კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „გაუგებრობაში“ მოხვდა რუსა ჩაჩუა და ვის ახარჯავს უკანასკნელ ენერგიას ვანიკო თარხნიშვილი












ახალი დუეტი ბუნებრივად შედგა. ახალი სახის ძიებაში „რუსთავი 2-ის“ გუნდმა ულამაზესი რუსა ჩაჩუა აღმოაჩინა, რომელიც ვანიკო თარხნიშვილთან წყვილში „ბრავოს“ გვაძახებინებს ყოველ ოთხშაბათ საღამოს. ძალიან ბევრი კრიტიკის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი გადაცემის შემდეგ, რუსა საგრძნობლად იხვეწება.





ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ვანიკო თარხნიშვილი

– უპირველესად, მინდა, გკითხო, როგორ მოგწონს წამყვანის ამპლუაში ყოფნა?

– ჩემთვის ვანიკო, შენ ხომ მაინც იცი, როგორი უცხოა ეს საქმე. პირველად ვარ ამ ამპლუაში. თავიდანვე ძალიან მომწონდა და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მომწონს. ვფიქრობ, ნელ-ნელა უკვე გამომდის და ეს კიდევ უფრო მეტად მიზიდავს. თავიდან, საშინლად ვნერვიულობდი, პირდაპირი ეთერის წინ გული მისკდებოდა. ოდნავი შეცდომის გამოც კი, საშინლად ვნერვიულობდი და მერე მეგონა, უფრო მეტ შეცდომას ვუშვებდი. ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ ვნერვიულობ და თან, საშინლად მომწონს.

– როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში?

– ქასთინგის შედეგად.

– ეძებდნენ ლამაზს და ყველაზე ლამაზი შენ აღმოჩნდი?

– არ ვიცი, ლამაზს თუ არა, მაგრამ ვიცი, ეძებდნენ გოგოს, წამყვანს, ახალ სახეს. მოვედი ქასთინგზე და როგორც ჩანს მეც მოვინდომე.

– მინდა გითხრა, რომ როგორც მაყურებელი, ასევე მეც, ვხედავთ, დღითიდღე ვითარდები. არადა, ძალიან ბევრი კრიტიკა იყო არა?

– კი. მიყვარს სხვათა შორის, კრიტიკა და მგონი, ამ კრიტიკამ შედეგიც გამოიღო. უფრო და უფრო მეტს ვინდომებ, უფრო და უფრო ვხვდები, რა უნდა მაყურებელს. როგორც კი რამე ნეგატიურ შეფასებას მოვისმენ, მერე ათმაგად ვცდილობ და მგონი, უფრო გამომდის. აჭრელდა „ფეისბუქი“ ჩემზე ლაპარაკით (იცინიან).

– და რა უნდათ, რას ერჩიან შენს ღიმილს?

– ვანიკო, შენ არ მეუბნებოდი, სულ გაიღიმეო?!

– ზუსტად ეს ღიმილი მავსებს და მატარებინებს მთელ ეთერს და როგორ ფიქრობ, რას ერჩიან?

– როგორც ჩანს, მაყურებელი მაინც შეუჩვეველია ბევრ ღიმილს.

– მინდა, აღვნიშნო, რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ეჩვევი ამ საქმეს. მკითხველმა შეიძლება, არ იცოდეს, რომ ეს შენი ტელედებიუტი იყო და მანამდე, ტელევიზიასთან შეხება არ გქონია. შენდამი კი, როგორც „ბრავოს“ გუნდს, ისე მაყურებელს, ძალიან დიდი მოთხოვნები ჰქონდა. მიხარია, რომ მათ ასე მოკლე დროში ითვალისწინებ, რაც მართლა ურთულესია. მითხარი, რა პროფესიის ხარ? რას საქმიანობდი „ბრავომდე“?

– სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით. აკადემიის დამთავრების შემდეგ, „მაგთიში“ ვმუშაობდი. ანუ ამ პროფესიით არანაირი გამოცდილება კი არა და, კამერებთან შეხებაც არ მქონია. ამ მიმართულებით ფეხის ადგმა, ვანიკოსთან და ჩემს პედაგოგთან ერთად დავიწყე.

