კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა იწვევს ოჯახში ცოლქმრული იერარქიის დარღვევასა და ნორმალური ურთიერთობის შეფერხებას



ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად არ იცის, როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. ის ადამიანებიც, რომლებიც ხშირად დადიან ტაძარში, ვერ აცნობიერებენ იმის მისტიკურ შინაარსა და სიმბოლოურ დატვირთვას, რასაც წლების განმავლობაში მექანიკურად აკეთებენ. რა პრინციპით უნდა მოეწყოს ქრისტიანული ოჯახი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):



– ქრისტიანული ოჯახის წევრებმა ცხოვრება ეკლესიის სულის მიხედვით უნდა მოაწყონ და ეს სული უნდა წარმართავდეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობასა და საქმეებს, რათა ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ოჯახის წევრები ქრისტეს მორწმუნეები და მისი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები არიან. რაც მთავარია, ოჯახში უნდა სუფევდეს ღვთის შიში, ურთიერთმორჩილება და სიყვარული. ეკლესიაში, როგორც ზეციურში, ასევე ამქვეყნიურში, არსებობს იერარქია, რომელიც მორჩილების პრინციპს ემყარება. ეკლესიის თავი ქრისტეა, ამიტომ მამა ოჯახის თავი, ღმერთის მცნებების სანიმუშო აღმსრულებელი უნდა იყოს. დედა უნდა ემორჩილებოდეს მეუღლეს, შვილები კი – დედ-მამას. მაგრამ ამ იერარქიის შენარჩუნება მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც ჭეშმარიტი ღვთის შიშია. როგორც კი ეს შიში სუსტდება, იერარქია ირღვევა და ნორმალური ქრისტიანული ურთიერთობების წარმართვა ძალიან ჭირს. მეორე ძირითადი ნიშანი ეკლესიისა არის ის, რომ ეკლესია უმთავრესად სალოცავი სახლია. ოჯახის წარმმართველი ერთ-ერთი ძირითადი ძალა სწორედ ლოცვაა როგორც ერთიანი, ასევე თითოეული წევრისა ცალ-ცალკე. ლოცვა ქრისტიანის მთავარი სათნოებათაგანია და უდიდესი გამაერთიანებელი ძალა გააჩნია, ამიტომ, თუ შესაძლებელია, დილა-საღამოსა და საზრდელის მიღების წინა ლოცვებიც მაინც უნდა წაიკითხონ ერთად. ლოცვას კითხულობს ოჯახის თავი, თუ სახლში არ არის ოჯახის თავი, მაშინ უფროსი ვაჟი, თუ ეს უკანასკნელიც არ იმყოფება, მაშინ უმცროსი ვაჟი ან, დედა.

– მამაო, როგორ უნდა ვაქციოთ საკუთარი სახლი მცირე ეკლესიად?

– იმისთვის, რომ საკუთარი სახლი მცირე ეკლესიად ვაქციოთ, ძალზედ მნიშვნელოვანია საღმრთო წიგნების კითხვა და საეკლესიო გალობა. ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრები დღეში ერთ საკითხავს მაინც წაიკითხავენ სახარებიდან, ერთსაც – სამოციქულოდან. შეიძლება ცალ-ცალკე, ან ერთად. ლოცვის ერთად კითხვა სულიერად აახლოებს ოჯახის წევრებს, ამცირებს კონფლიქტის შესაძლებლობას. იმისთვის, რომ ოჯახი ეკლესიის ნაწილად იქცეს, აუცილებელია მისი წევრების ჩართვა ეკლესიური ცხოვრების რიტმში. ოჯახის წევრები ყოველ შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე უნდა დაესწრონ საეკლესიო მსახურებას, შეძლებისამებრ ხშირად ეზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აგრეთვე ხშირად აღიარონ ცოდვები მოძღვრის წინაშე, შეუკვეთონ პარაკლისები და პანაშვიდები, სახლი ღვთისმსახურს აკურთხებინონ. ქრისტიანის სახლის საუკეთესო მორთულობა ხატია. შესაბამისად, ხატი, ჯვარი და წმიდა გამოსახულებანი ყველა ოთახში უნდა იყოს, მაგრამ კარგია, თუ გამოიყოფა ერთი სპეციალური ადგილი სახლში, სადაც ოჯახი სალოცავად შეიკრიბება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, ქრისტიანები დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა კითხულობდნენ ფსალმუნს. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ, უმჯობესია, მზემ არ გამოსცეს ნათელი, ვიდრე იმ დღეს ქრისტიანმა ფსალმუნი არ წაიკითხოს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ქრისტიანად ძნელად თუ იწოდება ადამიანი, რომელიც დილა-საღამოს, საზრდელის მიღების წინ და შემდეგ, ლოცვებს არ კითხულობს. ლოცვების რაოდენობა და წაკითხვის სიხშირე, სასურველია, ჩვენი ძალებისა და დროის შესაბამისად შევარჩიოთ და აუცილებლად შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან.

