კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმუშევარი იურგენ კლინსმანი ხელფასად წელიწადში 7 მილიონ ევროს იღებს



იმის მიუხედავად, რომ გერმანია ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების ოთხეულში შედის, ფინანსური თვალსაზრისით ბუნდესლიგა არათუ ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატებს ჩამოუვარდება, არამედ მას უკვე რუსეთმაც გაუსწრო. როგორც წესი, დიდ ხელფასს ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კლუბები იხდიან, დანარჩენები კი საშუალო ევროპულ დონეს აკმაყოფილებენ. სამაგიეროდ, გერმანულ ბუნდესლიგაში თამაში კარგი ტრამპლინია სხვა, უფრო ძლიერ ჩემპიონატში წასასვლელად და, ამიტომაც არის, ბუნდესლიგა ფეხბურთელებს რომ იზიდავს.

ყველაზე მაღალი ჯამაგირი მწვრთნელთა შორის იურგენ კლინსმანს აქვს. იგი გერმანული ფეხბურთის ფლაგმანს, მიუნხენის „ბაიერნს“ გასული სეზონის დროს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ჩემპიონატის მიწურულს გაათავისუფლეს. კლინსმანის ჯამაგირი 7 მილიონი ევრო გახლდათ, ხოლო კონტრაქტი ორ წელზე იყო გათვლილი. შესაბამისად, ჰერ იურგენი 7 მილიონს წელსაც მიიღებს, მაგრამ საამისოდ არც ნერვიულობა მოუწევს და არც ტაქტიკა-სტრატეგიაზე ფიქრი. მის გადაბირებას რამდენიმე კლუბი აპირებდა, მაგრამ კლინსმანმა უარი განაცხადა და ეს საკმაოდ დამაჯერებლად ახსნა.

„კლუბები, რომლებიც სამუშაოს მთავაზობენ, მაქსიმუმ ორ მილიონ ევროს მპირდებიან. მათთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი იძულებული ვიქნები, „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი გავწყვიტო და შვიდ მილიონზე უარი ვთქვა. მირჩევნია, ერთი წელი მოვითმინო და ახალი წინადადებების განხილვას მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგე“, – განაცხადა კლინსმანმა. სხვათა შორის, იგი ამერიკაში „ადიდასის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია და ორ მილიონს ხელფასის სახით ამ სამუშაოდანაც იღებს.

კლინსმანის ნაცვლად „ბაიერნის“ სათავეში მოსულ ლუი ვან გაალს წლიურად 4 მილიონს უხდიან, თუმცა ჰოლანდიელ სპეციალისტს პრემიების სისტემა აქვს გაუმჯობესებული და თუ სეზონის ბოლოს რომელიმე ტიტულს მოიგებს, მსუყე ბონუსები არ დაახანებს.

ვან გაალის შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაზე მაღალი ჯამაგირი ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას დამრიგებელს, ფელიქს მაგათს აქვს. ჰელზენკირხენის „შალკეს“ თავკაცი გასულ სეზონში „ვოლფსბურგში“ მუშაობდა და, იმის მიუხედავად, რომ ეს გუნდი ჩემპიონი გახადა, წლის ბოლოს, საერთო ჯამში, სულ რაღაც 3 მილიონი გამოუვიდა. ახლა კი 3,5 მილიონი სუფთა ხელფასის სახით აქვს და, ნებისმიერი ტიტულის მოგების შემთხვევაში, დამატებით მილიონს მიიღებს. მაგათმა „შალკესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და პირობა დადო, რომ სამი წლის შემდეგ ჰელზენკირხენული კლუბი არა მარტო გერმანიის, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ჩვენთვის სასიხარულო კი ის არის, რომ მაგათი გათვლას ქართველ ფეხბურთელებზეც აკეთებს და განსაკუთრებით ყენიასი ეიმედება. უფრო მეტიც, იგი ლევანს საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს და ძირითად შემადგენლობაშიც დაამკვიდრა.

