კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



ჩემზე 7 წლით უმცროს შეყვარებულს ცოლად არ მივყვები

ჩემზე 7 წლით უმცროს ბიჭს შევუყვარდი. თავიდან სასაცილოდ არ მყოფნიდა, კუდში რომ დამდევდა, სასიყვარულო ესემესებს რომ მიგზავნიდა და სახლის კართან ყვავილებს რომ მახვედრებდა; მერე ვბრაზობდი – ეს ლაწირაკი რამდენს ბედავს-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა ყველა თაყვანისმცემელი რომ ჩამომაშორა და ჩემთან ვერც ერთი ბიჭი მოახლოებასაც რომ ვეღარ ბედავდა, მისი პიროვნებით მართლა დავინტერესდი და პაემანზე დავთანხმდი. საოცრად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, უაღრესად ნაკითხი, გონიერი და იუმორით სავსე. მისი სიტყვა-პასუხიდან, საქციელიდან და უამრავი მამაკაცური თვისებიდან გამომდინარე, უცებ შემაყვარა თავი. მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი გადამეკიდა, ცოლად გამომყევიო. მე უარი ვუთხარი და ეს უარი აგერ უკვე მერვე თვეა, გრძელდება. რატი დარწმუნებულია, რომ მიყვარს და ამიტომ ვერ გაუგია ჩემი უარის მიზეზი. მე კი ვერ ვრისკავ ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან, ჯერ ერთი, ზუსტად ვიცი, რატის მშობლები არ დართავენ ნებას, შვიდი წლით უფროსი ქალი შეირთოს ცოლად და, ვიცი, სერიოზული უსიამოვნებების გადატანა მომიწევს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ მე თვითონ მეშინია, რომ წლების შემდეგ, როცა რატი თავისი ასაკით შევა კაცობაში, მე უკვე ხნიერი ვიქნები მისთვის და პატარა გოგოებთან გააბამს რომანებს, რასაც მე ნამდვილად ვერ გადავიტან. ამიტომ, მირჩევნია, შეყვარებულები ვიყოთ და თუ დაშორება გვიწერია, ყოველგვარი ხელის მოწერისა და ოფიციალური ოჯახის შექმნის გარეშე დავშორდეთ. შეიძლება, სწორად არ ვმსჯელობ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, წლების შემდეგ მის გვერდით საცოდავ დედაბრად გამოვიყურებოდე.

ნანა, 29 წლის.



