კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნანობს ზურა ცინცქილაძე და როდის ვარდება ის ყველაზე ხშირად დეპრესიაში









სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“ კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებელთა შორის. ბატონი ზურა ცინცქილაძე სერიალში ტელევიზიის დირექტორია და ძალიან კარგად ართმევს თავს ამ თანამდებობას. იგი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის როლს თამაშობს. როგორია სინამდვილეში ბატონი ზურა და რა ხდება ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

– ბატონო ზურა, როგორ ხართ, რა ხდება ამ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში?

– პირველ ყოვლისა მადლობა მინდა, გითხრათ, რომ ჩემი პიროვნებით დაინტერესდით. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, უამრავი გამოცდილება დამიგროვდა განვლილი წლების განმავლობაში, კინო იქნება ეს, თეატრი თუ სხვა უამრავი რამ. მინდა გითხრათ, რომ ახლა ერთ-ერთი საინტერესო ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. სერიალი „გოგონა გარეუბნიდან“ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარია, ეს პროექტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. როგორც ვფიქრობ ჩემს შვილებზე, მეუღლესა თუ მშობლებზე, არანაკლებად ვფიქრობ იმაზე, თუ რა იქნება სერიალის შემდეგ სერიაში; მენატრებიან ხოლმე ჩემი ნიკა, იგივე თორნიკე გოგრიჭიანი, თამუნა, იგივე თიკო მახარაძე და ყველა ის გმირი, ვინც სერიალშია. ასე რომ, მე მადლიერი ვარ ჩემი ბედის, რომ ამ ჯგუფთან ერთად მომიწია მუშაობა.

– თქვენი ცხოვრება, ალბათ, ძალიან აქტიურია.

– სწორედ მაგ თემაზე ვლაპარაკობდი ცოტა ხნის წინ: ჯერ „იმედში“ შევედი რედაქტორებთან სასაუბროდ, მერე კინოსტუდიაში, მერე კიდევ სადღაც და ასე დავდივარ, უსაქმოდ არასდროს ვარ. დიდ ილიას დავეთანხმები – „მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მიმცემი“. ჯდომით, წუწუნით არაფერი არც გამოსულა და არც გამოვა. ნურავინ ეძებს სამსახურს, თვითონ უნდა შექმნას სამსახური.

– სიახლეებით ხშირად ხართ ხოლმე „დატვირთული“?

– რასაკვირველია, ხშირად ვარ დატვირთული და ძალიან მიხარია ეს „ტვირთი“. ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაც ახალი, რაც ძალიან მახალისებს.

– სერიალის გარდა სხვა როლებში თუ ხართ დაკავებული?

– სანამ ამ სერიალის გადაღებები დაიწყებოდა, მქონდა პატივი, მეთამაშა ენდი გარსიასთან ერთად, ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებულ ფილმში. ეს ადამიანი არის უდიდესი მსახიობი. არტისტობა არ გულისხმობს იმას, რომ შენ ვიღაცა უნდა მოატყუო, პირიქით, უნდა იყო ორმაგად გულწრფელი. მე ამ ადამიანში დავინახე, რომ ის არის უდიდესი პიროვნება.

– ამ ფილმს როდის იხილავს მაყურებელი?

– გადაღებები დამთავრებულია და დაახლოებით გაზაფხულის ბოლოს იხილავს მაყურებელი.

– მსახიობობა თქვენი პროფესიაა თუ ჰობი?

– ეს არის ჩემი პროფესიაც და ჰობიც. მე ამით საშუალება მეძლევა, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა და ვიღაცამ მომისმინოს.

– ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას რისგან იღებთ?

– ამ ბოლო დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებ, როგორც უკვე გითხარით, აქ გადაღებებზე და ჩემს შვილიშვილებთან თამაშით, იმიტომ, რომ, ვხედავ, ისინი ჩემზე გაცილებით ჭკვიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 2 წლის გახდნენ (იცინის).

– ცხოვრებაში ხშირად ნანობთ?

– თუ სანანებელს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ვინანებ. საერთოდ, ძალიან ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რა არის ცუდი და რა – კარგი. სამწუხაროდ, ამას ბოლოს ვხვდებით ხოლმე. დღე ისე არ გავა, ადამიანმა ისეთი რაღაც არ გააკეთოს, რაც შემდეგ სანანებლად გაუხდება, თუნდაც, უხეში სიტყვით, ტელეფონზე დალაპარაკებით, ან, იმით, რომ ხარ სტუდიაში და ეუბნები, გზაში ვარო, – ეს მობილური ტელეფონი დღეში უამრავ ტყუილს გათქმევინებს (იცინის).

– დეპრესიაში თუ ვარდებით ხოლმე?

– გააჩნია, რას ეძახით დეპრესიას. რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყველას, მაქვს ხოლმე დეპრესიული პერიოდები. მაგალითად, გუშინ შევიძინე ბლენდერი. მაღაზიაში ძალიან კარგად მომემსახურნენ – სერიალს ვუყურებთ, დიდ პატივს გცემთო. მოკლედ, თან გადამყვნენ. როდესაც სახლში მივიტანე, დიდის ამბით მოვემზადე: ჩავასხი მაწონი, ბანანი და ყველა ის ინგრედიენტი, რაც საჭირო იყო და ჩავრთე, მაგრამ, ვერ ჩავრთე (იცინის). ხან ერთ შტეფსელში შევაერთე, ხან მეორეში... თურმე, გაფუჭებული ყოფილა და როგორ ჩაირთვებოდა. მოკლედ, ახლა ცხელ გულზე ვიყავი და, რომ მოგიყევით, გადამიარა (იცინის). მანქანაში მიდევს, საღამოს წავიღებ და გადავცვლი.

