კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან გოეთე და ბაირონი ოსი ხალხის მტრები



მაშინ, როდესაც თბილისის ადგილობრივი ხელისუფლება ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ალტერნატიული მაგისტრალის აგებითაა გართული, ცენტრალური კი გორიდან თბილისამდე აშენებს ავტობანს, რუსეთმა სარკესავით გზები კავკასიონის ყველა გადმოსასვლელთან მოიყვანა და საცაა აქეთაც გადმოაბიჯებს. ამ სამწუხარო ამბების პარალელურად, იმასაც ვიგებთ, რომ ოკუპანტ რუსებსა და ჩვენებურ ოსებს შორის შავ კატას გაურბენია, რაც ზემოხსენებულ მაგისტრალებზე ქროლვისას გულის გადასაყოლებლად მართლაც მშვენიერი თემაა. მაგრამ ამჯერად მშვენიერება იქით იყოს, კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან შევეცდებით იმის გარკვევას, რას უმზადებს რუსეთი საქართველოს, ტალიავინის კომისია კი – რუსებს და ქართველებს ერთად აღებულს.



– მართლაც გაუფუჭდათ ურთიერთობა რუსებს და ოსებს?

– უბრალოდ, რუსეთი „მტრის“ ჯინაზე დემონსტრაციულად ეხმარება „სამხრეთ ოსეთს“. ალბათ, იცით, მთელი რუსეთის მასშტაბით ყველა რეგიონის გუბერნატორს მიცემული აქვს კონკრეტული დავალება, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა თავიანთი ხელფასების 2-3 პროცენტი გაიღონ „სამხრეთ ოსეთის“ დასახმარებლად. ეს პროცესი ტოტალურად მიმდინარეობდა მთელ რუსეთში, თუმცა ახლა ტემპი ცოტათი დაეცა. ამასთან დაკავშირებით ყალმუხეთში სკანდალიც მოხდა: დაახლოებით 14 მილიონი რუბლი იყო დაგროვილი, მაგრამ ყალმუხეთის ხელმძღვანელობამ თანხა სხვა მიზნით გამოიყენა. ამ საქმეში მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოიყენეს გადასახადების გადასახდელად, როდესაც თანხა არ იბეგრება და ეს სერიოზული კანონდარღვევაა. ასეთი ტიპის აფერები რუსეთის ბევრ რეგიონში მოხდა, უბრალოდ, ყალმუხეთში ამან სკანდალის სახე მიიღო. პროტესტი კი ერთადერთ რეგიონში – ვოლგოგრადის ოლქში გამოითქვა. საშუალო გაქანების ეკონომისტმა, ვინმე სკვორცოვმა, დაითვალა საერთო რაოდენობა, რაც უზარმაზარი თანხა აღმოჩნდა. მართალია, ეს მთლიანად „სამხრეთ ოსეთში“ არ მიდიოდა, მაგრამ, რაც მიდიოდა, იმ 50 000 ადამიანისთვის, რომელიც იქ შეიძლება იყოს დარჩენილი, მაინც უზარმაზარია.

– ფელგენჰაუერი ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონში 15 000 ადამიანიღა თუ ცხოვრობს.

– ჩემი ვარაუდით, მაქსიმალური ციფრია 50 000. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ თანხაში არ შედის ფედერალური დახმარება, მოსკოვის ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარება და მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარება. ფედერალურ დახმარებაში ვგულისხმობ იმ 60 მილიარდ რუბლს, რომელიც კონკრეტულად ინფრასტრუქტურის აღსადგენად იყო გამოყოფილი და რომლის ხელში ჩასაგდებადაც კოკოითი თავს იკლავდა. ბოლო პრემიერი ულიანოვსკიდან სწორედ ამ ფულის გასაკონტროლებლად გამოგზავნეს ცხინვალში, თუმცა კოკოითმა მაინც მოიფიქრა ამ ფულის გასაკონტროლებელი მექანიზმი: შექმნა საფინანსო საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც საკუთარი თავი დანიშნა და პრემიერი რიგით წევრად შეიყვანა. ჩემი ვარაუდით, საერთო ჯამში, ცხინვალის რეგიონში რუსეთმა 100 მილიარდი რუბლი გამოგზავნა, რაც, დაახლოებით 3 მილიარდამდე დოლარია. ამ თანხის ნაწილი იქურდება ცხინვალამდე. ფულის დალექვის მთავარი ადგილებია: მოსკოვი, როსტოვი, ვლადიკავკაზი და, თავისთავად, ცხინვალი. სხვათა შორის, ამ თანხის ნაწილი ხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურას. ერთი სიტყვით, მოსკოვიდან გამოყოფილი ფულის ძალიან მცირე ნაწილი მიდის მოსახლეობამდე.