მამაკაცების მეშინია

15 წლის ასაკში 23 წლის ბიჭს შევუყვარდი. ძალიან გულუბრყვილო გოგო ვიყავი და ამიტომ ჩემს კავალერს არ გასჭირვებია, თავბრუ დაეხვია ჩემთვის. ნელ-ნელა შემიჩვია და ისე ვენდობოდი, ვერც კი წარმომედგინა, თუ მისგან ოდესმე რაიმე საშიშროება მომელოდა. ერთხელაც, კინოში წამიყვანა და იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მითხრა, ჩემთან უნდა წაგიყვანო და ჩემი მშობლები გაგაცნოო. უკვე საღამო იყო და არ მინდოდა, სახლში დამგვიანებოდა, მაგრამ, შემპირდა, ერთ საათში მანქანით მიგიყვან სახლშიო. ცოტა კი მრცხვენოდა მის მშობლებთან შეხვედრა, თუმცა მაინც დავთანხმდი და გავყევი. მაგრამ სახლში არავინ დამხვედრია. გაირკვა, რომ ილომ მომატყუა. მე შემეშინდა და ტირილი დავიწყე, მან კი მისაყვედურა, არ გრცხვენია, მაგაზე მეტად არ მენდობიო? მე მართლა შემრცხვა და თავს დარწმუნება დავუწყე, ცუდი არაფერი მოხდება-მეთქი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა. ილო ჯერ ძალიან კარგად იქცეოდა, ყავა და ნამცხვარი დააწყო სუფრაზე, თან ათას სასაცილო რაღაცას მიყვებოდა, რომ გავემხიარულებინე. მერე კონიაკიც გამოიტანა და მითხრა, ჩემს ოჯახში შენი პირველად შემოსვლა უნდა დავლოცოთო და ორი თუ სამი ჭიქა ძალით დამალევინა. მე საერთოდ ვერ ვიტან სასმელს და ისე გავითიშე, სად ვიყავი, აღარ მახსოვდა, პრაქტიკულად, გონება დავკარგე. ოდნავ რომ მოვედი გონზე, ვიგრძენი, რომ ილო მთელ სხეულზე მიფათურებდა ხელებს და ცდილობდა, ჩემთვის ტანზე გაეხადა. მისი ჩაწითლებული თვალების დანახვამ გამომაფხიზლა და შიშისგან კივილი დავიწყე. ის გაბრაზდა და ტანსაცმლის შემოხევა დამიწყო, თან მემუქრებოდა, გაჩუმდი, თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოსო. ვერაფრით რომ ვერ მოვიშორე, უკანასკნელი ღონე მოვიკრიბე, კონიაკის ბოთლს დავავლე ხელი და თავში ჩავარტყი. ილომ თვალები ამოატრიალა და იატაკზე გაიშხლართა. მე ჯერ შემეშინდა, ხომ არ მოვკალი-მეთქი, მაგრამ მიახლოება ვერ გავბედე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იქიდან. სახლში რომ მივედი, კარი დედამ გამიღო და რომ დამინახა, ისეთი იკივლა მეგონა, დედამიწა შეიძრა. მეტი აღარაფერი მახსოვს. ერთი კვირა ვებრძოდი სიკვდილს, როგორც იქნა, დამიჯერა, რომ იმ უბედურებას ღმერთმა გადამარჩინა. მაგრამ მეორე უბედურება დამემართა: იმ დღის შემდეგ კატასტროფულად მეშინია კაცების. მამაჩემისა და ჩემი ძმის გარდა ყველა მამაკაცი შიშს მგვრის, ყველა სისხლისმსმელი ვამპირი მგონია. მას შემდეგ უკვე ოთხი წელი გავიდა, მაგრამ ისეთი დამფრთხალი ვარ და იმდენად აღარ მჯერა ბიჭების, რომ ჩემს აგრესიას მათ მიმართ ვერ ვმალავ და ისინიც შიშით აღარ მეკარებიან. როდემდე ვიქნები ასე, არ ვიცი.

მარინა, 19 წლის.



საქმრო ჩემს დაქალებზე ეჭვიანობს

მყავს საქმრო, რომელიც ძალიან მიყვარს. მასაც ძალიან ვუყვარვარ. ყველაფერში შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მის ეჭვიანობას წყობიდან გამოვყავარ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეჭვიანობს არა ბიჭებზე, არამედ ჩემს დაქალებზე. ორგანულად ვერ იტანს, მათთან ერთად რომ ვარ. თავიდან მიზეზს არ მეუბნებოდა, ახლახან კი გამომიტყდა, შენს დაქალებთან რომ ხარ, მე საერთოდ აღარ გახსოვარო. უნდა, რომ სულ გვერდით ვეჯდე, თვალებში შევყურებდე, მასზე ვფიქრობდე და მას ველაპარაკებოდე. საკმარისია, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, რომ მაშინვე ნერვები ეშლება და საკმაოდ მკვახედ მსაყვედურობს, ჩემთან, როცა ხარ, როგორ შეგიძლია, სხვა რამეზე იფიქრო და ილაპარაკოო. ისე დამღალა ამ უაზრო ეჭვიანობით, ლამისაა, ერთხელაც ვუთხრა, თავი დამანებე-მეთქი. ისეთი გულგაბეზრებული ვარ, ამ ბოლო დროს მგონია, რომ ისე ძალიან აღარ მიყვარს.

ნანიკო, 26 წლის.



