კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის მთავარი კაცისთვის სიყვარულში და რას ურჩევს ალეკო მალხაზიშვილი მოღალატე ქმრების ცოლებს



ალეკო მალხაზიშვილს, როგორც ჩანს, უფიქრია საკუთარ ხვედრზე, თუ განგება მის ქალად დაბადებას მოისურვებდა. როგორც მამაკაცთა უმრავლესობა, ბატონი მალხაზიშვილიც არ აღმოჩნდა ორიგინალური და ქალად ყოფნა წარმოსახვაშიც არ მოისურვა, მაგრამ, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ჯანსაღად შეაფასა ჩვენი, ქალური პრობლემები და ვერდიქტიც გამოგვიტანა. რა ვერდიქტი?! – ახლავე მოგახსენებთ.



ალეკო მალხაზიშვილი: იმის ალბათობა, რომ შეიძლებოდა, ქალად დავბადებულიყავი, რა თქმა უნდა, არსებობდა. მე მიფიქრია ამაზე და ნამდვილად კმაყოფილი დავრჩენილვარ საკუთარი სქესით. არ მინდა ქალობა (იცინის).

– იმიტომ, რომ ქალად ყოფნა ძნელია.

– მარტო მაგიტომ არა. არც მამაკაცად ყოფნაა ადვილი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი ეგეც არის. კიდევ, სიყვარულში გვაქვს განსხვავებული მდგომარეობა. ქალისთვის სიყვარულში მთავარი არის სტაბილურობა. მამაკაცი უფრო რომანტიკოსია, სიყვარულში მისთვის მთავარია ინტრიგა და თავგადასავალი. ესეც ჩვენი ბავშვური ბუნებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ხანდახან სიყვარული კაცისთვის სათამაშოა, რომლითაც თამაშობს, თამაშობს, მერე სწყინდება და მის მიმართ ინტერესს კარგავს. ამ დროს ქალი ძალიან ზარალდება – განიცდის, ნერვიულობს, იტანჯება. კაცი კი ვერ იგებს, რას მოითხოვენ მისგან. მამაკაცად ყოფნა კიდევ იმიტომ არის კარგი, რომ, ჩვეულებრივ, კაცი მეტს აღწევს ცხოვრებაში, მას მეტი შანსი აქვს, გახდეს წარმატებული.

– რა ვიცი, ზოგიერთი მამაკაცი პირიქით ფიქრობს, რომ ქალები ერთი გაღიმებით ვაღწევთ ყველაფერს და ადვილად ვიკეთებთ კარიერას მარტო ჩვენი გარეგნობით.

– მართლა?! მე მაგას სხვანაირად ვიტყოდი. ქალი ღიმილით ხდება იმ კაცის ცოლი, რომელმაც უკვე მიაღწია წარმატებას; იმ კაცისა, რომლისთვისაც მისი ღიმილი რაღაცას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, ქალს მართლა აქვს კაცზე მეტი შანსი. რაც შეეხება მეცნიერებაში წარმატებას, საქმეში წარმატებას, რიცხვობრივი უპირატესობა აშკარად ჩვენს მხარეზეა.

– რატომ, მამაკაცები ქალებზე ჭკვიანები ხართ?

– მე ამას არ ვამბობ, მაგრამ, რა ვუყოთ ფაქტებს? ხომ მეთანხმები, რომ გამოჩენილი მეცნიერების, მხატვრების, მომღერლების, მწერლების, რეჟისორების და ასე შემდეგ... უმრავლესობა მამაკაცია. ამით ქალებს არანაირად არ ვაკნინებ. გამოთქმაც არსებობს: კაცი თავია, ქალი – კისერიო...

– ანუ, ეს კისერი თავს საითაც უნდა, იქით მიატრიალებს?

– ზოგიერთ თავს, შეიძლება, მართლაც ატრიალებენ ასე, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. არც რომანტიკოსი ვარ, საკმაოდ მყარად ვდგავარ დედამიწაზე, პრაგმატულად ვაზროვნებ. თუმცა, ზოგჯერ მეზღაპრეც ვხდები, როცა ბავშვებს ზღაპარს ვუყვები (იცინის).

