კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიმეტა ძმამ ძმა 18-წლიანი პატრიმრობისთვის









განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის კახა ს-ს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 32 წლის პატიმარმა მკვლელობა პოლიციაში მხილების შიშით ჩაიდინა. მან არა მხოლოდ ერთი, ორი ადამიანის მოკვლა სცადა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობა მსხვერპლის სახლში, იმ ბინაში მოხდა, სადაც ძმები ბინის გასაქურდად იყვნენ შესულები. სახლის პატრონი რომ მოულოდნელად არ დაბრუნებულიყო, შესაძლოა, მკვლელს მხოლოდ ქურდობისთვის ეგო პასუხი. მაგრამ, როგორც ჩანს, ბრალის დამძიმება არჩია – ბინის პატრონი მძიმედ დაჭრა, ხოლო მისი თანმხლები მეგობარი მოკლა...

საქმის მასალების მიხედვით, ძმებ – კახა ს-სა და დავით ს-ს შორის ასაკობრივი განსხვავება 14 წელია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მათი ცხოვრება სკოლა-ინტერნატში გაგრძელდა. კახა ს-მ, რომელიც ჯერ ძარცვისთვის, შემდეგ კი ქურდობისთვის დააკავეს, ციხეში მთლიანობაში 6 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მისი უმცროსი ძმა ინტერნატში იზრდებოდა. მაგრამ, ისიც სრულწლოვანი გახდა და როცა, მისმა უფროსმა ძმამ ვადაზე ადრე დატოვა ციხე, ძმებმა მშობლების სახლში გააგრძელეს ცხოვრება. თუმცა, ნაციხარი ძმის გავლენით, უმცროსი ძმაც დანაშაულებრივ გზას დაადგა. არადა, როგორც მოწმეები ამბობენ, უმცროსი უფროსისგან ძალიან განსხვავდებოდა და ძმისგან განსხვავებით, დანაშაულისკენ მიდრეკილი არ ყოფილა.

ასე თუ ისე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული შეიქნა უმცროსიც. მაგრამ, მიუხედავად მძიმე დანაშაულისა, უმცროს ძმას 5 წლით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მიიჩნია, რომ დანაშაულში ის უფროსმა ძმამ ჩააბა, თანაც, ინციდენტის ადგილზე, უმცროს ძმას ქურდობის გარდა არაფერი ჩაუდენია. მეტიც, დაჭრილის დახმარებაც კი სცადა და სწორედ ამიტომ, იმის გამოც რომ დავით ს. პირველად მოხვდა სამართალში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის პირობითი პატიმრობაც საკმარისი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც გასაქურდად ბინაში შესულ ძმებს პატრონმა მოუსწრო, ნაქურდალით დატვირთულმა უმცრომა ძმამ ნივთები ადგილზე დატოვა და მომხდარის შემდეგ პოლიციას თავად ჩაჰბარდა.

დანაშაულის ჩადენის მომენტში უფროსი ძმა ციხიდან დაახლოებით 6 თვის გამოსული იყო. როგორც ირკვევა, ალეკო ქ-ს ბინის გაქურდვას კახა მეგობარ თანამზრახველთან ერთად აპირებდა, ანუ, დანაშაულში ძმის ჩართვა მისი გეგმის ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. ამის მიზეზი კი, გახდა მისი თანამზრახველი მეგობრის დაკავება – დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე, მისი თანამზრახველი ეგრეთ წოდებული „პლანის” მოხმარებისთვის დააკავეს...

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 32 წლის კახა ს-მ 18 წლის ძმის თანამონაწილეობა. მაგრამ, როგორც ირკვევა, თავდაპირველად, რამდენიმე დღის განმავლობაში მსხვერპლის, ალეკო ქ-ს სახლზე თვალთვალი და მისი მარშრუტის შესწავლა დაავალა, რაც 4 დღეს გაგრძელდა.