წინასწარმეტყველურმა კოშმარებმა ლამის ცხოვრება დამინგრიოს

სიმართლე გითხრათ, სიზმრების არ მჯერა, უფრო სწორად, არ მინდა, რომ დავიჯერო, რადგან ვიცი, რომ ეკლესია ამას კრძალავს. მაგრამ, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ, ხშირად იძულებული ვხდები, ვირწმუნო ჩემი სიზმრების, რადგან თითქმის ყოველთვის, როცა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს, უცნაური აბდაუბდა მესიზმრება, რომლის შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ხოლმე, კარგი შედეგით დამთავრდება ის რაღაც მოვლენა თუ ცუდით. თითქმის არასდროს გამცრუებია ეს გაფრთხილება თუ წინათგრძნობა და ახლა სწორედ ეს მაშინებს, რადგან ორ კვირაში ვთხოვდები, ქორწილიც დანიშნული გვაქვს, ხალხი – დაპატიჟებული. მე და ჩემს საქმროს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, არც ჩვენი ოჯახებიდან გვაქვს წინააღმდეგობა. ამიტომ, განსაკუთრებით ვარ შეშინებული, რადგან უკვე კვირაზე მეტია, ისევ კოშმარებს ვხედავ. როგორც ყოველთვის, არც ამჯერად მახსოვს, კონკრეტულად რას ვხედავ, მაგრამ ცივ ოფლში გაწუწული ვიღვიძებ და შიშისგან ვცახცახებ.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი. ზუსტად ვიცი, რომ წინათგრძნობა თუ რაღაც ზებუნებრივი ძალა აშკარად მაფრთხილებს, რომ ამ გათხოვებით კარგი არაფერი მელის, მაგრამ, ცუდი რა უნდა მელოდეს, ან რატომ, საშინელი განწყობა არ მტოვებს. ხანდახან ვამბობ, ხოლმე, ყურადღება არ მივაქციო-მეთქი, მაგრამ არ გამომდის – მინდა თუ არ მინდა, მაინც სულ ამაზე ვფიქრობ. არადა, რაღაც უაზრო სიზმრების გამო როგორ ვთქვა უარი იმ ადამიანზე, რომელიც უკვე სამი წელია, მიყვარს?!

ანუკა, 22 წლის.



ცოლს ყოფილ შეყვარებულთან ვღალატობ

ვარ 33 წლის მამაკაცი, ცოლშვილიანი. უკვე დიდი ხანია, ეკლესიური წესით ვცხოვრობ. სანამ ცოლს შევირთავდი, ერთი გოგონა მიყვარდა. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს, ჩემს მშობლებსაც გავაცანი, მანაც გამაცნო თავისი მშობლები. ორივე მხარე თანახმა იყო ჩვენი ქორწინების, რაღაც-რაღაცეებს უკვე ვგეგმავდით კიდეც, მაგრამ ერთ დღეს ნატომ დაკრა ფეხი და თავის ბავშვობის დროინდელ შეყვარებულთან ერთად გაიპარა. მე იმ ბიჭის არსებობა ვიცოდი, თვითონ ნატომ მიამბო ყველაფერი (ჩვენ ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით). მეუბნებოდა, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა ბავშვური მოწონების გარდა, შენ კი სერიოზულად მიყვარხარო. მე არც კი მიეჭვიანია, რადგან ეს ძალიან ბუნებრივად მიმაჩნდა. ცხადია, ყველა ნორმალურ გოგოს ბავშვობაში ვიღაც მომწონებელი ან თაყვანისმცემელი ეყოლებოდა. მეც ბევრი მომწონებია სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისევ მათზე ვფიქრობ და ვოცნებობ. ერთი სიტყვით, ნატოს ყოფილ კავალერთან დაკავშირებით ერთხელაც არ გამივლია გულში, რომ მეტოქეობას გამიწევდა, ამიტომ, არც არანაირი რეაქცია არ მქონდა ხოლმე, როცა ჩემი შეყვარებული მის შესახებ რამეს მიყვებოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი.

