კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–41(511)

დღეს ფილოსოფოსები ორად არიან გაყოფილნი და თავგამოდებულები ცდილობენ, ერთმანეთს საკუთარი სიმართლე დაუმტკიცონ. მოგეხსენებათ, ყველას თავისი სიმართლე აქვს, მით უმეტეს, როცა საქმე ისეთ სერიოზულ საკითხს ეხება, როგორიც ფილოსოფიაა, მაგრამ, ვის შეუძლია, ბოლომდე შეიცნოს ადამიანი და თქვას, რა ხდება მის სულსა თუ გონებაში?! თუმცა, ვარაუდი და მსჯელობა ჯერ არავის აუკრძალავს ჩვენთვის... თურმე (მოდი, ისე მოვაჩვენოთ თავი, თითქოს ფილოსოფოსების გვჯერა), არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ფსიქოლოგიური ზემოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ თორმეტი ისეთი ნიშან-თვისება ახასიათებთ, თქვენც რომ არ გაგიჭირდებათ სხვებში გამოარჩიოთ. ეს ყველაფერი მერე წავიკითხე და გავიგე. როდის „მერე“, ამას ნელ-ნელა მიხვდებით, მთავარი კი ის არის, თქვენ ისწავლოთ, ვისზე ვერ შეძლებთ ზეგავლენის მოხდენას – ვინ იცის, რაში და როდის გამოგადგებათ. ფაქტია, რომ პიროვნულად ძლიერ ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა ჩვეულებრივ მოკვდავთ კი არა, პროფესიონალებსაც ძალიან უჭირთ. აქტიური, სწრაფად მოაზროვნე, მუდმივად მოქმედებაში მყოფი, კონცენტრირებული ყურადღების მქონე, ცოტათი სკეპტიკოსი, ჯიუტი (ასე რომ, სიჯიუტე ნაკლი სულაც არ ყოფილა), შემოქმედებითი აზროვნების, შრომისმოყვარე... მგონი, ყველაფერი ვთქვი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხართ ასეთი? თუ არა, მაშინ ყოველთვის მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენით ვიღაცა გაერთობა. ესეც, იმ შემთხვევაში, თუკი სხვა, უფრო შორსმიმავალი გეგმა არ ექნება ჩაფიქრებული თქვენ წინააღმდეგ... რაღაცას მოგიყვებით, მაგრამ, არ თქვათ, ყველა უბედურება „იქიდან“ მოდისო... 1969 წელს ნიუ-იორკში, „სოციოლოგიის თანამედროვე ლექსიკონში“ გაჩნდა სიტყვა „მანიპულაცია“ – ეს ძალაუფლების ერთგვარი ფორმაა. ვისაც შეუძლია ადამიანებით მანიპულირება, ის ფლობს სერიოზულ ძალაუფლებასაც და ფულსაც. რა თქმა უნდა, ფულიც არის ძალაუფლება, მაგრამ მანიპულაციის ნიჭი კიდევ უფრო დიდი ძალაუფლებაა. მანიპულაციისთვის აუცილებელია ორი ადამიანი: თავად მანიპულატორი და ის, ვინც საკუთარი თავის მანიპულაციის ობიექტად გამოყენების უფლებას აძლევს. მანიპულაცია არ არის ძალადობა, ეს უფრო ცდუნებას ჰგავს, ანუ, საცდურის გარსშია კარგად შეფუთული და ზოგჯერ ბრჭვიალა, თვალისმომჭრელი ბაფთითაც კია შეკრული... სწორედ ამიტომაც, მსხვერპლი, ამავდროულად, თანამონაწილეც ხდება. მისი აქტიურობის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა. ახლა, თავად განსაჯეთ: რატომ ხდება ისე, რომ ვიღაცის ხელში მარიონეტი ხდები... სრულიად შეუცნობლად და ნებაყოფლობით.

***

ლიკა კარგა ხანს იჯდა დამუნჯებულივით... სოფო გვერდით ჩამოუჯდა და ტუჩები მრავალმნიშვნელოვნად გაბუსხა:

– ჰო, ამას ნამდვილად არ ველოდი ლაშასგან. ოღონდ, გულწრფელად ვამბობ. გამაოგნა. უფრო სწორად, სასიამოვნოდ გამაოცა.

ლიკამ შუბლი მოისრისა და თითქოს იმ წუთას გამოფხიზლდა ღრმა ძილიდან:

– შენ რას გულისხმობ, ფული რომ მომიტანა?

– მარტო მაგას არა. შეხედე, როგორ ეცვა? მაგარი გემოვნება ჰქონია, ძალიან მაგარი! აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ყველაფერში ძალიან ძვირი ექნებოდა გადახდილი, თუკი... – სოფომ ახლა თითები გაატკაცუნა.

– თუკი... რა? – მოთმინებამ უმტყუნა ლიკას.