– რატომ უთმენენ ამდენს კოკოევს?

– „მავრმა“ თავისი საქმე უნდა დაამთავროს.

– აღარ დაამთავრა?!

– არ არის დამთავრებული. თუკი აფხაზეთის შემთხვევაში „ბერლინის კედლის“ აშენება შეიძლება და იქ არჩევნებიც კარსაა მომდგარი, რის გამოც სიტუაცია ყოველ წამს შეიძლება, შეიცვალოს, ცხინვალში სხვა მდგომარეობაა: არჩევნებიც შორსაა და „ბერლინის კედლის“ აშენებაც შეუძლებელია, იმიტომ, რომ ქართული და ოსური სოფლები გადაჯაჭვულია. თან, აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის საზღვარი ბუნებრივ გამყოფს, ანუ მდინარეს არ მიჰყვება. ამიტომ, თუ ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა და, მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია შეიძლება, შეიქმნას, კოკოითი გამოადგებათ. მინდა, ერთ ფსიქოლოგიურ ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება: „სამხრეთ ოსეთის“ შემთხვევაში, ნებისმიერი ექსცესი საქართველოს დაბრალდება, იმიტომ, რომ ცივილიზებული მსოფლიოს თვალში საქართველო აგრესორადაა მიჩნეული, აფხაზეთთან მიმართებაში კი ამის გაკეთება გართულდება, მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მცდელობისა, რომ კოდორის ხეობაზე აფხაზეთის ხელისუფლების აგრესია გადაფაროს: აფხაზები ომში ჩაებნენ მაშინ, როდესაც არანაირი პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებოდათ. ამიტომ, თუ აგვისტოს ომში დამნაშავეები არიან ქართული, რუსული და სამხრეთოსური მხარეები, გამორჩეულად დამნაშავეა აფხაზური მხარე, რომელმაც განსაკუთრებული მიზეზის გამო დალაშქრა კოდორის ხეობა. ამიტომ, აფხაზეთის მიმართულებით პროვოკაციის მოწყობა შეუძლებელია, ცხინვალის მიმართულებით კი – შესაძლებელი. ამდენად, კოკოითი სჭირდებათ იმისთვის, რომ, იქნებ კიდევ რამეში გამოდგეს. მეორე მხრივ, კოკოითი არ სჭირდებათ იმიტომ, რომ ის დისკრედიტებულია მსოფლიო საზოგადოების თვალში, როგორც ეთნოწმენდის მომწყობი. ამას ხელს უწყობს მისივე განცხადებები, რომლებსაც რუსული მხარე ავრცელებდა და ეს დოკუმენტურად აქვს ტალიავინის კომისიასაც. ამას გარდა, ეს არის უკონტროლო ადამიანი და მას პერმანენტული დაძაბულობის შექმნა შეუძლია არა მხოლოდ ცხინვალის გარეთ, არამედ ცხინვალის შიგნითაც. კოკოითს ჰყავს ძალიან ძლიერი და სერიოზული მტრები ბარანკევიჩის, ძმები თედეევებისა და იმ ჯუსოითის სახით, რომელიც ითვლება გმირად, რადგან გაზი შემოუყვანა სამხრეთ ოსეთს. კოკოითს რომ ძლიერი მფარველები არ ჰყავდეს, რომლებსაც ფულით აბამს, დიდი ხნის წინათ შეიძლებოდა, დასმოდა მის სიცოცხლეს წერტილი.

– ძალიან ქუდბედიანი ყოფილა ეს ჩვენი ედუარდ-ჯაყო?!

