კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეურაცხყოფილები და აგურმომარჯვებულები

ვისთვის იფურჩქნება ვარდი


მართალია, ხელისუფლება ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბრისთვის ჰპირდებოდა ქართველ პენსიონერებს, რომ მათ მინიმალურ პენსიას 100 აშშ დოლარს გაუტოლებდა, თუმცა დანაპირები ვერ აასრულა, რის მიზეზებადაც (ოღონდ, ისიც ირიბად) ხან მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ასახელებდა, ხან – ომს (თანაც მოგებულს), მოგვიანებით კი – რუსთაველზე ოპოზიციის სააპრილო გაბრწყინებას. მეორე მხრივ, იმაშიც გვარწმუნებდა, რომ მაშინ, როდესაც მთელი ევროპა ეკონომიკური კრიზისის ნანგრევებში სულს ღაფავდა, საქართველო შენდებოდა და მშვენდებოდა (ისე მტერი დაგიმშვენდათ, როგორც საქართველოს რუკაა დამშვენებული), თუმცა ამ საყოველთაო აღმშენებლობის მიუხედავადაც, პენსიონერების პენსიას 100 აშშ დოლართან გატოლება მაინც არ ეწერა (შესაძლოა, იმიტომაც, რომ ლარი დოლარის არც ტოლია და არც სწორი). ამის პარალელურად, კვლავაც მეტად მსუყედ ფინანსდება ჩინოვნიკთა სახელფასო ფონდი. ამ ტრადიციას ვარდების რევოლუციის აისზევე ჩაეყარა საფუძველი და ამ ზესვლას, როგორც რეალობა მოწმობს, ვერაფერი შეაჩერებს! ვერც აჩერებს, რადგან, მაგალითად, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, სულ რაღაც, 28 წლის ჩინოვნიკ ბურჯალიანის წლიური სახელფასო შემოსავალი 114 000 ლარია (შესაძლოა, იმიტომაც, რომ პენსიონერები არც ქ-ნი ბურჯალიანის ტოლები არიან და არც სწორები). ამის ფონზე ჩვენებური ხალხის რჩეულები, რომელთა წლიური, ოღონდ სახელფასო, შემოსავალი 40 000-სს ვერ ასცდა, წესით, მტკვრისკენ უნდა მირბოდნენ შეურაცხყოფილები და აგურმომარჯვებულები. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გადაცემაში „ვის უნდა 20 000“ ხალხის ერთმა რჩეულმა, ქ-ნმა რუსუდან კერვალიშვილმა, ვერც კი გაიხსენა, რომელი მეტროსადგურია „ვაგზლის მოედანსა“ და „ელექტროდეპოს“ შორის (მაშინ, როდესაც დედაქალაქში, ჰა და ჰა, 18 მეტროსადგურია), აგურის მომარჯვება, როგორც ჩანს, არც ამომრჩეველს აწყენდა.





სიყვარულის ნაშთები

ობოლი ბატკნები



მართალია, ამერიკა კვლავაც ჯიუტად იმეორებს, რომ პატივს სცემს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძველი სიყვარულის ნაშთებიღა შემოგვრჩა (სხვათა შორის, ორივე მხრიდან). ამის მიუხედავადაც, ავღანეთშიც ვიბრძოლებთ (პათოსით: „მე, ქართველი, ბუხაიძე…“) და ჩვენს მიწაზე გუანტანამოელ პატიმრებსაც მივიღებთ. თავის მხრივ, ხელისუფლება კონსოლიდაციისკენაც მოგვიწოდებს (იმიტომ რომ, გარდა დედაავღანეთისა, დედაერაყისა, დედაამერიკისა, „ორსოფელდაკარგული“, მაგრამ მაინც ჩვენი დედასამშობლოც საფრთხეშია!), ოღონდ ეს ხელს ვერ უშლის, რომ გადაწყვეტილებები კვლავაც მარტოდმარტომ და ერთპიროვნულად მიიღოს. შესაძლოა, ამიტომაც, გასულ კვირას „კონსერვატორებმა“ იმ კომისიის მუშაობაში მოითხოვეს ჩართვა, რომელმაც გუანტანამოელი პატიმრების ჩვენს მიწაზე გადმოყვანის პირობებზე უნდა იმუშაოს. თავად კონსერვატორები ჩართვის სურვილს ასე ხსნიან: ისედაც ობოლი ბატკნებივით დაუცველები ვართ და გუანტანამოს ტუსაღების დამატება ჩვენს უბედურებებს კიდევ უფრო გაამრავლებსო. თუმცა, სავარაუდოდ, კონსერვატორებმა უმალ საკუთარი ყურები შეიძლება, დაინახონ, ვიდრე ისინი ზემოხსენებული კომისიის მუშაობაში ჩაახედონ. ვერც ჩაახედებენ, რადგან აწი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენს ოკუპანტთან მოლაპარაკებისას გადასახურდავებლად თუ დავჭირდებით, შესაბამისად, ვის, თუ არა ხელისუფლებას, მოეხსენება, რომ სულზე უტკბესი პარტნიორის, თუ მთლად გულისკენ ვერა, ყოველ შემთხვევაში, მონელებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა სწორედ გუანტანამოს ფილიალობაზე გადის.