– თუკი ვიღაცამ არ აჩუქა... – ისევ იდუმალი ტონით თქვა სოფომ და ლიკა გაფითრდა.

– შენ ფიქრობ, რომ... ძლივს მოატრიალა ენა. იმ წუთში ისეთი საცოდავი სახე ჰქონდა, რომ სოფოს გულწრფელად შეებრალა.

– მე არაფერს არ ვფიქრობ, გესმის? არაფერს. რა ხდება შენი ქმრის ცხოვრებაში, ჩემზე უკეთ უნდა იცოდე. ალბათ, პრობლემებიც ამის გამო გაქვთ.

– რის გამო? მე პრობლემები კი არ მაქვს ქმართან, დავშორდი და ეს ერთი და იგივე არ არის.

– ჰოდა, მაგას ვგულისხმობდი. ლაშას ვიღაც ჰყავს და შენ ეს იცი. ან ხვდები მაინც, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე სავარაუდო მიზეზი, ალბათ, ეს არის.

– მე შენი აზრი მაინტერესებს.

სოფომ მხრები აიჩეჩა:

– იცი, საქმე რაშია? ლაშასთან შენ თვითონ უნდა გაარკვიო ყველაფერი. ერთს გეტყვი: ოჯახის ვარაუდების გამო დანგრევა, ალბათ, სისულელეა.

– მაშინ, საიდან აქვს ამდენი ფული? შენ ხომ თქვი, რომ ლაშასგან ამას არ ელოდი?

– ჰკითხე, საიდან იშოვა, თუკი, მართლა თვითონ იშოვა და არავინ მისცა ქეშად, საჩუქრად.

– ეჰ, რა ადვილად ლაპარაკობ...

– რა თქმა უნდა, ყველაფერი ადვილია, როცა გარკვეულია. უნდა დაელაპარაკო. აუცილებლად.

– უკვე ველაპარაკე.

სოფოს თვალები აუციმციმდა:

– მერე?

– არაფერი, – ხელი ჩაიქნია ლიკამ.

– რას ნიშნავს „არაფერი“? გაჩუმდა და ხმა აღარ ამოუღია, ყველაფერი უარყო თუ რაშია საქმე?

– ისეთი წარმოუდგენელი სისულელე მითხრა... ტყუილის თქმაც არ შეუძლია ნიჭიერად.

– რაღაცის ნიჭი მაინც ჰქონია, რას ერჩი, – ორაზროვნად შენიშნა სოფომ, – ვინ შეაბა ამისთანა? ალბათ, ვიღაც ბებერი და ძალიან ფულიანი...

ლიკა გაფითრდა.

– ჰო, კარგი, ვიხუმრე, – დაზოგა სოფომ, – არ იქნება ასე, ვის რად უნდა შენი ლაშა. დიდი საქმე, თუ ვიღაც მომსახურებაში ფულს უხდის. იცი, რას გეტყვი? სანამ მაგ ფულებით კიდევ სხვა ქალის შებმა დაუწყია, შეურიგდი და ერთად მოიხმარეთ, რა...

ლიკამ გაოცებით დაახამხამა თვალები.

– ახლაც ხუმრობ, თუ სერიოზულად მირჩევ?

– აბსოლუტურად სერიოზულად გირჩევ. ყველაფერზე გეტყობა, რომ გიყვარს შენი ქმარი. ჰოდა, დაიკიდე და შეურიგდი. სხვას რატომ უნდა დაუთმო?

– თუ მიღალატა, მაინც?

– დიახ, თუ გიღალატა, მაინც. მითხარი, ხომ გიყვარს? ტყუილს აზრი არ აქვს, ისედაც აშკარაა.

– მერე რა, რომ მიყვარს. დავივიწყებ.

სოფომ თავი გადააქნია:

– ეგ არ იქნება მარტივი. თან, შვილიც გყავთ და ამაზეც იფიქრე. შეიძლება, მერე ძალიან ინანო, ოჯახი რომ არ შეინარჩუნე. თუ რამე შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო.

– და... მთელი ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით ვიყო, რომელიც უსინდისოდ მატყუებს, მეთამაშება და მამცირებს?

– გააჩნია, რატომ გატყუებს. იქნებ, პირიქით. არ უნდა, რომ დაგამციროს. ზოგჯერ ტყუილსაც აქვს გამართლება.

– მერე, ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ტყუილის გამართლება შეიძლება?

– ჰო, ეგ უკვე თავად უნდა გადაწყვიტო, შენი გულისა და გონების კარნახით.

სოფომ მეგობრულად გაუღიმა, მხარზე გამამხნევებლად მოუჭირა ხელი და თავისი მაგიდისკენ გაემართა. ლიკა ისევ მარტო აღმოჩნდა თავის ფიქრებთან.

***

ინამ მორიდებით შეაღო კაბინეტის კარი:

– ბატონო ანდრო, შეიძლება? მოვიდნენ.