– როდისმე თუ გაგჩენიათ სურვილი, თქვენი ცხოვრება შეცვალოთ ან თავიდან დაიწყოთ?

– არა, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი ცხოვრების თავიდან დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტკივილი, სიმწარე და უიმედობა გამომიცდია. ეს ყველაფერი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ასე რომ, მე ვერაფერს შევცვლი.

– ყველაზე ბედნიერად თავს როდის გრძნობთ?

– იქ ვგრძნობ თავს ბედნიერად, სადაც რაღაცას ვაკეთებ. ბედნიერება რა არის – რამდენიმე წუთი, წამი. ყველაზე კარგი განცდა არის მაშინ, როდესაც სხვას უკეთებ კეთილ საქმეს და ის შენით გრძნობს თავს კარგად. ყოველთვის ვცდილობ, ვინმე გავაბედნიერო.

– ცხოვრებაში ხშირად რისკავთ?

– არა, ნამდვილად არ ვარ რისკის მოყვარული. სადაც ვარ, ვცდილობ, ყველგან მშვიდად ვიყო – ძალიან მიყვარს სიმშვიდე. სადაც არეულობაა, რისკია – იქ ვერ ვძლებ. თუნდაც სანადიროდ წასვლა – ესეც ხომ ერთგვარი რისკია! ვერაფრით ვერ ვინადირებ, ვერ მოვკლავ ცოცხალ არსებას. ამისგან რა სიამოვნებას იღებენ, ვერ ვხვდები. რაც უნდა გემრიელი იყოს შემდეგ ის ნანადირევი, მაინც ვერასოდეს შევძლებ სანადიროდ წასვლას.

– ადამიანების ამოცნობა ადვილად გამოგდით?

– არა. ყოველთვის უცებ მივენდობი ხოლმე ნებისმიერ ადამიანს და, მგონია, რომ ის ჩემთან გულწრფელია. სამწუხაროდ, ბევრჯერ შევმცდარვარ.

– აღნიშნეთ, რომ სიმშვიდე გიყვართ. თქვენი წყობიდან გამოყვანა ძნელია?

– იშვიათად, მაგრამ, მაინც გამოვდივარ ხოლმე მდგომარეობიდან. ვერ ვიტან უღირს ადამიანს. ღირსეულ ადამიანს როცა ვხედავ, ხშირად ვტირი. ასევე, ვტირი, როდესაც ბიჭები ცეკვავენ ქართულ ცეკვებს – ვერ ვუძლებ მათ ყურებას და ბოლო ხმაზე ვქვითინებ.

– ისეთი თვისება თუ გაქვთ, რომლითაც სხვებისგან გამოირჩევით?

– რა თქმა უნდა, გამოვირჩევი სხვებისგან, როგორც ყველა სხვა გამოირჩევა ჩემგან. როგორც თითის ანაბეჭდით გამოირჩევა 6 მილიარდი ადამიანი ერთმანეთისგან, ასევე გამოვირჩევით ხასიათითაც. ჩემში თანდათან ძლიერდება მიტევების გრძნობა. ეს არის ადამიანის უმთავრესი ღირსება.

– რას არ გააკეთებთ ცხოვრებაში არასდროს?

– წინასწარ არავინ იცის, რას არ გააკეთებს ცხოვრებაში. შეიძლება, ახლა ვთქვა, არ გავაკეთებ-მეთქი და რამდენიმე ხნის შემდეგ ამის გაკეთება მომიწიოს. ცხოვრებაში არასოდეს არ უნდა თქვა – „არასოდეს“ (იცინის).

– დადებითი ემოციის სხვაზე გადატანა თუ შეგიძლიათ?

– რასაკვირველია, შემიძლია. ხშირად ყოფილა მომენტი, როცა ადამიანი ცუდ ხასიათზე იყო და მე გავამხიარულე – ჩემი ხასიათი მასაც გადაედო. ასე რომ, თუ კარგ განწყობაზე ვარ, ეს სხვებზეც გადადის ხოლმე.

– თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ეს მაშინვე აისახება ხოლმე თქვენს სახეზე? ანუ, გარშემო მყოფები ამას ადვილად ამჩნევენ?

– მიუხედავად ჩემი პროფესიისა, ვერაფერს ვერ ვფარავ – ჩემი ცუდი ხასიათი მაშინვე აისახება ხოლმე ჩემს სახეზე. რა ვქნა, ვერ ვმალავ, არ შემიძლია!

– პოპულარობა სასიამოვნო გრძნობაა?

– რა თქმა უნდა, სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხალხს უყვარხარ. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიმართებით ხდები პოპულარული. ეს არის ღირებულებების გადაფასება. როდესაც სიავით ხდები პოპულარული, ესე იგი, ავი ხარ.

– იღბლიანი ადამიანი ხართ?

– დიახ, მიმაჩნია, რომ იღბლიანი ვარ. საერთოდ, ადამიანი თავის ბედს თვითონ ქმნის. ღვთისგან მოცემული მაქვს ძალა, რომ თავად განვაგო ჩემი ცხოვრება. ამიტომ, ბედნიერი ვარ იმით, რაც უფლისგან მაქვს ნაბოძები.


скачать dle 11.3