რაც მამამ პარიზში წაგიღო“

აი, ია



შესაძლოა, იმიტომაც, რომ (მათ შორის, კონსერვატორების) წინასწარმეტყველება, „ეს ხელისუფლება 9 აპრილს დამთავრდებაო“, ყოველ შემთხვევაში, აპრილის აქციების შემდეგ ვერ ახდა, ოპოზიცია შედარებით ახლოვადიანი და უფრო კონკრეტული პრობლემების წინ წამოწევის საქმეში გაიშალა. შესაბამისად, გასულ კვირას ახალგაზრდა კონსერვატორებმა რუსთაველის გამზირზე აქცია მოაწყვეს ქართული ენის დაცვის ეგიდით და დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე განლაგებული მაღაზიების მფლობელ-მეპატრონეებს მიუთითეს, რომ ინგლისურენოვანი წარწერების ქვეშ მაინც მიეწერათ ქართული სახელწოდებები (ანუ პატივი ეცათ მშობლიური ენისთვის). ჩვენ არ ვიცით, გაითვალისწინებენ თუ არა რუსთაველის პროსპექტზე მოკალათებული კერძო მესაკუთრეები ახალგაზრდა კონსერვატორების რჩევას და, სამწუხაროდ, არც ის, მიიჩნევენ თუ არა ქართულს მშობლიურად, სამაგიეროდ, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჩვენს პრეზიდენტს, დღიდან პრეზიდენტად შედგომისა, საერთაშორისო ტრიბუნაზე ქართულად „აი, იაც“ არ უთქვამს (რის გამოც, სახელდობრ, იტალიის პრეზიდენტისგან შენიშვნაც დაიმსახურა), რაც გვაფიქრებინებს, უფრო ზუსტად, უკვე გვაფიქრებინა, რომ მეფისტოლა ხალხს ქართულს უბრალოდ, ვერ აკადრებს. თუმცა, უნდა იყოს (აკადრებს თუ აკადრებენ), როგორც ჩანს, თბილისურმა მაღაზიებმაც პირველ პირს მიჰბაძეს (მიუხედავად იმისა, არ მგონია, რომ „კარტული“ მათაც „პარიზში დაგავიწყდათ“). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს სენი არახალია ქართული სინამდვილისთვის (არცთუ დიდი ხნის წინათ ქართული ელიტა რუსულს აღმერთებდა), არც ისაა გამორიცხული, მალე დახლებზე დასავლური ნეხვითაც გვასიამოვნონ.



„ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო“



შარშანდელი აგვისტოს შემდეგ საქმე ჩვენც ვიშოვეთ და ევროსაბჭოსაც გავუჩინეთ. შესაბამისად, რუსეთს ხან ერთი რეზოლუციით ავალებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხან კი – მეორით (თავის მხრივ, ეს რეზოლუციები რუსულ დელეგაციასაც მოსწონს და ქართულსაც); წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებამოსილების შეჩერებით, ანუ ხმის უფლების ჩამორთმევით ემუქრება. სწორედ ამ იმედით (ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრეს, თუმცა, სავარაუდოდ, გულში სხვაგვარად ფიქრობდნენ) გაემგზავრა მორიგ ევროპულ ტურნეში ქართული საპარლამენტო დელეგაცია: ხალხის რჩეულთათვის ეს ევროპული პოლიტიკის ცის კაბადონზე გაბრწყინების საშუალებაცაა (არ ვიტყვი, მარაქაში გარევის-მეთქი) და დამატებითი შემოსავლის წყაროც (ცნობილია, რომ რჩეულ-ჩინოვნიკები მივლინებებში ფულის დაზოგვასაც ახერხებენ).

