კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ნანობს ნიკუშა შენგელაია და როგორ ემუქრება ის მსოფლიოს ცნობილ მილიონერებს გაკოტრებით



მას თავიდანვე გაუმართლა, რადგან იღბლისგან ყველაზე დიდი წყალობა – ცნობილი და დიდი წინაპრების შთამომავლობა ერგო. ეს მემკვიდრეობა ნიკუშა შენგელაიასთვის საუკეთესო სტარტი აღმოჩნდა – სახელოვანი ოჯახის წყალობით ცხოვრებაში ბევრი რამ გაუადვილდა, თუმცა, პასუხისმგებლობამ, რომელიც მის მდგომარეობას ახლდა, სადარდებელიც არაერთხელ გაუჩინა. კარგი მეგობრები, არაჩვეულებრივი მეუღლე, საყვარელი საქმე, რომელიც მისთვის ყველაზე საიმედო თავშესაფრად იქცა... – ნიკუშა შენგელაია იღბლის მადლიერია ბევრი ლამაზი წუთის გამო, მართალია, ხანდახან, თურმე მასაც ღალატობს ფორტუნა, მაგრამ იცის, რომ ყველაფერი ერთად არ მოდის და არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებს ხვდება.



ნიკუშა შენგელაია: ნამდვილად არ ვუჩივი იღბალს. ჩემი აზრით, ის, რომ თავიდანვე კარგი ადამიანების გარემოცვაში მოხვდები და კარგ ოჯახში გაჩნდები, ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკის, მისი ხასიათის, თვისებების ჩამოყალიბებაში. გენეტიკას დიდი დატვირთვა აქვს, ეს არის დიდი მეცნიერება. მე მაქვს როგორც დედის, ასევე მამის ხასიათი. მამასავით ვერ ვეგუები უსამართლობას, ჩემთვის ერთ რანგშია ის, რომ არ უნდა დაჩაგრო ქალი, ბავშვი; თუ ხელისუფლება ცდილობს შენს დაჩაგვრას, იმასაც პასუხი უნდა გასცე. ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან მქონდა ჩემი პოზიცია, რომელსაც ყოველთვის ხმამაღლა გამოვხატავდი, მაგრამ არასდროს მიბრძოლია საკუთარი ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. დედისგანაც ბევრი რამ მივიღე მემკვიდრეობით. დედაც კაცთმოყვარე იყო, მამაც ასეთია და მეც მაქვს ეს თვისება... ბავშვობაში ჩემს ოჯახს აღვიქვამდი ჩვეულებრივ მოვლენად, ნამდვილად არ მიგრძვნია აღმაფრენა იმის გამო, რომ ამ ოჯახში დავიბადე, მაგრამ ეს განცდა შეიცვალა მას შემდგომ, როცა ჩემი მშობლების, ბებია-ბაბუების სახელის უკან ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა დავინახე. მამაჩემი და მისი ძმები ადრე დაობლდნენ, ერთხელ მამამ მითხრა: მშობლებმა სამი სკამი დაგვიტოვეს სამ ძმას, მაგრამ მათი სახელები მთელი ცხოვრება გვიკვლევდა გზასო.

– თქვენი სახელოვანი ოჯახის წყალობით, ალბათ, ბევრი რამ უფრო იოლად მისაღწევი იყო თქვენთვის და ყველა კარიც უფრო იოლად იხსნებოდა.