ნატოს გათხოვება ძალიან მძიმედ გადავიტანე. ყველაფერთან ერთად, მშობლებისა და მეგობრების მრცხვენოდა, რაღაცნაირად დამცირებულად ვგრძნობდი თავს. მისი გათხოვების შესახებაც სხვისგან გავიგე. თვითონ ორი კვირის შემდეგ გამომიგზავნა ესემესი, რომელშიც მწერდა, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ დათო უფრო მიყვარდა, ვიდრე შენ და მაპატიეო.

ისე გავიდა სამი წელი, ნატოს შესახებ არათუ არაფერი გამიგია, შემთხვევით ქუჩაშიც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს. მხოლოდ ერთხელ შემხვდა მისი დაქალი და მითხრა, შვილი ჰყავს და ქმართან არის, მაგრამ მაინცდამაინც ბედნიერად თავს არ გრძნობსო. ჩემი ავკაცობა უნდა ვაღიარო: ეს რომ გავიგე, თითქოს დიდად არ მწყენია, გულში ისიც კი გავიფიქრე, ახია, ღმერთმა დასაჯა-მეთქი. ეს იყო და ეს, ნატოზე მეტი არც არაფერი გამიგია და აღარც კი მიფიქრია მასზე. გავიდა დრო და შევხვდი გოგონას, რომელმაც მართლა შემიყვარა. მეც მიყვარდა (თუმცა, უნდა გამოვტყდე, რომ ისე ძლიერად არა, როგორც ნატო) და მალე დავქორწინდით. გვეყოლა ორი შვილი და ვცხოვრობდით ჩვენთვის.

ერთ დღეს კი სამსახურში ვიღაც ახალგაზრდა ქალმა მომაკითხა და წერილი გადმომცა. ვინ ბრძანდებით-მეთქი, რომ ვკითხე, მითხრა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო, კონვერტი მაგიდაზე დამიტოვა და წავიდა. წასვლის წინ მითხრა, ხვალ მოვალ თქვენი პასუხის წასაღებადო. ნატოს წერილი აღმოჩნდა. მწერდა, ესემესი იმიტომ არ გამოგიგზავნე, შენს ცოლს რომ არ ენახა, არადა, რომ არ მომეწერა, გული გამისკდებოდა. მთელი ეს წლები შენზე ვფიქრობ. მართალია, დიდი ტკივილი მოგაყენე, მაგრამ მეც საკმაოდ დავისაჯე – ქმარი არ მიყვარს და მხოლოდ შვილების გამო ვრჩები მასთანო... მოკლედ, ბევრი ამგვარი ეწერა (ოთხი ფურცელი იყო), ბოლოს კი პირდაპირ მთავაზობდა საყვარლობას. თან რამდენჯერმე ჰქონდა გამეორებული, ვერც მე გავეყრები ქმარს და არც შენი ოჯახის დანგრევა მინდაო. მე უარი შევუთვალე, მაგრამ ნატომ კიდევ რამდენჯერმე გამომიგზავნა წერილი იმავე თხოვნით და, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ უნებისყოფო აღმოვჩნდი და წამოვეგე მის ანკესზე. პირველივე შეხვედრიდან გამიახლდა ნატოს სიყვარული. ჩემმა ცოლმა ჯერჯერობით არაფერი იცის, არც ჩემმა მოძღვარმა – მეშინია და მრცხვენია, ჩემი საქციელის შესახებ აღსარებაში ვუთხრა და ამის გამო საერთოდ ვეღარ მივდივარ ეკლესიაში, რაც კიდევ უფრო მეტად მიღებს ბოლოს. არადა, თავსაც ვერ ვერევი. არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ასე. ძალიან მიჭირს, ასეთ გაორებულ ცხოვრებას გავუძლო. სირცხვილით თვალებში ვეღარ ვუყურებ ცოლ-შვილს. ისე გამიჭირდა მორალურად, ამხელა კაცმა თქვენ მოგიყევით ყველაფერი, იქნებ ცოტა შვება ვიგრძნო-მეთქი, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძვნია. იმის იმედიღა მრჩება, ეგებ შემიცოდოს უფალმა და მომცეს ძალა, საკუთარ თავს მოვერიო.

ზურა, 33 წლის.