– შენს თანაწამყვანთან ერთად გადადგი პირველი ნაბიჯები. რას იტყოდი შენს პარტნიორზე?

– ჩემი პარტნიორი არის ძალიან ჭკვიანი, ერუდირებული...

– კაი, კაცო?! მართლა?!

– დიახ. ძალიან ნიჭიერი. მოვითხოვ, რომ შოუ „ნიჭიერში“ მიიღოს მონაწილეობა, რადგან ყველაფერი „ხუთიანზე“ გამოსდის. ცეკვავს, მღერის, რასაც ინდომებს, ყველაფერი გამოსდის.

– „გრელკასაც“ ხეთქავს?! ვინ ყოფილა ეს ვანიკო თარხნიშვილი, გადაირევი (იცინიან). მინდა აღვნიშნო, რომ ვანიკო თარხნიშვილსაც ძალიან გაუმართლა შენი სახით. რატომ არ გაყევი ტანსაცმლის დიზაინერს ცოლად? (იცინიან).

– იცი, რა? ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. არ მიმიტოვებია ეს საქმე, პირიქით, ახლა რაღაც გაორმაგებული ძალებით ვარ და მგონია, ბევრი რამის ერთად კეთებას შევძლებ. ვფიქრობ, ყველაფერში ახალი შესაძლებლობები, ახალი რუსა ვიპოვო. ოცდაშვიდი წლის ვარ და ცხოვრებას თავიდან ვიწყებ. მყავს ორი შვილი – ცხრა წლის თაზო და წლისა და შვიდი თვის ნადია, რომლებიც ასევე ძალიან მეხმარებიან იმაში, რომ ჩემი თავი ვიპოვო.

– მათ თუ მოსწონთ დედა ეკრანზე?

– ძალიან. სულ მიყურებენ და მაკრიტიკებენ კიდეც. ჩემმა უფროსმა შვილმა პირველ გადაცემაზე მითხრა, დედიკო, შენ იქ რაღაც შეგეშალაო და თან გასკდა ამაზე სიცილით.

– ესე იგი, ჩვენ აღმოვაჩინეთ ის მიზეზი, რის გამოც, შენი ასეთი განვითარება ხდება. თურმე, სახლშიც გაკრიტიკებენ...

– საერთოდ, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და შინაურებისგან გაცილებით მეტი კრიტიკა მესმის სულ.

– ალბათ, ახლა უფრო ნაკლები დრო გრჩება ბავშვებისთვის და ამაზე თუ წუწუნებენ?

– ნაკლებად. ხვდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუმცა, არც ისეთი დაკავებული ვარ, რომ საერთოდ ვერ მხედავდნენ. ეს ჩემი ერთადერთი საქმეა ჯერჯერობით, სხვაგან არსად ვმუშაობ. ამიტომ, თავისუფალი დღეებიც მაქვს, რომელსაც ყოველთვის მათთან ერთად ვატარებ.

– ვიცი, რომ შენი შვილისთვის სიურპრიზის გაკეთებას აპირებ, რაზეც მოდი, ჯერ ვრცლად ნუ ვისაუბრებთ.

– ამას დიდი ხანი ვამზადებდი და იმედი მაქვს, გავახარებ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია

რუსა ჩაჩუა

– ვანიკო, მოდი, შენ მითხარი, როგორ მოგწონს შენი მეწყვილე?