– ნამდვილად ასე იყო, ასეთი ოჯახის შვილობა ცხოვრებას გიიოლებს. ბევრ რამეში მეხმარებოდა ჩემი მშობლების სახელი, თუმცა, არც მე ვიჯექი გულხელდაკრეფილი (იცინის). სამხატვრო აკადემიაში როცა ჩავაბარე გამოცდები, ოთხ საათში გავაკეთე ის, რასაც სხვები რვა საათში აკეთებდნენ. ჩემი ოჯახის წევრები, არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომ ვინმესთვის დაერეკათ და ჩემი დახმარება ეთხოვათ, თუმცა, ეს რომ მოენდომებინათ, არავინ ეტყოდა უარს... თუ ხატვა არ შეგიძლია, ვისი შვილიც გინდა იყავი – ვერაფერს გააკეთებ, ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ მეც კინოსთვის, თეატრისთვის დამეკავშირებინა ცხოვრება, არ შემიშვეს უფრო რთულ სფეროში და დამიფარეს იმ სიძნელეებისგან, რაც მათ ცხოვრებას ახლავდა თან. მე ავირჩიე სფერო, სადაც ადამიანი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალია. ვფიქრობ, რომ გამიმართლა, როცა ცხოვრება ხატვას დავუკავშირე. მართალია, ბოლო პერიოდში შევეშვი ფერწერას, მაგრამ მხატვრობამ ბევრი ბედნიერი წუთი მომანიჭა. მქონდა გამოფენები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, ვაფორმებდი კინოს, თეატრს... მიყვარს ექსპერიმენტები. ხატვა ცალკე დგას – ეს არის ჩემი იდუმალი სამყარო, რომელსაც ვაფარებ თავს, როცა სოციალური პრობლემები მიტევს. ეს არის დროებითი, მაგრამ საიმედო თავშესაფარი, როცა საკუთარ თავთან ვრჩები მარტო და ვპოულობ სიმშვიდეს.

– თქვენს ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი იყო?

– რა თქმა უნდა, იყო. ბევრ რამეს მერე ვაფასებთ, როცა ის ამბავი ჩაივლის. ყოველთვის მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც ძალა მმფარველობს. არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება, მაგრამ, ახლაც ასეა... ძალიან აქტიური ახალგაზრდობა მქონდა ყველა თვალსაზრისით. ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომელთა არსებობაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ძალიან ბევრი მეგობარი გამომაკლდა ახალგაზრდობაში, მათ გამო ბევრჯერ მინანია: ვინანე მაშინ, როდესაც ლევან აბაშიძის გვერდით არ ვიყავი, როცა ის თბილისიდან ომში ისე წავიდა, რომ ვერ დაველაპარაკე. რაღაცნაირად მოხდა ირაკლი კოსტავას ამბავიც – იმ საღამოს ერთად ვქეიფობდით და ვერ ვიგრძენი, რაღაც რომ აწუხებდა. ბიჭი ადგა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო. ერთი საათის დაშორებულები ვიყავით. როცა მეგობარი მიდის, ფიქრობ, რამე ხომ არ დააკელი. მეგობრებში არასდროს მქონია იმედგაცრუება. ღმერთის წყალობით, ბევრი კარგი მეგობარი მყავდა და მყავს დღესაც. 20 წლის ასაკში ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ გადავრჩით...

– საქმეში უფრო იღბლიანი ხართ თუ პირად ცხოვრებაში?

– საქმეში უფრო თავად ქმნი საკუთარ იღბალს, არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოლოში ისე გადიან, რომ შეუმჩნევლები რჩებიან. ჩემს შემთხვევაში თავისითაც ბევრი რამ მოვიდა, მაგრამ იმის საფასურიც მივიღე, რაც გავიღე – პროფესიულ იღბალს არ უმტყუნია. ადამიანი ქმედებისთვისაა შექმნილი, სულ რაღაც უნდა აკეთო... ხანდახან გვერდზე უნდა გაიწიო და იქიდან შეხედო საკუთარ თავს, იმიტომ რომ, შეიძლება, რაღაცამ აგიყოლიოს და შეცდე.

– როგორც ამბობენ, განსაკუთრებით იღბლიანი იყავით ქალებთან და ბევრის გულის დაპყრობაც მოახერხეთ.

