კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეურაცხყოფს ადამიანი ცხოვრებით უფალს და როგორ უნდა უარყოს მან საკუთარი თავი









დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი, როგორ უნდა ცხოვრობდეს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს უფალთან, ადამიანებთან. ამ საკითხის შესახებ დაწვრილებით გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– უფალმა მთელ კაცობრიობას ორი მთავარი მცნება მისცა – გიყვარდეთ უფალი მთელი გულით, სულითა და გონებით და მეორე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია – გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამ ორი მცნების აღსრულება ადამიანისგან, გარკვეულწილად, მოითხოვს, ცხოვრებისეული და სარწმუნოებრივი სიტუაციიდან გამომდინარე, საკუთარი თავის უარყოფას და მსხვერპლის გაღებას, რომელიც თავისთავად, არის ღვაწლი. ღვაწლი მოითხოვს მტკიცე, ცოცხალ სარწმუნოებას, რის გარეშეც ადამიანის, მით უმეტეს, ქრისტიანის ცხოვრება, ვერ წარიმართება. ანუ, ეს ორი მცნება ადამიანს ამზადებს უფალთან ურთიერთობისთვის. რაც მთავარია, ადამიანმა უნდა ისწავლოს მცნებების აღსრულება. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით, მისი სიყვარულით, ასევე, ადამიანების სიყვარულით არის შესაძლებელი. ამას კი ის ეკლესიაში სწავლობს, რადგან ადამიანის ქრისტიანული, ზნეობრივი ცხოვრება შეუძლებელია, თუ ის არ იქნება დედაეკლესიის, უფლის წიაღში და არ მიიღებს მის საიდუმლოებაში მონაწილეობას. სამწუხაროდ, დღეს და არა მხოლოდ დღეს, რამდენიმე საუკუნეა, რაც მკვიდრდება მოდერნისტული შეხედულება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი განაშოროს უფალს. ანუ, ადამიანი კი არ მოერგოს ეკლესიურ სწავლებას, მცნებას, რათა ცხონდეს, გადარჩეს და იყოს ზნეობრივი, რელიგიური ადამიანი, არამედ, პირიქით, ადამიანი ეკლესიას საკუთარ ცხოვრებას ურგებს, იყენებს იმ პრივილეგიებს, შეღავათებს, რაც დაუშვებელია. ადამიანმა შეიძლება, საკუთარ თავში ისიც დაუშვას, მე ისედაც ვცხონდები – არც ეკლესია, არც უფალი, არც მარხვა... ანუ, ყველაფერ იმაზე, რაც მას ცხოვრებაში წინ წასწევს, რაც განავითარებს მის სულიერ ცხოვრებას, საკუთარი ნებით უარს ამბობს. ეკლესია, ეს არის საღმრთო გამოცხადება, რომელიც ადამიანს ასწავლის ცხონების გზას. მას ქრისტიანი აჰყავს იმ მდგომარეობამდე, იმ სიმაღლემდე, რა დონეზეც არც ერთ რელიგიას, არც კულტურას არ აუყვანია. ამიტომ, თუ ადამიანი აპირებს, გახდეს ქრისტიანი ან უკვე არის ქრისტიანი, მაგრამ ქრისტიანულ ცხოვრებაში არ არის წარმატებული, მან გულისყურით უნდა მოისმინოს სახარება, წმიდა გარდამოცემა.

– როგორ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი, მორწმუნე ადამიანი, მისი ცხოვრების წესი, ალბათ, სხვებისგან, არამორწმუნეებისგან განსხვავებული უნდა იყოს?

– ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ თავისი ცხოვრების წესით არასდროს შეურაცხყოს უფალი. ცხოვრების წესში კი იგულისხმება ნებისმიერი მდგომარეობა, მოვლენა, რითაც ადამიანი სულდგმულობს. ანუ, ადამიანის ძალისხმევა, მონდომება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ თავისი ცხოვრების წესით, უფალი არასდროს შეურაცხყოს. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ადამიანი, რომელიც თავის მოქცევას სულზე ფიქრს აყოვნებს, სახვალიოდ გადადებს – დღეს არ ვარ წარმატებული ქრისტიანობაში, ვერ ვლოცულობ, მოდი, ხვალ, ან ერთი წლის მერე დავიწყებო, ის გარკვეულწილად პილატეს ემსგავსება. ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ისე, რომ არ გამოეკიდოს ამქვეყნიურ დიდებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, მან საკუთარი თავი ფიზიკური და სულიერი თვალსაზრისით უარყოს, პატივი არ სცეს და სხვის თვალში დააკნინოს. ანუ, ადამიანმა უფალთან და საკუთარ თავთან ურთიერთობისას ზომიერება უნდა დაიცვას, პატივი უნდა მიაგოს, უპირველეს ყოვლისა, უფალს და მერე საკუთარ თავს. ეს, შეიძლება, ვინმესთვის ძალიან ადვილი ან პირიქით, ძალიან რთული იყოს, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ უფალთან ურთიერთობით არის შესაძლებელი. ქრისტიანობა არ ნიშნავს იმას, რომ რადგან ჩვენ სასულიერო პირები ვართ, ან ეკლესიის მრევლი, ამიტომ სრულყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. შესაბამისად, ის, ვინც დღეს აპირებს მოქცევას, ეკლესიის წიაღში მოსვლას, ქრისტიანულ ცხოვრებას, უნდა ეცადოს, რომ უფლის სიტყვები არა მხოლოდ სიტყვით მიიღოს და საქმით ზედაპირულად აღასრულოს, არამედ ამ ყველაფერში ჩარიოს საკუთარი გული, სიყვარული და მონდომება. სიყვარულის გარეშე არ არსებობს სარწმუნოება, ცხონება, უფალთან ურთიერთობა და მით უმეტეს, არ არსებობს ადამიანებთან ურთიერთობა. ვინც აპირებს, ქრისტიანი გახდეს, ჯერ ზნეობრივი ადამიანი უნდა გახდეს, ზნეობრივი კანონები უნდა დაიცვას, რადგან თუ მას არ ექნება ზნეობა – შინაგანი სიყვარულის, თავისუფლების, მოწესრიგებულობის, სიმშვიდის განცდა, ის ნამდვილი ქრისტიანი ვერ იქნება.

– ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ უფალი უყვართ, მაგრამ მოყვასის სიყვარული არ გააჩნიათ.

– ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა და არა მხოლოდ არამორწმუნე, არამედ, მორწმუნე ადამიანებისთვისაც პრობლემაა. როგორც უკვე აღვნიშნე, უფალი ადამიანს აძლევს პირველ მცნებას – გიყვარდეს უფალი და თავადვე ამახვილებს ყურადღებას მეორე მცნებაზე – ცნება მეორე მსგავსი ამისა, ანუ მსგავსი პირველი მცნებისა – რომელიც ავალდებულებს ადამიანს, რომ უყვარდეს უფალი და საკუთარი მოყვასი, იმიტომ რომ მხოლოდ უფლის სიყვარული არაფერს ნიშნავს. უფალს ისედაც ყველაფერი აქვს, საკუთარ თავში ისედაც ყველაფერს შეიცავს, მას არც სიხარული სჭირდება, არც დიდება, არც გალობა, ის ყველას და ყველაფერს საკუთარ თავში იტევს – ნეტარებასაც, სიხარულსაც, სითბოსაც. რა შეიძლება, ადამიანმა მოიფიქროს, მისმა ბაგეებმა წარმოთქვას და უფალს ეს ყველაფერი არ ჰქონდეს. ამიტომ, ის იმდენად მოწყალეა, ამ ყველაფერს ჩვენთვის აწესებს – ჯერ გიყვარდე მე და შემდეგ მოყვასი, რადგან უფლის სიყვარულის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს სხვა ადამიანის შეყვარებას. ჩვენთვის ორიენტირი სიყვარულში სწორი სიყვარულის მომცემი უფალია. ამიტომ, თუ უფალი გვიყვარს, სწორად ვუდგებით ამ საკითხს, მაშინ ადამიანებიც გვიყვარს. ეს ორი მცნება არ გამორიცხავს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს, იმიტომ რომ, თუ გიყვარს უფალი, მაშინ გიყვარს ადამიანებიც და პირიქით, თუ გულწრფელად გიყვარს შენი მოყვასი, მაშინ ღმერთიც გიყვარს. თუ ან ერთი არ გიყვარს, ან მეორე, ესე იგი, არც ერთი არ გიყვარს. შეიძლება, ადამიანმა თქვას, მე კი მიყვარს უფალი, მაგრამ არ მიყვარს ის მოყვასი, რომელიც მე მჩაგრავს, მდევნის, შეურაცხყოფა მომაყენა, მე კი ვაპატიე, მაგრამ ვერ შევიყვარებ. თუ გიყვარს, მაშინ აპატიებ ადამიანს, თუ არ აპატიებ, ეს იგი არ გიყვარს და იმ ადამიანის მიმართ გულში დაგრჩა რაღაც ცუდი. პატიება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აპატიე არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც და გულითაც. შეგიძლია ადამიანს არა მხოლოდ გადაეხვიო, მოეფერო, სიცოცხლეც დათმო მისთვის – თუ საჭირო გახდება. ეს არის სიყვარული, თავგანწირვა, რომელსაც მეორე მცნება მოითხოვს. უფალი გვასწავლის, თუ თქვენ აპატიებთ, უფალიც გაპატიებთ. თუ იქნებით მოწყალენი, ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ. თუ დათმობთ, უფალიც დაივიწყებს თქვენს მრავალ ცოდვას, სულიერ სიმახინჯეს. უფალმა კარგად იცის, როგორი მიმართულება უნდა მისცეს ჩვენს ცხოვრებას, ისევ და ისევ ჩვენს გადასარჩენად. ეს ჩვენ შეიძლება, მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს, მაგრამ უფალი მართალია, რადგან მას ჩვენი ცხონება და გადარჩენა შეუძლია.

– მამაო, როგორ უნდა უარყოს ადამიანმა საკუთარი თავი?

– ამაში იგულისხმება ადამიანის მიერ საკუთარი თავის იმ დონემდე მოძულება, რომ მას საერთოდ არ სცემდეს პატივს. ადამიანი ცოცხალი, ზნეობრივი, რელიგიური, საზოგადოებრივი არსებაა. ის საკუთარ თავს ისე ვერ მოიძულებს, რომ აღარაფერი აკეთოს. საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა საკუთარი ხორციელი „მე“, ვნებები, მიდრეკილებები, ხორციელი საქმეები მოიძულოს და პირველ ადგილზე უფლის მცნებები წამოაყენოს. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „განიმოსოს ძველი კაცით და შეიმოსოს ახლით“ ანუ, სულიერი კაცით – ადამიანმა საკუთარი სულიერი მე უნდა წამოსწიოს წინ, წამოაყენოს, გაასუფთაოს სულიერი ცხოვრების წესით, გაამშვენოს, გააბრწყინოს და უპირატეს მდგომარეობაში დააყენოს.


скачать dle 11.3