კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპრეცედენტო თაღლითობა, ანუ როგორ დავიბრუნოთ ნაყიდი ნივთის ფული უკან



თბილისში, მაღაზია „კალიბრში“ მომხდარი ორიგინალური გამოძალვა თაღლითთა დაპატიმრებით დასრულდა. აფერათა ფანტაზიას საზღვარი მართლაც რომ არ აქვს. ისტორიას, რომელზეც მოგითხრობთ, ანალოგი, ალბათ, საქართველოში არ მოეძებნება. საქმე ეხება სამ გამომძალველს, რომელთაგან ორი, ცოლ-ქმარი – ნელი და გურამ ქერქაშვილები არიან, ხოლო მესამე – მათი ახლო ნათესავი, თენგიზ პაპაშვილია. მათში ყველაზე მეტხანს 13 წელსა და 3 თვეს ციხეში ნელი გაატარებს. მისი ქმარი და დეიდაშვილი კი – თითოეული 5 წელსა და 6 თვეს. გარდა ამისა, ცოლ-ქმარს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 9 500, ხოლო მესამეს – 3 000 ლარი დაეკისრათ. მთავარი კი მათი გეგმაა, რომლითაც იარაღის მაღაზიის გამყიდველის გასულელება მოინდომეს, მაგრამ დაზარალებული მათზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა.

იარაღის მაღაზია „კალიბრი“ საბურთალოზე მდებარეობს. გამყიდველმა, ვინმე ვალერი ცინცაძემ შარშან, 26 დეკემბერს, მაღაზიიდან „გლოკის“ ტიპის ორი პისტოლეტი ნელი ქერქაშვილს მიჰყიდა. საგულისხმოა, რომ მაღაზიაში ქალბატონი ვინმე ზაურ ბესთაევთან ერთად მივიდა, რომელიც გამყიდველს ქალის ბიძაშვილად გაეცნო. პირველი ვიზიტისას მყიდველებმა იარაღები შეათვალიერეს, დოკუმენტაცია გააფორმეს და იარაღების საფასური – 6 200 ლარი გადაიხადეს. მეორე დღეს ნელი კვლავ ბესთაევთან ერთად მივიდა, მაგრამ ქალი მანქანაში დარჩა, მაღაზიაში შესულმა ბესთაევმა კი გამყიდველს განუცხადა, რომ იარაღების წასაღებად იყო მოსული და მართლაც, ვალერისგან ორი პისტოლეტი წამოიღო, როგორც შემდეგ გაირკვა, იარაღები რეალურად ბესთაევმა შეიძინა და საფასურიც მან გადაიხადა. თუმცა, მთელი რიგი კანონის დაცვით, იარაღები ფორმალურად ნელი ქერქაშვილის სახელზე დარეგისტრირდა – ამ პროცედურაში ქალბატონმა ბესთაევისგან გასამრჯელოდ 100 დოლარი მიიღო.

ამ ამბიდან ხუთი თვის შემდეგ, როგორც გამოძიება ამბობს, ნელიმ მეუღლესთან, გურამ ქერქაშვილთან და დეიდაშვილთან თენგიზ პაპაშვილთან ერთად, „დაბოლება“ გადაწყვიტეს. მაისის დასაწყისში, ნელიმ ვალერი სახლში დაიბარა, მაგრამ, რადგან ვერა და ვერ მიიყვანა, ამიტომ, იარაღების გამყიდველს მისი ქმარი და დეიდაშვილი ვაშლიჯვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ და დააშანტაჟეს: უთხრეს, ვინაიდან მაღაზიის სარეგისტრაციო ჟურნალში ნელი ქერქაშვილს ხელი მოწერილი არ ჰქონდა, შესაბამისად, იარაღები ოფიციალურად მიღებულად არ ითვლებოდა და მოსთხოვეს, რომ გადახდილი 6 200 ლარი უკან დაებრუნებინა.

საკითხის გასარკვევად ვალერი ქერქაშვილების ბინაში სიძესთან ერთად მივიდა. მათ ჯერ მხოლოდ ცოლ-ქმარი დახვდათ, რომლებიც ვალერის აიძულებდნენ, თანხა უკან დაებრუნებინა. გამყიდველმა კი იცოდა, რომ კანონი არ დაურღვევია, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ეჭვი შეეპარა, რომ, შესაძლოა, შეცდა და ამიტომ მორიგება გადაწყვიტა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ცოლ-ქმარი ნაყიდ იარაღებს მოიტანდა უკან, თვითონ კი თანხას დაუბრუნებდა და, ამაში დასარწმუნებლად, გამყიდველმა მათ 3 000 ლარი იქვე მისცა. არადა, ცხადია, ცოლ-ქმარი ატყუებდა – იარაღები რეალურად მათ არ ჰქონიათ, ის ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ბესთაევმა წაიღო და საფასურიც მას ჰქონდა გადახდილი.

