კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოაყალიბა მძარცველთა და მკვლელთა რვაკაციანი ბანდა მილიციის მაიორმა

– გადი, შე წუნკალო! – დაუღრიალა შუახნის მამაკაცმა თავის ძაღლს, რომელსაც დანახშირებული საგანი ედო პირში და მიიძურწებოდა.

შეშინებულმა ძაღლმა ნადავლი პირიდან გააგდო და გაიქცა, პატრონი კი დანახშირებულ საგანს მიუახლოვდა და ჩაილაპარაკა.

– უნდა მოვკლა ეს ვერანა! სულ მთლად გაწუწკდა და უკვე მეზობლებს ჰპარავს საჭმელს, – შემდეგ დაიხარა, ძირს დაგდებულ საგანს წაატანა ხელი, მაგრამ ადგილზე გაშეშდა. ძაღლის პირიდან გაგდებული ნადავლი ადამიანის ფეხის დამწვარი ნაწილი აღმოჩნდა.

ამ საშინელების აღმომჩენი არსენ ქოროღლიშვილი იყო, რომელიც ცხინვალის განაპირას ცხოვრობდა. მან სასწრაფოდ გამოიძახა მილიცია და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. ოპერატიულმა სამსახურმა მოკლული უცნობის დანარჩენი ნაწილების ძებნა დაიწყო და მალე ახლომდებარე ტყეში უცნობი მოზარდის დანაწევრებული და დამწვარი სხეული აღმოაჩინეს. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტყეში ნაპოვნი პიროვნება 15 წლის მურაზ ბაგევი იყო. ის 4 დღის წინ წავიდა შეშის მოსაგროვებლად ტყეში და სახლში არ დაბრუნებულა.

15 წლის ბავშვის ასეთი სასტიკი მკვლელობა გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში განსაკუთრებული შემთხვევა იყო. მაშინდელმა ცეკას პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ამ საქმის უსწრაფესად გახსნა კატეგორიულად მოითხოვა.

ორმაგი მკვლელობა

თბილისიდან ცხინვალში სპეციალური ოპერჯგუფი მიავლინეს, რომელსაც კონსტანტინე ბესთაევი ხელმძღვანელობდა. ბესთაევი წარმოშობით ზნაურიდან იყო. ის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა და განსაკუთრებული საქმეების გახსნის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში.

ადგილობრივი სამართალდამცველების მიერ შეკრებილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, ბესთაევმა ადვილად დაადგინა, რომ 15 წლის ბიჭი იმ ადგილას არ იყო მოკლული, სადაც ის, ჩვეულებისამებრ, აგროვებდა ხოლმე შეშას.

– საცოდავი ბიჭი, ალბათ, რაღაც საშინელების მოწმე გახდა და სწორედ ამის გამო გამოასალმეს სიცოცხლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი, ის ჯერ დაანაწევრეს, შემდეგ დაწვეს, – ვარაუდობდა კონსტანტინე ბესთაევი.

დაკარგულ და შემდგომ მოკლულ ჭაბუკს ყველა დადებითად ახასიათებდა. ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მას არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ასე სასტიკად რომ გაემეტებინა ვინმესო. მას სამი დღის განმავლობაში მთელი სოფელი ეძებდა სწორედ იმ ტყეში, სადაც მურაზი შეშას აგროვებდა. ტყეში ვერც ბავშვის რაიმე კვალს მიაგნეს და ვერც შეგროვილ შეშას. ტყეში წასულ ბიჭს შავი ქურთუკი ეცვა, თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა, თან უზარმაზარი ნაჯახი ჰქონდა წაღებული, რომლითაც შეშას ჭრიდა ხოლმე. მურაზი თავისივე ნაჯახით იყო დაჩეხილი, ქურთუკის ნაგლეჯებიც იპოვეს, თუმცა ნაქსოვი ქუდი სადღაც გაქრა. ექსპერტების დასკვნით, ბავშვი გაუპატიურებული არ იყო და მის დასაწვავად დაახლოებით 5 ლიტრი საწვავი იყო გამოყენებული.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის პროკურატურაში გამართულ თათბირზე ბესთაევმა განაცხადა:

– ხელახლა გულდასმით შევამოწმოთ ის სავარაუდო კვადრატი, სადაც მოკლული ბავშვი შეშას აგროვებდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, იქ რამეს აღმოვაჩენთ. გარდა ამისა, შეამოწმეთ ყველა ის მძღოლი, ვისაც „გაზ 66-ის“ მარკის სატვირთო ავტომობილი ჰყავს. მძღოლების შემოწმების არეალი უფრო ფართო უნდა იყოს. არ მგონია, 5 ლიტრი საწვავი მძღოლს ხელით ეთრია. ის, სავარაუდოდ, მანქანიდანაა გადმოსხმული. მსგავსი საწვავით დღესდღეობით მხოლოდ „გაზ 66-ის“ მარკის მანქანები მუშაობენ. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელი ან მკვლელები სხვა რაიონებიდან, ან სულაც, სხვა რესპუბლიკიდან იყვნენ. ორჯონიკიძიდან (ვლადიკავკაზი) ცხინვალამდე ათეულობით ასეთი მანქანა მოძრაობს და ყველა შესამოწმებელია. გარდა ამისა, ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სია მჭირდება.

„გაზ 66-ის“ მარკის მანქანების შემოწმება ოდნავ გაჭიანურდა. ხოლო ბესთაევის მიერ მითითებული ტყის ერთ-ერთ კვადრატში მდედრობითი სქესის ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ქალი 40-50 წლის იქნებოდა, ხოლო მეორე კი – 18-20 წლის. ახალგაზრდა ქალი ფეხმძიმედ იყო. გვამები მიწაში ღრმად იყო ჩაფლული და ორივეს ორ-ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულსა და თავში.

ბესთაევი შემთხვევის ადგილზე გავიდა და როდესაც გულდასმით დაათვალიერა ყველაფერი, თქვა:

– სავარაუდოდ, საცოდავი ბავშვი ამ მკვლელობის ფაქტს შეესწრო და ამიტომ მოკლეს.

გადამდგარი მაიორი

უცნობი ქალების ცხედრების აღმოჩენის შემდეგ სამძებრო ღონისძიებები გაძლიერდა. „გაზ 66“ მარკის მანქანების შემოწმება გრძელდებოდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში მსგავსი ქალები არ ფიგურირებდნენ. მათი სხეულიდან ამოღებული ტყვიების ბალისტიკურმა ექსპერტიზამ ბესთაევს ერთობ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებული იარაღი, წესით, 10 წლის წინ იყო განადგურებული. ეს იარაღი ერთ-ერთ დახვრეტილ ბოროტმოქმედს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე უმძიმესი დანაშაულისთვის გაასამართლეს თანამზრახველებთან ერთად. არსებული კანონმდებლობით კი, ყველა ბოროტმოქმედის იარაღი სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ ნადგურდებოდა.

ბესთაევმა ეს 10 წლის წინანდელი საქმე არქივიდან გამოითხოვა და მის გულდასმით შემოწმებას შეუდგა. ის, აგრეთვე, იმ პირებითაც დაინტერესდა, რომლებსაც იარაღის განადგურება ევალებოდათ. სამკაციანი კომისიიდან, რომლებსაც იარაღის განადგურების ტექნიკური მხარე უნდა მოეგვარებინათ, ცოცხალი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა და ისიც ლოგინად იყო ჩავარდნილი.

– აშკარაა, რომ იარაღი არ განადგურებულა და ვიღაცამ ის ახალი ბოროტმოქმედების ჩასადენად გამოიყენა, მაგრამ ვინ გააკეთა ეს? – ამბობდა ბესთაევი და ძიებას განაგრძობდა.

ამ საქმის ძიების დაწყებიდან მეოცე დღეს, კონსტანტინე ბესთაევმა იმ მომენტისთვის არსებული ყველა ინფორმაცია გააანალიზა და სავარაუდო ბოროტმოქმედთა ოთხკაციანი სია შეადგინა.

– ამათში ერთ-ერთი უეჭველად მკვლელია, – კატეგორიულად განაცხადა ბესთაევმა, – ინტუიცია მკარნახობს, რომ ეს საშინელება აი, ამან ჩაიდინა.

