კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუპირისპირდა ფიფა ნიგერიის პრეზიდენტ გუდლაქ ჯონათანს და რა აკავშირებს მას ნიგერიის ყველაზე გავლენიან ქალბატონთან

დასავლური მედიის და ექსპერტების აზრით, ნიგერია ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა აფრიკის კონტინენტზე, რომელიც, ამავე დროს, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა სხვა აფრიკული სახელმწიფოებისგან განსხვავებით. სწორედ მას უდგას სათავეში ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული და ექსცენტრიკული პრეზიდენტი აფრიკაში – გუდლაქ ჯონათანი, ადამიანი, რომელიც მუდამ საჭირო ადგილას და საჭირო დროს ჩნდება. ის სრულად ამართლებს მშობლების მიერ დარქმეულ სახელს – გუდლაქ (ინგლისურიდან – ბედნიერად, წარმატებას გისურვებთ).

* გუდლაქ ებელე აზიკივე ჯონათანი 1957 წელს ოტუეკეში, ნიგერიის აღმოსავლეთ რეგიონში დაიბადა. მისი ოჯახის წევრები კანოეს დამზადებით ირჩენდნენ თავს. გუდლაქ ჯონათანს ბაკალავრის ხარისხი აქვს ზოოლოგიაში, ხოლო მაგისტრის – ჰიდრობიოლოგიასა და მეთევზეობაში. საკანდიდატო ხარისხი ჯონათანმა პორტ-ჰარკორტის უნივერსიტეტში დაიცვა ზოოლოგიაში, რის შემდეგაც განათლების სფეროში დასაქმდა. იგი ლექციების კურსს კითხულობდა და აგრეთვე გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული. პოლიტიკაში გუდლაქი, რომელსაც სახელი დედამ შეურჩია, 1999 წლიდან ჩაერთო და თავიდანვე მისი გზა პრეზიდენტობამდე ზღაპარს უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას. ის მუდამ საჭირო ადგილას და საჭირო დროს ჩნდებოდა, იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო. სხვათა შორის გუდლაქ ჯონათანის მეორე სახელი – ებელე ადგილობრივ დიალექტზე „ღმერთის გზავნილს“ ნიშნავს.

* 1999 წელს გუდლაქ ჯონათანი ნიგერიის სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა, რის შემდეგაც, ყველასთვის მოულოდნელად ბაიელსას შტატის გუბერნატორის, დიეპრეი ალამიესეიგჰას მოადგილედ დაინიშნა. ამ უკანასკნელის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, რაც ფულის გათეთრების სკანდალს უკავშირდებოდა, ჯონათანი გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. საინტერესოა, რომ ზუსტად ანალოგიური ბრალდება 2006 წელს წაუყენეს ჯონათანის მეუღლეს – პეიშენს ჯონათანს, რომელიც ფულს ათეთრებდა და შემდეგ დიდი ბრიტანეთის ბანკებში რიცხავდა. საუბარი იყო 135 მილიონ ამერიკულ დოლარზე, თუმცა ეს ბრალდება ნიგერიის პირველ ლედის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალბატონად ითვლება აფრიკის კონტინენტზე, მოეხსნა.

* 2007 წელს გუდლაქ ჯონათანი ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას უმარ იარდაუს ოპონენტის სახით. 20 აპრილს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯონათანს თავს დაესხნენ. პოლიციის განცხადებით, ბოროტმოქმედებს პრეზიდენტობის კანდიდატის ლიკვიდირება ჰქონდათ ჩაფიქრებული, თუმცა არ გამოუვიდათ. არჩევნებში წაგების მიუხედავად, იმავე წლის 16 მაისს ჯონათანზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ამჯერად გუდლაქის სახლი ააფეთქეს, თუმცა ყოფილი კანდიდატი ბედად სახლში არ იმყოფებოდა და აფეთქებას, მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.

* 2010 წლის 5 მაისს ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი – უმარ იარდაუ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა – გუდლაქ ჯონათანმა ნიგერიის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ამ ცნობის გავრცელების შემდეგ ჯონათანმა სპეციალური განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებს კატეგორიულად მოსთხოვა, რაიმე სახის მისალოცი სიუჟეტი ან სტატია არ გასულიყო პრესით და ტელევიზიით. რადგან, მისი თქმით, ნიგერიელი ხალხი გლოვობს კანონიერად არჩეული პრეზიდენტის გარდაცვალებასო. საინტერესოა, რომ იარდაუ მუსლიმანური ჩრდილოეთის წარმომადგენელი იყო, ხოლო ჯონათანი წარმოშობით ქრისტიანული სამხრეთიდან არის და დასავლელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, გუდლაქის გაპრეზიდენტებიდანვე, რელიგიის ნიადაგზე ნიგერიაში აჯანყებებისა და გაფიცვების ტალღა აგორდებოდა. თუმცა, ჯონათანმა წარმატებული მოლაპარაკებები გამართა ამბოხებულთა ლიდერებთან და შემოირიგა ისინი.

