კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, ბავშვის მამა ვინაა – მამამთილი თუ ქმარი

სიმართლე გითხრათ, მეძნელება ჩემი პირადი ისტორიის მოყოლა, რადგან ძალიან მძიმე და ამაზრზენია, მაგრამ, ჩიხში აღმოვჩნდი და გამოსავალს ვერ ვპოულობ, ამიტომ რჩევისთვის თქვენი ჟურნალის ფურცლებს მივანდე ჩემი ბედი. ისღა დამრჩენია, ჩემი ტრაგიკული ისტორიის მოყოლა თავიდან დავიწყო. სიყვარული რომ მეწვია, გავთხოვდი კიდეც. გიგი მართლაც კარგი ქმარი გამოდგა. შეძლებისდაგვარად, ზრუნავდა ოჯახზე, რაც მთავარია, ზარმაცი არ იყო. ფიზიკურად მუშაობდა, თავს არ ზოგავდა, რომ ცოლ-შვილისთვის არაფერი მოეკლო. მაგრამ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ხელფასი რის მაქნისია. იმის მიუხედავად, რომ დედამთილ-მამამთილი კარგი ადამიანები იყვნენ და მათთან ურთიერთობა არ მიჭირდა, მაინც, რაც არ უნდა იყოს, ცოლ-ქმრისთვის ცალკე ცხოვრება აუცილებელია. ამის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, ვინ იცის, დღეს დაწყნარებულად ვიცხოვრებდი. ოროთახიან, ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკის“ ბინაში ვცხოვრობდით და ისეთი სივიწროვე იყო, კუდს ვერ მოიქნევდი. იქ ორი ოჯახის ცხოვრება კი ცხადია, არ შეიძლებოდა. მაგრამ, რა გვექნა, ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა არ გვქონდა. თამამად ვერ ვიყავი, ჩემს ქმართან ურთიერთობას ვერიდებოდი, დედამთილ-მამამთილის მერიდებოდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველაფერში შეზღუდულები ვიყავით. ერთხელ ჩემმა მამამთილმა შენიშვნაც კი მომცა, მე რომ თქვენხელა ვიყავი, ასე მორიდებით არ ვიქცეოდი – კოცნა და მოფერება სასირცხვილო კი არაა, ჩემი რის გერიდებათო. ისე, რა დასამალია და საკმაოდ სიმპათიური მამამთილი მყავს. ჩემმა ქმარმა მითხრა, ახალგაზრდობაში სულ ქალებში დაძვრებოდა და დედაჩემს ძალიან ანერვიულებდაო. არც ახლაა მოხუცი და ალბათ, არ იკლებს რამესო, – ხუმრობდა ჩემთან გიგი. მამამთილს ავხორცობა მეც შევნიშნე, როცა მოკლე კაბა მეცვა ან დეკოლტე, ისე ხარბად შემავლებდა თვალს, რომ ვწითლდებოდი. რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი შვილის ცოლი ვიყავი და ჩემთვის სხვანაირად შემოხედვა არ ეპატიებოდა. თუმცა, ეს არავისთვის მითქვამს. ერთ დღეს ჩემმა დედამთილმა და