კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვითარდება ცხვირის დანამატი წიაღების ანთება და რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს ქრონიკულმა სინუსიტმა

სინუსიტი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. დაავადების აღმოცენების ძირითადი მიზეზი გაციებაა, მაგრამ ჩვენს პირობებში დიდ როლს თამაშობს დაბინძურებული ჰაერი. სინუსიტის ნიშნების დადგენისთანავე, აუცილებელია მისი ადეკვატური მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადება გადადის ქრონიკულ ფორმაში, რაც საკმაოდ აქვეითებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს. აღწერილია არაერთი შემთხვევა, როდესაც არასათანადო მკურნალობამ ავადმყოფობის გართულება და შედეგად ლეტალური გამოსავალი გამოიწვია. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ოტო-რინო-ლარინგოლოგ პაატა წამალაშვილს.



– რა არის სინუსიტი და რატომ ვითარდება ეს დაავადება?

– ევოლუციურად, ადამიანის სხეულის განვითარების პროცესში, თავის ქალის ცალკეულ ძვლებში ჩამოყალიბდა ჰაერით სავსე ღრუ სივრცე. მიაჩნდათ, რომ ეს მოვლენა გამოიწვია თავის ტვინის ზომაში ზრდამ და აქედან გამომდინარე, თავის ქალის შემსუბუქების მოთხოვნამ, მაგრამ, დღესდღეობით დადგენილია, რომ აღნიშნული ანატომიური წარმონაქმნები სხვა ფუნქციების სრულყოფაშიც იღებს მონაწილეობას. ამ წიაღებს სინუსები ეწოდება. მათი ფუნქციაა, გაფილტროს და გაათბოს შესუნთქული ჰაერი. გარდა ამისა, წიაღები მოქმედებს როგორც ხმის რეზონატორები, ანუ, ლაპარაკის დროს ქმნის რეზონანსის ეფექტს.

სინუსიტი არის ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. არსებობს მისი მწვავე ფორმა და, თუ არ ვუმკურნალეთ, ქრონიკულში გადაიზრდება. ქრონიკული ანთების დროს ხდება ჯერ გამწვავება, შემდეგ გაუმჯობესება და ბოლოს – რემისია. წიაღები მდებარეობს ცხვირის მიმდებარე ზედაპირის ქვეშ. კარიბჭე არის ცხავისებური ძვლის ლაბირინთი, რომელსაც უკავშირდება სამი: ფრონტალური, ჰაიმორის და ყველაზე ღრმად მდებარე ცხავისებური ძვლის წიაღი. ნორმაში წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და ამოვსებულია ჰაერით, რომლის ვენტილაციაც მუდმივად უნდა ხდებოდეს. თუ ცხვირით სუნთქვა დაირღვა, იწყება წიაღებისკენ მიმავალი გზების შეგუბება და, ამიტომ, ჰაერის ადგილას გროვდება ლორწო და სითხე. სწორედ აქედან ვითარდება სუპერინფექცია და ჩირქი, რაც იწვევს მთელ რიგ სერიოზულ გართულებებს. ესენია: ცუდი სუნის მქონე გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილები, თვალბუდისა და ქალასშიდა დაავადებები, მათ შორის – მენინგიტი, ტვინის სიმსივნე და აბსცესი, ეს უკანასკნელნი კი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებია. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხვირის ღრუს ნორმალურ ფუნქციონირებას. გარდა ჩამოთვლილი ნიშნებისა, სინუსიტის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, ცრემლდენა, სინათლის შიში. ტკივილის ლოკალიზაცია განხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი წიაღის ანთებასთან გვაქვს საქმე, თუმცა, ზოგჯერ ტკივილი არ არის შემოფარგლული და საკმაოდ ვრცელ უბანს მოიცავს. შესაძლოა, შესივდეს ლოყა და ზედა ან ქვედა ქუთუთო.

– რა მიზეზები იწვევს დაავადებას?

– ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, იყოს ცხვირის წარმონაქმნების ანატომიური ვარიაბელურობა, ცხვირ-ხახის ადენოიდები, ნიჟარების ჰიპერტროფია, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ასევე, ყველა ის დაავადება, რომელიც გამოიწვევს ცხვირით სუნთქვის დარღვევას. მწვავე სინუსიტის მიზეზი შეიძლება, გახდეს გაციება, სურდო, გრიპი, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, აგრეთვე, უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. როგორც ფილტვებში ხორციელდება სუნთქვის პროცესი, ასევეა აუცილებელი, რომ წიაღებშიც ხდებოდეს ჰაერის სრულყოფილად ცირკულაცია. თუ დაეცო გზა, უნდა მოხდეს წარმოქმნილი სითხის ევაკუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვავე ანთება გადაიზრდება ქრონიკულში. ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ხშირი გაციება, ინფექციები და, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი – არასწორი მკურნალობა. სინუსიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და შეიძლება, მოიცავდეს ყველა წიაღს ერთად ან რომელიმე მათგანს.

– აქტუალურია თუ არა ეს დაავადება ჩვენთან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?

