კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო საპატიო ტყვე და რომელი უფლისწულის მემორიალური დაფა აღმოაჩინა ზურაბ რთველიაშვილმა შვედეთში

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული ლიტერატურულ და პოლიტიკურ ფლანგზე ერთდროულად იბრძოდა. იყო ეგრეთ წოდებული მიტინგების პოეზია, ალტერნატიული პოეზიის საღამოები, დაჭერები, პერფორმანსები... ქართველი არტისტი დღეს უცხოეთშია. ბოლო დროს ის ისე აქტიურად აღარ გამოჩენილა, რასაც თავისი ობიექტური საფუძველი აქვს. ამის შესახებ თვითონ ზურაბ რთველიაშვილი ისაუბრებს, რომელსაც სტოკჰოლმში დავუკავშირდით.

– მე ვარ საერთაშორისო პროექტში ჩართული, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მწერლები მთელი მსოფლიოდან. რასაც ვაკეთებდი საქართველოში, იგივეს ვაკეთებ აქაც, ოღონდ ცოტა განსხვავებული რაკურსით. მიწვევენ საერთაშორისო ფესტივალებზე არა მარტო შვედეთში, არამედ ინგლისში, გერმანიაში, ნორვეგიაში. ცოტა ხნის წინ უკვე მეორედ ვიყავი კიოტენბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე. მინდა გითხრათ, რომ ესაა ფრანკფურტის მერე, ყველაზე დიდი ფესტივალი, აქ წლების განმავლობაში გამოდიოდნენ ნობელიანტი მწერლები, საგამომცემლო სახლები. წელს მომიწია პოეზიის საღამოზე გამოსვლა იქ, სადაც ადრე ტროცკი გამოდიოდა. როცა ფესტივალის ორგანიზატორები თავისი სურვილით გიწვევენ ამგვარ ფესტივალებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მიმართ, ინტერესი არსებობს, რაც რასაკვირველია, მახარებს. ჯერ კიდევ გასული წლის მაისში მივიღე მონაწილეობა ესტონეთის საზაფხულო არტ-ფესტივალში, რომელიც ერთდროულად ორ ქალაქში ტარდებოდა – ტალინსა და ტარტუში. ესტონეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ მოამზადა ამ ღონისძიების ამსახველი საკმაოდ ვრცელი სიუჟეტი, სადაც სხვა უცხოელ არტისტებთან ერთად მეც მქონდა საშუალება, ადგილობრივი აუდიტორიისთვის წამეკითხა ჩემი ლექსები. შემდეგ ამას ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო წიგნის ფესტივალი მოჰყვა. 2010 წლის დასაწყისში გაიმართა ჩემი პოეტური პერფორმანსი სტოკჰოლმის კულტურის სასახლეში. გაზაფხულზე მქონდა გამოსვლები მალმოს საერთაშორისო პოეტურ ფესტივალსა და მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებაზე ერიქსონის საზაფხულო რეზიდენციაში. მონაწილეობა მივიღე ევროკულტურის პარლამენტის კონფერენციაში. ასევე, მიწვეული ვიყავი ლონდონში „პენის“ მიერ ორგანიზებულ „თავისუფალი სიტყვის“ საერთაშორისო ფესტივალზე. აქტიურად ვთანამშრომლობ შვედეთის წამყვან მედიასაშუალებებთან. ინტენსიური კავშირი მაქვს შვედ არტისტებსა და არტ-კომპანიებთან. გასული წლის ოქტომბერში ქალაქ გოტებორგში მცხოვრებმა ქართველებმა მომმართეს თხოვნით, დავხმარებოდი მათ საკვირაო სკოლის დაფუძნებაში. იმ დღესვე დავუკავშირდი ჩემს შვედ მეგობრებს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საკითხს და თავისი წვლილი შეიტანეს კიდევ ერთი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერის დაარსებაში.

– ისევ ქართულ ენაზე წერთ ლექსებს?

– კი. რა თქმა უნდა, მერე კი სხვადასხვა ენებზე ითარგმნება. არის გეგმაში ორენოვანი – ინგლისურ-შვედური კრებულის გამოშვებაც. გარდა იმისა, რომ ვწერ ტექსტებს, მაქვს იმის უნარიც, რომ პოეტური პერფორმანსები წარმოვადგინო – ცოცხალი პოეზია სხვადასხვა ფორმებით წარმოვაჩინო, სადაც ჩართულია ვიზუალური და ვიდეოინსტალაცია, რომლითაც შემიძლია, გავამდიდრო ეს გამოსვლა და უფრო საინტერესო გავხადო ის მსმენელისთვის.

– უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ემიგრანტი კაცისთვის იოლი საქმე არ არის. მანამდე კი, ადაპტაციის პროცესია. არ გაგიჭირდათ?

– მე არ ვსარგებლობ დევნილი ემიგრანტის სტატუსით, რომელიც ცდილობს, თავი დაიმკვიდროს სხვა კულტურაში, როგორც ხელოვანმა. ასეთი განწყობა არ მაქვს, მაგრამ თავისთავად, საინტერესოა კონტაქტი იმ ევროპული ხელოვნების ელიტასთან, რომლებთანაც მიწევს ურთიერთობა. მათთან ვმეგობრობ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე ამ თვალსაზრისით.

– ბოლო დროს, ცოტა არ იყოს ექსტრაორდინარული გარეგნობით გამოირჩევით, ალბათ, იმიჯის შეცვლა გადაწყვიტეთ.

– ადამიანი ცდილობს, გადახალისება მოახდინოს თავის გარდერობში, გარეგნობაც ცოტა შეიცვალოს, რომ განსხვავებული შტრიხი შეიტანოს მასში, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყოველთვის ვაკეთებდი ამას. საქართველოში ყოფნის დროსაც კი არ მქონდა დამახასიათებელი, ორდინარული გამოსვლები. სხვათა შორის, ერთ დღეს აქ როცა ვსეირნობდი, ქუჩაში, გამაჩერა ორმა ქართველმა ქალბატონმა, თქვენ პოეტი ზურაბ რთველიაშვილი ხომ არ ხართო. გამიკვირდა, არ მეგონა, აქაც თუ მიცნობდნენ.

– საქართველოში უფრო მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობდით, მიტინგის ჩატარება თქვენი ლექსის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ახლა, როცა პოლიტიკას ჩამოშორდით, უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს?

– არ გეგონოთ, რომ მიტინგები მარტო საქართველოში ტარდებოდა, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამას წინათ, მივდიოდი როტერდამის ქუჩაზე და დავინახე მრავალათასიანი დემონსტრაცია, ხალხი დროშებით ხელში და ხმამაღალი შეძახილებით რაღაცას აპროტესტებდა. დავინტერესდი და მივუახლოვდი ხალხის მასას. როგორც გავარკვიე, დემონსტრაციის მონაწილეები მოითხოვდნენ, გლობალური დათბობის წინააღმდეგ რამე ქმედითი ზომები მიეღო მთავრობას. ნამდვილად ვისურვებდი, საქართველოში ისე აგვეწყო საქმე, რომ გლობალური დათბობის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ გვქონოდეს. ტალინში ყოფნისას, პერფორმანსების საღამო ბუნების წიაღში ტარდებოდა. ლექსის კითხვისას, მწვანე რგოლის ირგვლივ, სადაც გამოდიოდნენ პოეტები, არენაზე ერთ-ერთი მაყურებლის ოჯახის წევრის პატარა ძაღლი შემოიჭრა, რომელიც აჰყვა ამ პერფორმანსს და ლექსის ტემბრის მიხედვით აცეკვდა. ამან იქაური პუბლიკა გაამხიარულა და სხვანაირი ელფერი მისცა პოეზიის საღამოს.

– მაინც რამ გადაგაწყვეტინათ წასვლა, ჩათვალეთ, რომ პოლიტიკაში თქვენი ადგილი აღარ იყო?

– მე პოლიტიკურ ოპოზიციონერად თავს არ ვთვლიდი არასოდეს. მე პოეტი კაცი ვარ და უბრალოდ, ვახმოვანებდი ჩემს პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვარდების რევოლუციის დროს დღევანდელი ხელისუფლების გვერდით ვიყავი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების ნაწილი ვიყავი ოდესმე. კრიტიკული მუხტი ყოველთვის უნდა არსებობდეს ხელოვნებაში. როცა ის ჩუმადაა და თავისთვის ფანტაზიორობს, თითიდან გამოწოვილ თემებზე წერს, ასეთი ნატურა არავისთვის იქნება საინტერესო. იგი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე და გამოკვეთილი სამოქალაქო პოზიცია ჰქონდეს. ამას გარდა, მქონდა სერიოზული პრობლემები, რომლის გამოც ჩემმა მეგობრებმა ჩამრთეს ამ პროექტში და იძულების წესით დავტოვე ქვეყანა, თორემ ეს ჩემი სურვილით არ მომხდარა.

