კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ მიეჩვია საკუთარ უიღბლობას „ვიცე მის საქართველო“ და რატომ არ უნდა ეცადოს მის გადაკეთებას შეყვარებული

სულ ახლახან ჩატარებულ კონკურსზე „მის საქართველო 2010“, 19 წლის მშვენიერი ნატა ბახტაძე „მეორე ვიცე მის საქართველო“ გახდა. ის ამჟამად უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და „მის ტურიზმზე“ წასასვლელად ემზადება.



ნატა ბახტაძე: ადრე „მის ელიტშიც“ მივიღე მონაწილეობა, სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვე ვერც ერთ ნომინაციაში და ახლა „მის საქართველოზე“ ვცადე ბედი. გამიმართლა, გავხდი „მეორე ვიცე მის საქართველო“. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, გამოვსულიყავი თუ არა კონკურსზე, მაგრამ მერე მეგობრების, ოჯახის წევრების რჩევით, გადავწყვიტე მონაწილეობა. სურვილი დიდი მქონდა, უბრალოდ, ვმერყეობდი და რადგან მათაც მირჩიეს, დავრწმუნდი, რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა. არც ვნანობ, მომწონს ჩემი ტიტული. საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე, ბევრი გადაღება, ფოტო-სესია მქონდა. ადრე თუ კამერებთან მუშაობა მიჭირდა, კომპლექსი მქონდა, ბათუმიდან რომ ჩამოვედი და გადაღებები მქონდა, კამერები არ იყო და ვამბობდი, რაღაც მაკლია-მეთქი.

– ალბათ, უფრო დამოუკიდებელი გახდი.

– შინაგანად არ ვარ დამოუკიდებელი, ძირითადად ჩემი ოჯახის წევრებზე ვარ ბოლომდე დაყრდნობილი. მაგრამ, „მის საქართველოს“ შემდეგ, უფრო დამოუკიდებელი გავხდი. რეჟიმში ჩავჯექი – რაც ყველაზე მთავარია, იმდენად დატვირთული რეჟიმი გვქონდა, რომ ახლაც მგონია, სულ სადღაც მაგვიანდება.

– ვარჯიშობ?

– შეიძლება, წონის პრობლემა არ გქონდეს, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად, იმისთვის, რომ კუნთებმა სიმკვრივე შეინარჩუნოს, ვარჯიში აუცილებელია. მე არ მქონდა ვარჯიშის პრობლემა, არ მეზარებოდა. პირიქით, კონკურსის დროს იმდენს დავრბოდით, სავარჯიშოდ რომ მივდიოდი – ვისვენებდი. ვერ ვიტყვი, რომ ვარჯიშზე ვგიჟდები, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ვარჯიში მჭირდება, მაშინვე ვიწყებ.

– ალბათ, როგორც ყველა მონაწილეს, შენც გქონდა გამარჯვების იმედი.

– იმედი რომ არ მქონოდა, არც მივიღებდი კონკურსში მონაწილეობას. თუმცა, არ ვარ ამბიციური და არასდროს მითქვამს, „მის საქართველო“ უნდა გავხდე ან პირველი, მეორე „ვიცე მის საქართველო“-მეთქი. რაც იქნებოდა – იქნებოდა. უბრალოდ, ყველას უნდა ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობისას, გამარჯვება. რაღაც მომენტში ველოდებოდი წარმატებას, მაგრამ მაინც ძალიან ვინერვიულე. მერე, როცა გავიმარჯვე, საოცარი სიხარული ვიგრძენი. ამას სიტყვით ვერ გადმოსცემ.

– სხვა დროსაც თუ გაგმართლებია რამეში?

– არასდროს. 19 წლის განმავლობაში ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება, წარმატება. ზოგადად, არც ერთ საკითხში არ მიმართლებს. უკვე შევეგუე, რომ არ მიმართლებდა და „მის საქართველოზეც“ ასე გავედი. ვფიქრობდი, შეიძლება, არ გამიმართლოს-მეთქი. ალბათ, რაღაცას რომ მიაღწიო, ამისთვის დიდი მონდომებაა საჭირო. მე არ ვარ მიზანმიმართული, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ ვიყავი ასეთი. როდესაც კონკურსზე დავისახე მიზანი, ბევრი ვიშრომე და შედეგიც, ალბათ, იმიტომ მივიღე.

– ზარმაცი ხარ?

– ზარმაცი ვარ, მაგრამ როცა ვიცი, რომ რაღაც უნდა გავაკეთო და ეს მჭირდება, მაშინ შემიძლია, დავძლიო სიზარმაცე. ძილი ჩემი დიდი სისუსტეა, რომელსაც ვერ ვერევი. მაგრამ „მის საქართველოზე“ ესეც დავძლიე, ყოველ დილით შვიდ საათზე უკვე საუზმეს მივირთმევდი და 8 საათზე ვვარჯიშობდი.

– თვითკრიტიკული ხარ?

