კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა

ქართული გვარ-სახელები



სოფრომაძე

სოფრომაძეები იმერლები არიან. მოიხსენიებიან სოფლებში: რუფოთი, ძევრი, ზარათი, კვალითი, ნერგეეთი, პერევისა, საირხე, ჩხარი, ძიროვანი, ხრეითი.

ზარათში სოფრომაძეები იყვნენ საბატონო გლეხები, კვალითშიც საბატონო გლეხები იყვნენ.

სოფრომო წინაპრებს ნასესხები აქვთ ბერძნებისგან; სოფრომ, იგივეა, რაც „საღად მოაზროვნე“, „კეთილგონიერი“.

„ვაჟიბედაი სოფრომაძე მეფემ შესწირა გელათის ულუხან (ლორთქიფანიძის) სიმწირველისთვის. ემართა ათი თეთრი, ორი კოდი ღომი, სამი კოკა ღვინო, ერთი ზვინი თაკა...“ (1573 წელი).

სოფრომაძე ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია. მეცამეტე საუკუნიდან ჩანს. სოფრომაძე და სოფრომიძე ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე დაწინაურებულ 1 000 გვარში სოფრომაძეებს 321-ე ადგილი უკავია.

საქართველოში 2 479 სოფრომაძე ცხოვრობს: ტყიბულში – 654, ქუთაისში – 458, თერჯოლაში – 374.

28 სოფრომიძე: ზესტაფონში – 8, თბილისში – 5, საჩხერეში – 3.

შამრელაშვილი

შამრელაშვილი ართრონიზებული გვარია. სულხან-საბა ორბელიანი ბრძანებს: „ართრონი არიან ასოები, რომელნიმე წინა მიუბავები ან სიტყვათა და რომელიმე უკანა და გუარიან ჰყოფენ და დაატკბობენ“.

ადრინდელი გვარი უნდა ყოფილიყო მრელაშვილი (აქედანვეა გვარი მრულობელი), მიგრაციის პროცესში დაემატა ართრონი შა.

„მრელა-ს, ვიღაცამ წაუმძღვარა შამრელ და წავიდა ახალი გვარი შამრელაშვილი“.

შამრელაშვილი მცირერიცხოვანი ქართული გვარია. მიღებული ვაუჩერების მიხედვით, 24 შამრელაშვილი ფიქსირდება: ახმეტაში – 20, თელავში – 4. ისინი ცხოვრობენ აწყურშიც.

373 მრელაშვილი: თელავში – 242, თბილისში – 56, ახმეტაში – 48.

ზავრაშვილი

ზავრაშვილი ქვემო ქართლში გაჩენილი და იქიდან კახეთში გადასული გვარია. ზოგჯერ გვარი მოიხსენიება ზავარაშვილადაც.

ზავარაშვილები და ზავრაშვილები იყვნენ აზნაურები. იოანე ბაგრატიონი, წიგნში „შემოკლებითი აღწერა, საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“ წერს: „აზნაური ზავარაშვილი მოიხსენიებიან მეფე როსტომის დროს 1655 წელს და არიან ესენი მოხსენიებულნი ტრაქტატსა შინაცა“. ეხება 1783 წლის გეორგიევსკის შეთანხმებას.

1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე-მემამულეებად ჩანან ზავარაშვილი იოთამი, კომლი – 5, თავი – 5, მოლაშქრე – 5. სოფლებში გილაგდაგი, ხინძირკუტი; ზავრაშვილი ზურაბა ცხოვრობდა გილაგდაგში.

დღეისთვის, ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 497 ზავრაშვილი. ძირითადად ცხოვრობენ გურჯაანში – 364, თბილისში არის 73, რუსთავში – 19.

თავდგირიძე

გვარის ძველი ფორმაა თადგირიძე. საკუთარი სახელის თავდგირის შესახებ ცნობას გვაწვდის ივანე გვარამაძე.

ვახუშტი ბატონიშვილს (ბაგრატიონი) თავდგირიძე მოხსენიებული ჰყავს ქართლის ცხოვრებაში, მთავართა „უწარჩინებულეს და შემძლებელთა“ შორის.

თავდგირიძე უძველესი ქართული სათავადო საგვარეულოთაგანია, სადღაც მეთხუთმეტე საუკუნეშივე, თავადობის სახელის გაჩენის დღიდანვეა მოხსენიებული გვარი აღმოსავლეთ (სამხრეთ) საქართველოში. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გადასულან გურიაში, მათი სამფლობელო იმყოფებოდა ქობულეთში. მეთვრამეტე საუკუნიდან წამოსულა, ასევე, საგვარეულოს აჭარული შტო, რომელმაც მიიღო მუსლიმანობა (მისგან მომდინარეობდა ოსმან-ფაშა თავდგირიძე, ქვემო აჭარის მმართველი, რომელიც რაც აჭარა 1878 წელს შეუერთდა რუსეთს, ემიგრაციაში წავიდა თურქეთში). გურიის სათავადოში ეკავათ მთავარი იასაულის მემკვიდრეობითი თანამდებობა, ხოლო მეცხრამეტე საუკუნეში კი, ეკავათ მდივანბეგისა და სარდლის თანამდებობა. თავადი კ. ლ. თუმანიშვილი (თუმანოვი) თვლის, რომ თავდგირიძე (თავგდირიძე, თადგირიძე) შტო სათავეს იღებს სიტყვისგან „თაგადირ“, ესე იგი, „გვირგვინის დამდგმელი“. ის, ვინც მეფის კორონაციის დროს თავზე ადგამს გვირგვინს, ხოლო ეს თანამდებობა კი მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ ბაგრატიონებს.