ქართული სამაუწყებლო მედია ევროსაბჭოურ პოლიტდებატებს აქტიურად და ოპტიმისტურად აშუქებდა (ყოველ შემთხვევაში, იმ მიმართულებით, რომ გვირაბის ბოლოს თუ მთლად შუქი არა, ჭრაქი მაინც მოგვჩვენებოდა), კიდეც გვაიმედებდა, რომ მორიგ რეზოლუციაში რუსეთისთვის წინაზე მწვავე რაღაც-რუღაცეები ჩაიწერებოდა (და მერე რა, რომ ყველამ იცის, რუსეთი არც ასრულებდა და არც შეასრულებს ევროსაბჭოს მითითებებს!). მთავარ დამნაშავედ ლამის ბ-ნი გროსი დასახელდა (რომელიც ქართულმა მედიამ არცთუ ორაზროვნად რუსეთისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა), რომელმაც ევროსაბჭოს, არა დემოკრატიის სასწავლებელი, არამედ საავადმყოფო უწოდა. ფრაზამ ჩვენც გაგვახალისა, რადგან ავადმყოფებში, ბუნებრივია, რუსეთი მივათვალეთ (თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ბ-ნ გროსს, თუ მართლაც მიკერძოებულია, ჩვენც ასეთებად ვეგულისხმეთ). ავადმყოფია თუ ჯანმრთელი, რუსული დელეგაციის წევრი ბ-ნი მარკოვი იმთავითვე დარწმუნებული იყო, რომ ევროპელი კოლეგები უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდნენ (შიშს ვხედავ მათ თვალებშიო). ასეც მოხდა, რაც, მაგალითად, ქ-ნმა ჩიორამ (ქართული დელეგაციის წევრმა) ასე ახსნა: რუსეთს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რომ თავისი აღიარებები უკან წაიღოსო (რთული სათქმელია, რა არის ქ-ნი ჩიორას განმარტებების შთაგონების წყარო: ასაკი თუ პარტიული კონიუნქტურა); ბ-ნმა პეტრემ (ცისკარიშვილმა, რომელიც, თავის დროზე, ასევე, ქ-ნი ჩიორას ასაკში დაადგა პოლიტიკური კარიერის მომქანცველ გზას) გული გაგვიკეთა: ევროპელი კოლეგები გულში ჩვენსავით ფიქრობენ, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო ხვაშიადის ხმამაღლა გამჟღავნებას ერიდებიანო; ჰოდა, რაკი ერიდებიან, ევროსაბჭო რუსეთისთვის უფლებამოსილების საკითხის შეჩერებას ოთხი თვის შემდეგ, იანვარში დაუბრუნდება, ხოლო, რაკი იანვარში თოვლიც მოსული იქნება, ევროპელებს შიში (უგაზოდ დარჩენისა) კიდევ უფრო გაუცხოველდებათ.

აქედან გამომდინარე, რუსულ-ქართული ურთიერთობის, ყოველ შემთხვევაში, ევროსაბჭოული დინამიკა, შემდეგნაირია:

რუსული დელეგაცია: ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

ქართული დელეგაცია: რაო, ბატონო, მელაო?

ოღონდ, ისაა, რომ კეთილი მონადირეების გამოჩენას არა და არ დაადგა საშველი!





ღია ყურის პრინციპი

მოსაკლავი უნდა მოიკლას!



რაკი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ბუმია, ხელისუფლება მშვიდად და აუღელვებლად ხვდება საპროტესტო აქციებს. შესაბამისად, „7 ნოემბრის“ მიერ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციასაც ოლიმპიური სიმშვიდით შეეგება. უნდა შეგებებოდა კიდეც, რადგან მოძრაობის წევრები კვლავაც შსს-ს აკრიტიკებენ, ხელისუფლებისთვის კი, ჯერ ერთი, შსს უაპელაციოდ ეჭვგარეშეა; მეორეც, პოლიციელთა მიერ დახოცილ ახალგაზრდებს კრიმინალებად მიიჩნევს და, რაც მთავარია, ხალხის რჩეულთა შეფასებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელი პოლიციის მაღალჩინოსნები მკვლელები არ არიან (რასაც სრულიად აღმასრულებელი ხელისუფლების აზრიც ემთხვევა. რომ არ ემთხვეოდეს, მკვლელებს არც პრეზიდენტი შეიწყალებდა). ამის მიუხედავადაც, მოძრაობა „7-მა ნოემბერმა“ პარლამენტს თხოვნით მიმართა და საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა პოლიციელთა მიერ მოქალაქეების მკვლელობების საქმეებზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ პარლამენტი ამ მოთხოვნას, ჩვეულებისამებრ, ერთ ყურში შეუშვებს და მეორიდან გამოუშვებს (იმიტომ რომ ღია ყურის პრინციპით მუშაობენ); ხელისუფალი პარლამენტის წინ ჩატარებულ აქციას თავის მიერვე წამოწყებული დემოკრატიული ტალღის ანგარიშზე მიიწერს; მეტიც, თუ გავიხსენებთ, რომ შარშან აგვისტოში, სულ რაღაც, „ორი სოფელი“ დავკარგეთ (სახელისუფლო ლოგიკით), ამ ფონზე ერთი გირგვლიანის სიკვდილის ხსენება, უბრალოდ, უხერხულია; მით უფრო, რომ ახალ-ქართულ-რევოლუციულ-დემოკრატიული ლოგიკით, მოსაკლავი უნდა მოიკლას!