ვალერის სტუმრობა ამით არ დასრულებულა: წინასწარ გათვლილი გეგმის თანახმად, ვითომ შემთხვევით, ქერქაშვილებთან ნელის დეიდაშვილი გამოჩნდა და იარაღების გამყიდველს თავი უშიშროების თანამშრომლად გააცნო. საქმის არსს „შემოსწრებული“ სტუმარიც ჩასწვდა და, ვინაიდან იარაღების გამყიდველი დაარწმუნა, რომ მას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მეტი დამაჯერებლობისთვის ვალერის „ახსნა-განმარტებითი ბარათი“ დააწერინა. თუმცა, პაპაშვილმა დაამშვიდა, საქმეს მოვაგვარებო და პირობა წაუყენეს: ორი თვის ვადაში ვალერი ცოლ-ქმარს 6 200 ლარს სრულად დაუბრუნებდა, „უშიშროების თანამშრომელს“ კი დამატებით „კარაბინს“ აჩუქებდა და გაუფორმებდა. ერთი სიტყვით, ვინაიდან ვალერიმ 3 000 ლარი ცოლ-ქმარს უკვე გადაუხადა, დაჰპირდა, რომ დარჩენილ 3 200 ლარს ორ თვეში მისცემდა.

მართლაც, რამდენიმე დღეში, ვალერიმ დაურეკა „უშიშროების თანამშრომელს“ და უთხრა, იარაღის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვეო. 17 მაისს, პაპაშვილი დოკუმენტებით მივიდა მაღაზიაში, სადაც ვალერი უცნობ პირთან ერთად დახვდა და „უშიშროების თანამშრომელს“ თავი „სოდის“ თანამშრომლად და ვალერის ახლობლად გააცნო. ამ საუბარში ვალერიმ კიდევ ერთხელ სთხოვა პაპაშვილს, ქერქაშვილებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა. ტელეფონის ნომრები გაცვალეს, დათქვეს, რომ ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ და მოლაპარაკების შემდეგ, ორივე დაპირებული „კარაბინის“ დასარეგისტრირებლად წავიდა, მაგრამ მარშალ გელოვანის გამზირზე „სოდის“ თანამშრომლებმა ორივე დააკავეს. მაშინვე გაიჩხრიკა პაპაშვილის მანქანაც, საიდანაც პოლიციამ „კარაბინი“ და მის სახელზე შევსებული იარაღის გადაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტები ამოიღო. ცხადია, პოლიცია საქმის კურსში იარაღის გამყიდველმა ჩააყენა. საქმე ისაა, რომ რეალურად, „გლოკის“ ორი პისტოლეტი ვალერიმ კანონის სრული დაცვით გაყიდა. მოცემულ შემთხვევაში, კანონით, მყიდველის, ანუ ნელის ხელმოწერა სარეგისტრაციო ჟურნალში საჭირო არ იყო, რადგან გასაყიდი იარაღები კერძო პირებს ეკუთვნოდათ და მაღაზიის ბალანსზე არ ირიცხებოდა.

როგორც მოგვიანებით დაზარალებულმა იარაღის გამყიდველმა განმარტა, მას შემდეგ, რაც ქერქაშვილები და პაპაშვილი დაემუქრნენ, თავიდან იფიქრა, რომ შესაძლოა, პრობლემები მართლა შექმნოდა პრეტენზიულ მყიდველებთან და ამიტომ გადაწყვიტა, თანხა დაებრუნებინა, თავად კი იარაღები მიეღო, რადგან იარაღების გაყიდვა არანაირი პრობლემა არ იყო. ცინცაძე ამბობს, რომ სწორედ ამ განზრახვით მივიდა ქერქაშვილებთან სახლში, სადაც თავისი სიძე, ალეკო ზარიძე გაიყოლა, თანხის გადაცემა სადავო რომ არ გამხდარიყო. შესწრებულმა „უშიშროების“ თანამშრომელმა თავისი ქცევით რწმენა გაუმყარა, რომ, შესაძლოა, ჩრდილი მისდგომოდა მაღაზიის საქმიანობასაც და, ამიტომ დაჰპირდა, რომ საკითხის გაუხმაურებლობის სანაცვლოდ, იარაღს მასაც მისცემდა. თუმცა, პარალელურად, გამყიდველმა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა...