სავარაუდო ბოროტმოქმედად ბესთაევს ზაურ ბარეგაევი მიაჩნდა. ის მილიციის გადამდგარი მაიორი იყო და მესამე ჯგუფის ინვალიდის პენსიას იღებდა. ცხოვრობდა ორჯონიკიძეში. მუშაობდა „გაზ 66-ის“ მარკის ავტომობილზე მძღოლად და ხშირად ჩამოდიოდა ცხინვალში. რაც მთავარია, მას ერთი წლის მოყვანილი ჰყავდა ცოლი, რომელიც ფეხმძიმედ იყო. ბარეგაევი მეორედ იყო დაქორწინებული, რადგან პირველი მეუღლე 10 წლის წინ დაეღუპა ავტოავარიაში. ბარეგაევის თქმით, მისი მეუღლე ერთი თვის წინ გაემგზავრა დედამისთან კრასნოდარში და თვითონვე აპირებდა მასთან ჩასვლას. ეს ინფორმაცია ოპერმუშაკებმა ბარეგაევის მეზობლებისგან შეიტყვეს ორჯონიკიძეში, თან გადამდგარ მაიორს უთვალთვალებდნენ. გარდა ამისა, ზაურ ბარეგაევის სახელი ვორონინ-დუდაევის საქმეშიც ამოტივტივდა. სწორედ იმ ვორონინ-დუდაევის ბანდა დახვრიტეს მძიმე დანაშაულებისთვის, რომლებსაც ისინი ჩრდილოოსეთში ჩაიდინეს. ბარეგაევი კი, იმ ოპერატიულ ჯგუფში შედიოდა, ვინც ბანდა დააპატიმრა. ბანდის დაპატიმრებისას, ანტონ ვორონინი ბარეგაევმა ურთიერთოსროლისას მოკლა.

ბარეგაევზე თვალთვალმა შედეგი ვერ გამოიღო. ამასობაში, კრასნოდარიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ბარეგაევის სიდედრთან მისი ქალიშვილი არ ჩასულა. ბესთაევმა ლოგინად ჩავარდნილი ბალისტიკოსიც დაკითხა და გაარკვია, რომ შესაძლებელ იყო გასანადგურებელი იარაღი ბარეგაევს ნამდვილად ეყიდა აწ გარდაცვლილი რიუმინისგან, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა იარაღის განადგურება.

ბესთაევმა ბარეგაევის სიდედრი ჩამოიყვანა ცხინვალში და ქალმა ტყეში აღმოჩენილი, მოკლული გოგონა ამოიცნო.

როგორც ეტყობა, ბარეგაევმა საფრთხე იგრძნო და გაქცევა სცადა. თუმცა, მაინც ვერ დაუსხლტა ხელიდან მილიციას და კონსტანტინე ბესთაევის ოპერჯგუფმა მილიციის გადამდგარი მაიორი როკის გვირაბის შესასვლელთან დააპატიმრა.

რუხი კარდინალი

– თქვენს მეუღლესთან ერთად მოკლული ქალი ვინაა? – ჰკითხა ხელბორკილდადებულ ბარეგაევს ბესთაევმა, როდესაც ბოროტმოქმედი ცხინვალში ჩაიყვანეს.

– ის ქალი ვერა მალცევაა, – უპასუხა ბარეგაევმა ბესთაევს, – ის ჩემი თანამზრახველი და საყვარელი იყო. ვერა მოსკოვში ცხოვრობდა და ადრე ჩემ მიერ ნაძარცვ და ნაყაჩაღარ ნივთებს ასაღებდა. მან მოსკოვიდან ფული ჩამომიტანა, რომელიც გაყიდულ საქონელში აიღო.

– მეუღლე რატომ მოკალით? – დაინტერესდა ბესთაევი.