– ვარ. ძალიან ხშირად მქონია ისეთი პერიოდი, სარკესთან დავმდგარვარ და მითქვამს. „ვსიო“, არაფერი აღარ მიხდება. მაგრამ მეორე დღეს გადამივლის ხოლმე. ეს, ალბათ, უფრო განწყობაზეა დამოკიდებული. საკმაოდ ცვალებადი ხასიათი მაქვს.

– რა არ მოგწონს შენს ხასიათში?

– ის, რომ ზედმეტად მიმნდობი ვარ, არ მომწონს. ბევრჯერ მივხვდი, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ვერ გამოვასწორე.

– შენთვის გული უტკენიათ?

– ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მაგრამ, როგორიც ხარ ისეთი რჩები, ვერ შეიცვლები.

– როგორი გართობა გიყვარს?

– მშვიდი ადგილები არ მიყვარს. მეგობრებთან ერთად შემიძლია, ყველგან გავერთო – არ აქვს მნიშვნელობა ღამის კლუბი იქნება თუ სახლი. საერთოდ, მხიარული ადამიანი ვარ და მიყვარს მეგობრებთან ერთად კარგად გართობა.

– ხანდახან ცუდ ხასიათზეც იქნები ხოლმე.

– ძალიან ემოციური ვარ და ძირითადად ტირილით გამოიხატება ჩემი ცუდად ყოფნა. თუმცა, ადვილად შემიძლია, კარგ ხასიათზე დავდგე, განსაკუთრებით მეგობრების დახმარებით. როცა ცუდად ვარ, ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ მარტო ვარ სახლში. მეგობრების გარეშე, მოვიწყენ ხოლმე და მერე ვდგები ცუდ ხასიათზე. მაგრამ, როცა მეგობრებთან ერთად ვარ, მიჭირს და შემიძლია, მათ ვთხოვო დახმარება, მერე ნელ-ნელა გამოვდივარ მდგომარეობიდან.

– როგორი ბიჭები მოგწონს?

– პირველ ეტაპზე გარეგნობას აქვს მნიშვნელობა. რომ შეხედავ, პირველად ეფექტს ფიზიკური მონაცემები ახდენს. სიმპათიური უნდა იყოს, მამაკაცური. არ უნდა იყოს ქერა – ჩემი მოთხოვნა ასეთია. მოკლედ, შავგვრემნები გამომეხმაურონ. რაც შეეხება ხასიათს, ყურადღებიანი უნდა იყოს, ოღონდ ზედმეტად არა, თავი, რომ მოგაბეზროს. არ უნდა იყოს ეჭვიანი. უნდა იყოს ყოველთვის ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, არ უნდა გაგაღიზიანოს, მოკლედ, ყველაფერი უნდა ჰქონდეს ნორმის ფარგლებში. მხიარულიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ჩემ გვერდით სხვანაირი ვერ იქნება. როდესაც ადამიანი დაკომპლექსებულია, ძალაუნებურად, შენც მის მხარეს გადადიხარ, ამიტომ ლაღი უნდა იყოს, თავისუფალი.

– ყოფილხარ როდისმე შეყვარებული?

– ვყოფილვარ შეყვარებული და ამ დროს ზედმეტად დამთმობი, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვხდები. ძალიან ყურადღებიანი ვარ, ჩემთვის მხოლოდ ის ადამიანი არსებობს და იქ მთავრდება ყველაფერი, სხვა არაფერი მახსოვს. ეს, ჩემი აზრით, არ არის კარგი, ეს ისევ შენ გაზარალებს. ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა. როდესაც კიდევ შემიყვარდება, ამ ყველაფერს აუცილებლად გავითვალისწინებ. ისეთი აღარ ვიქნები.

– შეყვარებულის გარდა რომ არავინ გახსოვდა, ამაზე მეგობრები არ გსაყვედურობდნენ?

– არა, რადგან მათთან სულ მქონდა ურთიერთობა. უბრალოდ, მერე მე ვუსაყვედურე საკუთარ თავს. არ მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც გავხდი. დათმობა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. როდესაც არსებობს ისეთი სიტუაცია, რომ შენი საყვარელი ადამიანის გამო რაღაც უნდა დათმო, აუცილებლად დათმობ. მაგრამ, შენ დათმო ყველაფერი და იმან – არაფერი, ეს არ არის სწორი. თუ ადამიანს უყვარხარ, შენც გიყვარს, პატივს სცემ, მანაც უნდა გცეს პატივი, მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და არ უნდა შეეცადოს შენს გადაკეთებას. ეს რომ იწყება, მერე უკვე მოდის პრობლემებიც. მოდელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაც პრობლემები, მაგრამ, როგორც ხედავთ, ყველაფერი მარტივად გადავჭერი და არჩევანი გავაკეთე.

– წარმოგიდგენია, როგორი იქნები, როდესაც გათხოვდები?

– ვიქნები ისეთი, როგორიც ყველა ქალი უნდა იყოს. უნდა მოასწრო საქმის გაკეთება – სამსახურში, სახლში, სამზარეულოშიც იტრიალო. როცა ოჯახს ქმნი, ყველაფერი უნდა შეითავსო.


скачать dle 11.3