კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუგორეს შაჰის სასახლეში შეჭრილ ქართველებს წინ ჰეიდარ-მირზას თავი და რა მოჰყვა ამას


სეფიანთა ირანის პოლიტიკურ და კულტურულ ასპარეზზე არაერთი ქართველი მოღვაწეობდა, მაგრამ, ნაკლებადაა შესწავლილი ირანში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ქართველი ქალების ცხოვრება. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი, პროფესორი მიხეილ სვანიძე სწორედ ამ ადამიანებსა და მათ ცხოვრებაზე გვესაუბრება:



მიხეილ სვანიძე: ცნობილია, რომ მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეები საქართველოს ძნელბედობის ხანაა. ამ დროს განსაკუთრებით გაძლიერდა სეფიანთა ირანის ექსპანსია საქართველოს მიმართ. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია შაჰ-თამაზის ხუთგზის ლაშქრობა საქართველოში, რომლის შემდეგ ათასობით ქალ-ვაჟი ტყვედ წაიყვანეს ირანში. ქართლ-კახეთის მეფეები და სამცხის ათაბაგები იძულებით თუ გულის მოგების მიზნით, შაჰს ქალიშვილებს უგზავნიდნენ. შაჰის ჰარამხანა 400-500 ქალს ითვლიდა და ისინი უმთავრესად კავკასიის ქვეყნებიდან იყვნენ. შაჰ-თამაზ პირველს თავის მრავალრიცხოვან ცოლთაგან 12 ვაჟი და 8 ასული ჰყავდა. მათ შორის 4 ვაჟი და 1 ქალიშვილი ქართველი ცოლებისგან შეეძინა, ხოლო ჩერქეზი ქალებისგან ჰყავდა 2 ვაჟი და 1 ქალიშვილი.

– რას გვეტყვით უფრო კონკრეტულად ამ ნახევრად ქართველებზე?

– ქართველი ცოლებისგან შაჰ-თამაზს ჰყავდა: 1. ჰეიდარ-მირზა; დედამისი – სულთან-ზედე ხანუმი, 2. მუსტაფა-მირზა; დედამისი – ზაჰრა ბაჯი, 3. იმამყული-მირზა; დედამისი – ხანფარვან ხანუმი და 4. ალი-მირზა – ისიც ზაჰრა ბაჯის ვაჟი იყო, ხოლო შაჰის 8 ასულთაგან დედით ქართველი, გახლდათ, ზეინაბ ბეგუმი, რომელსაც ადრე ანა ერქვა. ქართული წყაროების მიხედვით, შაჰ-თამაზის უფროსი ვაჟის – მუჰამედ-მირზას (ხოდაბანდე) დედა ოთარ შალიკაშვილის ასული იყო, მაგრამ ეს არ დასტურდება სპარსული წყაროებით.

– რა დასკვნამდე მიხვედით ამ წყაროების გაცნობის შემდეგ?

– ჩემი აზრით, უფრო მეტად საფიქრებელია, რომ შალიკაშვილის ასულს შაჰ-თამაზისგან შეეძინა ქალიშვილი ანა, შემდგომში ზეინაბ ბეგუმად წოდებული.

შაჰ-თამაზს თავისი ვაჟებიდან განსაკუთრებით უყვარდა ჰეიდარ-მირზა. შაჰი მის დახმარებასა და რჩევას სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტის დროსაც ითვალისწინებდა, მას „შაჰის მოადგილესაც“ უწოდებდნენ. ვენეციის რესპუბლიკის ელჩის, დ’ალესანდროს გადმოცემით, რომელიც 1571 წელს იმყოფებოდა ირანში, ჰეიდარ-მირზა შესანიშნავი მოჯირითე და ორატორი ყოფილა. იგი 18 წლისაა, ტანმორჩილი, მაგრამ გარეგნობით მეტად ლამაზიო, – წერს ელჩი.

