კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა აკონტროლებდეს ადამიანი ყოველდღიურად საკუთარ თავს და როდის იქცევა ის „ცოცხალ გვამად“

ამპარტავნება და პატივმოყვარეობა დღეს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რომელიც ხშირად ადამიანებისთვის სავალალო შედეგებით სრულდება და ძალიან ბევრი ცოდვის მიზეზი ხდება. ამპარტავნების შესახებ გვესაუბრება წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა (ბიკაშვილი):





– არსებობს ორი მანკიერება და ორი ვნება, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, ესენია: პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. ადამიანი ცდილობს, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, ყველაფერში საკუთარი თავი წარმოაჩინოს და ამით გახდეს სხვა ადამიანებისთვის მიბაძვის ობიექტი. ეს შეიძლება, ერთი მხრივ, კარგიც იყოს, თუ ადამიანი არის მორწმუნე, მეცნიერი, მაგრამ ძნელია, ამ ყველაფერს სწორად მიუდგეს და ბოლომდე აკონტროლოს თავისი სულიერი ძალები. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად, არ არის ამპარტავნების ცოდვაში ჩავარდნილი. ჩვენ, მოძღვრები, აღსარებას ვიბარებთ, მოდიან ჩვენთან ადამიანები და ხშირად იმეორებენ, რომ სცოდეს ამპარტავნებით. მაგრამ, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს – ცდილობს, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და შეებრძოლოს საკუთარ თავში ამპარტავნებას, ამ სულიერ დაავადებას, გამოსწორდეს და გახდეს თავმდაბალი. ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს, აკეთებდეს და ამტკიცებდეს საქმით, რომ მისი ყველა წარმატება, შექმნილი მდგომარეობა, უფლის დამსახურებაა, რათა არ ჩავარდეს ამპარტავნებაში. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ეკლესიაში ახალმოსულებს, რომლებიც უფლის საიდუმლოებში იღებენ მონაწილეობას, გავა გარკვეული დრო და უკვე ისინი იწყებენ სხვა ადამიანების განსწავლას, არადა, თავად არ შეუსწავლიათ ჯერ უფლის გზები ბოლომდე. არ გადაუტანიათ ის სულიერი ბრძოლები, ყველა ქრისტიანმა რომ უნდა გადაიტანოს. სულიერი ბრძოლების გარეშე არ მოხდება ადამიანის სულიერი წარმატება, ფერისცვალება. თუმცა, ადამიანის მოწადინებაზე, მის ძალაზე, სურვილზეა დამოკიდებული, როგორ გადალახავს ის ბრძოლებს და როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან. ამპარტავნებაა, როცა ერთი ადამიანი მეორეს ზემოდან უყურებს. ერთი წმიდა მამა ამბობს, ადამიანი იმ შემთხვევაში შეიძლება, სხვას უყურებდეს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. როდესაც ადამიანი თავმდაბალია, თუმცა ამ შემთხვევაში მონური მორჩილება არ იგულისხმება, მშვიდია, საკუთარ თავში სიმშვიდეს ატარებს, ესე იგი მას უფალი უპოვია და სხვა ადამიანებიც ეყვარება. პატივმოყვარე ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია. მას არ უყვარს სხვები და ამპარტავნება აშორებს უფალთან, ადამიანებთან.

– რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ის არ ჩავარდეს ამპარტავნებაში?

– თუ ადამიანი თავის ყველა მიღწევას, წარმატებას უფალს მიაწერს, მაშინ თავიდან აიცილებს ამ ცოდვას, რომელიც სულიერი დაავადება – პათოლოგიაა. მისგან განკურნება მხოლოდ დედაეკლესიის წიაღში, უფლის დახმარებით ხდება. მასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება, უფალთან ურთიერთობაა, რომელიც ადამიანს განკურნავს ამ სულიერი სნეულებისგან. იმავდროულად, ადამიანი თავს ყოველდღიურად უნდა აკონტროლებდეს. ყოველდღე უნდა ჩაიხედოს საკუთარი სულის სარკეში, ანუ სინდისში, რომელიც მას ყოველთვის ამხელს. იმ ადამიანსაც, რომელიც პატივმოყვარეობის ცოდვით არის შეპყრობილი, სინდისი აუცილებლად ეტყვის: საკუთარ თავზე ზედმეტს ხომ არ იღებ, არ ხარ მართალიო. ყალბი მოჩვენებითობა, სულიერი პათოლოგიაა და ამიტომაც ებადება ადამიანს აზრი, რომ ის ყველაზე უკეთესია. და, რადგან ყველაზე უკეთესია, მასთან ვერავინ მოვა და აქედან იბადება მასში ეგოიზმი, უსიყვარულობა. მას აღარ უყვარს ადამიანები, რადგან ისინი მის ცხოვრებაში უმნიშვნელო არსებებად მიაჩნია. ისინი მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს – ქება-დიდებით აავსონ და განადიდონ. ეს, გარკვეულწილად, უმადურობაც არის უფლის მიმართ. მას აღარ უნდა უფალი და ფიქრობს, რომ აღარ სჭირდება. აღარ ცნობს უფალს, მის წყალობას და ავიწყდება, რომ ის არის არა შემოქმედი, არამედ ქმნილება.