თავდგირიძეების საგვარეულო თავადებად მიიჩნია რუსეთის იმპერიამ და შეტანილი არიან უზენაესის მიერ 1850 წელს, 6 დეკემბერს ხელმოწერილ გურიის თავადთა სიაში.

ჭაობაშვილი

მწერალ გიორგი შატბერაშვილს მეტსახელად დაფიქსირებული აქვს ჭაობა. ეს მეტსახელი გვხვდება გვარში ჭაობაშვილი.

ჭაობი სოფლის სახელწოდებაა დღევანდელ თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ მუხათის ბოლოს. დღესაც ამ ადგილს ჭაობს ეძახიან. ადვილი შესაძლებელია, რომ აქედან წასულ კაცს თან წაეღო სოფლის სახელი.

საქართველოში 39 ჭაობაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, კასპში – 14.

ახალკაცი

ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები“, გვარზე ახალკაცი, წერს: „გადმოცემით, ბატონისგან გამოქცეული და სხვა სოფელში შეხიზნული ყმა, რაკი საკუთარ გვარს ვერ ამჟღავნებდა, ახალკაცს ირქმევდა“. ასევე, მეგრულში გვხვდება ახალკოჩი, ანუ იგივე ახალკაცი. აქედანვე უნდა იყოს წარმოშობილი გვარები ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი, ახალშენიშვილი.

ცნობილია, რომ ახალბედაშვილის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა, გვარად მაისურაძე ყოფილა, როგორც ახლად მოსულისთვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.

ახალკაცი და ახალკაციშვილი ერთი და იგივე გვარად ჩანს.

ახალკაცი ისტორიულ წყაროებში მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება. „ახალკაცი გოგია, ცხუნურს მცხოვრები, საამილახვროს დავთრის მიხედვით, მისი კომლიდან ორ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა“. „ახალკაცი როინაი, მოწმე ავთანდილ მინიაშვილის მიერ ფილასონ ქურდევანიძისათვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1569 წელი“.

გადმოცემის მიხედვით, ახალკაცები წარმოშობით რაჭველები არიან. დათო ახალკაცის ცნობით, მის წინაპარს რაჭაში ბატონთან უთანხმოება მოსვლია, გამოქცეულა და ქართლში დასახლებულა. ქართლელებს მისთვის „ახალი კაცი“ შეურქმევიათ, ბოლოს ეს მეტსახელი გვარად იქცა. ახალკაცები ძირითადად სოფელ ოსიაურში ცხოვრობენ. გვარი მცირერიცხოვანია. რამდენიმე ოჯახი სამეგრელოშიც ცხოვრობს.

საქართველოში 1 567 ახალკაცი ცხოვრობს: ხაშურში – 343, თბილისში – 337, გორში – 318.

გოგორიკი

გადმოცემით, გოგორიკების ადრინდელი გვარი ამაშუკელია. ამაშუკეთიდან წინაპრები მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნიდან გადმოსულან გურიაში და იქ რატომღაც მიუღიათ გვარი გოგორიკი. სავარაუდოდ, მათ ფუძედ უნდა აეღოთ ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა ქალის სახელი, ის გოგო-რიკად მოაკვარახჭინეს.

გოგორიკი მცირერიცხოვანი გვარია. ასევე გვხვდება გვარი გოგორიკიძე.

საქართველოში 30 გოგორიკი ცხოვრობს: ოზურგეთში – 23, გარდაბანში – 4, თბილისში – 1.

ხეთაგური

ხეთაგური ქართული გვარ-სახელია. გვარს საფუძვლად უდევს ტოპონიმი ხეთა. ხეთები ძველი ხალხებია ცენტრალურ ანატოლიაში (მცირე აზია), ცხოვრობენ ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულის მიჯნაზე.

ფუძეთი ხეთა მიღებულია ქართველთა გვარები: ხეთაგაშვილი, ხეთაგურაშვილი, ხეთაგური. მსგავსი ფუძითაა წარმოებული ოსური გვარი ხეთაგუროვი. ხეთაგუროვებმა თვითონ უკეთ იციან, მათ შორის ვინ ოსია და ვინ – ქართველი. ასევე, გვხვდება გვარი ხეთერელი.

საქართველოში 117 ხეთაგაშვილი ცხოვრობს: გორში – 67, რუსთავში – 25, თბილისში – 12.

54 ხეთაგურაშვილი: თბილისში – 31, გარდაბანში – 9, რუსთავში – 1.

699 ხეთაგური: თბილისში – 232, გორში – 156, ყაზბეგში – 64.

111 ხეთაგუროვი: თბილისში – 44, ლაგოდეხში – 37, გარდაბანში – 10.

102 – ხეთერელი.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3