კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპატრონოდ გაზრდილი მილიონერი

როცა მარიო ბალოტელზე წერა გიწევს, შეუძლებელია, მასზე მშვიდად წერო და მხოლოდ მის საფეხბურთო კარიერას შეეხო. შეიძლება ითქვას, რომ იტალიურ ფეხბურთში იგი ყველაზე არაორდინარული ფეხბურთელია და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ მარიო ზანგია. ზოგადად, მის ეროვნულ ნაკრებში მიწვევას გულშემატკივართა უმრავლესობა პროტესტით შეხვდა. ბევრს არ სურდა, შავკანიანი იტალიის დროშის ქვეშ ეხილა, მაგრამ ფაქტია – ბალოტელი ნაკრების წევრია და ეჭვი გვაქვს, ასე კარგა ხანს იქნება. ნაკრებამდე კი, რთული და ეკლიანი გზა განვლო.

მარიო 1990 წელს პალერმოში დაიბადა. მისი მშობლები განელი ემიგრანტები – ტომას და როუზ ბარუვები იყვნენ და მათ ძალიან უჭირდათ. მარიოს უკვე ჰყავდა ორი ძმა და ერთი და. მეოთხე შვილი კი, ოჯახში ზედმეტი ხარჯი და პრობლემა იყო. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ავადმყოფი დაიბადა და უკვე ერთი წლის ასაკში ორი ოპერაცია დასჭირდა. მასზე ამბობდნენ, რომ სასწაული თუ გადაარჩენდა და ეს სასწაული მოხდა. სამი წლისას, მორიგი ოპერაცია დასჭირდა. მშობლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ამის ფული არ ჰქონდათ და ბავშვი სოციალური დახმარების ცენტრში მიიყვანეს. იქ მათ იტალიური ოჯახი გაიცნეს. ფრანჩესკო და სილვია ბალოტელებს უკვე სამი შვილი ჰყავდათ, მაგრამ პატარა შავი ბიჭუნა ისე მოეწონათ, მის შვილად აყვანას დათანხმდნენ. განელმა მშობლებმა მარიო მაშინვე გააშვილეს და ხელები დაიბანეს.

„როცა მარიო ვიშვილეთ, დარწმუნებულები გახლდით, რომ მას მთელი ცხოვრება მკურნალობა დასჭირდებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. ჩვენ მისი სიცოცხლისთვის უნდა გვებრძოლა. მესამე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ამან ძალიან გაგვახარა. მალე მივხვდით, რომ მარიოს ავადმყოფობა უკან დარჩა, იგი ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა და ექვსი წლის ასაკში ფეხბურთზე მივიყვანეთ“, – იხსენებს მარიოს მეორე დედა – სილვია.

ნელ-ნელა ბალოტელიზე მთელი იტალია ალაპარაკდა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ამის მიუხედავად, მარიოს ერთგვარი კომპლექსი ჰქონდა იმისა, რომ თავად შავკანიანი იყო, მისი და-ძმა, მშობლები – თეთრები და მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა. ამიტომ, როცა 15 წლის ასაკში მას კონტრაქტი მოკრძალებულმა „ლუმეცანემ“ შესთავაზა, არც დაფიქრებულა, ხელშეკრულება ისე გააფორმა და პირველ ხელფასად სულ რაღაც ორასი ევრო დაენიშნა. ეს, მინიმუმ, ჯიბის ფული იყო. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, ყველაფერი თავდაყირა დადგა – ბალოტელის შეძენის სურვილი მილანის „ინტერმა“ გამოთქვა. 16 წლის ბავშვს „ინტერის“ ძირითადში მოხვედრა რომ გაუჭირდებოდა, ცხადი იყო, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ბალოტელის 11 შეხვედრაში მოუხდა მონაწილეობის მიღება და მან სამი გოლის გატანა მოახერხა. ეს ურიგო დასაწყისი არ იყო, თუმცა...

„ბალოტელის კარიერა უფრო კარგად წარიმართებოდა, რომ არა ერთი უცნაური თვისება. იგი თანაგუნდელებს ზემოდან უყურებდა და ამბობდა, რომ საუკეთესო იყო. არ მეგობრობდა არავისთან და თუ მისგან ინტერვიუს აიღებდნენ, მუდმივად იმეორებდა, მწვრთნელი შეცდომას უშვებს, მე რომ არ მათამაშებსო. ამასთან ერთად, იგი კონფლიქტური იყო და თანაგუნდელებზე მუდმივად მუშტით იწევდა“, – წერენ იტალიელები.

