კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გააძევა დიმიტრი შაშკინმა სახლიდან და რისთვის „იხდის სასჯელს“ ის



ის კოლეგებს შორის ბევრი თვისებით გამოირჩევა – ძალიან კომუნიკაბელურია და უშუალო, შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მინისტრობის არცთუ ისე ხანგრძლივი სტაჟი აქვს, პოპულარული სახე ძალიან მალე გახდა. დიმიტრი შაშკინს მოსავლელად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო აქვს ჩაბარებული, ალბათ, ამიტომაც, მისი ცხოვრება ბოლო თვეებში რადიკალურად შეიცვალა. თუმცა, არის ბევრი რამ, რასაც მინისტრი „ძველი ცხოვრებიდან“ ვერ შეელია – ძველებურად თავად მართავს მანქანას, კინოშიც დადის და ყავასაც რკინის ჭიქიდან სვამს. ეს ფიარის ნაწილი ნამდვილად არ არის, უბრალოდ მინისტრიც, როგორც თავად ამბობს, „სასჯელს იხდის“, თუმცა ვერ გაარკვია, რისთვის ერგო ეს „სასჯელი.“



– ბატონო დიმიტრი, რვა თვეა, რაც სამინისტროს ხელმძღვანელობთ. ისეთი აღმოჩნდა მინისტრობა, როგორსაც მოელოდით?

– რთულია, ძალიან რთული. თუმცა, ვატყობ, რომ უკვე მივეჩვიე ჩემს სამსახურს. როცა ახალდანიშნული ვიყავი, სიზმრებს საერთოდ ვერ ვხედავდი, ახლა ძველებურად კარგ, ფერად-ფერად სიზმრებს ვნახულობ. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მინისტრობას ბევრი ხიბლი აქვს, არც ასე ყოფილა საქმე (იცინის).

– ბოლო დროს ვრცელდება ხმები, რომ პრემიერ-მინისტრობას გიპირებენ. როდის უნდა ველოდოთ თქვენს გაპრემიერებას?

– მერწმუნეთ, რომ ტყუილია. არც ვიცი, საიდან წამოვიდა ეს თემა. ყველაზე მარტივად, რითაც ამ ხმებს გავაბათილებ, ისაა, რომ ეკონომისტი არ ვარ და ამ სფეროში ბევრი არაფერი მესმის. ჩემი აზრით, ნიკა გილაური ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრია. ეს ხმებიც, ალბათ, იმიტომ გავრცელდა, რომ ბოლო დროს სკანდალების დეფიციტია (იცინის).

– ასე ამბობენ, მაგრამ მერე ჭორები მართლდება ხოლმე.

– დამერწმუნეთ, რომ ჩემი გაპრემიერება არც ერთ ინსტანციაში არ განიხილება. მე ჩემს სამინისტროსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს, ეს გეგმები გათვლილია 2013 წლამდე. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ასე რომ, დიდხანს არ ვაპირებ აქედან წასვლას.

– გუანტანამოს ციხის შესახებ რას იტყვით, ჩვენი კრიმინალები არ გვეყოფა, ოკეანის იქიდან რომ ჩამოვიყვანოთ სხვები?

– გუანტანამოს არც ერთი პატიმარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არ მოხვდება. არ ვიცი, რამდენჯერ, რა ფორმით უნდა გაეცეს ამ შეკითხვას პასუხი, მაგრამ იმას დანამდვილებით გეუბნებით, რომ იმ ციხის არც ერთი პატიმარი ჩვენთან არ იქნება. სამინისტრო მონაწილეობას არ იღებს არანაირ მოლაპარაკებებში. რამე რომ ხდებოდეს ჩვენც ჩართულები ხომ უნდა ვიყოთ ამ პროცესში?

– პენიტენციალური სისტემა ძალიან მძიმე სფეროა, არ გაგირთულათ ცხოვრება ამ სისტემის თავკაცობამ?

– სიმართლე გითხრათ, ამ თვალსაზრისით ჩემი ცხოვრება არ გართულებულა. მე გავიზარდე იურისტების ოჯახში: მამა პროკურატურაში მუშაობდა, დედა კი ვიცე-პოლკოვნიკი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამძებრო სამმართველოში. ბავშვობიდან მესმოდა საუბარი იურისპრუდენციასთან, დანაშაულთან დაკავშირებით. ასე რომ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში გენეტიკამაც ძალიან შემიწყო ხელი, დეტექტივებზე ვარ გაზრდილი (იცინის). მოგვიანებით მეც ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეიარაღების სამსახურში. საკმაოდ ბევრი იარაღი მებარა. მიყვარს იარაღი, მაგრამ საგულდაგულოდ ვინახავ – თითქმის არასდროს ვატარებ თან.

– იმ ცხოვრებიდან, რაც მინისტრობამდე გქონდათ, ყველაზე მეტად რა გაკლიათ?

– ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ძილი მაკლია (იცინის). ჩვეულებრივ ადამიანს რვა საათი ძილი მაინც სჭირდება, რომ დაისვენოს და ძალები აღიდგინოს, მე ბევრად უფრო ცოტა ხანს მძინავს, რაც ჩემს ფიზიკურ მომზადებაზეც აისახება. წყალბურთელი ვიყავი და წყალი ჩემი სტიქიაა, ადრე აუზზე კვირაში ხუთჯერ მაინც დავდიოდი, ახლა სამჯერ რომ მოვახერხო მისვლა, ესეც კარგი „შედეგია“. პოპულარული სახე რომ ხდები, ამას ბევრი დისკომფორტიც ახლავს: სადაც არ უნდა მივიდე, ისე მათვალიერებენ, ზოოპარკში რომ უყურებენ იქაურ ბინადრებს (იცინის). ბოლომდე ვერ შევეჩვიე დაცვის თანხლებით სიარულს. თუ აუცილებელი არაა, დაცვის გარეშე დავდივარ და ავტომანქანასაც მე თავად ვმართავ. ძალიან ცუდია, როცა საზოგადოება გადამეტებულ ყურადღებას გაქცევს. ამის მიუხედავად, ბევრ რამეზე მაინც არ ავიღე ხელი. თუ დრო გამოვძებნე, მეგობრებთან ერთად რესტორანში ან სახინკლეში მივდივარ. კვების არანორმალური რეჟიმი მაქვს, რის გამოც კუჭის ტკივილი დამჩემდა. ესეც მინისტრობის „სინდრომია“ (იცინის). ძველებურად ვცდილობ, რომ შეძლებისდაგვარად გავატარო დრო შვილებთან ერთად, სადმე წავიყვანო ისინი, საღამოს მათთან ერთად ვითამაშო. კინოთეატრშიც დამყავს ბავშვები. ცოტა ხნის წინ ახალი ფილმი ვნახეთ „რუსთაველში“. სიუჟეტი ციხიდან პატიმრის გაყვანას ეხებოდა. ვსხედვართ დარბაზში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი მოადგილე, ვუყურებთ ფილმს და აქეთ-იქიდან ჩურჩული გავიგე: შეხედე, ამერიკულ გამოცდილებას იზიარებენო (იცინის). ახლა ვარძიაში მოვაწყვე ექსკურსია – მეუღლე და ბავშვები ვარძიაში წავიყვანე, ბოლომდე ხომ არ უნდა დაკარგონ მამა და მეუღლე! (იცინის).

– გამოდის, ექსკურსიებს მხოლოდ ციხეებში არ აწყობთ?

– ასეა. ჩვენ ვერ გავხსნით ციხეს იმაზე მეტად, ვიდრე ეს შესაძლებელია. ამიტომაც არ მივიღებ პრეტენზიებს, რომელსაც ხანდახან ოპონენტები მიყენებენ. 1992 წელს გახსნეს ციხის კარი და ამას რაც მოჰყვა, ყველამ კარგად იცის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. გლდანის ციხის ნახვის საშუალება იმდენ ხალხს მიეცა, ციხის დირექტორი ხუმრობს: თავი ყველაზე დიდი ციხის დირექტორი მეგონა და მუზეუმის დირექტორი ვყოფილვარო. რამდენიმე წელიწადში სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტესობა ასეთსავე მდგომარეობაში იქნება და ექსკურსიები მერე ნახეთ (იცინის).

– დაცვის გარეშე რომ დადიხართ, არ გეშინიათ? კულტურის სამინისტროს კი არ ხელმძღვანელობთ, რომ მტრები არ გყავდეთ.

– არა, არ მეშინია. ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს ეს საქმე? ქვეყანაში იმდენად მდგრადი სიტუაციაა, ამაზე ფიქრი არ ღირს. ერთადერთი, რისიც პათოლოგიურად მეშინია, ფრენაა. ეს შიში ვერ დავძლიე, მაგრამ მივეჩვიე. მეც და ჩემს მეუღლესაც ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და თითქმის ყველგან ერთად ვართ ნამყოფი, მასაც ჩემსავით ეშინია ფრენის და ეტყობა, ამიტომაც არ მიშვებს მარტოს (იცინის). კიდევ კარგი, ბავშვებსაც ჩვენსავით არ ეშინიათ. ახლა, ზაფხულში, საფრანგეთში წავიყვანეთ ბავშვები და „დისნეილენდი“ დავათვალიერებინეთ. ერთი ინციდენტი კი გადაგვხდა თავს: მოულოდნელად ბავშვი გაგვიხდა ცუდად. დავრეკე სასტუმროს ადმინისტრაციაში და ექიმი გამოვიძახეთ. ექიმი გასული იყო და მისი თანაშემწის დახმარება შემოგვთავაზეს. თანაშემწე აღმოჩნდა სასტუმროს მეხანძრე, რომელსაც სამედიცინო კურსები ჰქონდა გავლილი. ძალიან გავბრაზდი, როცა გავხსენი ნომრის კარი და ჩაფხუტში და სპეცფორმაში გამოწყობილი მეხანძრე დავინახე, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ექიმის თანაშემწე იყო. ბავშვს ხელოვნურ სუნთქვას ჩავუტარებო, დამპირდა, მაგრამ ვერ ვენდე – ბავშვს სურდო ჰქონდა და ხელოვნური სუნთქვა რად უნდოდა?! წადი, კაცო, აქედან, წადი-მეთქი, – ვეძახე. ძლივს დაგვანება თავი (იცინის).

