კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ერთმა ღარიბმა კაცმა ბაზარში ტყავის საფულე იპოვა. გახსნა და იქ ასი ოქროს მონეტა ნახა. ამ დროს სავაჭრო დახლიდან ყვირილი მოესმა.

– ჯილდო მას, ვინც ჩემს ტყავის საფულეს იპოვის!

ღარიბი პატიოსანი კაცი იყო და საფულე პატრონს დაუბრუნა.

– აი, თქვენი საფულე. შემიძლია, ჯილდო მივიღო? – იკითხა მან.

– ჯილდო? – გაეცინა ვაჭარს, რომელმაც თავისი მონეტები ხარბად გადათვალა, – საფულეში, რომელიც დავკარგე, ორასი ოქრო იყო, ჯილდოზე მეტის მოპარვა უკვე მოგისწრია და თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვუძახებ.

– მე პატიოსანი კაცი ვარ, – ღირსებით უთხრა ღარიბმა, – ნება მომეცით, ეს ამბავი მოსამართლესთან გავარკვიოთ.

მოსამართლემ ორივე მხარეს ყურადღებით მოუსმინა და თქვა:

– ორივესი მჯერა. შესაძლებელია, ამ დავის სამართლიანი გადაწყვეტა მოვძებნოთ. ვაჭარო, თქვენ განაცხადეთ, რომ საფულეში, რომელიც დაკარგეთ, ორასი ოქროს მონეტა გქონდათ. კარგი, ეს მნიშვნელოვანი თანხაა, მაგრამ საფულეში, რომელიც ამ კაცმა იპოვა, მხოლოდ ასი მონეტა იყო. ამიტომ შეუძლებელია, ეს საფულე თქვენი იყოს. ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ საფულე ასი ოქროს მონეტით ღარიბ კაცს გაატანა.

ნარადა და რძით სავსე თასი

ინდოელი ბრძენკაცი ნარადა ღმერთ ჰარის ეთაყვანებოდა. მისი წმენა ისეთი ძლიერი და უკიდეგანო იყო, რომ ერთხელაც თვითდაჯერებულმა დაიჟინა: არ მოიპოვება მთელ დუნიაზე ადამიანი, ვისაც ჩემზე უფრო ძლიერ უყვარსო ღმერთი.

ღმერთს გაეცინა მის ბაქიაობაზე და უთხრა:

– ნარადა, წადი ქალაქში, წმიდა მდინარის, განგის ნაპირზე. იქ ცხოვრობს ერთი კაცი, რომელიც ჩემი ერთგულია. დარჩი მასთან, ეს შენთვის ძალზე სასარგებლო იქნება.

ნარადამ მიაშურა ქალაქს, მივიდა განგის ნაპირზე და დიდი ხნის ძიების შემდეგ იპოვა ერთგული გლეხი. გლეხი დათანხმდა, რომ ნარადა მასთან დარჩენილიყო.

ყოველ სისხამ დილას გლეხი ახსენებდა ჰარის, შემდეგ კი თავისი გუთნით მინდორში გადიოდა სამუშაოდ და გვიან საღამომდე ღვრიდა ოფლს. ვახშმის შემდეგ კვლავ ლოცულობდა და მთელი დღის ნაშრომ-ნაჯაფს მკვდარივით ეძინებოდა. ნარადა კი ფიქრობდა: „როგორ შეიძლება, ეს ტეტია ღმერთის ერთგული იყოს? იგი მთელი დღე თავის მიწას უვლის, ყოფით საქმეებს აგვარებს, ღმერთი არც კი ახსენდება“.

ჰარიმ გაიგო, რას ფიქრობდა ნარადა და დაავალა:

– აიღე თასი, რძით გააპიპინე, ორივე ხელით დაიჭირე და მთელი ქალაქი შემოიარე ისე, რომ არც ერთი წვეთი რძე არ დაგეღვაროს, შინ კი მხოლოდ ვახშმობისას დაბრუნდი. ნარადამ პირნათლად შეასრულა ღმერთის ნაბრძანები და დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა შინ.

მას ჰარი გამოეცხადა და ჰკითხა:

– რამდენჯერ გაგახსენდი, როდესაც რძით სავსე თასით ქალაქში დადიოდი?

ნარადამ გულწრფელად უპასუხა:

– არც ერთხელ, უფალო, შენ ხომ მიბრძანე, წვეთი რძეც არ დამღვროდა. მეც დაძაბული ვიყავი, მთელი ყურადღება შენი დავალების შესრულებაზე მქონდა გამახვილებული და სხვა არაფერი მახსოვდა.

ღმერთმა მიუგო:

– რძიანმა თასმა იმდენად დაიპყრო შენი ფიქრები, რომ მთელი დღის განმავლობაში ერთხელაც არ გაგახსენდი. ახლა მიხვდი, რატომ ახერხებს გლეხი დღეში მხოლოდ ორჯერ მახსენოს მე? მას ხომ თავისი ოჯახის რჩენა მძიმე ტვირთად აწევს და უდრტვინველად წევს ამ მძიმე ჭაპანს.


скачать dle 11.3