კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

როგორ აღფრთოვანდა გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგით“ შტეფან ცვაიგი



გრიგოლ რობაქიძე განსხვავებული ნიჭისა და ბედის ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ბოლშევიკური რეჟიმის სისასტიკემ ის სამშობლოს მოაშორა და ემიგრანტის მწარე და მტანჯველი ცხოვრება არგუნა. აქაც და უცხოეთშიც (ჯერ გერმანიაში და მერე შვეიცარიაში) ის მხოლოდ საქართველოზე ფიქრით ცხოვრობდა, თავის შემოქმედებაში წარმოაჩენდა ქართველი ერის კულტურის განსაკუთრებულობას, მის ტრადიციებს, აწმყოსა თუ მომავალს. იყო თუ არა ნამდვილად ჰიტლერი და მუსოლინი რობაქიძის „ცდუნება“ და რა იყო ამ უკანასკნელის მიმართ ყველაზე დიდი ბრალდება, ამას დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეოცე საუკუნის ლიტერატურის, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების მკვლევარი მაია ჯალიაშვილი გვესაუბრება:



– გრიგოლ რობაქიძეს ჩვენშიც და უცხოეთშიც მედიდური ბუნების ადამიანად მიიჩნევდნენ. თვითონ მწერალი კი ფიქრობდა, რომ ეს მედიდურობა მხოლოდ და მხოლოდ „თავისი თავის რწმენას ნიშნავდა“. ასეთი იყო ბავშვობიდან გარდაცვალებამდე.

ნიკოლაუს ზომბარდტი წერს: „გრიგოლ რობაქიძე დასავლეთ ევროპასაც ზემოდან დასცქეროდა. მას ჰქონდა ევროპელების წინაშეც უპირატესობის გრძნობა, რადგან ქართველი ერი, რობაქიძის აზრით, უფრო ძველი და უფრო კეთილშობილი, თაურცოდნასთან უფრო ახლო მყოფი რასაა“. აქ გვახსენდება ერთი ეპიზოდი გრიგოლ რობაქიძის მოთხრობა „ენგადიდან“. კინოგადამღებთა ჯგუფი მიდის ხევსურეთში, მათ შორის, ერთი ქართული ენის მცოდნე, დედით ქართველი, მამით რუსი – გიორგი ვალუევი. ისინი გზაში ხვდებიან ხევსურ მგელიკა ალუდაურს, რომელსაც არ აკვირვებს არც ფოტოაპარატი და არც სხვა ტექნიკა. „მდგარიყო მის წინ ამ წამს ნაპოლეონი თუ გოეტჰე, ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიწვევდა მასში გაოცებას. ეჭვი არაა, იგი მათს წინაშე პატივისცემით დაიჭერდა თავს, მაგრამ, ამავე დროს, იგი დარწმუნებული იქნებოდა შინაგან, რომ სადღაც, ყოფითს ერთს არსებით მუხლში იგი მათზე მაღლა სდგას. ასეთი იყო შთაბეჭდილება, მისგან გამოწვეული. ხევსური იდგა ჩვენს წინაშე შინაგან ამაყი, ხოლო არა მედიდური“.

ნიკოს კაზანცაკი წერდა თავის რომან „ტოდა-რაბაში“: „ახლა გრიგოლ რობაქიძე წარმოდგენილი მყავს, ვით უძლიერესი სულიერი პიროვნება საქართველოსი. იგი დაახლოებით ორმოცი წლისაა. ყოველთვის ლამაზად ჩაცმული. ყურადღებას იპყრობს თავისი ფიცხელი მოძრაობით და თვალთა ცივი მზერით. მხოლოდ ფართო, თავდაჭერილი სიცილი, რომლის დროსაც მისი მშვენიერი კბილები მოსჩანან, გვიმხელს მის ვნებიანობას. გრძნობ, ხარ წინაშე იმ ადამიანისა, რომელიც თავის წმინდა გამტაცებელ ტემპერამენტს აშკარა მტკიცე ნებით იპყრობს“.