– ისეთი ემოციური ადამიანი ხართ, რომ ფრანგი მეხანძრის დახმარებაც კი გააპროტესტეთ?

– ემოციური ვარ, მით უმეტეს, როცა საქმე შვილების ჯანმრთელობას ეხება. სიმართლე გითხრათ, ამ თვისებას მე თვითონ ვებრძვი. მაქვს ჩემი მეთოდი, ოღონდ, საიდუმლოა (იცინის). არ მიყვარს დაუნახავი, უმადური ხალხი და ისეთები, რომლებიც სხვისი უკანა ნაწილით ზღარბებს ჭყლეტენ. როგორც კი ასეთ ადამიანებთან მიწევს შეხება, ძალიან ადვილად ვფეთქდები. საბედნიეროდ, ჩემი აფეთქებები მოკლევადიანია. იმასაც გეტყვით, რომ კიდევ ერთი ცუდი თვისება მაქვს – ძალიან ბევრ ყავას ვსვამ დღის განმავლობაში, რაც ჯანმრთელობას ვნებს. როგორც პატიმრებს, მეც ჩემი საკუთარი რკინის ჭიქა მაქვს.

– არ მინდა, დავიჯერო, რომ ესეც ფიარის ნაწილია და თქვენც ისე გინდათ „დაიტანჯოთ“, როგორც თქვენი „ბინადრები“.

– იმათ ის მაინც იციან, რატომ იხდიან სასჯელს და რატომ სვამენ რკინის ჭიქებით, აი, მე ნამდვილად არ ვიცი (იცინის).

– საოჯახო საქმისგან მთლიანად გათავისუფლებული ხართ თუ გევალებათ რამე?

– ჩვენს ოჯახში სრული პატრიარქატია – მამა მუშაობს და ოჯახს მართავს, დედა სახლშია და ბავშვებს უვლის (იცინის). უფროს შვილთან ერთად კომპიუტერს რომ ვთამაშობ, ეს დახმარება არაა? კვირაობით, როცა დრო მაქვს, ეზოს ვრწყავ. მე ისნისა და ორთაჭალის საზღვარზე, კერძო სახლში ვცხოვრობ. ეს სახლი ჩემი პროექტით ავაშენე, თვითონ შევარჩიე დიზაინი ჟურნალის მეშვეობით. ახლა მაქვს ძალიან ლამაზი ეზო, სადაც ბინადრობდა ჩემი საყვარელი ძაღლიც, რომელიც ვაჩუქე ბიძაშვილს, იმის გამო, რომ ადამიანებს ჭამდა (იცინის). ოჯახში დიქტატორი ქმარი არ ვარ, მაგრამ ახლა მეც და ანასაც ბავშვების მიხედვა მის პრიორიტეტად მიგვაჩნია. ასე შევთანხმდით. მე და ანას ერთი ინსტიტუტი გვაქვს დამთავრებული, ოჯახიც საკმაოდ სტაჟიანი გვაქვს – თერთმეტი წლის წინ შევუღლდით.

– როგორია თქვენი დაოჯახების ისტორია?

– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სასამართლოში გავიცანით. 1996 წელს დააპატიმრეს ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩვენ ერთად ვსწავლობდით ბერძნულ უნივერსიტეტში, სანამ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. ჩემ შემდეგ ბერძნულ უნივერსიტეტში სწავლობდა ჩემი მომავალი მეუღლე, რომელიც სხვა მეგობრებთან ერთად მოვიდა ჩვენი მეგობრის საგულშემატკივროდ. წელიწად-ნახევარი ვხვდებოდით ერთმანეთს. როგორც კი ოჯახის შენახვის საშუალება მომეცა, მაშინვე ცოლად მოვიყვანე. ანამ იმ წელიწადნახევრიან მოლოდინს კარგად გაუძლო და დღეს მშვენიერი ოჯახი გვაქვს (იცინის).

– მაგრამ, თქვენი რეჟიმის გამო ალბათ ანას, ბევრი საყვედურის თქმა უწევს.

– ხანდახან მსუბუქი საყვედურებით შემოიფარგლება ხოლმე, იცის, რომ რთულ საქმეს ვარ შეჭიდებული და საკუთარ მდგომარეობას შეეჩვია. კომპენსაციას სხვა მხრივ იღებს – მას, როგორც ქალს, ძალიან უყვარს „შოფინგებზე“ სიარული და, როცა ერთად ვართ უცხოეთში, ანა სიამოვნებით უძღვება ამ საქმეს, მე კი მის მოლოდინში „ვიტანჯები“ (იცინის).

თამუნა სამადაშვილი


скачать dle 11.3