10 მაისს, დაახლოებით 22:20 საათზე ძმებმა თავდასხმა მაშინ გადაწყვიტეს, როცა დარწმუნდნენ, რომ შინ არავინ იყო, მაგრამ მაინცდამაინც არ გაუმართლათ, სახლში ფული ვერ იპოვეს. ამიტომ, მათ სახლში ნაპოვნი ოქროულობა და სხვადასხვა სახის ტექნიკა ჩანთებში ჩაალაგეს (სულ 1 132 ლარის ღირებულების) და სახლიდან ჯერ უფროსი ძმა გავიდა.

შეთანხმების მიხედვით, უფროს ძმას შორიახლოს გაჩერებული მანქანა სახლთან უნდა მოეყენებინა, მანამდე კი უმცროსი ძმა ბინაში უნდა ყოფილიყო. მათთვის ხელსაყრელი გახლდათ ისიც, რომ სახლს ორი გასასვლელი ჰქონდა – ერთი წინიდან, ერთიც უკნიდან. ამიტომ, უფროსი ძმა უკანა გასასვლელით გავიდა და უმცროსი ძმა ჩანთებით ხელში ოთახების გამყოფ სქელ ფარდებს შორის დააყენა.

რაღაც დროის გასვლის შემდეგ, უმცროსმა ძმამ მანქანის ხმა გაიგო და გასასვლელად მოემზადა, ანუ სამალავიდან გამოვიდა. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სახლში ბინის პატრონი დაბრუნდა, რომელსაც თან მეგობარი – ირაკლი გ. ახლდა. ვინაიდან ქურდი უნიღბოდ იყო, მასპინძელს მისი ამოცნობა არ გასჭირვებია და დავით ს-ს კატეგორიულად მოსთხოვა ნაქურდალი ადგილზე დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ პოლიციაში ამხელდა.

როგორც საქმიდან ჩანს, მოპარული ნივთებით ოთახში მდგარი უმცროსი ძმა სახლის პატრონის გამოჩენისას მიხვდა, რომ ფაქტი გახმაურდებოდა, მომხდარს მთელი სოფელი გაიგებდა. ამიტომ, ნაქურდალი ნივთებით სავსე ჩანთები იატაკზე დაალაგა და შემოსწრებულ სახლის პატრონს პატიება სთხოვა. სწორედ ამ მომენტში კი, სახლში სახეზე ნიღაბაფარებული უფროსი ძმა შემოიჭრა, რომელმაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ხელის შემშლელების მოშორება გადაწყვიტა.

როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, განსასჯელი კახა ს. მისგან ზურგით მდგომ სახლის პატრონსა და მის მეგობარს უკნიდან მიეპარა და ბინის მეპატრონე ჯერ ზურგის, შემდეგ კი გულის არეში დაჭრა. დაჭრილის დაცვა მისმა მეგობარმა სცადა. უნდოდა მეგობრისთვის მკვლელი მოეშორებინა და დანის წართმევა დაუპირა, მაგრამ ვეღარ შეძლო, რადგან განსასჯელი ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ამასთან, დანის წართმევის მომენტში, ხელები დაესერა. ამის მიუხედავად, მან დანის წართმევა მაინც მოახერხა, რომელიც მათგან 2-3 მეტრით მოშორებით დავარდა და ვინაიდან მსხვერპლი მიხვდა, რომ მასაც მოკლავდა, თავს გაქცევით უშველა. რაღაც მანძილი მან მართლაც გაირბინა, ცდილობდა, მეზობლის სახლის ეზოში შეეღწია, მაგრამ თავდამსხმელი დაეწია, დანით მასაც რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ისე გაიქცა, რომ უმცროსი ძმა ადგილზე დატოვა.

