კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემები ჩნდება ბავშვის მშობლებზე მიჯაჭვულობის დროს და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები



ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები მშობლებს იმდენად მიეჯაჭვებიან, რომ მათ გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებენ და განსაკუთრებით დედასთან მცირეხნიანი განშორებაც კი, მათში სტრესს იწვევს. სამწუხაროდ, ეს ერთი შეხედვით პატარა უსიამოვნება შესაძლოა, მომავალში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი გახდეს. როდის ეჯაჭვებიან ბავშვები მშობლებს, განსაკუთრებით როგორ ბავშვებს უჭირთ სიახლესთან შეგუება და როგორ უნდა დაეხმარონ მათ მშობლები ახალ გარემოსთან შეგუებაში, ამ საკითხებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცინაძე:

– ბავშვები თავისი ბუნებით კონსერვატორები არიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ „სტატუს-ქვო”. წარმოიდგინეთ, რა ძნელი მისაღებია ბავშვისთვის ის ფაქტი, რომ დედა, რომელიც მანამდე სულ მასთან იყო, ახლა ყოველ დილით უნდა გავიდეს სახლიდან, რადგან მას სამსახური ელოდება. ბავშვი ამ სიახლეს სხვადასხვა გამოხატულებით პასუხობს: დედას სახლიდან გასვლის წინ ებღაუჭება, ჭირვეულობს, ტირის. ბავშვისთვის მიუღებელია ეს სიახლე, რადგან ის გაჩენის დღიდან დედ-მამის სიყვარულითა და ალერსით არის გარემოცული და ეწინააღმდეგება ცვლილებების ნებისმიერ გამოვლინებას. ბავშვისთვის ჯერჯერობით ძნელი მისაღებია ის, რომ მშობლების და განსაკუთრებით, დედის ცხოვრების რაღაც ნაწილი არ არის მასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, მას ერთადერთი სურვილი ამოძრავებს: ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ადრე იყო. სიტუაცია ძალიან რომ არ გამწვავდეს და დედ-მამასთან განშორების ფაქტმა არ გამოიწვიოს ბავშვის პრობლემური ქცევა, საჭიროა ადრინდელი ასაკიდან ბავშვი მიეჩვიოს იმას, რომ მის გვერდით დედ-მამის გარდა, კიდევ ბევრი სხვა ადამიანია (ბებია-ბაბუა, სხვა ახლო ნათესავები და ოჯახის ნაცნობ-მეგობრები). კარგი იქნება, თუ ისინი ხანდახან შეცვლიან დედას და ბავშვთან გაატარებენ დროის გარკვეულ ნაწილს. ამით დედასაც შეუმსუბუქდება საქმე და ბავშვიც მიეჩვევა სხვა ადამიანებთან ყოფნას.

– როდის ყალიბდება ბავშვების მიჯაჭვულობა მშობლებზე?

– რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი არ განიცდის ამგვარ სიძნელეებს ახალ სიტუაციასთან შეგუების დროს. ბევრ მათგანს ახასიათებს თავგადასავლების მიმართ თანდაყოლილი სიყვარული, ახლის შეცნობის სურვილი. მორცხვი და მორიდებული ბავშვები კი უფრო ძნელად ეგუებიან ახალ ვითარებას. გარდა ამისა, ბავშვის ამგვარი ქცევა შეიძლება განპირობებული იყოს ფსიქოლოგიური ხასიათის გარკვეული პრობლემებით; გადატანილი შიშის, სტრესის ან სხვა ძლიერი უარყოფითი ემოციის განცდის შედეგად. ამგვარ ქცევას შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ნებისმიერ ასაკობრივ ეტაპზე.

– რას განიცდის ამ დროს ბავშვი?

– ამ დროს ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს, მას უჭირს დამოუკიდებლად წარმოშობილ პრობლემებთან გამკლავება და მტკივნეულად განიცდის დედასთან განშორებას რამდენიმე საათითაც კი. ჭირვეულობს, ცუდად სძინავს. ასეთ დროს 4-5 წლის ბავშვს მოულოდნელად შეიძლება მოუნდეს, რომ დედამ ხელში დარწევით დააძინოს, მას თავის ასაკთან შედარებით გაცილებით პატარა ბავშვის ქცევა უბრუნდება. (თითების პირში ჩადება, პატარასავით ტიტინი და სხვა). თუ მშობელს ამგვარ სიტუაციასთან უწევს შეხება, ის აუცილებლად უნდა ჩაუფიქრდეს ბავშვის ქცევის გამომწვევ მიზეზებს და არამც და არამც არ უნდა გაკიცხოს ამის გამო. ის საკუთარი ძალებით (შეუქმნას ბავშვს სიყვარულით აღსავსე გარემო) და სპეციალისტების დახმარებით, უნდა შეეცადოს გამოიყვანოს ბავშვი ამგვარი მდგომარეობიდან.