– დღეს ბევრი ადამიანია ასეთ მდგომარეობაში?

– ხშირ შემთხვევაში, ეს ორი ვნება სხვა ვნებებსა და ცოდვებს წარმოშობს, ერთ-ერთია განდიდება. მაგალითად, რომის იმპერატორი დომიციანე იქამდეც მივიდა, რომ საკუთარი თავი ღმერთად გამოაცხადა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ღმერთად აცხადებს, ეს უკვე ყველაზე რთული მდგომარეობაა. ადამიანის დაცემას არ აქვს საზღვარი, – გარკვეულ ცოდვაში ღრმად რომ ჩაეფლობა, ის უკვე მეორე ცოდვაში გადადის, შემდეგ მესამეში და ასე გრძელდება. რა თქმა უნდა, დღეს ასეთი ადამიანები მრავლად არიან. ბევრს საკუთარი თავი ღმერთად წარმოუდგენია, თუმცა იმპერატორის მსგავსად, ამას ხმამაღლა არ აცხადებს, რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეს. ეკლესიაშიც ბევრი ასეთი ადამიანი მოდის. მათ სულიერ მდგომარეობას თუ შევისწავლით, გავესაუბრებით, მივხვდებით, ასეთ ადამიანს საკუთარი თავი ღმერთი ჰგონია და მას იმის სურვილიც არ აქვს, უფალი იპოვოს. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც აქვთ სურვილი, ღმერთი იპოვონ და ასეთები მას ყოველთვის იპოვიან. მაგრამ, ის ადამიანი, რომელსაც არ უპოვია ღმერთი და არ აქვს ამის სურვილი, ორმაგად უბედურია და ორმაგად ცუდ მდგომარეობაშია – მას არ აქვს სურვილი იპოვეს მისი მაკურთხებელი ღმერთი, რომელიც ყველას აძლევს წყალობას. ასეთი ადამიანის სულიერი მდგომარეობა მკვდარია, ხრწნილებას განიცდის. ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მართალია, ცოცხლები არიან – ჭამენ, სვამენ, მაგრამ მაინც ცოცხალ-მკვდრები, ცოცხალი გვამები არიან. ღვთისმეტყველებაში წერია, ადამიანი რაც უფრო წარმატებულია სულიერ ცხოვრებაში და მეტად მორწმუნეა, მით უფრო ცოცხალიაო. ასეთი ადამიანების ცხოვრებას აქვს აზრი, მიზანი, რასაც ცხონება ჰქვია. ის თავისი კარგი ადამიანობით, სხვებთან ურთიერთობით, იდეალური მიდგომით ალამაზებს როგორც საკუთარ, ასევე სხვების ცხოვრებას. ის დადებით აურას გამოსცემს, ყველაფრის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აქვს და მის გვერდით ადამიანები ბედნიერები არიან. თუ ადამიანი ბედნიერია, მის გარშემო ყველა ბედნიერია. თუ ადამიანი კარგია, მის გარშემო ყველა კარგია. ის არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ სხვა უბედური იყოს. თავად კი იმიტომ არის ბედნიერი, რომ მის სულში უფალი, სიყვარული, სიხარულია და ის თავის კარგ სულიერ განწყობას სხვებსაც გადასცემს. ამიტომაც, ის ყველა ადამიანს უყვარს, აფასებენ. აქედან გამომდინარე, მისი ცხოვრება წარმატებულია. ამპარტავანი გარკვეულწილად ცოცხალი გვამია – სულიერი თვალსაზრისით და ეს მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება. თუ ადამიანმა ღმერთი დაკარგა და ჩვენ მას ვუყურებთ თვალებში, ვესაუბრებით, ვგრძნობთ, ის სულიერად მკვდარია, მისი თვალებიდან სიცივე, სიბნელე გამოდის. მას ჰგონია, რომ მის გარშემო ყველაფერი ნადგურდება, ინგრევა და ასე თუ გააგრძელებს ცხოვრებას, ის მძიმე ცოდვამდე, თვითმკვლელობამდე მიდის. ის არარეალურ სამყაროში ცხოვრობს და ამიტომ უფლის გარეშე, მარტო რჩება, ჩაკეტილი და უნუგეშოა. იოანე ოქროპირი ამბობს: როდესაც ადამიანი თავს იკლავს, ის არა მხოლოდ საკუთარ თავს იკლავს, მას ბრალად ადამიანის მკვლელობაც ედებაო. ანუ ადამიანი ორმაგ მკვლელობას სჩადის – ის თავს იკლავს და უფლის შექმნილ ადამიანსაც კლავს. ყველა ადამიანი უნდა შეებრძოლოს პატივმოყვარეობის, ამპარტავნების ცოდვას და ამის გამოსწორება, სინანული საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. მაშინ მის გარშემო ცხოვრება დადებითისკენ შეიცვლება – მის ცხოვრებასაც აზრი გაუჩნდება.


скачать dle 11.3