– ჩემი მეუღლე – გალია ჩვენს საუბარს შეესწრო და სკანდალი ატეხა. შემდეგ ძლივს დავამშვიდეთ. მოგვიანებით კი, ორივემ გალიას მოშორება გადავწყვიტეთ. იმ დღეს მე, ვერა და გალია ჩემი მანქანით ცხინვალში გამოვემგზავრეთ, ვითომ ჰაერზე გასასეირნებლად. მე გალია მოვკალი ტყეში და ვერაც მოვიშორე, რადგან საშიში მოწმე იყო. ამის შემდეგ მიწა ამოვთხარე და ქალები დავმარხე. უკან რომ ვბრუნდებოდი, ბუჩქებზე შერჩენილი ქუდი შევნიშნე. იქვე ეგდო ფიჩხის შეკვრაც, აგრეთვე ნაჯახი. ძველი ოპერი ვარ და მივხვდი, რომ ჩემს დანაშაულს მოწმე შეესწრო, რომელიც შიშისგან გაიქცა და თავისი ნივთები ტყეში დარჩა. მე მოწმის ძებნა დავიწყე და ასიოდე მეტრში, მელიის ხაფანგში გაბმული, გულწასული ბიჭი აღმოვაჩინე. ფიჩხი, ნაჯახი, ქუდი და ხაფანგიანი ბიჭი მანქანაში ჩავყარე და იქიდან 6 კილომეტრის მოშორებით, ტყეში დავჩეხე. შემდეგ მანქანის „სალიარკა“ გადავასხი და კვალის არევის მიზნით, დავწვი. ბიჭის ნივთები კი ლიახვში გადავყარე და ორჯონიკიძეში დავბრუნდი.

ბარეგაევმა პირველი მეუღლის მკვლელობაც აღიარა. მან თქვა, რომ მისმა პირველმა მეუღლემაც შეიტყო მისი დანაშაულებების შესახებ და სწორედ ამის გამო მოიშორა.

– ლენა, ჩემი პირველი მეუღლე საკუთარი მანქანით დადიოდა. მე მას რკინის კეტით კისერი მოვტეხე, შემდეგ კი მისი „მოსკვიჩი“ ბოძს დავაჯახე და ავარიის ინსცენირება მოვაწყვე. პროზექტურაში ცხედარი არ გავაკვეთინე და ამ დანაშაულის კვალი ამგვარად დავმალე, – გამოტყდა ბარეგაევი.

ექსმილიციელმა გასანადგურებლად გამზადებული იარაღის ყიდვის ფაქტიც დაადასტურა.

– ახლა კი, ვორონინ-დუდაევის ბანდაზეც მოგვიყევით, – უთხრა ბარეგაევს ბესთაევმა.

– ანტოშკა ვორონინი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც მე ის წვრილმანი ქურდობის ფაქტზე ვამხილე. თუმცა, საქმე არ გამიხმაურებია. სამაგიეროდ, მას ბანდის შეკრება და პირადი მფარველობა შევთავაზე. ანტოშკამ თანხმობა განმიცხადა და უზგარ დუდაევთან ერთად რვაკაციანი ბანდა ჩამოაყალიბა. მათთან ჩემი კავშირის შესახებ მხოლოდ ანტოშკამ იცოდა და ყველას ეგონა, ბანდას ანტოშკა უძღვებოდა და საქმეებს ის იძლეოდა. სინამდვილეში კი, მთავარი მე ვიყავი. ისინი ძარცვავდნენ, კლავდნენ და დაზარალებულების ქონებას იტაცებდნენ. ხოლო უსაფრთხოების მიზნით, მთელი მათი ნაძარცვი ძვირფასეულობა ჩემს სახლში მოწყობილ სამალავში ინახებოდა. მე და ანტოშკას საბოლოოდ უცხოეთში გაქცევა გვქონდა გადაწყვეტილი. ორი წლის განმავლობაში ბანდამ რვა ადამიანი მოკლა და ჩემთან შენახული ნივთების ფასმა თითქმის ერთი მილიონი მანეთი შეადგინა. ერთ მშვენიერ დღეს მე მთელი ფულის ხელში ჩაგდება განვიზრახე და მილიციის სამმართველოს, სადაც მე უფროს ოპერად ვმუშაობდი, ინკოგნიტო ინფორმაცია მივაწოდე ბანდაზე.

– რა თქმა უნდა, ბანდის აყვანის ოპერაციაშიც თქვენ მონაწილეობდით და ვორონინი შეგნებულად მოკალით, – თქვა ბესთაევმა.

– სრული სიმართლეა, – ცინიკურად დაეთანხმა ბარეგაევი, – ანტოშკა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც თავზე დავადექი და პისტოლეტი მივუშვირე. ის შეცბა და ისეთი გაოცებული სახე მიიღო, ეტყობოდა, ყველაფერს მიხვდა.

ყოფილი მაიორი ორჯონიკიძეში გაასამართლეს და დახვრიტეს.


скачать dle 11.3