გრიგოლ რობაქიძეს, მართლაც, შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. მისი ფიზიკური ხატი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სავსებით შეესაბამებოდა მის მედიდურ, ამაყ ბუნებას. ანდრეი ბელის იგი მარმარილოს ძველ ქანდაკებას აგონებდა.

ქეთევან ამირეჯიბისთვის გაგზავნილ ნაპოლეონისსურათიან ღია ბარათზე გრიგოლ რობაქიძეს წაუწერია: „ამბობენ, მე აქ ნაპოლეონს ვგავარ, ნუთუ მართლა?!“ „ნუთუ მართლა?!“ – ეს სიტყვები აქ „დიახ“-ის ტოლფასად ჟღერს. მწერალმა სიკვდილამდე შეინარჩუნა სახის ახალგაზრდული გამომეტყველება.

ნიკოლაუს ზომბარდტი იგონებდა: „გრიგოლს ჰქონდა სტატიკური, უძრავი, ფერმკრთალი სახე, რომელიც ღრმა შავი თვალებით იყო აქცენტირებული. თვალებიც თითქოს უძრავი, სტატიკური ჰქონდა, ფრინველის თვალებს მიუგავდა, გუგები არ უჩანდა. მის ფიზიონომიას ჰქონდა რაღაც ხელოვნური, ხის გრავიურასავით სტილიზებული, რისი ორგანული ნაწილიც იყო მძლავრი, ტიპიურად ქართული ცხვირი, რომელიც მძლავრ საყვირს ჩამოჰგავდა. ძალაუნებურად იაპონური ნიღაბი მოგაგონდებოდათ, ანდა ცოტა შიშის აღმძვრელი ბაზელის მორგენშტრაიჰული სახეები – რობაქიძის ფიზიონომიას თავისებურ იერს ანიჭებდა განუშორებელი პარიკი, რომელიც არ ტოვებდა ხელოვნური ქოჩრის შთაბეჭდილებას, არამედ შიშველ თავის ქალაზე დაგლესილი კეპი გეგონებოდა... პარიკი ბრწყინავდა, როგორც შავი აბრეშუმი... წლიდან წლამდე ეცვა კარგად მორგებული ქურთუკი შავი ტვიდისგან და ღია ნაცრისფერი ფლანელის შარვალი... ქარვის კრიალოსნით, რომელსაც იგი აღმოსავლურ ყაიდაზე მუდამ თავისი მოყვანილი და კარგად მოვლილი ხორცოვანი თითებით (ფრჩხილები მანიკიურებული ჰქონდა) ათამაშებდა... თუმცა, მისგან უეჭველად ძრწოლისმომგვრელი გამოედინებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნდობის აღმძვრელი ჭარბობდა. რობაქიძე ცოტას, იშვიათად ლაპარაკობდა ხოლმე. ლაპარაკობდა ხორხისმიერი ღრმა ხმით, ყოველ სიტყვას თავისებურად მიადევნებდა ხოლმე დაჟინებულ, სუგესტიურ მზერას“.

– მწერლობის გარდა, საქართველოში რას საქმიანობდა გრიგოლ რობაქიძე?

– გრიგოლ რობაქიძე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში და ძალასა და ენერგიას არ იშურებდა მის შესასრულებლად. იყო რამდენიმე კომისიის წევრი, დავალებული ჰქონდა ხელოვნების სახლის მწერალთა სასახლედ გადაკეთების საქმე, მონაწილეობდა იუბილეებისა და საღამოების ჩატარებაში, კითხულობდა ლექციებს ქართული და უცხოური ლიტერატურის შესახებ, მუშაობდა სახალხო განათლების კომისარიატში, როგორც ხელოვნების განყოფილების გამგის მოადგილე.