– შემოვიდნენ, შემოვიდნენ. იმ ორ უსაქმურსაც დაუძახე. ლევანსაც ეყოფა ბარში ჯდომა, ეს მარტო ჩემი პრობლემა არ არის.

ინამ თავი დაუქნია და კარი უფრო ფართოდ გააღო. ანდრო წამოდგა. პიჯაკის ღილი შეიკრა და მოსულებს თავდაჭერილი, მოზომილი ღიმილით ჩამოართვა ხელი.

– დაბრძანდით. რა შემოგთავაზოთ, რას დალევთ? ვისკი, კონიაკი, კოქტეილების ფართო არჩევანი გვაქვს...

– ყავას დავლევთ, თუ ეს პრობლემას არ შეგიქმნით, – თქვა შედარებით მაღალმა, თმაშევერცხლილმა, მკაცრსახიანმა მამაკაცმა და თავის თანმხლებ პირს ანიშნა, ჩემთან ახლოს დაჯექიო.

– ბატონო ანდრო, თქვენთან ყველაფერი წესრიგშია?

ანდრომ გაიღიმა:

– გააჩნია, წესრიგში რას გულისხმობთ. პირდაპირ მითხარით, რა პასუხს ელოდებით ჩემგან?

– კარგია, რომ პირდაპირობა გიყვართ. არც მე ვარ რამის დამალვის და თამაშის მომხრე. რა აზრი აქვს ამას? ვისთვის იქნება სარგებლობის მომტანი? – არავისთვის, უპირველესად კი – თქვენთვის.

– დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ, მაინც ბოლომდე ვერ გავიგე, რისი თქმა გინდათ.

– იმის, რომ, თუ აქ ან რომელიმე თქვენს კაზინოში რამე უკანონობა ან კრიმინალი ხდება, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ. საქმის კურსში კი თავად უნდა ჩაგვაყენოთ.

ანდრომ ადროვა, სანამ ინა მაგიდაზე ყავის ფინჯნებს დააწყობდა და გავიდოდა, მერე კი სრული სერიოზულობით განაცხადა:

– არანაირ კრიმინალს ადგილი არ ჰქონია. მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ, მაგრამ, უკანონობის დამცველი არასოდეს ვიქნები.

– მართლა? მსიამოვნებს, ეს რომ მესმის. მაგრამ, ჩვენ რომ რაღაც ვიცით? – მკაცრსახიანმა ყავა მოსვა და ანდროს სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი, – აქ ხომ ეწევით? – იკითხა უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით, მექანიკურად და ისეთი ტონით, რომ, აშკარა იყო, პასუხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანდრომაც, გაღიზიანებულმა მისი მომთხოვნი და მბრძანებლური გამოხედვით, საერთოდ არ უპასუხა, მხოლოდ საფერფლე მიუჩოჩა უფრო ახლოს.

– ესე იგი, არაფერი ხდება, აბსოლუტურად არაფერი.

– როგორ არ ხდება, – ვითომ გაიოცა ანდრომ, – ადამიანები მოდიან, აგებენ და მიდიან... მერე ისევ მოდიან... ეს აკრძალული არ არის.

– აგებენ და მიდიან... მაგრამ ზოგიერთები იგებენ კიდეც.

– დიახ, ზოგიერთები იგებენ კიდეც. ბედის ამბავია. გააჩნია, ფორტუნა ვის გაუღიმებს.

მკაცრსახიანმა გაიცინა და თავის თანამგზავრს გადახედა:

– შენ არ გიღიმის ხოლმე ფორტუნა? თუ, არ გიღიმის და ამიტომ არ დადიხარ კაზინოში? აი, მე ერთი პერიოდი ამ დაწესებულების საკმაოდ ხშირი სტუმარი ვიყავი და, შენ წარმოიდგინე, ფორტუნას ერთხელაც არ გაუღიმია ჩემთვის. ნეტავი, რატომ არ მწყალობდა?

კაბინეტში ზურა და ლევანი შემოვიდნენ. ანდრომ ორივე მაგიდასთან მიიპატიჟა:

– მოდით, დასხედით. ეს ბატონები ფიქრობენ, რომ პრობლემები გვაქვს და მათ არ ვაცნობეთ... ლევან, დამიდასტურე, რომ საჭიროების შემთხვევაში სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდით.

– „საჭიროების შემთხვევაში“, – გაიმეორა მკაცრსახიანმა და, რატომღაც, სიგარეტს დახედა, – კარგი სიგარეტია, ასეთს აქ ვერ იყიდი. ალბათ, საგანგებოდ ჩამოაქვთ თქვენთვის.

– არა, ბატონო. აქ ვიყიდე, ერთ ძალიან ცნობილ მარკეტში. მოდი, პირდაპირ გეტყვით, თქვენ ის კაცი გაინტერესებთ, რომელმაც ჩვენც გარკვეული ეჭვები გაგვიჩინა. მაგრამ, ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვუპოვეთ.