სპარსელი მემატიანის, შერეფ-ხან ბითლისელის ცნობით, ჰეიდარ-მირზასა და იმამყული-მირზას ბიძები დედის მხრიდან იყვნენ ალიხან-გურჯი და ზაალ-გურჯი. მაგრამ როგორც ზემოთ მივუთითეთ, ჰეიდარ-მირზასა და იმამყული-მირზას სხვადასხვა დედები ჰყავდათ. სხვა ირანელი ისტორიკოსის, ნასროლა ფალსაფის სიტყვით, ქართველი სარდლები: ზაალი, დაუდი და თამაზი იყვნენ იმამყული-მირზას დედის – ხანფარავან ხანუმის ძმები და ისინი მხარს უჭერდნენ ჰეიდარ-მირზას იმის გამო, რომ ჰეიდარი დედით ქართველი იყო. მისივე დაკვირვებით, ალი-ხანი ქართველი იყო.

– ვინ იყო ქართველი სარდალი ალი-ხანი, რომელიც ასე ენერგიულად იბრძოდა თავისი დისშვილის – ჰეიდარ-მირზას გამეფებისთვის?

– „მესხურ ქრონიკაში“ ასეთი ცნობაა დაცული: „იოთამაშვილმან ალიხან სალთან ჰეიდარმირზას ბატონობაი მოინდომეს“. მესხი ფეოდალები, როგორც ქვემოთ დავინახავთ, აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, საფიქრებელია, რომ „მესხურ ქრონიკაში“ დამოწმებული ალი-ხანი ჰეიდარ-მირზას დედის ძმაა. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ ჰეიდარ-მირზას დედის გვარი იოთამაშვილი ყოფილა.

1573 წელს შაჰ-თამაზი ავად გახდა. ირანის კარზე შაჰის გამოჯანმრთელება ეეჭვებოდათ და დაიწყეს ტახტზე ასაყვანი მემკვიდრის შერჩევა. შაჰ-თამაზის უფროსი ვაჟი, მუჰამედ-მირზა (ხოდაბანდე), ფიზიკური ნაკლის (სუსტი მხედველობა) გამო პრეტენტენტთაგან გამორიცხულად მიაჩნდათ. მეორე ვაჟი – ისმაილ-მირზა, შაჰ-თამაზმა 1556 წელს დააპატიმრა იმის შიშით, რომ ტახტს შეეცილებოდა. მომდევნო – მურად-მირზა შაჰის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა; ასაკით შემდეგი იყო ჰეიდარ-მირზა. ტახტის რეალური პრეტენდენტები იყვნენ სწორედ ეს უკანასკნელი და ისმაილ-მირზა. შეიქმნა ერთმანეთის საპირისპირო ორი დაჯგუფება. ისმაილ-მირზას მომხრეთა შორის იყვნენ: ყიზილბაშთა ტომების – რუმლუს, აფშარისა და თორქამანთა მეთაურნი, აგრეთვე, ჩერქეზი დიდებულები, შაჰ-თამაზის ჩერქეზი ცოლები და მათი შვილები.

ჰეიდარ-მირზას გამეფებას კი მხარს უჭერდნენ ყიზილბაშთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომის – უსტაჯლუს ამირები, რომლებიც შაჰის კარზე ყველაზე დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდნენ, შიჰავენდის ტომის სუფიურ-დერვიშული ორდენის მეთაური, ყაჯართა ტომის ამირების ერთი ნაწილი და თაშილის ტომის ამირები. ჰეიდარ-მირზას ტახტზე ასვლას, აგრეთვე, მხარს უჭერდნენ დედით ქართველი უფლისწულები და მათი ბიძები: ალი-ხანი, ზაალ-ბეგი, დაუდი და თამაზი. შაჰ-აბასის მემატიანის ცნობით, „სიაუშ-ბეგი ქართველი და მისი ძმა – ფეროხ-ბეგი, ბედნიერი და ძლიერი უფლისწულის – სულთან ჰამზა-მირზას ნდობით აღჭურვილ პირთა შორის იმყოფებოდნენ“. ფეროხ-ბეგი იყო შაჰის ხაზინადარი, ხოლო მისი ძმა – სიაუშ-ბეგი შაჰ-აბასის დროს ცნობილი მხატვარი გახდა.