1929 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს პროლეტარ მწერალთა ასოციაციის პლენუმი. ბენიტო ბუაჩიძემ ისაუბრა პროლეტარ მწერალთა ამოცანებზე, ქართულ მწერლობაში გამოყო ეგრეთ წოდებული ბურჟუაზიულ-ფეოდალური მწერლობა და მათ შორის დაასახელა შალვა დადიანის, კონსტანტინე გამსახურდიას და გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება. აღნიშნა, რომ: „ჩვენ არ შეგვიძლია, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედება არ დავუკავშიროთ ბურჟუაზიულ შემოქმედებას... მე აქ შევჩერდები რობაქიძის ფილოსოფიაზე. ეს იგივე პირწავარდნილი იდეალისტური ფილოსოფიაა“.

გრიგოლ რობაქიძე ამ სხდომას ესწრებოდა, როგორც სტუმარი, მაგრამ სიტყვით გამოვიდა და შეეცადა, დაეცვა თავისი პიესა „უდეგა“, რომელსაც პროლეტარი მწერლები სასტიკად უკრიტიკებდნენ. მან აღნიშნა: „ახლა ისეთი დროა, რომ უფრო იდეოლოგიურ მხარეს აქვს მიქცეული ყურადღება, თუ გინდათ, იმავ პროლეტარული მწერლების მიერ. რასაკვირველია, როდესაც ბრძოლისა და გამწვავების ხანაა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ შემდეგში ასეთივე დიდი ყურადღება ექნება მიქცეული ჩვენს ლიტერატურას მხატვრული თვალსაზრისით“.

– რატომ წავიდა გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში?

– გრიგოლ რობაქიძე 1927 წელს გერმანიაში წავიდა ლიტერატურული საქმეების მოსაგვარებლად. ძალიან მალე კი გერმანულ ენაზე გამოიცა მისი „გველის პერანგი“, იმ დროისთვის უკვე აღიარებული ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. ცვაიგი აღტაცებული იყო ამ რომანით და წერდა, რომ მან „ახალი სამყარო აღმოაჩინა“. ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულია მწერალთა ფედერაციის მიმოწერა განათლების სახალხო კომისართან და გერმანიის გენერალურ კონსულთან, რათა გრიგოლ რობაქიძისთვის უცხოეთში ყოფნის ვადა გაეგრძელებინათ. აქვეა შუამდგომლობა მისი მეუღლის, ელენე ფიალკინა-რობაქიძის გერმანიაში გასამგზავრებლად. ამ შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ გრიგოლ რობაქიძე გერმანიაში თავისი ხარჯით ცხოვრობდა – იმ მცირე ჰონორარის ხარჯზე, რომელსაც „ზარია ვოსტოკა“ უხდიდა ფელეტონებისთვის და ჟურნალი „მნათობი“ – წერილებისთვის. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: „კავშირი გთხოვთ, გაუგრძელოთ მას სამსახურის შვებულება სახელმწიფო კინომრეწველობაში ჯამაგირის შენახვით ენკენისთვემდე, რადგან მას მანამდე არა აქვს საშუალება მოათავოს თავისი საქმეები და, ამას გარდა, არც სხვა მატერიალური საშუალებები, რომ გაიგრძელოს იქ ყოფნა“.

ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულია საქართველოს მწერალთა ფედერაციის მიმოწერა გრიგოლ რობაქიძის გერმანიაში გასამგზავრებლად მეუღლესთან ერთად. ეს იყო უკვე 1930 წელს. რობაქიძე კვლავ ლიტერატურული საქმეების გამო მიემგზავრებოდა. მას, აგრეთვე, მიზნად ჰქონდა მოლაპარაკება გერმანიაში რუსთაველის თეატრის გასტროლების შესახებ (უნდა წარმოედგინათ „ლამარა“, რომელმაც მოსკოვში წარმატების შემდეგ მოწვევა მიიღო უცხოეთიდან), ასევე, ავადმყოფი მეუღლისთვისაც უნდა ემკურნალა.