– ამ პერიოდში სინუსიტების შემთხვევები საგრძნობლად იმატებს. თუ რუსეთსა და კანადაში დაავადების სიხშირეს მხოლოდ სიცივე განაპირობებს, საქართველოში სხვა ფაქტორებიც ემატება – ჩვენთან ხშირია ანატომიური მიზეზები და დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაბინძურების პრობლემას. ცხვირს აქვს ზედა, შუა და ქვედა ნიჟარები. საჭიროების შემთხვევაში, მათი ამომფენი გარსი უნდა გაფუვდეს და არ გაატაროს ცივი ჰაერი, ან, პირიქით, უნდა მოხდეს სასუნთქი გზების უფრო ძლიერი აირაცია და სწორედ ეს მოტორიკა ირღვევა გარემოს დაბინძურების გამო. დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს ალერგიაც. ქართველი პაციენტები ძალიან ხშირად მიმართავენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ წვეთებს, რომელთა მოხმარებაც შვიდ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება სისხლძარღვთა მოტორიკის დარღვევა, რაც დაავადების გამწვავებას იწვევს.

– როგორია დაავადების პრევენცია და, თუ მაინც დავავადდით, როგორ მივხვდეთ რომელი წიაღის ანთება გვაქვს?

– სინუსიტების პრევენცია არის: ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, იმუნური სისტემის სიძლიერე. თუ მაინც გავცივდით ან შეგვეყარა ვირუსული ინფექცია, უნდა მოხდეს დროული მკურნალობა. როგორც კი ვიგრძნობთ ცხვირის ღრუს გაციებას, უნდა გამოვიყენოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, რომელიც აძლიერებს აერაციას და სასუნთქ გზებს არ აძლევს დახშობის საშუალებას. თუ წვეთებმა შედეგი ორი-სამი დღის განმავლობაში არ გამოიღო, მაშინ თვითმკურნალობა უნდა შეწყდეს და, საჭიროა, მივმართოთ ექიმს. ექიმმა კი, თავის მხრივ, უნდა მოახდინოს ქრონიკული სინუსიტების პრევენცია, მწვავე ფორმის ადეკვატური მკურნალობის მეშვეობით. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რომელი წიაღის ანთებაა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ დროს კონსერვატიული მკურნალობა ყველა შემთხვევაში ერთნაირია. გარდა ამისა, თვით ექიმსაც კი შეიძლება გაუჭირდეს ანთების ლოკალიზაციის დადგენა. ხშირად რენტგენოგრაფიაც არ არის საკმარისი იმის დასადგენად, თუ რომელი წიაღის ანთება გვაქვს, ამიტომ, საჭირო ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება, რაც საკმაოდ ზუსტ სურათს იძლევა და დღეისათვის ფართოდ გამოიყენება. ტკივილის მიხედვით კი შესაძლებელია დასკვნების გამოტანა: შუბლის თვალბუდისმხრივი ზედაპირის ტკივილს ფრონტიტი იწვევს; ზედა ყბის ტკივილს – ჰაიმორიტი, ხოლო ცხავისებური ძვლის უჯრედთა ცვლილებები თვალბუდეთა შორის იგრძნობა. ამავდროულად, როგორც აღვნიშნეთ, რადგან ცხავისებური ძვალი კარიბჭეა დანარჩენი სინუსებისთვის, ტკივილის შეგრძნება ჯერ ამ არეში ვითარდება და შემდეგ სხვაგან.

– როგორ ხორციელდება სინუსიტების მკურნალობა?

– პაციენტმა არასდროს არ უნდა მიმართოს თვითმკურნალობას. ექიმის მიერ აეროზოლების მიწოდება იმის მიხედვით ხდება, ბაქტერიული ფონი აქვს ამ დაავადებას თუ ალერგიული. მკურნალობისას იყენებენ, ასევე, ანტიბიოტიკებს, ლაზეროთერაპიასა და ფიზიოთერაპიას. თუ დაავადებას უკვე მიღებული აქვს ქრონიკული ხასიათი, მკურნალობა ძალიან რთულდება. ადრე ხშირი იყო რადიკალური ოპერაციები გარეგანი მიდგომით, ახლა კი ნაკლებად ვხვდებით მკურნალობის ამ მეთოდს. ეს გამოიწვია მედიცინაში ენდოსკოპების შემოსვლამ, რამაც რევოლუცია მოახდინა ცხვირის დანამატი არეების მკურნალობაში. ღრუში მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ხედვას, ენდოსკოპი კი იძლევა ამის საშუალებას. მისი მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია ნაკლებად ტრავმულია და ქსოვილების დაზოგვის საშუალებას იძლევა, რაც ერთ-ერთი ძირითადი კონცეფციაა ცხვირის დანამატი არეების ქირურგიული მკურნალობის საქმეში.

– რისი გაკეთება შეიძლება დაავადების სიმწვავის ან ტკივილების შესასუსტებლად სახლის პირობებში?

– როგორც უკვე აღვნიშნე, თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან, სწორედ თვითმკურნალობაა ხშირი გართულების მიზეზი. ტკივილის შემსუბუქება შეიძლება მთელი რიგი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მეშვეობით, რომლებიც რეალურად მოქმედებს ისე, როგორც, თუნდაც, კბილის ტკივილზე, სითბო კი – ნებისმიერი ტიპის გაციებისას საჭიროა, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ გაციებული არე თბილად გვქონდეს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ექიმის დროული კონსულტაციაა, რაც საშუალებას გვაძლევს, მთელი რიგი გართულებებისა თავიდან ავიცილოთ.

– რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

– ვურჩევდი ცხოვრების ჯანსაღ წესს, ორგანიზმის გაკაჟებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას. აცივებასთან ერთად, საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება, რაც საშუალებას მოგვცემს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას. ადამიანს ადვილად არ უნდა ერეოდეს ინფექცია, მაგრამ, თუ მაინც იჩენს თავს სიმპტომები, უნდა მოხდეს დროული მკურნალობა ქრონიკული დაავადების თავიდან ასაცილებლად.


скачать dle 11.3