მესამე ადგილზე ხელფასის მხრივ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავკაცი იურგენ კლოპია. მართალია, დორტმუნდელები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ეს კლუბი გერმანიაში ერთ-ერთი უმდიდრესია და კლოპსაც წლიური 2,5 მილიონი ევრო აქვს. მას შემდეგ „შტუტგარტის“ თავკაცი მარკუს ბაბელი და „ჰამბურგის“ დამრიგებელი ბრუნო ლაბადია მოდიან. მათ წლიურად ორ-ორ მილიონ ევროს უხდიან. ყველაზე დაბალი ხელფასი კი „ფრაიბურგის“, „ბოხუმისა“ და „ნიურნბერგის“ თავკაცებს აქვთ – მათი ანაზღაურება მილიონსაც კი ვერ აღწევს და, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 400 ათასიდან 700 ათასამდე მერყეობს.

ფეხბურთელთა ხელფასების მხრივ გამოკვეთილი ლიდერი „ბაიერნია“. ყველაზე მეტს ბავარიული გუნდის იტალიელი ფორვარდი ლუკა ტონი იღებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდი ლუი ვან გაალმა ჩაიბარა, ტონის მძიმე დროება დაუდგა: იგი არათუ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, არამედ სამატჩო განაცხადში მოხვედრაც სანატრელი აქვს და სათამაშო ფორმას „დუბლების“ შემადგენლობაში თამაშით ინარჩუნებს. „ბაიერნის“ მეორე შემადგენლობა კი გერმანიის რიგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს და ლუკასთვის ეს, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია. ამის გამო მან იტალიის ნაკრებშიც დაკარგა ადგილი და, დიდი შანსია, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატმა მის გარეშე ჩაიაროს. ლუკა ამას მტკივნეულად განიცდის, მაგრამ გუნდიდან წასვლას არ აპირებს, რადგან 32 წლის ფორვარდს წლიურად 6 მილიონ ევროს არავინ მისცემს, „ბაიერნი“ კი სწორედ ამდენს უხდის.

4 მილიონს „ბაიერნის“ რამდენიმე ფეხბურთელი იღებს და მათ შორის არის ახალწვეული არიენ რობენიც. რობენის გარდა ანალოგიური ჯამაგირი ფრანკ რიბერს, ბასტიან შვაინშტაიგერს, მარიო გომესს, მიროსლავ კლოზეს, ივიცა ოლიჩს და ფილიპ ლამს აქვთ. 3 მილიონს იღებს გუნდში წელს მისული უკრაინელი ანატოლი ტიმოშჩუკი.

დიდი ხელფასებით ვერ დაიკვეხნიან „შალკეს“ ფეხბურთელები. ყველაზე მაღალი ჯამაგირი გუნდში კაპიტან მარსელო ბორდონს აქვს, რომელიც წლიურად 3 მილიონს იღებს. მასზე ბევრად ნაკლებს უხდიან გუნდის ისეთ ლიდერებს, როგორებიც ჯერალდ ასამო, ჰალილ ალტინტოპი, ლევან კობიაშვილი და ჯეფერსონ ფარფანი არიან. მილიონიც კი არ აქვთ გუნდის ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც მაგათმა წელს დააწინაურა და ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანა – საუბარია ლევან ყენიასა და კარლოს ზამბრანოზე.

საინტერესოა, რომ გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, „ვოლფსბურგის“ მთავარი დამრტყმელი ძალა – ედინ ჯეკო და გრაფიტე, 2 მილიონსაც კი ვერ იღებენ. არადა, ჯეკოს „მილანი“ ეპატიჟებოდა და წლიურად ოთხ მილიონსაც სთავაზობდა, მაგრამ გარიგება ვერ შედგა.

გაგიკვირდებათ და, „კიოლნის“ ფორვარდს, ლუკას პოდოლსკის, წლიურად 4 მილიონს უხდიან. ეს მაშინ, როცა გუნდის მთავარ მწვრთნელსა და სხვა ფეხბურთელებს 2 მილიონიც კი არ აქვთ. საქმე ისაა, რომ პოდოლსკი გუნდიდან რამდენიმე წლის წინ „ბაიერნში“ გადაბარგდა და ამბობდნენ, რომ იგი არა მარტო ამ გუნდის, არამედ მთლიანად გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და საბოლოოდ ისევ „კიოლნში“ დაბრუნდა. სანაცვლოდ კი სწორედ ის ხელფასი შეუნარჩუნდა, რომელსაც „ბაიერნში“ უხდიდნენ.


скачать dle 11.3