გრიგოლ რობაქიძის უცხოეთში გამგზავრებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი ბერია, მაგრამ, სერგო ორჯონიკიძის ნებართვით, მწერალი მაინც გაემგზავრა. ბერიამ რუსთაველის თეატრი გასტროლებზე არ გაუშვა. გრიგოლ რობაქიძე საქართველოში ბრუნდებოდა, მაგრამ ვარშავაში შეხვედრია ვიღაც კაცი და გაუფრთხილებია, არ ჩახვიდე საქართველოში, თორემ უმალ დაგაპატიმრებენო. მწერალი უკან აღარ დაბრუნებულა.

გერმანიაში მისი დარჩენის შემდეგ, 30-იან წლებში, მწერლის მიმართ დაიწყო ცილისწამება – იგი ფაშისტად, კონტრრევოლუციონერად, მოღალატედ და მტრად გამოაცხადეს. 1935 წლის 19 აპრილს შედგა საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც განიხილეს განცხადება გრიგოლ რობაქიძის შესახებ. ხანმოკლე კამათის შემდეგ კი დაადგინეს: „სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა განიხილა რა ფაშისტ გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ, მწერალთა ერთი ჯგუფის განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად შეუერთდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის მთელი აქტივი, დაადგინა, ეთხოვოს ს.ს.ს. რ. ცაკის პრეზიდიუმს, რათა გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა, თვალთმაქცურად გადასული კონტრრევოლუციონურ, ფაშისტთა ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სოციალისტური სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგის განხორციელებით“.

მუშიშვილი გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ დაწერილ წიგნში „გველის პერანგოსანი“ (თბ. 1934 წ. გვ. 44) წერდა: „გველმა პერანგი გამოიცვალა. გველმა თავისი თავი დატოვა. მოიხსნა და გადააგდო. გველი იცვლის პერანგს, მაგრამ, არა საკუთარ არსებას – გველი გველად რჩება მაინც, უფრო საშიშ, გაახალგაზრდავებულ გველად. მიხაკისფერი ყანწით – ფაშისტური დაღით მკერდის შუაგულზე – სვამს გრიგოლ რობაქიძე გერმანული ფაშიზმის, მისი დამპალი კულტურის, რასიული იდეოლოგიის სადღეგრძელოს“. კომუნისტური პარტია მარტო ლანძღვა-გინებით არ კმაყოფილდება. ადამიანთა შორის უნდა დათესოს სიძულვილი, მტრობა და შუღლი. გრიგოლ რობაქიძის გულითად მეგობრებს, ცისფერყანწელებს – ვალერიან გაფრინდაშვილს, პაოლო იაშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, ტიციან ტაბიძეს ხელისუფლება აიძულებს, გამოვიდნენ გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ და აი, 1935 წლის „მნათობის“ მეოთხე წიგნში ქვეყნდება მათი მიმართვა სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირმა განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურის ყველა დარგში. ეს აცოფებს კაპიტალისტურ სამყაროს და კიდევ უფრო გაბოროტებით ებრძვის სოციალიზმს. ასეთ დროს ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად ტოვებს და როზენბერგის ბანდებს ეკედლება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველ საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისთვის. ეს მწერალი გრიგოლ რობაქიძეა“ (აკაკი ბაქრაძე, „კარდუ“).

1962 წლის აპრილში გრიგოლ რობაქიძემ წერილი გამოუგზავნა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველ მდივანს, ირაკლი აბაშიძეს, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოში მე არ მახსენებენ: თუ „ვერ“ მახსენებენ. ღმერთი, რჯული! მე არავის ვეძალები, მახსენოს მაინცადამაინც. ვინც მე მიცნობს, უმალვე დაიჯერებს ამას. ვერ გამიგია მხოლოდ ერთი რამ: რუსეთში ივან ბუნინის ნაწერებს ათიათასობით აქვეყნებენ – საქართველოში გრიგოლ რობაქიძის სახელის ხსენებასაც გაურბიან. დავიჯერო, ბუნინი ჩემზე უფრო ნაკლები „ანტი“ იყოს! („ანტი“ – არ უნდა ამას განმარტება)“.