– აჰა, უკვე საინტერესოა. ბატონო ანდრო, ჩვენ რატომ არ მოგვმართეთ? იქნებ, კარგად ორგანიზებულ თაღლითთა ჯგუფთან გვაქვს საქმე? იქნებ, მათ ისეთი სქემა აქვთ, თქვენ რომ წარმოდგენა არ გაქვთ მასზე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვალდებულები ხართ, განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ გვაცნობოთ.

– დიახ, ვიცი, მაგრამ, თავიდან არ გვიფიქრია, რომ ეს ის „განსაკუთრებული“ შემთხვევა იყო, – საუბარში ჩაერთო ლევანი და ზურას ანიშნა, შენც თქვი რამეო.

– დიახ. კაცმა რამდენჯერმე მოიგო... არცთუ დიდი თანხა. სულ ეს იყო.

– მართლა? მაინც, რამდენჯერ მოიგო?

ზურამ ხელები გაშალა და დაბნეულმა ჩაილაპარაკა:

– იცით, არ დამითვლია.

– არც თქვენ დაგითვლიათ? – მკაცრსახიანი ახლა ანდროს მიუბრუნდა.

– ექვსჯერ თუ შვიდჯერ, ზუსტად ვერ გეტყვით.

– ჰმ და ამას ასე მშვიდად ამბობთ, ბატონო ანდრო? თქვენს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა თუ გახსენდებათ, ანუ, მეორე ასეთი იღბლიანი თუ გინახავთ?

– არა, არ მინახავს, მაგრამ, ვიცი, რომ იღბლიანი ადამიანები არსებობენ.

– მე არ მჯერა მაგის. ამიტომ ამ „იღბლიანს“ განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანთ.

– ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ, – თქვა ანდრომ, – ფსიქოლოგიც ჩავრთეთ საქმეში.

– ეგ თქვენი მეთოდები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩვენი ორი თანამშრომელი მუდმივად აქ იქნება. დანარჩენსაც მივხედავთ.

ანდრო შეიჭმუხნა:

– მე არ მინდა, ჩემს კლიენტებს დისკომფორტი შეუქმნათ, ჩემს დაწესებულებას კი ავტორიტეტი შეელახოს.

მკაცრსახიანმა გაიღიმა:

– ჯერ ერთი, თქვენი კლიენტურა ზეპირად ვიცით და მათ დისკომფორტი არანაირად არ შეექმნებათ, თუკი სათამაშო დარბაზში ორი მამაკაცი თავისთვის იჯდება. მეორეც – თქვენ რა გირჩევნიათ, კაზინო საერთოდ დაიხუროს, თუ ჩვენთან ითანამშრომლოთ, რომ ის თაღლითი გამოვააშკარავოთ, ისევ თქვენს სასიკეთოდ?

– არა, თქვენ ვერ გამიგეთ, – უკან დაიხია ანდრომ და ხელი ისე მომუშტა, ფრჩხილები გაუთეთრდა, – რა თქმა უნდა, ყველანაირად დაგეხმარებით, უბრალოდ, არ გვინდოდა, შეგვეწუხებინეთ. დაკვირვებას ჩვენი ფსიქოლოგი და დაცვის თანამშრომლები აწარმოებდნენ და საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს, სუფთად თამაშობს.

– გასაგებია. ახლა ჩვენ მოგვეცით საშუალება, დავრწმუნდეთ ამაში.

– რის გაკეთებას აპირებთ? – უნებლიეთ წამოსცდა ანდროს.

მკაცრხმიანმა წარბები ასწია:

– იცით, რამდენნაირი თაღლითი არსებობს? ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ვერც ერთი ფსიქოლოგი, როგორი პროფესიონალიც უნდა იყოს ის, ვერ ჩასწვდება ამ ფანტაზიის სიღრმეებს. შეიძლება, ისეთი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვააშკარავოთ, ძალიან გაგიკვირდეთ. ადამიანები ფულის შოვნის ახალ და ახალ საშუალებებს იგონებენ. ეძებენ გზებს და პოულობენ კიდეც, მაგრამ დიდხანს არავის უმართლებს. შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, ეს შეცდომა არ გამოგვეპაროს. თქვენ კი საყვედური მაინც არ აგცდებათ, დროულად რომ არ ჩაგვაყენეთ საქმის კურსში.

ანდრომ თავი დააქნია:

– დიახ, შეიძლება. უბრალოდ, ვიფიქრეთ, რომ...

– ზოგჯერ ბევრი ფიქრი მავნებელია, ძალიან მავნებელი. მით უფრო, ისეთი ადამიანისთვის, როგორიც თქვენ ხართ. ჩვენ ახლა წავალთ და შეეცადეთ, მუშაობაში ხელი არ შეგვიშალოთ. ყავისთვის და სიგარეტისთვის მადლობა, ორივე განსაკუთრებულად კარგი იყო.