– ჩემს მეწყვილეზე გადარეული ვარ პირდაპირ. ხუმრობის გარეშე, მას იმდენად დადებითი ენერგია აქვს, რომ არ მიკვირს, რატომ აიყვანეს ქასთინგიდან პირდაპირ. მხოლოდ ღიმილი, ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას იმხელა დადებითი ენერგია მოაქვს, ძალიან ეხმარება უკვე მეორე ადამიანს, ამ შემთხვევაში – მე. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩვენს პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგიას, რომელსაც შენ გვერდით მდგომი ატარებს, მაყურებელი გაძლევს. ანუ, სივრცე, გარემოცვა – ყველაფერი მოქმედებს შენზე. იმდენად დიდი, ძლიერი, დადებითი ენერგია გაქვს, რომ სულ რომ ინგრეოდეს დარბაზი, ნეგატიური ხდებოდეს – ღმერთმა დაგვიფაროს, სიტყვაზე ვამბობ, – შენი ენერგია გადაგვარჩენს. ის იმდენად მავსებს და ეთერსაც ავსებს, რომ გაცილებით მიადვილდება, ჩემი პატარა გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენო. რაც შეეხება კრიტიკას, შესაძლოა, მაყურებელი რუსას უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებდა, ძალიან გამოცდილი წამყვანის, არაჩვეულებრივი თიკას შემდეგ, მაგრამ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ორი სხვადასხვა პროექტია. სულ სხვადასხვა ადამიანები არიან და ორივე ამ გადაცემას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. არ მიკვირს, რომ მაყურებლის მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო და შენც ამ მოთხოვნებს დღითიდღე უფრო დამაჯერებლად პასუხობ. თუ მკითხველს ჩვენი ურთიერთობა აინტერესებს, თიკაც და რუსაც ჩემი ახლო მეგობრები გახდნენ. როდესაც პროფესიულ ურთიერთობაში მეგობრობა იბადება, მით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება ის საქმე. ერთი სიტყვით ეს მაღალი გოგონები ძალიან მიყვარს (იცინიან).

– თვითონ პროექტი როგორ მოგწონს?

– მომწონს. მაგრამ, ყველაფერ იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ მაინც სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს, რადგან მგონია, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, ლაზათიანად გავაკეთო...

– და ბოლომდე იხარჯები.

– ბოლომდე უნდა დაიხარჯო აუცილებლად. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს – მხოლოდ იმიტომ, რომ კეთება, პროცესი მსიამოვნებდეს და დავიხარჯო.

– საერთოდ წარმოგედგინა, რომ გადაცემის წაყვანას შეძლებდი?

– წარმომედგინა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი. ტელევიზიაში გადაცემას ვერ წავიყვანდი, თუმცა ძალიან მინდოდა. არ ვიცი, ჩემი რა თვისებები მაძლევდა ასე ფიქრის საშუალებას, ალბათ, უხერხულობის, მორცხვობის გრძნობა...

– მსახიობს?

– კი. ჩვენც გვაქვს ჩვენი მორცხვობები, კომპლექსები დავარქვათ თუნდაც. ჩემს პროფესიას ძალიან დიდხანს ვეუფლებოდი და სცენაზე არ მაქვს ამის კომპლექსი. თუმცა, ტელევიზიას ჩემი პროფესიიდან დიდად მაინც არ გამოვყოფდი. თეატრი, კინო, ტელევიზია – ამას ერთმანეთისგან არ ვასხვავებ. კინოს და თეატრს შედარებით დიდხანს ვსწავლობდი და შეიძლება ითქვას, ახლა ვსწავლობ ტელევიზიას.

– თან, პირდაპირ პრაქტიკაში.

– თან, პირდაპირ ეთერში. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევა იყო, მაგრამ მინდა, აღვნიშნო, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, რომ გუნდი, სადაც ვმუშაობ, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მეხმარება. ამაში მართლა გამიმართლა. ხაბურძანია, დემნა, ჩემი მეგობრები – დადუ, კოლია და ძალიან ბევრი სხვა, ეკრანზე არ ჩანან, მაგრამ ჩემზე გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ ამ შოუსთვის.

– სერიალი, სადაც წლების განმავლობაში თამაშობდი, დაიხურა. იქნებ, ამაზეც გვითხრა რამდენიმე სიტყვა. და ისიც მაინტერესებს, კიდევ ითამაშებ თუ არა სერიალში?