– პირადად მამსუროვი, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტია მასზე გადაფოფრილი, კრუხივით აზის, რადგან მთავარი შემოსავალი კოკოითისგან აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს გავლენიანი პირი – ძასოხოვიც აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში.

– ჩვენს მილიარდიან დახმარებას ლამის აქ გამოჰყვა თვით ბაიდენი და, თურმე, ჯაყოს იმაზე მეტი მიუღია თავისი 50 000-ისთვის?!

– ჩვენთვის ძალიან კარგად იქცევა ჯაყო, რომ ამ ფულს იპარავს. ჩვენმა საძიებო ორგანოებმა ეს საქმე უნდა გამოიძიონ და დეტალურად წარუდგინონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამისთვის კი საჭიროა, ყურადღებით წაიკითხონ რუსული პრესა. მაგალითად, ერთ-ერთი გამოჩენილი საველე მეთაური თემურ ცხოვრებოვი, რომელიც პირველ ომშიც იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ და აგვისტოშიც, პირდაპირ წერს რუსულ პრესაში, რომ კოკოითის ბრძანებით დაწვეს და გაანადგურეს ცხინვალის ბიბლიოთეკის ქართული და არაქართული წიგნები, იმიტომ რომ ადგილი გაეთავისუფლებინათ მოსკოვიდან გამოგზავნილი წიგნებისთვის. უნივერსიტეტის წინ გამოიტანეს და დაწვეს! ეტყობა, ბიბლიოთეკაში მეტი ადგილი არ ჰქონდათ და ახლების მისაღებად ძველები თავიდან მოიშორეს. მთელ რუსეთში გროვდებოდა წიგნები ცხინვალისთვის, თუმცა წიგნიერი კაცი ცხინვალში სულ სამი მყავს ნანახი. მაგრამ, დავიჯეროთ, რომ მთელი 50 000 კაცი დილიდან დაღამებამდე წიგნებს კითხულობს?! უნივერსიტეტის რექტორი თეიმურაზ კოკოევი უარობს, არ დაგვიწვავს, ჩვენ ქუჩაში გამოვიტანეთ და ვიღაცამ დაწვაო, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან თემურ ცხოვრებოვი, როგორც მოწმე, წერს, რომ წიგნები დაიწვაო და იმასაც ამატებს, რომ პირადად მან გადაარჩინა გოეთესა და სხვა ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებები.

– სულ ბოლოს, თუ არ ვცდები, ჰიტლერმა დაწვა წიგნები?

– ეს ითვლება კულტურულ გენოციდად, რადგან ყველა ის ავტორი, რომლის ნაშრომიც ცეცხლმა შთანთქა, უბირი ადამიანისთვის ოსი ხალხის მტერია, მათ შორის, გოეთე და ბაირონი, თორემ ქართველ კლასიკოსებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. აი, ასეთი დანაშაულები უნდა შეგროვდეს, აიკინძოს და გადაეცეს საერთაშორისო ინსტიტუტებს, იმიტომ რომ, არ შეიძლება, ასეთი რეჟიმის წარმომადგენელი მონაწილეობას იღებდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მე ხომ არ ვლაპარაკობ აფხაზებზე…

– რატომ? აფხაზების ანგარიშზე „დედაენის“ დაწვაა!..

– ასეთი რამ მოხდა, მაგრამ მე ვლაპარაკობ უახლოეს პერიოდზე. თან, ეს ხომ ჩვენი ინფორმაცია არ არის? ეს არის მათ მიერვე გავრცელებული ინფორმაცია.

– ტალიავინის კომისიის დასკვნის მოლოდინი უკვე გოდოს მოლოდინს დაემსგავსა. ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ და კოკოევი თანაბრად გავიკიცხებით, ერთ დონეზე ხომ გავდივართ?

– არა. დაახლოებით ვიცი ტალიავინის კომისიის დასკვნის შინაარსი. დამნაშავეებად მიიჩნევიან: „სამხრეთ ოსეთი“, რუსეთი და ქართული მხარეც.

– ეგ როგორ იქნება?!