***

...თავდაჯერებული, საკუთარ ყოვლისშემძლეობაში დარწმუნებული ადამიანისთვის ყველაზე მძიმედ ასატანი მისი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენებაა – ამაზე ძლიერ დარტყმას მის პატივმოყვარეობას ვერ მიაყენებ და, შეიძლება, სულიერადაც გატეხო. იქნებ, სწორედ ამიტომ არ არის საჭირო, ზედმეტად გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის, რომ ნებისმიერ სირთულეს ადვილად გაართმევ თავს. ერთი სიტყვით, ორი უკიდურესობა არსებობს: როცა გადაჭარბებით გჯერა შენი შესაძლებლობების და როცა საერთოდ არ გჯერა. არც ერთი უკიდურესობა არ არის სიკეთის მომტანი. თვითონ უკიდურესობა უკვე შეცდომაა, თავისი არსით, შეცდომაა და, თანაც, ზიანის მომტანი.

ანდრო გაცოფებული ჭმუჭნიდა ხელში სიგარეტის კოლოფს და ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას. ზურა და ლევანი მხოლოდ თვალს ადევნებდნენ მის თითოეულ მოძრაობას, იცდიდნენ, რომ პირველად ისევ მას ეთქვა რამე.

– თქვენს ტელეფონებს მოსმენაზე აიყვანენ. გეყოთ ჭკუა და დღესვე იყიდეთ ახალი ტელეფონებიც და ახალი ნომრებიც ისე აიღეთ, ნახევარმა ქალაქმა რომ არ იცოდეს ამის შესახებ.

ზურამ ამოიხვნეშა:

– ჩვენ რატომ უნდა გვისმინონ, ტო... ჩვენ ხომ არ ვიგებთ ფულს. აქეთ ვართ დაზარალებულები, თუ სიმართლე გინდა! ლევან, არა ვარ მართალი, ტო?! თქვი რა, რამე!

ლევანს ყურადღება არ მიუქცევია ზურას სიტყვებისთვის. ფიქრობდა. მერე თავი ასწია და ანდროს შეხედა:

– შენ ფიქრობ, რომ აქამდე არ გვისმენდნენ? მე არ მჯერა მაგის. უბრალოდ, ახლა ამას ინტენსიური სახე ექნება. პრინციპში, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ.

– მე კი ვხედავ. ვცოფდები, როცა ლაბორატორიის ვირთხად აღმიქვამენ. არავინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და დღითიდღე სულ უფრო აუტანელი გახდება.

– ჰო, მაგრამ, ის ტიპი ჩვენი პრობლემაც არის. იქნებ, მართლა არსებობს დამნაშავეთა ჯგუფი, რომელსაც შენი გაკოტრება აქვს გადაწყვეტილი?

– აჰა! ეს რა, ახალი ვერსიაა? ესე იგი, მყავს მტერი, რომელიც ამ ყველაფერს მიჩალიჩებს? შენ, მგონი, სულ აურიე, თვითონაც არ იცი, რას ლაპარაკობ. ლევან, შენ მაინც უთხარი, მოკეტოს, სანამ საბოლოოდ გადავირიე.

– ზურა, გაჩუმდი, რა! – უხალისოდ ჩაილაპარაკა ლევანმა, – ახლა რომ ვინერვიულოთ და გადავირიოთ, მაინც ვეღარაფერს შევცვლით. იმუშაონ და ეძებონ დამნაშავეთა ჯგუფი, ჩვენ კი ჩვენს საქმეს მივხედოთ. ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის, ანუ თუ მოვინდომებთ, ხელს ვერ შეგვიშლიან. გეთანხმები, რომ სულაც არ არის სასიამოვნო მათი თანამშრომლების გამუდმებული თვალთვალი, მაგრამ, შეგვიძლია, არ შევიმჩნიოთ. ძირითადად ხომ ის იქნება მათი თვალთვალისა და დაკვირვების ობიექტი და არა ჩვენ.

– ვერ ვიტან, როცა ჩემს სივრცეში ვიღაც უხეშად იჭრება და მზად ვარ, საკუთარი ხელით მივახრჩო.

ლევანმა თავი გააქნია:

– ეს ის შემთხვევაა, როცა მაქსიმალური სიმშვიდე უნდა გამოიჩინო. არ ვიცი, ჩემს რჩევას მიიღებ თუ არა, მაგრამ, მაინც გეტყვი: რელაქსაცია არ გაწყენდა.

– რელაქსაცია?

– ჰო. ყურადღება რამეზე უნდა გადაიტანო – ახლა ეს შენთვის აუცილებელია. ახალი გასართობი მოძებნე.

– მაგალითად, რა... ქალი?