ქმარმა სოფელში წასვლა გადაწყვიტეს, მოსავალი ასაღები ჰქონდათ. მე და ჩემი მამამთილი სახლში დავრჩით. როცა დაღამდა. შევედი ჩემს ოთახში, დასაძინებლად ვემზადებოდი. გახდა დავიწყე და ღამის პერანგი უნდა ჩამეცვა, რომ კარი ჩემმა მამამთილმა შემოაღო და ნახევრად გახდილს მომკრა თვალი. სახეზე შევამჩნიე, ძალიან აღელდა და გაშეშებული მიყურებდა. მეც შევცბი. ამ დროს მამამთილი მომიახლოვდა და ფერება დამიწყო. მინდოდა მისი მოგერიება, მაგრამ რას ვიზამდი, რომ მეყვირა, ვინ გაიგებდა, სახლში ისედაც მარტონი ვიყავით. არ მომეშვა, მერე გაშმაგებით დამიწყო კოცნა და მეც დავმორჩილდი, რაღა უნდა მექნა. თუმცა, დიდი წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან მსიამოვნებდა მისი მოფერება. ჩვენი რომანი რამდენიმე დღეს გაგრძელდა – სანამ ჩემი ქმარი და დედამთილი ჩამოვიდოდნენ. იმის მიუხედავად, რომ მე და მამამთილმა საშინელი დანაშაული ჩავიდინეთ, მაინც იგივეს ვაკეთებდით და ვხვდებოდით, რომ ეს ორივეს დიდი სურვილი იყო. ვერ ვაცნობიერებდით იმას, თუ რამხელა შეურაცხყოფას ვაყენებდით ჩვენს თავსა და ოჯახს. როცა ქმარი ჩამომივიდა, რა თქმა უნდა, ვეღარ გავბედავდი მამამთილთან დაწოლას, მაგრამ ერთხელ გავიპარე სახლიდან და მამამთილს ჩუმად შევხვდი, რომ კვლავ მის მკლავებში მოვქცეულიყავი. ასე გრძელდებოდა კარგა ხანს, ვიდრე ფეხმძიმედ არ დავრჩი. ერთი შვილი უკვე მყავდა და ვიცოდი, რომ ის ჩემი ქმრის იყო, მაგრამ მეორე ფეხმძიმობამ დამაბნია, ერთდროულად მქონდა ურთიერთობა ქმართანაც და მამამთილთანაც. ამიტომ, არ ვიცი, ბავშვს ვისგან ველოდები, ან ეს ბავშვი ჩემს პირველ შვილს რად ერგება? ამასაც ვეღარ ვხვდები. გონზე გვიანღა მოვედი. ჩვენი ავხორცობის ამბავი რომ ჩემმა ქმარმა გაიგოს, ალბათ, ოჯახში ტრაგედია დატრიალდება – ან მე მომკლავს, ან – მამას. მინდა, მუცელი მოვიშალო, რადგან ვერავის გავუმხელ, რომ ბავშვის მამა შეიძლება, ჩემი ქმარი ან სულაც მამამთილი იყოს. ახლა ვეხვეწები ჩემს ქმარს, ცალკე გადავიდეთ, ბინა ვიქირავოთ-მეთქი. ვნახოთ, როგორ დავიყოლიებ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბომბი როდის იფეთქებს და როგორ დამთავრდება ეს ამბავი, ამის გაფიქრებაც კი მზარავს. გამოსავალს ვერ ვპოულობ, ვერავის ვუმხელ ჩემს მდგომარეობას, რადგან ამ დანაშაულს გამართლება არ მოეძებნება.