– როგორც ცნობილია, თავის დროზე ყველაზე დიდ ბრალდებად გრიგოლ რობაქიძეს ჰიტლერსა და მუსოლინიზე პატარა წიგნაკების გამოქვეყნებას უყენებდნენ.

– ამის თაობაზე დღესაც გაიგონებთ განსხვავებულ მოსაზრებას. ზემოთ ნახსენებ წერილში გრიგოლ რობაქიძე წერდა: „გავიგე, მანდ ჰგონიათ თურმე: თითქო მე ჰიტლერიანი ვყოფილიყვე. აქ ორი ფაქტია მხოლოდ: 1. ერთმა მსოფლიო ცნობილმა ორგანიზაციამ მაცნობა (7.6. 1955) ერთს ამბავთან დაკავშირებით, რომ ჩემს წიგნაკს იგი არ თვლის „ნაცისტურად“. 2. მე რომ ჰიტლერიანი ვყოფილიყავი, მაშინ არ ვიქნებოდი გესტაპოს ზვერვის ქვეშ მოქცეული 1941 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან ომის ბოლომდე“.

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველთა სათვისტომომ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია: „უფლისა და ერის წინაშე ვაცხადებთ და ვაღიარებთ, რომ გრიგოლ რობაქიძეს არასდროს და არსად არავითარი ურთიერთობა ან კავშირი „მესამე რაიხის“ მესვეურებთან, ანდა პარტიის ხელმძღვანელებთან არ ჰქონია და არც ერთ მათგანს პირადად არ იცნობდა“ .

გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ადოლფ ჰიტლერი, უცხოელი პოეტის მიერ დანახული“, დაწერილი 1938 წელს გამოცემული 1939 წელს არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული პორტრეტი, უფრო მეტად არის ხატი, ნორდულ-გერმანულ სივრცეში დანახული. „მუსოლინი“ ეს წიგნი მსგავსი ხასიათისაა, როგორც წიგნი ფიურერზე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ წარმოდგენილი პირი ატლანტურ-ხმელთაშუაზღვისპირა სივრცეშია განხილული“.

აკაკი ბაქრაძის აზრით, „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ რობაქიძის „ცდუნება“ იყო, თუმცა, არსებითი და საგულისხმო ის არის, რომ გრიგოლ რობაქიძემ იშვიათი შორსმჭვრეტელობით დაინახა ბოლშევიზმის არსი, ამოხსნა მისი მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ვერ მოახერხა ასეთივე ძალით ჩასწვდომოდა ფაშიზმსა და ნაციზმს. ეს მისდამი კეთილად განწყობილ ადამიანებს აკვირვებდათ. ლენინშიც, სტალინშიც, ჰიტლერშიც, მუსოლინიშიც მას იპყრობდა პიროვნება, უშუალოდ, მის შუაგულში აღებული. მისთვის ისინი უფრო მითოლოგიური პერსონაჟები იყვნენ, ვიდრე მეოცე საუკუნის რეალური ადამიანები. მწერალს აინტერესებდა მხოლოდ პიროვნებანი და არა ნაციზმი ან ფაშიზმი.

– ემიგრაციაში ყოფნის განმავლობაში სულ გერმანიაში ცხოვრობდა მწერალი?

– გრიგოლ რობაქიძე ემიგრაციაში ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი 1945 წლიდან, შვეიცარიაში, ჟენევაში და იქვე გარდაიცვალა 1962 1 ნოემბერს. შემდეგ, 1976 წელს, ქართველი ემიგრანტების – ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით, საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.

1963 წლის 28 სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის დამ, ლიდია რობაქიძემ, განცხადებით მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირს, რათა აღედგინათ „მწერლის სახელი და შრომები“. ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცულია დოკუმენტები, რომლებიც 1966 წელს გრიგოლ რობაქიძის რეაბილიტაციის შესახებ მოგვითხრობს.

გრიგოლ რობაქიძემ ანდერძად დაიბარა: „ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში. სანთელს აანთებდეს ამ პაწია სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს“.


скачать dle 11.3