– თუნდაც. თუკი ის შეძლებს, შენი ყურადღება თავისკენ მიმართოს, რატომაც არა.

– და, აქაურობა ვის ჩავუგდო ხელში? ერთ გაურკვეველ ფსევდოიღბლიანს და მასზე მონადირე სპეცსამსახურის თანამშრომლებს? მგონი, გაგიჟდი! – იფეთქა ანდრომ და სიგარეტის კოლოფი გამეტებით ესროლა კედელს.

ლევანმა ამოიოხრა:

– თუ არ დამშვიდდები, უარესი იქნება. კარგად გიცნობ – როცა ბრაზობ, შეცდომებს უშვებ. ამიტომ, აუცილებლად უნდა დამშვიდდე. ახალი სასიყვარულო ინტრიგა გიშველის. ამ შემთხვევაში ქალზე უკეთეს საშუალებას ვერ ვხედავ.

– ჰო, აბა, რა... – აიტაცა ზურამაც, – ქალი მაგარია!

ანდრომ უკმაყოფილოდ აიქნია ხელი და შეიჭმუხნა, მაგრამ ერთბაშად სახე გაუნათდა და გაიღიმა:

– მართალი ხარ, ქალი მაგარია, ძალიან მაგარი! აქამდე როგორ ვერ ვიფიქრე. რა თქმა უნდა, ქალი... ჰო, ქალი და – პრობლემაც მოგვარდება...

ლევანმა და ზურამ ერთმანეთს გადახედეს.

– მოიცა, რას გულისხმობ?

– მე? ზუსტად იმას, რასაც თქვენ. ქალი დამამშვიდებს. აბა, რა... ამიტომაც, ახლავე, თქვენ თვალწინ ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ ერთ საინტერესო არსებასთან. თქვენ შეგიძლიათ, წახვიდეთ. ჰო, დარბაზში რომ გახვალთ, ინას უთხარით, შემოვიდეს.

ლევანმა ეჭვით შეხედა უჩვეულოდ გამხიარულებულ ანდროს, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. დარბაზში გასულმა ინას დაუწყო ძებნა და ბოლოს სამზარეულოში მიაგნო დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად – პიცას ჭამდა და რაღაცაზე მხიარულად კისკისებდა.

– ინა, ანდრო თავისთან გიხმობს, ისე, მიკვირს, ამ დროს დარბაზში რომ არ ხარ.

ინა შეცბა:

– იცით, ძალიან მომშივდა. მთელი დღეა, არაფერი მიჭამია. ვიფიქრე, არაფერი დაშავდება, თუ ათი წუთით სასადილოდ გავალ-მეთქი. დათოც დილიდან მუშაობდა, – რატომღაც დაცვის თანამშრომელიც დაიცვა და გაწითლდა. – უკაცრავად, ალბათ, უნდა გამეფრთხილებინეთ. ახლავე გამოვალ.

– არა, არა, დაასრულე ჭამა. უბრალოდ, ანდროს ამბავი ხომ იცი, თან, ახლა ძალიან არის გაღიზიანებული და დიდხანს არ ალოდინო, – ლევანმა ქალს გაუღიმა და თითი ალერსით მოუსვა ლოყაზე, – ძალიან კარგი გოგო ხარ, ინა... ძალიან. არ მიკვირს, ანდრო რომ ასე გენდობა.

ჭარხალივით გაწითლებულმა დათომ ჩაახველა და, ლევანი გავიდა თუ არა, ინას მაშინვე მკლავში სტაცა ხელი:

– ვინ არის ეგ ტიპი და რა უნდა?

– არ იცი, ვინ არის? ანდროს მეგობარია და ამ კაზინოში წილიც აქვს.

– ეგ ვიცი. შენთან რა უნდა?

– ჩემთან რა უნდა უნდოდეს, რა მოგივიდა? ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც დანარჩენებთან, ანდროსთან ან ზურასთან.

დათო მოიღუშა:

– ანდროსთან შენ განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს. ძალიან არ მომწონს, მის კაბინეტში რომ შეიკეტები ხოლმე და რაღაცაზე ჩურჩულებთ.

ინა გაბრაზდა:

– რა უფლებით ეჭვიანობ ჩემზე? მე შენთვის ამის საბაბი არ მომიცია და, საერთოდაც, ვერ ვხვდები, ვინ დაგავალა ჩემზე მეურვეობა. დიდი ხანია, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ვარ და კმაყოფილი ვარ ამით. არავის მფარველობა არ მჭირდება, განსაკუთრებით – შენი, – ინამ ტუჩები ხელსახოცით გაიწმინდა და წამოდგა. დათო მაჯაში სწვდა და მაგრად მოუჭირა ხელი:

– არ გაგიშვებ!

– ხომ არ გაგიჟდი? რას ნიშნავს, არ გამიშვებ? ვერ გაიგე, ანდრო გელოდებაო?