ია, 24 წლის, გორი.



ცოლად არავინ მომყვება

დღეს პრობლემებით დამძიმებულ ადამიანებს რა გამოლევს, თუმცა პრობლემასაც გააჩნია. ღვთის მოშიში კაცი ვარ და არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს გულის დაცლა მოგინდება. 7 წლის წინ დავქორწინდი. ლელა, ანუ ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა, ყველაფერი კარგად დაიწყო, როგორც ხშირ შემთხვევაშია ხოლმე. როცა წელი გავიდა და არ დაფეხმძიმდა, საგონებელში ჩავვარდით – ოჯახში ბავშვი გვინდოდა. ბუნებრივია, გავგზავნე ჩემი ცოლი ექიმებში გამოსაკვლევად. ხომ იცით, ექიმებსაც მეტი არ უნდოდათ და არბენინეს ჩემი ცოლი წინ და უკან. ბოლოს კი იმედი მისცეს, ჯანმრთელი ხარ, არანაირი დარღვევა არა გაქვს და ფეხმძიმედ აუცილებლად დარჩებიო. გავიდა კიდევ რამდენიმე თვე, მაგრამ ჩემი ცოლი არ ფეხმძიმდებოდა. როცა ვუსაყვედურებდი, აქეთ გადმოდიოდა შეტევაზე. მე უკვე გავესინჯე ექიმებს, მითხრეს, რომ არაფერი მჭირს და ახლა შენ წადი, იქნება, სულაც შენი ბრალი იყოსო, – მეუბნებოდა. მე ისე ვიუკადრისე მისი შენიშვნა, ვერ აგიწერთ, – რა მჭირს შესამოწმებელი, ჯანმრთელი კაცი ვარ და შენ თუ უშვილო ხარ, მე ნუ მაბრალებ ყველაფერს-მეთქი. ამის გამო ხშირად ვკამათობდით, მერე დედაჩემმაც საყვედური თქვა მეზობლებში, – ბედი არ გინდა, ერთადერთი შვილი მყავს, იმედი მქონდა, ის მაინც მაჩუქებდა შვილიშვილებს და სად გადაეყარა ამ უშვილო ქალს, საიდან მომიყვანა ოჯახში. თუ არაფერი ეშველა, უნდა გავაცილო და სხვა ცოლი მოვაყვანინოო. მერე ეს ამბავი მივიდა ჩემი ცოლის ყურამდე და რძალ-დედამთილს შორის ჩხუბი მოხდა. ისე ვიყავი უკვე გაღიზიანებული უშვილობით, რომ დედის მხარე დავიჭირე. რაზე გწყდება გული, უშვილო ხარ და ის დაიჩივლა მეზობლებში, ტყუილი ხომ არ მოუგონია-მეთქი. მართლა ძალიან გაბრაზდა ჩემი ცოლი, ჩაალაგა ჩემოდანი და სახლიდან წავიდა. თავიდან კი ვინერვიულე, მაგრამ შერიგება აღარც მიცდია. მიყვარდა ბავშვები და ისეთი სურვილი მქონდა შვილის ყოლის, რომ უკვე მეორე ცოლის მოყვანაზე დავიწყე ფიქრი. რადგან დარწმუნებული ვიყავი, ლელა შვილს ვერ გამიჩენდა. გაცილებიდან ერთ წელიწადში მართლა მოვიყვანე მეორე ცოლი. ახლა, წარმოიდგინეთ, როგორ სულმოუთქმელად დაველოდებოდი ცოლის დაფეხმძიმებას, მაგრამ თვეები თვეებს მისდევდა და არც მეორე ცოლი რჩებოდა ფეხმძიმედ. ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა ჩემს თავში, მაგრამ მაინც იხტიბარი არ გავიტეხე და ისევ ცოლი გავგზავნე ექიმებში. როცა ისიც ლელასავით იდენტური პასუხით დაბრუნდა, რომ ჯანმრთელია, მხოლოდ მაშინ წავედი ექიმთან. პასუხი მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. მითხრეს, რომ უშვილო ვარ, მამა ვერასოდეს გავხდები. როცა ეს პასუხი გავიგე, მეგონა, ჩემი ცხოვრება დამთავრდა, ძალიან აგრესიული გავხდი და დეპრესიაში ჩავვარდი. აქედან დაიწყო უსიამოვნება ოჯახში და ერთი წლის მერე მეორე ცოლიც გამშორდა. მე ჯანმრთელი ქალი ვარ, შვილი მინდა მყავდეს და შენთან ვეღარ დავრჩებიო. ამის მერე ოჯახშიც არ დამადგა კარგი დღე. დედას სიმსივნე დაემართა, ლოგინად ჩავარდა. მამა მის ლოგინს იყო მიჯაჭვული. დედა მალე გარდამეცვალა, რამდენიმე თვეში მამაც მიჰყვა დედას. დავრჩი მარტო, მინდა, გვერდით ვიღაც მყავდეს, მომიაროს, მიპატრონოს, მაგრამ ასეთ ადამიანს ვერ მივაგენი. არ მინდა, ვინმე მოვატყუო, ვიდრე ჩემს პრობლემას არ ვეტყვი. რამდენ გოგოს შევხვდი, მოგვეწონა ერთმანეთი, მაგრამ, როცა ვეუბნები, რომ უშვილო კაცი ვარ და მე ბავშვი არ მეყოლება-მეთქი, ყველა წყვეტს ჩემთან ურთიერთობას. დაწყევლილი ვარ, არავის უნდა გამიგოს და ჩემი პრობლემები გაითავისოს. ბოლო იმედი ეკლესიაა. მინდა, მღვდლად ვეკურთხო, მაგრამ მანამდე ცოლის მოყვანა მინდა, თორემ მერე დაოჯახების უფლებას აღარ მომცემენ. სანთლით ვეძებ ერთ ღვთისნიერ ადამიანს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას აქვს შვილის გაჩენის სურვილი და ჩემ გამო თავს არავინ დაისჯის. მგონი, ჩადენილმა ცოდვამ მიწია, როცა პირველი ცოლი უშვილობის გამო გავუშვი სახლიდან. ახლა, როგორც გავიგე, ჩემი ორივე ცოლი გათხოვილა, შვილებიც ჰყავთ. მე კი დავრჩი მარტოსულ და უშვილძირო კაცად, რომელსაც ცოლის მოყვანის პერსპექტივაც კი ხელიდან ეცლება.