– ქართული მხარე საკითხს ასე აყენებს: ჩვენ ველოდებოდით აგრესიას, მტერი ჩვენს ტერიტორიაზე იყო და ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებაო; რუსეთი ამბობს, რომ იძულებული იყო, დაეცვა თავისი მოქალაქეები, მაგრამ ტალიავინის კომისიაში ასეთი შეფასებები არ იქნება. იქ იქნება ის, რასაც მე ვამბობდი წლების განმავლობაში: ყველა მხარე ემზადებოდა ომისთვის, ანუ მოხდება ყველა იმ მხარის პოზიციის დეზავუირება, რომლებიც თავს მართლებად მიიჩნევენ.

– და რა შედეგს გამოიღებს ეს?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომისისის დასკვნას. მე არ ვიცი, რამდენად მართებული არგუმენტები იქნება მოყვანილი, რადგან კომისიის დასკვნას არ ვიცნობ, ზოგადად ვიცი დასკვნის შინაარსი. თუ ეს არგუმენტები იქნა ლოგიკური და სამართლიანი, ოთხივე მხარე გაიკიცხება საერთაშორისო კომისიის მიერ და, რადგან ყველა ეთანხმება ტალიავინის კომისიის შეფასებას, ვერავინ ვეღარ იტყვის შემდეგ, რომ დასკვნა კონიუნქტურულია. ვიცი, რომ ტალიავინი აპირებს, დასკვნა თავდაპირველად გააცნოს გაეროს ხელმძღვანელობას და ამის შემდეგ – დანარჩენ მსოფლიოს.

– თუ ყველას გაგვკიცხავენ, რაკი საქართველო, როგორც წესი, დაბალი ღობეა, ესე იგი, დასკვნა ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალებს?

– არა, არის ცხინვალის საკითხიც: ცხინვალი მოითხოვს საერთაშორისო სტრუქტურების მუშაობაში მონაწილეობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ დასკვნამ, მით უმეტეს, თუ რუსეთმა ცხინვალში რეჟიმი არ შეცვალა, ძალიან ბევრი ქვეყანა დაამუხრუჭოს, რომლებიც აღიარებაზე ფიქრობენ. ვიცი, რომ ბელორუსიის პარლამენტი იწყებს მსჯელობას ამ საკითხზე, ბოლივიაც, ფაქტობრივად, მზადაა, რომ აღიაროს; შესაძლოა, მას ზოგიერთმა სხვა ლათინურ ამერიკულმა ქვეყანამაც მიჰბაძოს, მათ შორის ისეთმა დიდმა, როგორიც პერუა. მაგრამ, ამ დასკვნის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ბევრი ქვეყანა გაფრთხილდეს.

– ჩვენ ახლა მხოლოდ ყურმოკვრითღა თუ ვიცით, რა ხდება ოკუპირებულ რაიონებში. კოდორში რას აპირებენ?