– ვითამაშებ თუ არა, ამას ვერასდროს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რაც მენდომება და გააჩნია რას შემომთავაზებენ. შემოთავაზების და სურვილის შესაბამისად ვიმოქმედებ. საერთოდ, არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. ადრე გამოვრიცხავდი გადაცემის წაყვანას, მაგრამ ხომ წავიყვანე, ასე თუ ისე?! მოკლედ, არასდროს თქვა არასდროს. რაც შეეხება ჩვენს სერიალს, რომელსაც ჯერ „ბიჭები და გოგოები“ ერქვა, მერე „ჩიფსების თაობა“ და მერე „ჩვენი ოფისი“ – ძალიან ბევრი წელი იყო ეკრანზე. სუბიექტური ვიქნები აქაც და ვერ ვიტყვი, რომ გული არ დამწყდა. მართლა ერთი ოჯახივით ვიყავით, ისე მივეჩვიეთ იმ გარემოს, სადაც ვმუშაობდით, კი არა და, პრაქტიკულად, ვცხოვრობდით. მაგრამ, განახლება აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიც არის. ამ კუთხით თუ მივუდგებით, მაშინ ვიტყვი, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედით.

– ანუ, ნოსტალგია მაინც გაქვს.

– რა თქმა უნდა. ნოსტალგია სტუდენტობის მიმართაც მაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი დაბრუნება მინდა. ჩემს ერთ-ერთ დადებით თვისებად მიმაჩნია, რომ არასდროს სერიოზულად არ მწყდება გული იმაზე, რაც იყო. არ მივტირი მას და არ ვცდილობ, მის დაბრუნებას. ის განვლილი ეტაპი იყო. ეს არ ეხება სერიალს, მთელ ჩემს ცხოვრებაზე ვამბობ.

– ესე იგი ოპტიმისტი ხარ.

– ოპტიმისტი – არა, განახლებები მიყვარს. არა – „რესტარტი“. ამ ჩემს სურვილს უფრო განვითარების სურვილს და მოთხოვნილებას დავარქმევდი, ვიდრე ძველის განახლების სურვილს.

– ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიური გადაღებები აღარ გაქვს.

– არა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეტი თავისუფალი დრო მაქვს. კი, რა თქმა უნდა, კამერასთან მუშაობის თვალსაზრისით, მეტი დრო გამომიჩნდა და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ოთხშაბათი დღით შემოიფარგლება, მაგრამ დატვირთვა მაინც დიდია. შოუს მომზადებას ძალიან დიდი ენერგია და შრომა სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ის დრო – საღამოს ტელევიზორებთან, მაყურებელმა სიამოვნებით გაატაროს.

– როგორც ვხედავ, რაღაცეები შენს ცხოვრებაში შეიცვალა. პირად ცხოვრებაშიც თუ შეიცვალა რამე?

– პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი სულ ვითარდება. მინდა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო განვითარდება. ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერჯერობით არ მომხდარა, რაც მკითხველმა და მაყურებელმა შეიძლება, იცოდეს. ისე, რომც მომხდარიყო, ამას მაყურებელს თავს არ მოვახვევ, რადგან ეს ჩემი პირადია და ასეც მინდა დარჩეს ყოველთვის.

– როგორი დაძაბული დღე გვქონდა, მთელი დღე რეპეტიციები, შემდეგ ძალიან რთული პირდაპირი ეთერი და გადაცემის შემდეგ, კიდევ ამდენი ენერგია გაქვს...

– საიდან ვშოულობ ენერგიას (იცინიან)?! ეს მეორე „დიხანიაა“. ეს არის აჟიტირება. პირდაპირი ეთერი ის დიდი პლუსია, რაც ამ პროფესიაში მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდ, უზარმაზარ ენერგიას ითხოვს; მიუხედავად იმისა, რომ მთელ ჩემს რესურსს გადაცემის დროს ვწურავ; მთავრდება თუ არა „ლაივი“, მეორე სუნთქვა მეხსნება დამატებითი რეზერვუარებიდან. ის ახლა სულ უფრო და უფრო იწურება და როგორც კი სალომე დიქტოფონს გამორთავს, ეგრევე მოვწყდები. ფაქტობრივად, ეს ბოლო ენერგია სალომეს დავახარჯე და თან, დავამადლე (იცინიან). რუსა, შენ – არა. ერთი სიტყვით, დავამთავროთ და გამოვრთოთ, სანამ ვანო გადაიწვა.


скачать dle 11.3