მომდევნო სეზონში ბალოტელის უკვე 22 შეხვედრაში ენდნენ და მან რვა გოლი გაიტანა, რაც საუცხოო შედეგი გახლდათ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებით, რომ იგი ძირითადად შეცვლებზე შეჰყავდათ. ამას გარდა, ბალოტელი ჩემპიონთა ლიგაზეც ათამაშეს, სადაც მან ერთი გოლის გატანა მოახერხა და ულტიმატუმიც წამოაყენა – გუნდში ყველაზე მეტი ხელფასი უნდა მქონდესო. ეს მაშინ, როცა „ინტერს“ ჟოზე მაურინიო წვრთნიდა და გუნდი ვარსკვლავებით იყო დახუნძლული. მაურინიომ თავხედ ბიჭს თავისი ადგილი მალე მიუჩინა და იგი დუბლ-შემადგენლობაში მოისროლა. ამან მარიოზე იმოქმედა და იგი მწვრთნელთან ბოდიშით მივიდა. თუმცა, როგორც კი ძირითად გუნდს დაუბრუნდა, თავისი ულტიმატუმი გაახსენდა.

პარალელურად, მარიოს ბიოლოგიურმა მშობლებმა გაიხსენეს შვილის არსებობა და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ბალოტელის მშობლები არიან. ისინი ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც მათ ცრემლები აღვარღვარეს და აღნიშნეს, რომ პატარა მარიოს ზრდის პროცესს მუდმივად თვალს ადევნებდნენ და მისი წარმატებები უხაროდათ. იმავე შოუში თავად ფეხბურთელმაც დარეკა.

„მეცინება, როცა მათ ვუსმენ. სანამ 16 წლის არ გავხდი და „ინტერთან“ კონტრაქტი არ გავაფორმე, მათ ჩემი არსებობა არც გახსენებიათ. ახლა კი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე მხოლოდ ჩემზე ფიქრობდნენ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი და მაღალი ხელფასი არ მქონოდა, ისინი ზუსტად ისევე არ მომიკითხავდნენ, როგორც მანამდე არ მკითხულობდნენ. მათი ნახვა არ მსურს და მინდა იცოდნენ, რომ ჩემგან ვერასდროს ვერაფერს მიიღებენ“, – განაცხადა ბალოტელიმ.

ბიოლოგიურმა მშობლებმა დანებება არ ისურვეს და სასამართლოში იჩივლეს, აქაოდა, მაშინ ფინანსურად გვიჭირდა და მარიო იმიტომ გავაშვილეთ, ახლა კი მისი დაბრუნება გვინდაო. სასამართლომ საინტერესო ვერდიქტი გამოიტანა – ბალოტელი სრულწლოვანია და თავად გადაწყვიტოს, რა უნდაო. მარიომ გადაწყვიტა და ბიოლოგიურ მშობლებს მასთან ასი მეტრის რადიუსში მიახლოება აუკრძალა.

ამასობაში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალური შეხვედრაც მოახლოვდა. მარიო იმუქრებოდა, თუ ჟოზე მაურინიო ძირითადში არ დამაყენებს, ფინალს ვერ მოვიგებთ და მერე მე არაფერი დამაბრალოთო. პორტუგალიელმა ბალოტელი შეცვლაზე შეიყვანა და მას ბოლო ათი წუთი მისცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთელი გუნდი ზეიმობდა, მარიომ კი მაისური გაიხადა, მინდორზე დააგდო, თანაგუნდელებს დაუბარა, ნაბიჭვრები ხართო, გულშემატკივრებს კი სამი თითის კომბინაცია აჩვენა და გასახდელში გავიდა. გასახდელში მას „ინტერის“ ვეტერანი მარკო მატერაცი გაჰყვა და როგორც ამბობენ, გვარიანადაც ურტყა ამ საქციელის გამო. ბალოტელის ამის შემდეგ გუნდში აღარ დაედგომებოდა და გასულ ზაფხულს კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ გააფორმა. ხელფასად კვირაში 70 ათასი გირვანქა დაენიშნა. მან ინგლისში საცხოვრებლად და-ძმებიც (შეძენილი) წაიყვანა და მათთან ერთად უზარმაზარ სახლში გადავიდა. მართალია, ინგლისელი გულშემატკივრები ამბობენ, თუ ბალოტელი ხასიათს არ გამოასწორებს, დიდხანს აქაც ვერ გაჩერდებაო, მაგრამ მარიო ამტკიცებს, მაშინ გამოვსწორდები, როცა ყველა იტყვის, მსოფლიოში საუკეთესო ვარო. არადა, ამის თქმა, ყველას აშკარად გაუჭირდება.


скачать dle 11.3