული ისეთია, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო 20, 25 წლის ასაკში. მე ახლაც თავდავიწყებით მიყვარს და ვიცი, რომ სიყვარული ან თავდავიწყებითაა, ან სულ არ არის. დავინახე, მომეწონა, გამიტაცა – სხვა რამეებია და არა სიყვარული. მე ზუსტად ისე მოვიყვანე ცოლად ნინო ამ ასაკში, როგორც მოვიყვანდი, 18 წლის ბიჭი რომ ვყოფილიყავი. ჩემი ბოლო სიგიჟე და საუკეთესო ქმნილება არის ჩემი 5 წლის ნიკოლოზი. ან ხარ რომეო, ან არ ხარ. თავგანწირული და სიგიჟის გარეშე სიყვარული ჩემი სიყვარული არ არის... ცხოვრება ძალიან ლამაზია და მრავალფეროვანი, მაგრამ, არ უნდა იყო ბრმა და ყველაფერი უნდა დაინახო, მაქსიმალურად უნდა მიიღო შენი სამოთხე, რომელიც ღმერთმა გიბოძა. მე შევძელი იმდენის მიღება, რამდენის თავიც მქონდა...




скачать dle 11.3