უცოდინრობის ხიბლი

ანუ რატომ არის ბევრი ცოდნა მავნებელი



მართალია, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო და ვერც ხელისუფლება მალავს კმაყოფილებას, რომ ევროპულთან თანდათანობით გვაახლოებს (თუ მთლად ცოდნის დონით ვერა, 12 კლასით მაინც), თუმცა ქართველი „ლეიბორისტები“ კვლავაც სახელმძღვანელოების სიძვირეს უჩივიან (რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანად). შესაბამისად, მოითხოვენ, რომ ქვეყნის პირველმა პირმა მოსწავლეებს საკუთარი ფონდიდან გამოუყოს 30 მილიონი და სახელმძღვანელოები შეუძინოს. ლეიბორისტი ბ-ნი შატბერაშვილი სვამს რიტორიკულ კითხვას: როგორ უნდა ასწავლოს ოჯახმა ბავშვებს, თუკი 3-4 შვილი ჰყავსო (ქართული, ევროპულთან წილნაყარი განათლების სისტემის თავისებური მარილი ისიც არის, რომ უმცროს დედმამიშვილებს უფროსი დედმამიშვილების სახელმძღვანელოები არ გამოადგებათ)?! მიუხედავად რიტორიკულობისა, კითხვას აქვს მეტად მარტივი და პრაქტიკული პასუხი: საერთოდ არ უნდა ასწავლოს, რადგან ბევრის ცოდნა წუხილს ამრავლებს, წუხილი კი, ცოდნის გარეშეც, თავზე საყრელად გვაქვს! უფრო მეტიც, წერა-კითხვა რომ არ ვიცოდეთ, ვერც ტალიავინის კომისიის დასკვნას წავიკითხავდით, ვერც საქართველოს რუკაზე მომხდარ ცვლილებას შევამჩნევდით და პრეზიდენტის სასახლისთვის თვალის ერთხელ შევლებაც კი იქნებოდა საკმარისი და ნათელი დასტური იმისა, რომ „ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნება“!





„კლოუნები“ და სასოწარკვეთილები

„ლხინი – იქა, ჭირი – აქა“



საქართველოს მთავრობა ახალი წლის ღამით მთლად აბანოშიც არ დადის, სამაგიეროდ, სხდომებს მართავს მშენებლობების წიაღში. ეს ტრადიცია პრეზიდენტმაც განაგრძო: გასულ კვირას, მოსახლეობას თბილისშიც შეხვდა და მცხეთაშიც, თანაც ისე, რომ მის უკან მოფუსფუსე მშენებლებს წუთითაც არ შეუწყვეტიათ ხარაჩოებზე ცოცვა. ავანსცენა, თავისთავად, ისეა მოწყობილი, რომ გახმოვანების გარეშეც მიხვდება მეტ-ნაკლებად გონიერი მაყურებელი, რომ ქვეყანაში ისეთი აღმშენებლობაა, მშენებლები პრეზიდენტის მოსასმენადაც ვერ იმეტებენ ქაფჩას ხელიდან გასაშვებად. თუმცა, რაკი ეშმაკს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პუტინს) არ სძინავს, გასული კვირის გამორჩეულობა ის იყო, რომ პრეზიდენტმა დედაქალაქში, კერძოდ, კალოუბანში შეკრებილ თანამემამულეებს აღარ დაუმალა, რომ თბილისში არც ერთ მთავრობას, მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, არ გაუკეთებია ის, რასაც თავად აკეთებს (სავარაუდოდ, ის ხოხობიც მან იმსხვერპლა, ლეგენდა რომ ვახტანგ გორგასალს აბრალებს). მცხეთაში მტრის თვალის დასაბრმავებლად გამართულ აღმშენებლობაზე სიღნაღიც ახსენა, ბათუმიც (როგორც ყველაზე მაგარი საკურორტო ქალაქი ევროპაში) და არც ქუთაისი დაივიწყა, თუმცა საბჭოეთს ვერ გასცდა და ორინდუსტრიულზონაგახსნილ ოდესღაც სატახტო ქალაქში სამიოდ წელიწადში (ბუნებრივია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზები აფხაზეთის სამეფოს ტრადიციულ დედაქალაქს არ დაიბრუნებენ) იმაზე სამჯერ მეტის დასაქმებას დაგვპირდა, ვიდრე კომუნისტები ასაქმებდნენ. რაკი ეშმაკს (ანუ პუტინს) მართლაც არ ეძინა, ამასობაში სერგეი ლავროვი სოხუმშიც ჩავიდა, ბ-ნმა ვაშაძემ თავისი მინისტრის ვოიაჟს „კლოუნადა“ (ალბათ, უნდოდა, ეთქვა: მასხარაობაო) და სასოწარკვეთილების გამოვლინება უწოდა (ოღონდ, რამ წარუკვეთა სასო ბ-ნ ლავროვს, ბ-ნ ვაშაძეს აღარ დაუკონკრეტებია). ერთი სიტყვით, ტალიავინის კომისიამ, რაც უნდა ფქვასო, ამ ქვეყანას, ყოველ შემთხვევაში, 15 საუკუნის განმავლობაში, ბ-ნი სააკაშვილისნაირი მმართველი არ ჰყოლია.