– მამაო, რა დანიშნულება აქვს სეფისკვერს და როგორ ხდება მისი მიღება?

– სეფისკვერი, ანუ „სეფე კვერი“ – „რჩეული პური“ – არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა. წირვის შემდეგ სეფისკვერი იყოფა და ურიგდება მორწმუნეებს, ნიშნად მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარობისა ეკლესიის წიაღში. სეფისკვერი უნდა მივიღოთ უზმოზზე, ლოცვის შემდეგ. მისი მიღება შეიძლება როგორც ტაძარში, ასევე სახლში. კარგია, თუკი საზრდელის მიღებამდე სწორედ სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს ვიხმევთ. ცნობილია, რომ მდინარე იორდანეში ჩასვლითა და ნათლისღებით უფალმა თავად წყლის ბუნება განწმიდა. ამიტომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წყალმა უდიდესი მნიშვნელობა და დანიშნულება შეიძინა. ნაკურთხი წყლის მიღება სასიკეთოა როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვისაც. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველი დღე სეფისკვერისა და ნაკურთხი წყლის მიღებით დავიწყოთ.

ხოლო ეს წესი, სხვა მრავალთან ერთად, წმიდა მოციქულებისგან მომდინარეობს. ეს იმიტომ შემოიღეს, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ – „მზეი სიმართლისა“ – აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებაში ის ხშირად „აღმოსავლად“ მოიხსენიება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. მაცხოვრის მოსვლასაც სწორედ აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

– რას გამოხატავს სანთელი და რა მნიშვნელობა აქვს კმევას?

– სანთელი ზოგადად გამოხატავს ჩვენი გულის სითბოსა და სიყვარულს ღმერთისადმი. სანთლის ცვილი კეთილი საქმეების, ხორციელ და სულიერ შრომათა სახეა, პატრუქი – რწმენისა. ჩვენი გათვითცნობიერებული რწმენა, სწორად შეხამებული საქმეებთან, ღმერთის მადლით ადამიანს ზეცაში აიყვანს. რაც შეეხება კანდელს, ის არის სიმბოლო ზეციური ნათლისა, რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმიდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, მათ ხატებსაც, აქ, დედამიწაზე, მუდამ ნივთიერი ნათელი უნდა ეფინებოდეს, როგორც ზეციური ნათლის სიმბოლო. ღმერთის წმიდანებიც ზეცაში მარადიულ ნათელში არიან და ამიტომ მათი წმიდა გამოსახულებაც უნდა განათდეს. ძველ აღთქმაში მკაცრი მოთხოვნა იყო იმაზე, რომ ღმერთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებულიყო. სიწმიდეების წინაშე კმევა კი სიმბოლოა ჩვენი გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც საკმეველის ბოლივით ადის ღმერთთან. ის არის ასევე ხილული ნიშანი სულიწმიდის კეთილსურნელებისა. საკმეველი სიმბოლოა ქრისტეს შინაგანი ლოცვისა და სულიერი განცდისა, ნახშირი – ჩვენი წმიდა მართლმადიდებლური აღმსარებლობისა, საცეცხლური – დედაეკლესიისა. ქრისტიანები ჩვენი გულის ნადებს (საკმეველს) „ვდებთ“ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე (ნახშირი) და მოგვაქვს ეკლესიაში (საცეცხლური), რომელიც მორწმუნეთა ლოცვებს ღმერთის საყდრამდე აღამაღლებს. რაც შეეხება ტაძარში კმევას, მას, სხვადასხვა მღვდელმოქმედების დროს, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როგორი გულმოდგინებითაც მოვეკიდებით თითოეულ საქმეს, რომელიც ღმერთს უკავშირდება, ასეთივე კეთილგანწყობით გვიპასუხებს უფალი, და პირიქითაც: ჩვენი დაუდევრობისა და სიწმიდეებისადმი ზერელე მოპყრობისთვის მკაცრად ვაგებთ პასუხს საშინელ სამსჯავროზე, რისგანაც ღმერთმა ყველა დაგვიფაროს, შეგვიწყალოს და გვაცხოვნოს.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3