ცოლ-ქმრისგან განსხვავებით, „უშიროების თანამშრომელმა“ პაპაშვილმა სასამართლოზე თავი დამნაშავედ ცნო. მისი ჩვენებით, გურამ ქერქაშვილმა მას შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა, მაგრამ, ვის უნდა შეხვედროდა და რა მიზნით, არ იცოდა – ერთადერთი, რაც ჩემს მოვალეობაში შედიოდა, ის იყო, რომ, თუ გურამს ვინმე ფიზიკურად გაუსწორდებოდა, დავხმარებოდიო. განსასჯელის ჩვენებით, ისინი ხანდაზმულ მამაკაცთან მივიდნენ, მაგრამ, რაზე ისაუბრეს, მისთვის უცნობი დარჩა. თუმცა, რამდენიმე დღეში, როდესაც ქერქაშვილებთან მივიდა ის ხანდაზმული კაცი ისევ დახვდა და მასპინძლებს სთხოვა, გამყიდველთან მარტო დაეტოვებინათ. იგი არ მალავს, რომ მისმა ქცევამ, განსაკუთრებით კი ახსნა-განმარტების დაწერის მოთხოვნამ, ვალერის აფიქრებინა, რომ მართლაც სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი იყო. როგორც იტყვიან, „ქურდის ქურდი ცხონდაო“, ისარგებლა შემთხვევით და იარაღების გამყიდველს სხვათა შორის გამოჰკითხა – რა პროცედურებია გასავლელი, ტარების უფლებით ბაბუაჩემის სანადირო თოფი რომ დავირეგისტრიროო. იარაღების გამყიდველი იმდენად შეშინდა, რომ მან „უშიშროების თანამშრომელს“ ბაბუის კი არა, თავისი თოფის ჩუქება აქეთ შესთავაზა...

რაც შეეხება ნელი ქერქაშვილს, მან დუმილის უფლება გამოიყენა, ხოლო მისმა ქმარმა, გურამ ქერქაშვილმა, რომელიც ფსიქოლოგიურ სეანსებს ატარებს, განაცხადა, რომ, ვინაიდან მის ოჯახზე თავდასხმის მცდელობები ხშირად იყო, თავდაცვის მიზნით ორი იარაღის შეძენა გადაწყვიტეს, რომელიც ნელის სახელზე დაარეგისტრირეს. როგორც ქმარი ამბობს, ნელიმ „გლოკის“ სისტემის ორ პისტოლეტში 6 200 ლარი გადაიხადა, მაგრამ სათანადო საბუთების გაფორმების შემდეგ, ჩვენი იარაღები მაღაზიის მენეჯერმა ვალერი ცინცაძემ ზაურ ბესთაევს გაატანაო. აქედან გამომდინარე, განსასჯელის თქმით, მას აბსოლუტურად სამართლიანი მოტივაცია გაუჩნდა, რომ ცინცაძისთვის არა მხოლოდ გადახდილი 6 200 ლარი, არამედ პროცენტიც მოეთხოვა, რადგან 6 200 ლარი რომ საქმეში დაგვებანდებინა, დიდ შემოსავალს მივიღებდიო...

თავის მართლებამ არ გაჭრა. სასამართლომ სამივე განსასჯელი, ცოლ-ქმარიც და ნელის დეიდაშვილი პაპაშვილიც დამნაშავედ ცნო. თუმცა, თაღლითობა, რომელიც მათ გამოძიებამ წაუყენა ბრალად, დაზარალებული ცინცაძის ჩვენების შემდეგ, სასამართლომ გამოძალვად გადააკვალიფიცირა, რადგან, კანონით, გამოძალვა ნიშნავს: „სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნას, რასაც ერთვის დაზარალებულისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურებისა ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რამაც, შეიძლება, არსებითად დააზიანოს მისი უფლებები“. როგორც დაზარალებულმა ახსნა, მას სწორედ სახელის გატეხვისა და მასზე არასწორი ცნობების გავრცელების შეეშინდა. სამივე განსასჯელმა პასუხი ამ მუხლით აგო, მაგრამ ნელი ქერქაშვილს იარაღის გასაღების ბრალდებაც დაემატა...

ეკა ბარაბაძე


скачать dle 11.3