შემთხვევის ადგილზე დარჩენილმა უმცროსმა ძმამ ოჯახის უფროსის დახმარება სცადა. ცდილობდა გონზე მოეყვანა, მაგრამ ამასობაში ქუჩიდან ყვირილი მოესმა. საქმე ის იყო, რომ მძიმედ დაჭრილი ოჯახის უფროსის მეგობარი ირაკლი გ. ქუჩაში მეზობელმა სისხლში ამოსვრილი და გონდაკარგული იპოვა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ურთულესი ოპერაციის შემდეგ სიკვდილს გადაურჩა სახლის მეპატრონე ალეკო ქ. თუმცა, მისი მეგობრის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს – ექსპერტიზის დასკვნით, ირაკლის გ-ს 16 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთა უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

ორივე ძმაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დეტალები პოლიციამ უმცროსი – დავით ს-ს ჩვენებით დაადგინა. მას შემდეგ კი, რაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ალეკო ქ. გონს მოვიდა, გამოძიებას ჩვენება მანაც მისცა და საქმე საბოლოოდ გახსნილად ჩაითვალა. კახა ს-ზე კი ძებნა გამოცხადდა, რადგან მას სოფელი უკვე დატოვებული ჰქონდა.

ვინაიდან უმცროსი ძმისა და დაზარალებულის ჩვენებები იდენტური აღმოჩნდა, სასამართლომ ეს არგუმენტი გაითვალისწინა და დავით ს-ს პირობით, 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სხვათა შორის, ამაში ლომის წილი თავად დაზარალებულს მიუძღვის, რადგან სწორედ მან განაცხადა, უმცროსი ძმა უფროსს ეხვეწებოდა, დანა არ გამოეყენებინა, მოპარული ნივთები დაეყარათ და სასჯელი არ დაუმძიმდებოდათო. თუმცა, მან არ დაუჯერა. დაზარალებულის თქმითვე, რომ არა დავითი, შესაძლოა, ცოცხალი ვერც თავად გადარჩენილიყო.

ძებნილის დაკავება პოლიციამ მისი უმცროსი ძმის განაჩენის შემდეგ შეძლო. ამიტომ, მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართა და დამნაშავეს პროცესზე თავად დაზარალებული დაუპირისპირდა. ალეკო ქ-ს სასამართლოზე მიცემული ჩვენება პირველ სხდომაზე მიცემულის იდენტური იყო.

ალეკო ქ-ს ჩვენებიდან: „იმ დღეს ცოლ-შვილი სიდედრ-სიმამრთან წავიყვანე. მეც მათ გავყევი, მაგრამ უკან იმავე საღამოს დავბრუნდი, რადგან სამსახურში გასვლა მიწევდა. შინ მეგობართან ერთად მოვედი. გამიკვირდა, რომ სახლის კარი ღია დაგვხვდა. მაშინვე შიგნით შევედით, ოთახი არეული იყო და ფანჯარასთან ჩანთით ხელში უნიღბო ბიჭი იდგა, რომელიც მაშინვე ვიცანი. ვუთხარი, რომ მოპარული ნივთები დაეყარა. მართლაც, ჩანთები უსიტყვოდ დაყარა და თავიდან მკაცრად მითხრა, არავინ გაიგოს ეს ამბავიო. ვუთხარი, ნუ მემუქრები, თორემ პოლიციაში განვაცხადებ, ჯობია აქედან დროზე წახვიდე-მეთქი. ის იყო გადიოდა და ნაბიჯი გადადგა, უკნიდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მოვტრიალდი და ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მუცელში დამარტყა. ამ დროს ირაკლი მივარდა, ხელი დანაზე სტაცა, წართმევას უპირებდა. ვუყურებდი, როგორ უძალიანდებოდა. იქვე ჩავიკეცე, ტკივილისგან წამოდგომა ვეღარ შევძელი. ირაკლის ვუყვიროდი გაიქეცი, თორემ შენც მოგკლავს-მეთქი. სისხლი რომ დავინახე, გული წამივიდა. ის ბიჭი წყალს მასხამდა და ტიროდა, არ მოკვდეო. მერე არაფერი მახსოვს. როცა გონს მოვედი, საავადმყოფოში ვიყავი. რამდენიმე დღის შემდეგ, გავიგე, რომ ირაკლი მოკლეს. მას ორი ბავშვი და მეუღლე დარჩა. მოვითხოვ, მკვლელმა კანონის ფარგლებში აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულებისთვის”.