– როგორ უნდა გადაიჭრას ოჯახში ბავშვის მშობლებზე მიჯაჭვულობის პრობლემა?

– თავდაპირველად გეტყვით, იმისთვის, რომ თქვენმა არყოფნამ ნეგატიური რეაქცია არ გამოიწვიოს, სადმე წასვლის წინ აუცილებლად უთხარით ბავშვს, სად მიდიხართ და რამდენ ხანში დაბრუნდებით. ეს უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი აზრით, ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა ამ ინფორმაციის აღსაქმელად. თქვენი სიტყვები მას დაამშვიდებს და ლოდინს გაუადვილებს. ბუნებრივია, დედის სამსახურში გასვლას წინ უნდა უსწრებდეს გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის თანდათანობით გადასვლას ერთი ეტაპიდან მეორეზე. აუცილებელია, ამ პერიოდის განმავლობაში, მშობლები არ შეეცადონ ბავშვს შეაცვლევინონ ის მოქმედებები და ჩვევები, რაც მას მანამდე ჰქონდა. მაგალითად, არ დაიწყოთ ბავშვის „პამპერსიდან” ქოთანზე გადაყვანა, არ წაართვათ საწოვარა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არ შეიტანოთ ამ ეტაპზე კარდინალური სიახლე ბავშვის ცხოვრებაში. ასე მას უფრო გაუადვილდება საადაპტაციო პერიოდის გავლა. ასევე, მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რომელი დამხმარე ფაქტორის საშუალებით მოხდება ამ პრობლემასთან გამკლავება. მათ შეიძლება მიმართონ ძიძას ან უპირატესობა მიანიჭონ საბავშვო ბაღს. ორივე შემთხვევაში ბავშვი წინასწარ უნდა შეამზადოთ: ძიძის აყვანის შემთხვევაში, რამდენიმე დღეს მასთან ერთად უნდა დარჩეთ სახლში. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ თქვენ პატივს სცემთ ამ ახალ ადამიანს და ის უნდა გრძნობდეს თქვენს კეთილგანწყობას ძიძის მიმართ. ძიძას წინასწარ გააცანით თქვენი შვილის საყვარელი გმირები, სიმღერები, სათამაშოები, კერძები, ყველაფერი ის, რაც მას მოსწონს. თუ გადაწყვეტთ, ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანოთ, თავიდან რამდენჯერმე ერთად წადით იქ და დაესწარით იქაურ მეცადინეობებს. ბავშვმა უნდა ნახოს რა საინტერესო და სახალისოა იქ სიარული. ბავშვთან განშორების წუთებში შეგიძლიათ, მას შესთავაზოთ, რომ საბავშვო ბაღში თან წაიღოს რამდენიმე საყვარელი სათამაშო. შეპირდით, რომ სამსახურში სულ მასზე იფიქრებთ და ხშირად მოიკითხავთ. ასევე, შეგიძლიათ ერთად დაამზადოთ რაიმე „თილისმა” (დახატოთ სურათი, ან გააკეთოთ რაიმე ფიგურა), რომელსაც სამსახურში თან გაიყოლებთ, ბავშვი კი ბაღში წაიღებს. ეს განშორების წინა „რიტუალები” ბავშვს შეუმსუბუქებს ემოციურ მდგომარეობას და თავს უფრო დაცულად იგრძნობს. საყვარელი სათამაშო, „თილისმა” თუ სხვა რამ, ის საგნებია, რასაც ბავშვი თქვენს სახებასთან აიგივებს და როგორც თქვენს ნაწილს, ისე ატარებს თან. რა თქმა უნდა, შემოთავაზებული ხერხებიდან, ის უნდა ამოირჩიოთ, რომელიც თქვენი შვილის ინდივიდუალურ თავისებურებებს უფრო შეესაბამება. ყოველივე ეს კი დაგეხმარებათ შეასუსტოთ ბავშვის დამოკიდებულება თქვენზე.

თამუნა ახობაძე


скачать dle 11.3