– არა უშავს, დაგელოდება. ინა, მომისმინე... ვეძებდი შესაფერის მომენტს, ეს ყველაფერი როგორ მეთქვა, მაგრამ, ვერაფრით ვერ მოვიფიქრე, როგორ გამეკეთებინა... ამ საქმეში დიდი გამოცდილება არ მაქვს... თუმცა, გულახდილად გეტყვი, საერთოდ არ მაქვს გამოცდილება. მაგრამ, ალბათ, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, ხომ მართალია... აუ, მგონი, ვბოდავ... მთავარს კი ვერ გეუბნები... მთავარი კი ის არის, რომ...

– დათო, არ გინდა! – ინას ხმაში მუდარა გაისმა.

– არა, მინდა! გეტყვი, რა... ძალიან გთხოვ... – დათო დაიხარა და ქალის მაჯას ტუჩები შეახო. ინა შეხტა, თითქოს კოცნამ კანი დაუწვა.

– დათო, ახლა არა... ძალიან გთხოვ, მერე, მერე მითხარი.

– „მერე“ იქნება? მაძლევ ამის პირობას?

– ჰო, გაძლევ. ოღონდ ახლა გამიშვი, კარგი? გამიშვი...

***

ვახომ წინსაფარი მოიხსნა, მაგრამ გაბმულმა ზარმა მისი დადების საშუალება აღარ მისცა და ხელში შერჩენილი წინსაფრით გაიქცა კარის გასაღებად. არც უკითხავს, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო კარს მიღმა, ისე მოჰკიდა სახელურს ხელი და გამოაღო.

– გამარჯობა... – ამოიბლუკუნა გახევებულმა და უკან ისე მოიხედა, თითქოს შველას ითხოვდა.

– სახლი ხომ არ შემეშალა? – პრეტენზიული ტონით იკითხა ქალმა და ბიჭი ისე შეათვალიერა, მისმა მსუსხავმა მზერამ ვახოს კანი დაუბუსუსა.

– თქვენ, ალბათ, ლიკას დედა ბრძანდებით. მე ლაშას მეგობარი ვარ. შემობრძანდით, შემობრძანდით... – ხაზგასმული თავაზიანობით შეიპატიჟა ქალი.

– ეს წინსაფარი მე ვუყიდე ლიკას...

ვახოს ფეხი აერია.

– დიახ... ლიკას წინსაფარია. მე... ვახშამს ვამზადებდი... მობრძანდით. ახლავე დავუძახებ ლაშას.

ლიანამ ზიზღით მობრიცა ტუჩები და ოთახში შეაბიჯა.

– აი, ლაშაც... – ვახო უკვე სისულელეებს ლაქლაქებდა, – თქვენ ისაუბრეთ, მე ვახშამს დავასრულებ. რაღაც გადასარევი ტაფამწვარი გამომივიდა, პომიდვრით. გაგისინჯავთ პომიდვრიანი ტაფამწვარი? დაგვეწვიეთ ვახშამზე, ყავასაც მოგართმევთ.

– ყავას ჩემი საყვარელი სიძე მომიდუღებს და მომართმევს, – ისეთი ტონით წარმოთქვა ლიანამ, რომ ლაშას შეაჟრჟოლა, ვახო კი მაშინვე გაქრა ოთახიდან. ლიანამ მთელი ბინა შემოიარა. ლაშა მდუმარედ ადევნებდა თვალს.

– აჰა, ესე იგი, ახლა ასე ცხოვრობ... – თქვა ბოლოს, ხელჩანთა მაგიდაზე დადო და სკამზე ჩამოჯდა.

– დიახ. თუმცა, კარგად ვერ გავიგე, რა იგულისხმეთ „ასე ცხოვრებაში“.

– მშვენივრად გაიგე. მე ვერ მომატყუებ. ისე, კარგია, რაღაცის მომზადება მაინც თუ იცის. ღმერთო, რა სირცხვილია! – ლიანამ ამოიოხრა.

– ქალბატონო ლიანა, თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ მე... – გაფითრდა ლაშა.

– მე არ ვფიქრობ, მე ვხედავ!.. ღმერთო, საცოდავი ჩემი შვილი, საცოდავი... მე კი არ მჯეროდა...

– ქალბატონო ლიანა, რისი არ გჯეროდათ და რისი გჯერათ?.. ნუ გადამრევთ... ლიკამაც სულ ტყუილად აიკვიატა ეს სისულელე. თვითონაც ხომ ხვდებით, რომ ეს სისულელეა?! წარმოუდგენელი სისულელე...