ჩემი ბრალი არ არის, გული გონებას რომ არ ემორჩილება

ძალიან ცუდად ვარ და გთხოვთ, ეს წერილი გამოაქვეყნოთ, იქნებ ვინმეს მაგალითად გამოადგეს ჩემი ამბავი.

საქმე ისაა, რომ ძალიან პატარა გავთხოვდი – 16 წლის, თანაც, უსიყვარულოდ. მაშინ მეგონა, რომ ეს სიყვარული იყო, მაგრამ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს მხოლოდ ბავშვური გატაცება აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ ეს ჩემით არ გადამიწყვეტია, ჩემმა ბიძაშვილმა მომატყუა, მე კი არ ვიცოდი, თუ ჩემი მომავალი ქმრის დავალებით მოქმედებდა. მეც ბედს დავმორჩილდი, რადგან კახა მეც მომწონდა და, როგორც უკვე გითხარით, მეგონა, რომ მიყვარდა.

მაგრამ დღეს ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, დღეს ისაა მთავარი, რომ ძალიან ცუდად ვარ იმის გამო, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარს, მას კი ძალიან ვუყვარვარ. არა მარტო კახას, მისი ოჯახის წევრებიც გიჟდებიან ჩემზე, დაც და დისშვილებიც. მეც ყველა მიყვარს და პატივს ვცემ, ყველასთან შესაშური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მთავარი ვინცაა, იმასთან არ მინდა ურთიერთობა. მისი უკვე ყველაფერი მაღიზიანებს, გამოხედვაც კი. ცუდად ვხდები, როცა რაიმე კონტაქტი მაქვს მასთან, თუნდაც საუბარი ან სადმე ერთად სიარული. არადა, ძალიან უყვარს ღამით ჩემთან ერთად გასეირნება და უარს ვერ ვეუბნები ხოლმე. თვითონ ძალიან კარგად მექცევა, ყველაფერი ჩემთვის უნდა, ცდილობს, მასიამოვნოს და კარგად ვიყო. ჰოდა, ასეთ ადამიანს და ოჯახს წიხლი როგორ ვკრა და როგორ მივატოვო, როგორ უნდა ვიყო უმადური? ასეთი ბედი ხომ იშვიათად ხვდებათ ქალებს?! მე ეს მარგუნა უფალმა და არ ვირგებ. ვცოდავ, მაგრამ, რა ვქნა, გული ხომ გონებას არ ემორჩილება?! მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ მაქვს გრძნობები და მეც მინდა, სიყვარულით ვიცხოვრო? გონება იმის უფლებას არ მაძლევს, რომ მივატოვო ასეთი ღვთის მიერ ნაბოძები კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები, გული კი იმისას, რომ ასე უსიყვარულოდ გავატარო ჩემი ცხოვრება. რა ვქნა და რა მოვიფიქრო, ვერ გადამიწყვეტია. არადა, საკმაოდ ჭკვიანი, აზრიანი, გონებაგახსნილი და წარმატებული ადამიანი ვარ, ერთ-ერთ ფირმაში დიდი თანამდებობა მიჭირავს და კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობ. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარიერაში ყველაფერს კარგად ვაკეთებ, პირად ცხოვრებაში კი რა მემართება, არ ვიცი, რატომ ვერ გადამიწყვეტია, რა მინდა და რა არა?

სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმედი, ვინმემ ისეთი რამ მირჩიოს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ მაინც მომინდა, თქვენთვის მომეწერა. სხვა თუ არაფერი, გულს მაინც გადავაყოლებ და ცოტათი მომეშვება, რადგან ვერავის ვუყვები ჩემს გასაჭირს და ჩემი ტკივილი შიგნიდან მჭამს.

ღმერთის იმედიღა დამრჩენია, რომ, ალბათ, დადგება დრო და ყველაფერი გამივლის.

რა თქმა უნდა, ჩემი სახელი შევცვალე.

პატივისცემით, ელზა.

ჩემი პირველი სიყვარული

არ გამნელებია

წლების წინ, მეცხრე კლასში რომ გადავედი, მშობლებმა სხვა სკოლაში გადამიყვანეს, რადგან საცხოვრებელი შევიცვალეთ.