ანუ, ლხინი – იქა, ჭირი – აქა, ფქვილი – იქა, ქატო – აქა!



ეთნოწმენდაჩატარებულები

მინისტრის რეცეპტი



ცოტა დიდხანს ველოდით, მაგრამ ტალიავინის კომისიის დასკვნა კიდეც გამოქვეყნდა და ინტერპრეტაციების საგნადაც იქცა. რფ კმაყოფილია, რაც სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ევროკავშირის მანდატით აღჭურვილმა კომისიამ ჩრდილოური იმპერია ოკუპანტად არ შერაცხა (მეტიც, ეთნიკური წმენდაც ჩრდილოკავკასიურ ფორმირებებს დააბრალა, თანაც ისე, თითქოს ჩრდილოკავკასიელები მარსელები ყოფილიყვნენ და საქართველოს ტერიტორიაზე კოსმოსური ხომალდიდან მოხვედრილიყვნენ). ამის მიუხედავადაც, ჩვენი, რფ-ის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი, გვაიმედებს: მართალია, რუსული სამხედრო აგრესია არსად ჩაიწერა, მაგრამ, სამაგიეროდ, ეს თითოეულ სტრიქონში იგრძნობაო (ესე იგი, ტალიავინის კომისიის დასკვნა, თუ მთლად „ვეფხისტყაოსანივით“ არა, „კოლხეთის ცისკარივით“ მაინც უნდა წავიკითხოთ). რეინტეგრაციის ენაკვიმატი მინისტრიც გვარწმუნებს, არსად წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყოო (თუმცა შავით თეთრზე დაგვიწერეს, რომ პირველებმა საომარი ცეცხლი სწორედ ჩვენ გავხსენით). აი, პრეზიდენტი კი დასკვნაში რუსული ტყუილების მოკლე ფეხებსაც ხედავს და იმითაც კმაყოფილია, რომ პირველად არა მხოლოდ საქართველოს, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ითქვა, რომ რუსეთმა აგრესია ჩაიდინა (თუ დასკვნას ბ-ნი ვაშაძის რეცეპტით წავიკითხავთ) და ქართველების ეთნოწმენდაც, როგორც იქნა, აღიარესო. ამის პარალელურად, პრეზიდენტმა არც ქართული ჯარის ძლევამოსილება დაივიწყა (რომელსაც ცხვირწინ ისე ჩაუტარეს საკუთარი მოსახლეობის ეთნოწმენდა, რომ ოკუპანტებს მამასისხლად ნაყიდი ათუხთუხებული ტანკები ფეშქაშად გაატანეს!). უმრავლესობის ერთ-ერთი იდეოლოგიური მამა ბ-ნი გაბაშვილი (შვილი) არ მალავს, რომ მთავარი ეთნოწმენდის დადასტურება იყო, დანარჩენი ინტერპრეტაციის საქმეაო. ხოლო, რაკი ინტერპრეტაციები მართლაც მრავალგვარია, ევროპამ კი დათვის მოფერება გადაწყვიტა, ყოველგვარი პოლემიკის გარეშეც აშკარაა, რომ ზემოხსენებული დასკვნა სუსტ რგოლს (ანუ ჩვენ) მიაჭყლიტავს.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეთნოწმენდის აღიარება თვით ევროკავშირულ კომისიასაც კი მოუწია, გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ სიკვდილიღა თუ შეგვიძლია, ისიც (ბრძოლაშიც ვერა) – ეთნოწმენდით!

ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3