სასამართლოზე დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდა გარდაცვლილის მეუღლე. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ის კი არა, საერთოდ უარყოფდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას და საკუთარი ძმის მოკვლით იმუქრებოდა. სწორედ ამიტომ, კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა მისი ადვოკატიც, რომლის თქმით, საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულება პირის ბრალეულობისთვის და აღძრული საქმის შეწყვეტას ითხოვდა. მიიჩნევდა, რომ ვინაიდან პატიმარი ორჯერ იყო ნასამართლევი, პოლიციამ უმცროსი ძმა დაიხმარა, რომ მკვლელობა მისთვის დაებრალებინათ. აცხადებდა, რომ რეალურად, დანაშაული განსასჯელის უმცროსმა ძმამ სხვასთან ერთად ჩაიდინა, რომელსაც გავლენიანი მფარველები ჰყავდა. სწორედ ამ არგუმენტს მიაწერდა, რომ განსასჯელის ძმა პირობით გაუშვეს. ამას კი ადვოკატი იმით ადასტურებდა, რომ თვითმხილველთაგან ვერავინ ადასტურებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე იყო. ამასთან, თავად დაზარალებულის ჩვენებით, დადგინდა, რომ პიროვნებამ, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, შემთხვევის ადგილზე ნიღბით იყო...

„უდანაშაულო ვარ, არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არანაირი ქურდობა არ ჩამიდენია და არც არავინ მომიკლავს”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც ძმას ცრუ ჩვენებაში ამხელდა.

თვითმხილველის ჩვენებიდან: „ეზოში ვიყავი, როცა მამაკაცის განწირული ხავილი გავიგონე. თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და ქუჩაში გამოვედი. ჩემს სახლთან დაჭრილი ეგდო, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი კი გარბოდა. საკმაოდ მოშორებით იყო და სიბნელეში ვერ ვიცანი. დაჭრილთან მივედი და თან, მეზობლებს დავუძახე. სასწრაფოდ მანქანაში ჩავსვით, ბევრი ხალხი მოგროვდა. ამ დროს ვიღაცამ თქვა ალეკოს სახლიდან ყვირილი ისმისო. ცოტა ხანში ხმაც გავიგონეთ, ვიღაც ბავშვი ყვიროდა – „მგონი მკვდარიაო”. ორივე საავადმყოფოში გადავიყვანეთ. გონება ორივეს დაკარგული ჰქონდათ და ვერაფრის თქმა ვერ შეძლეს. რომ მივიყვანეთ, ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ირაკლი მკვდარი იყო... შემდეგ პოლიცია მოვიდა, ვნახეთ, ალეკოს სახლში ჩანთებში ჩალაგებული ნივთები. ფაქტი იყო, ვიღაც გასაქურდად მივიდა და ბიჭებმა შეუსწრეს.... მერე ითქვა, რომ დანაშაულში აქვე, ახლოს მდებარე სოფელში მცხოვრები ობოლი ძმები იყვნენ ეჭვმიტანილები. წინა დღეს ისინი ქუჩაში მართლა ვნახე. უფროსი ადრე ნასამართლევი იყო. პატარაზე ცუდი არასდროს გამიგია”.

საქმის არსებითი განხილვის შემდეგ, პროკურორმა განსასჯელისთვის 19-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დადასტურებულად ცნო წაყენებული ყველა ბრალდება, განსასჯელს ერთი წელი ჩამოუკლო. ცოტა უცნაურია, რადგან უმძიმესი მუხლით ბრალდებულისთვის ამხელა სასჯელი რეალურად ისედაც ძალიან ჰუმანურია.

რა მოხდა რეალურად? ძმამ ძმა ტყუილად ამხილა? მართლა იყო უფროსი ძმა შემთხვევის ადგილზე? მართალია, კითხვას პასუხი სასამართლომ განაჩენით გასცა, მაგრამ, არცთუ უსაფუძვლო ეჭვი დღემდე ეჭვად რჩება...


скачать dle 11.3