– ამაშიც სჭირდება მამაკაცს იღბალი. კარგი ქალი რომ იყოს შენ გვერდით, ამას მხოლოდ ჭკუა და გარეგნობა კი არა, იღბალიც უნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, რომელიც ახლა მყავს... ახალგაზრდობაში სხვანაირად იყო – გრძნობა მოდის და მიდის. ახლა სხვაა. ახალგაზრდობაში ბევრს ვფანტავთ და მერე ვკრეფთ. ასე ფანტვასა და აკრეფაში გადის ეს ცხოვრება, თუმცა მთავარია, აკრეფის შანსი მოგვეცეს (იცინის). სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გარდა, ოჯახს კიდევ ბევრი რამ სჭირდება და, საბედნიეროდ, ჩემს მეუღლეს ყველა ეს თვისება აქვს, ავადმყოფურად გრძნობს პასუხისმგებლობას სანამ გაიღვიძებს, მანამ გარბის სახლიდან სხვის საქმეებზე.

– თქვენს ცხოვრებაში ეკა შემთხვევით მოვიდა?

– დიახ, სრულიად შემთხვევით – თავისმა მეგობარმა მოიყვანა ჩემთან. ის შეხვედრა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, საერთოდ არ გადაკვეთილიყო ჩვენი ცხოვრება. შეხვედრაც ხომ იღბალია?

– აზარტულ თამაშებში ფორტუნა გწყალობთ?

– არა, მოგებაზე უფრო ხშირად წამიგია. დიდი აზარტული მოთამაშე არ ვარ, მაგრამ კაზინოში დავდიოდი და ვერ ვიტყვი, რომ ბედი მიღიმოდა. დიდი თანხებით არ ვთამაშობდი, 500 ლარს არ გავცდენილვარ და, შესაბამისად, არც დიდი ფული წამიგია არასდროს. საერთოდ, არ მიყვარს კარტი, ნარდი. არასდროს არაფერი მომიგია, არც ლატარია მითამაშია იმ იმედით, რომ რამე მომეგო – ყველაფერი ერთად სადაა?! ზედმეტს არ ვითხოვ და არ ვეპოტინები, მით უმეტეს, როცა კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. ადრეული ასაკიდან ვთამაშობდი ჩოგბურთს, ფეხბურთს, ვსრიალებდი თხილამურებით, მიღწევებიც მქონდა, მერე მთლიანად ხელოვნებისკენ წავედი (იცინის). არც არავისი მილიონები არ მინდა, ფული არაა ცუდი – გააჩნია როგორ დახარჯავ. მე შემიძლია, წავუკითხო ლექციები მილიონერებს ფულის ხარჯვით ნაწილში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი გაკოტრდება. სამაგიეროდ, სწორი ცხოვრებით, სრულყოფილად იცხოვრებენ. რა, რომ არ გაკოტრდნენ, იმქვეყნად წაიღებენ იმ ფულს თუ რაშია საქმე?

– ფულის მოპოვებით ნაწილშიც შეგიძლიათ ლექციების წაკითხვა?

– ფულის დიდი მომპოვებელი არ ვარ, ამიტომაც ამ ნაწილში რჩევას ვერავის მივცემ. მე არ ვარ ბიზნესის ნიჭით დაჯილდოებული კაცი, მამაჩემს ვენახები აქვს, ღვინოს ვამზადებთ, გვინდა რომ გავყიდოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის – მეგობრებთან ერთად იმ კარგ ღვინოს ჩვენ თვითონ ვსვამთ (იცინის). ფულზე ვერ ვიწუწუნებ, იმდენი მოდის, რაც, ასე თუ ისე, გვყოფნის. როცა არც სახლი გაქვს და არც საოჯახო ნივთები, დღეს რთულია მათი შეძენა, რადგან მე შთამომავლობით დამრჩა ეს ყველაფერი, ყოველდღიური ფულის შოვნას ვახერხებ.

– მატერიალური მემკვიდრეობიდან ყველაზე ძვირფასი რა აღმოჩნდა თქვენთვის?

– ის ნივთები, რაც ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ, ნახატები, რომლებიც მათ აჩუქეს. ჩვენს სახლში ბევრი ისეთი ნივთია, რაც ჩემებს ცნობილი ადამიანებისგან დარჩათ სახსოვრად, ეს ყველაფერი უკვე რელიკვიაა, რომელიც ჩვენთვის მატერიალური თვალსაზრისით ნამდვილად არაა ღირებული – ყველა ნივთს ჩემს ოჯახთან დაკავშირებული ისტორია აქვს.

თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3