ფასლსაფის ცნობით, გვირგვინისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტ აქტიურობას ორი ქალი იჩენდა: „შაჰ-თამაზის ჰარამხანაში – სულთან-ზადე ხანუმი – ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც ქართველი ქალი იყო, შაჰს ყველა სხვა ცოლებზე მეტად უყვარდა და ქართველი სარდლების მეშვეობით, რომელთაც სამეფო კარზე დიდი გავლენა და ძალა ჰქონდათ, თავისი ვაჟის გასამეფებლად ნიადაგს ამზადებდა. მის საპირისპიროდ – გამჭრიახი, ცბიერი და ფრთხილი ფერიხან ხანუმი, რომელიც შაჰის უსაყვარლესი შვილი იყო. ის ცდილობდა, შაჰისთვის ჰეიდარ-მირზასადმი უნდობლობა ჩაენერგა, ხოლო ისმაილ-მირზა მისთვის შეეყვარებინა. ამასთან, იგი თავისი ბიძის – დედის ძმის, შამხალ-შაჰ ჩერქეზის საშუალებით, ისმაილ-მირზას მომხრეებს სიმტკიცისა და შეუპოვრობისკენ მოუწოდებდა და ისმაილ-მირზასთან საიდუმლო მიმოწერა ჰქონდა.

– რა გაგრძელება პოვა ამ ორ დაჯგუფებას შორის არსებულმა დაპირისპირებამ?

– ბრძოლა არ გამწვავებულა, რადგან შაჰი გამოჯანსაღდა. თუმცა, მისთვის უცნობი არ დარჩა ის ამბები, რაც მის ავადმყოფობას მოჰყვა. ამის შესახებ შაჰს თავისმა ჩერქეზმა ცოლმა ფერიხან ხანუმის დედამ აცნობა. მართალია, შაჰ-თამაზი ჰეიდარ-მირზას წინააღმდეგ განეწყო, მაგრამ რაიმე მკაცრი ზომები არ მიუღია.

სამი წლის შემდეგ შაჰ-თამაზი კვლავ შეუძლოდ გახდა. 14 მაისს, ღამით, იგი გარდაიცვალა, დილით კი უკვე გამოაცხადეს, რომ ჰეიდარ-მირზა გამეფდა შაჰ-თამაზის ანდერძის თანახმად. თუმცა ახალი შაჰი, შეიძლება ითქვას, სასახლეში დატყვევებული აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ამ დროს სასახლეს იცავდნენ რუმლუს, აფშარისა და ყაჯართა ტომების რაზმები, რომლებიც ისმაილის მომხრეები იყვნენ. ზაალ-ბეგმა ალამუტის ციხის კომენდანტს, ჰეიდარ-მირზას მომხრეს, წერილი გაუგზავნა, აცნობა ახალი ამბავი და მოუწოდა, მოეკლა ციხეში მყოფი ისმაილ-მირზა. გზად ისმაილის მომხრეებმა შიკრიკი დაატყვევეს და ამჯერად მათ აცნობეს ისმაილს სასახლეში მომხდარი ამბავი.

ჰეიდარ-მირზას დაღუპვაში დიდი როლი ითამაშა ფერიხან ხანუმმა: იგი ფეხებში ჩაუვარდა ჰეიდარს, პატიება სთხოვა, გამეფება მიულოცა და ერთგულება შეჰფიცა. ჰეიდარმა შეიწყნარა დის ვედრება, ფერიხან ხანუმი სინამდვილეში მის წინააღმდეგ მოქმედებდა: მისი მითითებით სასახლის ყველა კარი საიმედოდ ჩაკეტეს და დაცვა გააძლიერეს. ჰეიდარის მომხრეები ცდილობდნენ მისთვის დახმარების გაწევას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, საღამოს, როცა ყარაული შეიცვლებოდა, მაშინ შეეღწიათ სასახლეში.

– შეძლეს ამის გაკეთება?

– ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ისმაილის მომხრეებს, რომელთაც ასეთ ხერხს მიმართეს: ხმა გაავრცელეს, რომ ისმაილი ლაშქრითურთ ყაზვინს უახლოვდებოდა. ამან ძალა შეჰმატა ისმაილის მომხრეებს და მის მხარდამჭერთა რიცხვმა იმატა. ჰეიდარის მომხრეებმა კი, ძვირფასი დრო დაკარგეს. როცა მათ სასახლეზე იერიში დაიწყეს, უკვე გვიან იყო. ცხარე ბრძოლის შემდეგ ზაალ-ბეგის რაზმი სასახლეში შეიჭრა, რამდენიმე მცველი აჩეხა და ჰეიდარის ოთახისკენ გაემართა. როდესაც მოწინააღმდეგეებმა დაინახეს, რომ მათი შეჩერება შეუძლებელი იყო, ჰეიდარი მოკლეს და მისი გასისხლიანებული თავი ქართველებს წინ გაუგორეს. ჰეიდარის მომხრეები მიხვდნენ, რომ ბრძოლა წაგებული იყო და გაქცევით უშველეს თავს.

– ამის შემდეგ, ალბათ, ისმაილ-მირზა გამეფდა.

– დიახ, ის გამეფდა შაჰ-ისმაილ მეორის სახელით. იგი სასტიკად გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს – სიკვდილით დასაჯა თავისი ნახევარძმები, ხელი არ ახლო მხოლოდ თავის ღვიძლ ძმას – ხოდაბანდეს. ასევე, სასტიკად გაუსწორდა ჰეიდარ-მირზას მომხრეებს. მხოლოდ ალი-ხანმა შეძლო გაქცევა და სამშობლოში დაბრუნდა.

შაჰ-ისმაილმა ტყვეობიდან გაათავისუფლა ქართლის მეფე სიმონ პირველი, რომელიც მასთან ერთად 1569 წელს ტყვეობაში იმყოფებოდა. შაჰ-ისმაილ მეორეს დიდხანს არ უმეფია. იგი გამეფებდან დაახლოებით ერთი წლის თავზე გარდაიცვალა (ან მოკლეს). ამის შემდეგ ტახტზე ადის მისი ძმა – ხოდაბანდე, რომელიც სუსტი ნებისყოფის ადამიანი აღმოჩნდა. მისი ტახტზე ასვლის პირველი დღიდანვე, სახელმწიფოს სადავეები მისმა ცოლმა – მაჰდი ულიამ ხელში აიღო. მას მიეკუთვნებოდა უმაღლესი დივნის ვექილის თანამდებობა.

ამ დროს, როგორც ჩანს, შალიკაშვილის ასული (შაჰ-თამაზის მეუღლე) და მისი ქალიშვილი – ზეინაბ ბეგუმი (ანა), სასახლის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლობენ. აღმოსავლური წყაროებიდან ირკვევა, რომ ზეინაბ ბეგუმმა, განსაკუთრებით შაჰ-აბას პირველის დროს, დიდი გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვა.

1578 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ოსმალეთის ლაშქარმა ამიერკავკასიის ქვეყნებიც იგდო ხელთ. შაჰის კარზე ეძებდნენ გზებს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანის შაჰის მონამორჩილია ქართლის გამგებელი გამაჰმადიანებული დაუდ-ხანი (სიმონ მეფის ძმა), რომელიც ოსმალეთს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ასეთ ვითარებაში შაჰის კარზე გადაწყვიტეს (შესაძლებელია, ეს იდეა შალიკაშვილის ასულმა მიაწოდა), რომ ირანში მყოფი სიმონი ქართლის მეფედ კვლავ დაენიშნათ და ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაეგზავნათ.

ამგვარად ირანის შაჰის კარზე მყოფმა შალიკაშვილის ასულმა დაულოცა სიმონ მეფეს ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის გზა. მართლაც მთელი თავისი სიცოცხლე სიმონმა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას შესწირა.


скачать dle 11.3