– მე ჩემი საკუთარი თვალების მჯერა. ესე იგი, ის აქ ჩემი შვილის მაგივრად ცხოვრობს. მაინტერესებს, სულ არ გრცხვენია? საერთოდ? შვილი რომ გყავს, ბიჭი, ესეც აღარ გახსოვს?.. ვაიმე, გოგი!.. გოგი რომ ამას გაიგებს, ვერ გადაიტანს. მაშინვე გული გაუსკდება. შვილო, რას გვერჩოდი, დაგიშავეთ რამე? – ქალმა თვალზე მომდგარი ცრემლი ხელისგულით მოიწმინდა.

– ქალბატონო ლიანა, არც კი ვიცი, უნდა ვიტირო თუ ვიცინო. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ცირკს დაემსგავსა, უნიჭო წარმოდგენას? მე მინდოდა თქვენთან მოსვლა, ვფიქრობდი, დაველაპარაკები და გამიგებს-მეთქი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ტყუილად მქონდა ამისი იმედი.

– საინტერესოა, რაზე უნდა დამლაპარაკებოდი? იმაზე, რომ ჩემს შვილს ღალატობ და, თანაც, კაცთან?

ლაშამ თავზე იტაცა ხელი:

– ქალბატონო ლიანა, თქვენ ან თქვენი შვილი უკეთ იგრძნობდით თავს, ლიკასთვის ქალთან რომ მეღალატა? თუმცა, ღმერთო, რა აბსურდია. რაზე გელაპარაკებით. მგონი, მეც გავგიჟდი... მითხარით, რისთვის მოხვედით?

– იმისთვის მოვედი, რომ თქვენი ოჯახის დანგრევისთვის ხელი შემეშალა, მაგრამ, ახლა ვხედავ, რომ ტყუილად გავრჯილვარ.

– ქალბატონო ლიანა, ოჯახის დანგრევა თქვენი ქალიშვილის იდეა იყო, მე არაფერ შუაში ვარ.

– მართლა? შენ არაფერ შუაში ხარ? მაშ, ვინ არის შუაში? ის, ახლა შენი ცოლის წინსაფარაფარებული, ვახშამს რომ გიმზადებს სამზარეულოში? გული მერევა და ამას დიდხანს ვერ გავუძლებ, უნდა წავიდე... მაგრამ ასე იოლად თავს ვერ დაიძვრენ. უფლებას არ მოგცემ, ვატოს ცხოვრებაც ისევე დაანგრიო, როგორც ჩემი შვილის ცხოვრება დაანგრიე! ბავშვს ახლოს ვეღარ გაეკარები. ამის პირობას მე გაძლევ!

– ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამამისი ვარ. შვილს ვერ წამართმევთ! – ლაშა გაბრაზდა და უკვე ნაკლებად აინტერესებდა, როგორ ჟღერდა მისი სიტყვები, – დიახ, მამამისი ვარ და, ცისფერი ვიქნები, ლურჯი თუ მწვანე, სასამართლოსთვის სულერთია. ჩემი შვილის ნახვას ვერავინ ამიკრძალავს. აბა, ერთი სცადეთ ან თქვენ, ან თქვენმა შვილმა და, ნახავთ, რით დამთავრდება ეს ყველაფერი!

– ნუ მემუქრები! – ხმას აუწია ლიანამაც, – სულ ცოტა პატივისცემა რომ გქონდეს ჩემი, მიხვდებოდი, რომ შენს მდგომარეობაში ჩუმად ყოფნა საუკეთესო არჩევანია. მაგრამ, ეტყობა, ორიენტაციასთან ერთად, აზროვნებაც შეგეცვალა, ან, იქნებ, ყოველთვის ასეთი იყავი?

ლაშამ სინანულით გადააქნია თავი:

– ქალბატონო ლიანა, როგორ მეგონა, რომ თქვენ მაინც მომისმენდით და გაგაგებინებდით, მაგრამ, თურმე, როგორ ტყუილად მქონდა თქვენი კეთილგონიერების იმედი... აღარაფრის თქმას აღარ აქვს აზრი.

– დიახ, სათქმელი მართლაც აღარაფერია... შოკში ვარ და აღარ ვიცი, აქედან გასული რას მოვიმოქმედებ.

– იმედია, საკუთარ თავს არაფერს დაუშავებთ, – გესლიანად ჩაილაპარაკა ლაშამ.

– ყველაფერი მზად არის... მობრძანდით... – ვახო ღიმილად „დაიღვარა“ და ხელი ამაყად გაიშვირა სამზარეულოსკენ, – ყველაფერი ისეთი გემრიელია...

ლიანას ნერვებმა უმტყუნა და წამოხტა:

– რომ შეხედო, კაცს ჰგავს ეს უბედური... ღმერთო, ამას რას მომასწარი!..

– რა მოხდა, რა დაემართა? – გაოცებით იკითხა ვახომ, როცა ქალმა კარი გაიჯახუნა.

– საყვარლები ვგონივართ... კი არ ვგონივართ, დარწმუნებულია უკვე, – ხელი ჩაიქნია ლაშამ და სამზარეულოსკენ გაემართა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3