– ისე, ყველას ეგონა, რომ პოლიტიკაში გადაინაცვლებდით და რომელიმე ოპოზიციური პარტიის სახე გახდებოდით...

– მე ვარდების რევოლუციის ნაწილი ვიყავი და თანამდებობა ან პოლიტიკოსობა რომ მდომოდა, ამის შესაძლებლობა არაერთხელ მქონია. მაშინვე მთავაზობდნენ, რადგან ერთად ვართ და მოვახდინეთ რევოლუცია, ერთად ვიყოთო – პარლამენტში მთავაზობდნენ შესვლას ნაციონალური პარტიის სიით. ზოგი თანამდებობის მისაღებად ყველაფერს კადრულობს, მე კარიერა ღირსეულად შემეძლო გამეკეთებინა, ყოველგვარი „პადხალიმობის“ გარეშე, მაგრამ მაშინვე უარი ვთქვი. მოგვიანებით, ბევრი შეხედულება არ დაემთხვა ამ ხელისუფლებისას. დავიწყე კრიტიკა და მაშინვე გავხდი მიუღებელი ამ მთავრობისთვის. გინდა თუ არა, პოლიტიკა იჭრება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორ შეიძლება, ქვეყანა თავზე გექცეოდეს და შენ ჩუმად იჯდე, ხმა არ ამოიღო? ასეც მოვიქეცი, მაგრამ მაინც პოეტი ვარ და ჩემი ადგილი იქაა, სადაც შემოქმედებითი გარემოა, სადაც ტრიალებს ხელოვნების, პოეზიის სუნი.

– სტოკჰოლმში საკმაოდ ძვირია ცხოვრება, როგორ გაგაქვთ თავი?

– მე, როგორც უკვე ვახსენე, ვარ კონკრეტულ პროექტში, რომლის წევრები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო. პროექტის მონაწილეებს გვაქვს სტიპენდია, გამოსვლებსა და პატარ-პატარა ლექციებში გვიხდიან ჰონორარს, რომელიც საკმაოდ ნორმალურია. მე აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და არცთუ ცუდად ვგრძნობ თავს. ვცხოვრობ სტოკჰოლმის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ უბანში, სადაც შეიძლება, ბევრ საინტერესო და მოულოდნელ ობიექტს წააწყდეს დაკვირვებული ადამიანი. მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებული ერთ-ერთი სახლის ფასადზე მე და ჩემმა მეუღლემ შემთხვევით აღმოვაჩინეთ მემორიალური დაფა – მაღალულვაშაპრეხილი კავკასიური გარეგნობის მამაკაცის გამოსახულებით და შვედურ და ქართულ ენებზე შესრულებული წარწერით: „ამ სახლში ცხოვრობდა უფლისწული ალექსანდრე ბაგრატიონი“. ეს ის ალექსანდრე ბატონიშვილია, რომელიც პეტრე პირველის უახლოესი მეგობარი გახლდათ, რუსული არტილერიის ფუძემდებელი და პირველი გენერალი. რუსეთ-შვედეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნია შვედეთის ჯარს. სტუმართმოყვარე შვედებმა იგი გადმოიყვანეს სტოკჰოლმში, როგორც საპატიო ტყვე და მეფური პირობები შეუქმნეს ამ შესანიშნავ სასახლეში.

– რა გეგმები აქვს სამომავლოდ ზურაბ რთველიაშვილს და რა სიახლეს ჰპირდება ის თავის შემოქმედების თაყვანისმცემლებს?

– ჩემს სურვილზე ყველაფერი არაა დამოკიდებული. რამდენი ხანი დავრჩები კიდევ სტოკჰოლმში, არ ვიცი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კრებულის გამოქვეყნებას ვაპირებ. გარდა ამისა, მე და ირაკლი კაკაბაძეს გვაქვს ერთობლივი პროექტი, ინტენსიური ურთიერთობა უცხოელ არტისტებთან – საპროტესტო აქციები და პერფორმანსები გავაკეთოთ რუსეთის საელჩოსთან უცხოელი არტისტების ჩართვით. მათაც აწუხებთ ეს პრობლემა და ჩვენ გვერდით გვიდგანან. ვიდრე არ მოხდება ქვეყნის დეოკუპაცია, ჩვენ შეძლებისდაგვარად ვიაქტიურებთ და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვინდა, საქართველოს სახელი შორს გავიტანოთ, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ კულტურას. ხელოვანის მთავარი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის.


скачать dle 11.3