კლასში შევედი თუ არა, ერთი ბიჭი დავინახე. ბიჭები სხვებიც იყვნენ, მაგრამ მე მართლა მხოლოდ ის დავინახე და მაშინვე შემიყვარდა. საერთოდ, ძალიან მორიდებული ვიყავი და, არათუ მაშინ, დღემდე არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი. მერე ისე მოხდა, რომ მე და ნოდო ძალიან დავმეგობრდით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ერთი ნაბიჯითაც არ გადასცილებია მართლაც წმინდა მეგობრობას, თუმცა, მე ის სულ უფრო და უფრო მიყვარდებოდა. თვითონ ნოდო, ვფიქრობ, ამას ვერ გრძნობდა, რადგან ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მიყვარდა, მაგრამ ერთი-ორი გოგო მიხვდა და ერთ-ერთმა მკითხა კიდეც, გიყვართ ერთმანეთიო? მე თავი გავიგიჟე – ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ-მეთქი. მანაც დამიჯერა და მითხრა, მეც ამას ვუმტკიცებდი ნანიკოს, მაგრამ მაინც შეგეკითხეო. როგორც გაირკვა, ნოდოს და ნანიკოს ერთმანეთი მოსწონდათ და ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ მათი სიყვარული არ შედგა.

ერთხელ, მახსოვს, ნოდარისთან დაბადების დღეზე ვიყავით მთელი კლასი. ბავშვები ცოტა ადრე მივედით და სუფრის გაშლა მერე დაიწყო ნოდარის დედამ. დამხმარე არავინ ჰყავდა, შემეცოდა და მივეხმარე. მერე მთელი საღამო მაქებდა და მეფერებოდა, რაც ძალიან მახარებდა. ნოდომ კი, რომ დამინახა, დედამისს ვეხმარებოდი, მითხრა, დაქალი რომ არ იყო, ცოლად შეგირთავდიო. დღემდე არ ვიცი, რატომ მოინდომა ასე უცბად ჩემი ცოლად შერთვა: როგორც კარგი დიასახლისი მოვეწონე თუ, სადღაც, გულის სიღრმეში ჰქონდა რაღაც გრძნობა ჩემ მიმართ და ჩვენი მეგობრობა არ აძლევდა უფლებას, ხმამაღლა ეთქვა ამის შესახებ.

ერთი კია: ვერც მან და ვერც მე ვერ ავაწყვეთ ჩვენი ოჯახური ცხოვრება. შარშან კი, სკოლის დამთავრების 15 წლისთავი რომ აღვნიშნეთ, ნოდომ ნასვამმა მკითხა, გამოტყდი, ბავშვობაში გიყვარდი თუ არაო. მე მაშინაც ვერ გავბედე ბოლომდე სიმართლე მეთქვა და ნახევრად სიმართლე ვუთხარი – მე ახლაც მიყვარხარ შენც და დანარჩენებიც-მეთქი. მან კი თვალებში ჩამხედა და რაღაცნაირი სევდით მითხრა: მე და შენ იცი, რაში ვგავართ ერთმანეთს? ვიცით, რომ შეცდომებს ვუშვებთ და მაინც იმ შეცდომებით განვაგრძობთ ცხოვრებას. იცი, რა არის ამისი მიზეზი? – არც ერთს საკმარისად არ გვიყვარს საკუთარი თავი და არც ვაჟკაცობა გვყოფნის, რომ ეს ვაღიაროთო. იმ წუთში ისეთ ჭკუაზე ვიყავი, რომ ეთქვა, წამოდი, გავიპაროთო, უსიტყვოდ გავყვებოდი, მაგრამ ნოდოს ეს არ უთქვამს, მიბრუნდა და წავიდა და ჩემს სიყვარულთან ისევ ისე მარტო დამტოვა, როგორც სკოლის ბანკეტის ღამეს, როცა დილამდე ნანიკოსთან ცეკვავდა.

ნათია, 33 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3