– ოთხი ქალის გარემოცვაში კარგად გრძნობ თავს?

– არაჩვეულებრივად. არავის ჭკუაზე არ დავდივარ და მიმაჩნია, რომ არავინ არავის ჭკუაზე არ უნდა იაროს. კომპრომისებზე წასვლა დროულად და ორმხრივად არის საუკეთესო საშუალება ურთიერთობის შესანარჩუნებლად. გადაწყვეტილებების მიღება კი უნდა ხდებოდეს შეთანხმებულად. თუ არ ვეთანხმები, ვიკამათებთ და ისე მივალთ ჭეშმარიტებამდე. დათმობაც თანაბრად უნდა ხდებოდეს. სად წერია, რომ ან მამაკაცს უნდა ჰქონდეს რაღაც უპირატესობა, ან ქალს?!

– გენდერული თანასწორობის მომხრე ყოფილხარ.

– ვარ, მაგრამ, ისეთის, როგორიც მე მესმის. ანუ ზოგს სხვანაირად და დამახინჯებულად ესმის ეს თანასწორობა. როგორც შენ გაწყობს, ისე არ უნდა გაიგო და საკუთარ ინტერესებს არ უნდა მოარგო. მე, მაგალითად, ვაღიარებ, დღეს რომ ბინა მაქვს, ეს ჩემი ცოლის დამსახურებაა. მე ვერ ვბედავდი მშენებარე ბინაში ფულის ჩადებას, მაგრამ ჩემმა ცოლმა დამარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა გაგვერისკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისმა რისკმა გაამართლა.

– ქალებს უფრო გვაქვს ალღო და ინტუიციაც იშვიათად გვღალატობს.

– მეც იშვიათად მღალატობს ინტუიცია. იდეებსაც საკმაოდ ბევრს ვაფრქვევ. უბრალოდ, ბინასთან დაკავშირებით ვერ ვრისკავდი.

– ესე იგი, ცოლმა შენი აბსოლუტური ნდობა მოიპოვა.

– არც ასეა საქმე. სხვა რაღაცეებში ვეღარ გაამართლა (იცინის).

– რატომ არ ესმით ხოლმე ქალებს კაცების და პირიქით? მართლა სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ?

– რა არის, იცი? თუ სხვადასხვა ეროვნების არიან, მაშინ ლაპარაკობენ სხვადასხვა ენაზე. ისე კი, ვისი გაგებაც გინდა, გაუგებ. მე ზოგჯერ კაცებისაც არ მესმის, მაგრამ ბრმად მივყვები. მით უმეტეს, თუ ის ჩემი მეგობარია. ზოგჯერ ქალსაც შეიძლება გაჰყვე ბრმად.

– რა არის ჩვენი, ქალების მთავარი პრობლემა?

– ბევრს ლაპარაკობთ და ბევრი ლაპარაკით აგებთ. ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმას რა მოსდის, ხომ იცით?! – სისულელეებს ამბობს. ამიტომ, რაც შეიძლება ნაკლები უნდა ილაპარაკოთ, თუ გინდათ, რომ სულელებად არ გამოჩნდეთ. წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია, როცა ქალი ორი საათი ტანსაცმელზე ლაპარაკობს. საშინელებაა. მე იმას არ ვამბობ, რომ კაცები არ იქცევიან ასე და მათზეც ზუსტად ასეთი აზრის ვარ.

– ქალი ცვლის მამაკაცს უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ?

– დავიწყოთ იმით, რომ ადამიანები არ იცვლებიან. აქედან გამომდინარე, მე პატიებაც არ შემიძლია – ვფიქრობ, რომ ამას აზრი არ აქვს. სწორად გამიგეთ: მე, შეიძლება, ვაპატიო, მაგრამ ის ადამიანი ჩემთვის ყოველთვის იმის ჩამდენად დარჩება, რაც ჩემთან დააშავა და ქვეცნობიერად დაველოდები იმას, რომ კიდევ გააკეთებს იმავეს.

– რას არ გააკეთებდი, ქალი რომ ყოფილიყავი, ანუ, რა არ უნდა გააკეთოს ქალმა, რომ არ „გაჭედო“?

– ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ მაქვს. რა არ უნდა გააკეთოს ქალმა, მაგას კი გეტყვი, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, ქალი რომ ვყოფილიყავი, თავად იმავეს არ გავაკეთებდი (იცინის). რაც შეეხება „გაჭედვას“, მე საერთოდ არ „ვჭედავ“, არ მახასიათებს ასეთი რაღაც. თუ რამეს მაწყენინებენ, ჩუმად ვარ, ჩემთვის.

– იმახსოვრებ და არ პატიობ?

– (იცინის) გააჩნია, რას მაწყენინებენ. შეიძლება, არც დავიმახსოვრო, თანაც მე მარტო ძალიან ახლობელი ადამიანისგან მწყინს ხოლმე და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანების წრე ძალიან შეზღუდულია, საკმაოდ იშვიათად მწყინს.

– როგორ ფიქრობ, ქალი შეიძლება იყოს ავი, შურისმაძიებელი, ბოღმიანი, მოთამაშე... თუ, ცხოვრება ხდის მას ასეთად?

– ეგ ყველა თვისება ადამიანურია და არ არის დამოკიდებული სქესზე. ავი, შურისმაძიებელი, ბოღმიანი... ქალი ამ ყველაფერს შეიცავს. კაციც რა თქმა უნდა. მთავარია, ცხოვრება რომელ თვისებებს წამოსწევს მასში. ქალზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, მარტივად არ არის ეს საქმე.

– საკმარისია ქალის მხოლოდ სილამაზე, რომ მამაკაცი დაკმაყოფილდეს მისით?

– არა. სილამაზე ურთიერთობის პირველ ეტაპზეა აქტუალური. სატყუარაა, რომელსაც, შეიძლება, თევზის ნაცვლად დახეული ფეხსაცმელი ან ცარიელი კონსერვის ქილა ამოჰყვეს. მოგინდება კონსერვის ცარიელ ქილასთან ცხოვრება?! ხომ არ მოგინდება? ამიტომაც, მარტო სილამაზე საკმარისი ვერანაირად ვერ იქნება.

– სახლში რომ გაქვს გენდერული ბალანსი დარღვეული?

– ვინ გითხრა, რომ დარღვეული მაქვს? სწორედ ეგ არის გენდერული ბალანსი: ოთხი ქალი ერთ კაცზე (იცინის). რა, არ იცი, ერთ კაცზე ოთხი ქალი რომ მოდის?! ვისაც ამის არ სჯერა, იმან იცხოვროს უკაცოდ (იცინის).

– ჩვენი ბრალია, სამოთხე რომ დაკარგეთ?

– მოდი, ეგ თემა დავხუროთ. ძალიან მძიმე მოსაზრებები მაქვს მაგასთან დაკავშირებით და, ჯობია, საერთოდ არ შევეხოთ საკითხს, რომელიც სერიოზულ განხეთქილებას გამოიწვევს (იცინის).

– რას გვირჩევ ქალებს, შეიძლება, ისე ვიცხოვროთ, რომ ნაკლები პრობლემები გვქონდეს?

– ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ქართველ ქალებს ბევრი პრობლემა გაქვთ, რაც თვითონვე შეიქმენით. ნორმალურ ქვეყნებში ქალებს მსგავსი არაფერი აწუხებთ. მაგალითად, რას ნიშნავს, ქმარს ეპატიება ღალატი და ცოლს არ ეპატიება?! მე ასეთი მიდგომა არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ. ცოლი, რომელიც ქმრის ღალატზე შეგნებულად ხუჭავს თვალს და თავს იმით იმშვიდებს რა მოხდა, ყველა ასე იქცევაო, ყოველთვის დაჩაგრული და საცოდავი იქნება.

– აბა, ჩავულაგოთ მოღალატე ქმრებს ჩემოდნები?

– რა გინდა, მომკლან კაცებმა? (იცინის) თქვენი გადასაწყვეტია, ჩაულაგებთ თუ არა, მაგრამ, თუ ამას არ გააკეთებთ, ძალიან ცუდად იცხოვრებთ და მამაკაცებიც არასოდეს ჩათვლიან თავიანთ ღალატს დანაშაულად.

ნინო წულუკიძე


скачать dle 11.3