– საზოგადოების ზოგიერთი წევრი, რატომღაც, ხშირად მსაყვედურობს, რატომ გვაშინებო. მე არავის ვაშინებ, მე, უბრალოდ, რუსეთის გეგმებზე ვლაპარაკობ. დღესაც ვამბობ: რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა უღელტეხილი დაიკავოს და უკვე დაიკავა კიდეც. პროექტი „მამისონი“ ჯერჯერობით იმიტომ არ არის დასრულებული, რომ ფული არ აქვთ. როდესაც დასრულდება ეს პროექტი, შემდეგ ნახავს ქართველი საზოგადოება, რას ნიშნავს ეს პროექტი. მამისონის პროექტის პრეზენტაცია, რომ ზარამაგის ტერიტორიაზე (ჯავის რაიონში) უნდა აშენდეს უზარმაზარი საერთაშორისო კურორტი, რომლის ანალოგიც რუსეთში არ არის, 2006 წელს მოხდა. რუსებს მამისონამდე უკვე მოყვანილი აქვთ გზა, ასევე მოვიდნენ თუშეთში და ყველა სხვა ადგილზე. უკვე დამუშავებულია პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაყვანას ქლუხორის უღელტეხილზე, კოდორის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, რა ხდება, გეტყვით, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკიდან ქლუხორის უღელტეხილის გავლით სოხუმამდე 274 კილომეტრია. ამ 274 კილომეტრიდან 150-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი უკვე გაკეთებულია ბეტონით, მხოლოდ 30-კილომეტრია დარჩენილი კოდორამდე, იქ ადრე იყო გზა, მაგრამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აღარ გამოიყენებოდა. ეს არის ქლუხორზე გადასასვლელი გზა. გავიხსენოთ, რა ტერმინები იყო საბჭოთა კავშირში. საქართველოში რუსეთიდან სამი გზა შემოდიოდა. რუსულად ვიტყვი: „ვოენნო-გრუზინსკაია“, „ვოენნო-ოსეტინსკაია“ და „ვოენნო-სუხუმსკაია“, რომელიც მოდიოდა ქლუხორიდან. აქედან ერთი – „ვოენნო-ოსეტინსკაია“ რუსებს მყარად აქვთ ხელში, მეორისკენ ისწრაფვიან, რომ როგორმე თრუსოს ხეობა დაიკავონ და მაქსიმალურად გაწყვიტონ წელში ყაზბეგის რაიონი – თრუსოს ხეობის დაკავების შემთხვევაში ყაზბეგს გზა გადაეჭრება და, მესამეა „ვოენნო-სუხუმსკაია“. თუ გაიყვანენ გზის იმ 30-კილომეტრიან მონაკვეთსაც, რაზეც ვილაპარაკეთ, მერე უკვე სოხუმისკენ მიმავალი გზის ნაწილიღა იქნება გასაკეთებელი, იქ გრუნტის გზაა, რომელზეც ასფალტის დაგება თავისუფლად შეიძლება. აი, ის 30 კილომეტრია სერიოზული. ეს არის ფსოუს გზის ალტერნატიული გზა, რადგან გაგრა-ადლერის მიმართულება დაუცველად ითვლება, იმიტომ რომ ზღვის სანაპიროზე გადის და, კაცმა არ იცის, რა შეიძლება, იქ მოხდეს ოლიმპიადის დროს. ამასთან, ალტერნატიული გზების არსებობა ოლიმპიადის წესდებითაა გათვალისწინებული და არ არის გამორიცხული, რომ ოლიმპიადისთვის ეს გზა ამუშავდეს კიდეც.

– მხოლოდ ჩვენი დამორჩილების ეშხით წვალობს ამდენს რუსეთი თუ ეს გაცილებით დიდი სტრატეგიული თამაშის მოთელვაა?

– სამხრეთ კავკასიის დაკავებაზეა ლაპარაკი. რუსეთს არ სჭირდება აზერბაიჯანი, მას სჭირდება, მყარად ფლობდეს სომხეთ-საქართველოს. პირდაპირი, არც სამხედრო და არც პოლიტიკური აგრესიის თავი ამ წუთში რუსეთს არ აქვს და ამიტომ ცდილობს, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაიმყაროს პოზიცია იქ, სადაც არის. რუსეთი ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა სომხეთ-თურქეთის დაახლოებას, იმიტომ, რომ თურქეთი მოიაზრება რუსეთის პარტნიორად, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, მაგრამ, რაც უფრო უახლოვდებიან სომხეთი და თურქეთი ერთმანეთს, მით უფრო ცივდება ამ პროექტისადმი რუსეთი, რადგან სომხეთი, შეიძლება, მისი გავლენიდან გამოვიდეს და მაშინ მთელი ეს თამაშები საქართველოსთან აზრს დაკარგავს: ნაბუკომ შეიძლება, სომხეთზე გაიაროს. ამიტომაც რუსეთი ცდილობს, სასწრაფოდ გაატაროს კონტრღონისძიება და ეს იმითაც ჩანს, რომ, გახშირდა პროვოკაციები სომხეთ-აზერბაიჯანის პირობით საზღვარზე: უკვე ხუთი ადამიანია დახოცილი. ეს ხდება სომეხი სამხედროების ინიციატივით, იმიტომ, რომ სომეხ სამხედროებზე ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს რუსეთს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა გამოიყენოს სომხეთში არსებული ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული განწყობა, არეულობის პროვოცირება მოახდინოს და ეს გეგმა ჩაშალოს.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3