* ამბობენ, რომ გუდლაქ ჯონათანს არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ბაზა და იგი ნაკლებად ამბიციურია. იგი არასდროს იშორებს განიერ ქუდს, რომელიც მას ერთ-ერთი აფრიკული ტომის ბელადმა აჩუქა. ჟურნალისტები ხშირად მის სახელსა და გვარს, მძიმეთი წერენ და გამოდის – „გუდლაქ, ჯონათან“ ეს ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „წარმატებები, ჯონათანს“, ისინი ამით ხაზს უსვამენ მათ დამოკიდებულებას აფრიკის ყველაზე იღბლანი პრეზიდენტის მიმართ. აქვე დავამატებთ, რომ აფრიკული საზომებით ჯონათანის კაპიტალი სოლიდურად გამოიყურება. 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მის დეკლარაციაში მითითებული თანხა 8 მილიონ 600 ათასს ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

* ნიგერიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავზე მთავრობამ საიუბილეო მონეტები მოჭრა და გამოუშვა ბანკნოტები, ნომინალით – 50 ნაირი. ახალი ბანკნოტები ფართო მოხმარებაში სექტემბრის ბოლოს გავიდა, ხოლო საიუბილეო მონეტები, სპეციალურად გუდლაქ ჯონათანის დაკვეთით დამზადდა. ისინი მხოლოდ სასუვენირო ხასიათს ატარებს და არანაირი მატერიალური ღირებულება არ გააჩნია. გუდლაქ ჯონათანი ასეთ მონეტებს მხოლოდ თავის სტუმრებს გადასცემს საჩუქრად.

* 2006 წელს გუდლაქ ჯონათანი, ბაიელსას შტატის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საუბარი იყო 250 მილიონ ნიგერიულ ნაირზე, რომელიც უცხოელი მომღერლების ვიზიტზე დაიხარჯა. ნიგერიის დედაქალაქ ლაგოსში ჩატარდა დიდი მუსიკალური ფესტივალი, სადაც მოწვეული სტუმრების სტატუსით გამოდიოდნენ – ბიონსე ნოულზი, ჯეი-ზი და სნუპ-დოგი. გარდა ამისა, სპეციალურად ამ კონცერტებისთვის ჯონათანმა იქირავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი – „ან-225“, რომელმაც შეერთებული შტატებიდან კონცერტებისთვის საჭირო ტექნიკა ჩამოიტანა. მოგვიანებით, ჯონათანს ყველა ბრალდება მოეხსნა, ხოლო ვარსკვლავებზე დახარჯული თანხები კერძო შემოწირულობებს მიაწერეს.

* ნიგერიის პრეზიდენტი გუდლაქ ჯონათანი მსოფლიო ლიდერების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც გახსნილი აქვთ საკუთარი „ექაუნთი“ სოციალურ ქსელებში. ნიგერიის ლიდერი, სავარაუდოდ, „ფეისბუქის“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მომხმარებელია და იგი თითქმის ყოველდღიურად აახლებს ინფორმაციას საკუთარ გვერდზე. ხშირად ის სტატუსებად აქვეყნებს თავის ხედვებს და გეგმებს ნიგერიის მომავალზე და ამის შემდეგ იწყება დისკუსიები, სადაც ნებისმიერი ნიგერიის მოქალაქე თავის აზრს უზიარებს ამა თუ იმ საკითხზე. საინტერესოა, რომ ჯონათანი თავის ფოტოგალერეასაც აახლებს და თვეში ერთხელ რამდენიმე ათეულ ფოტოს ამატებს.

* ფიფას 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში, რომელიც პირველად ისტორიაში, აფრიკის კონტინენტზე, სამხრეთ აფრიკაში იმართებოდა, მონაწილეობას იღებდა ნიგერიის ეროვნული გუნდიც, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა და სამივე მატჩი წააგო. ამით განრისხებულმა გუდლაქ ჯონათანმა განაცხადა, რომ მისი განკარგულებით, ნიგერიის ეროვნულ ნაკრებს ორი წლით აეკრძალა თამაში და მონაწილეობის მიღება საერთაშორისო ტურნირებში. ამ ფაქტის გამო ფიფამ მკაცრად გააკრიტიკა ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია და თავისი რიგებიდან გარიცხვით დაემუქრა, თუკი ქვეყნის პრეზიდენტი არ მოეშვებოდა ჩარევებს შიდა საფეხბურთო ამბებში. მოგვიანებით, ჯონათანმა შეცვალა გადაწყვეტილება და ნაკრებს თამაშის ნება დართო, თუმცა ფიფა მაინც გეგმავს სანქციების მიღებას ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ.


скачать dle 11.3