რამაზი, 40 წლის, თბილისი



მულმა კინაღამ ოჯახი დამინგრია

ამ ამბიდან რამდენი წელი გავიდა, მაგრამ კიდევ ვერ დავივიწყე ის სიმწარე, რაც წლების წინ განვიცადე. საბედნიეროდ, მოგვიანებით ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ როცა უდანაშაულოს ბრალს დაგდებენ და ტალახს გესვრიან, ამაზე მეტი საშინელება არაფერია, მით უმეტეს მაშინ, როცა ცდილობ და ვერ ამტკიცებ შენს უდანაშაულობას. ყველაფერში დამნაშავე კი ჩემი მული იყო, რომელიც ოჯახში შესვლისთანავე არ მომივიდა თვალში. ცოტა არ იყოს შეუხედავი გოგოა და ამის გამო გაბოროტებული. როცა გარეგნობით შენზე უკეთესს ხედავ, ეს არ მოგწონს, ბოროტდები, რატომაა ის ჩემზე მეტიო. მათ ოჯახში რომ შევედი და სტუმრები მოდიოდნენ მოსალოცად, სულ აღნიშნავდნენ, რა კარგი რძალი შემოგივიდათ, ოჯახს ანათებს მისი სილამაზეო. მაშინვე შევნიშნე, როგორი ბოროტი თვალებით მიყურებდა ჩემი მული, თუმცა, საპირისპიროდ იქცეოდა, რომ ხალხისთვის დაემტკიცებინა, როგორ „უყვარდა“ თავისი ახალი რძალი. მე არ მომწონდა ეს გოგო, მაგრამ რა უფლება მქონდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩემი ქმრის და იყო და ცუდს მასზე მაინც არ ვიტყოდი. როცა ჩემი ქმარი სამსახურში მიდიოდა, მე და ის მარტონი ვრჩებოდით. არც ერთი არ ვმუშაობდით და იმიტომ რომ მასთან ჩხუბს ვერიდებოდი, მოვიხელთებდი თუ არა დროს, მეგობრებთან გავიქცეოდი და საღამოს სახლში მაშინ ვბრუნდებოდი, როცა ჩემი ქმარი უნდა მოსულიყო. მიხაროდა, რომ ეჭვიანი ქმარი არ მყავდა და ზედმეტ კითხვებს არ მისვამდა, თუმცა, ბოლო დროს არც უმაგისობა იყო. ჩემმა მეუღლემ ჯერ დაკითხვა დამიწყო – რას ვაკეთებდი მთელი დღე და სად ვიყავი. როცა ვუპასუხე, ჩამეკითხა, ვითომ მართალს მეუბნები, ხომ არ მატყუებო? ძალიან განვიცადე, ეჭვის თვალით რომ მიყურებდა. ის პირველად არ მენდობოდა და ეჭვი შეჰქონდა ჩემს სიტყვებში. როცა ვუსაყვედურე, გამოტყდა – ჩემმა დამ მითხრა, დაქალებში დადის და თუ სხვაგან, ეგ საკითხავია და ყურადღება მიაქციე შენს ცოლს, თავზე რქები არ დაგადგასო. ჩემი ქმარი განერვიულებული და გაღიზიანებული ჩანდა, მეც იგივე დამემართა და როცა ვაძაგე მული, მან მისაყვედურა – ჩემი დაა და მეორედ მასზე ცუდი არაფერი მითხრაო. ეს კამათი, როგორც იქნა, ჩაცხრა და მეც აღარაფერი მითქვამს მულისთვის. მაგრამ, ის გაჩერებას არ აპირებდა და ახალ ოინს მიწყობდა. ერთ დღეს ჩემს დედამთილს ოქროს საყურეები დაეკარგა. გარეთ არ გასულა და, რომ იტყვიან სახლიდან აორთქლდა, შევწუხდით ყველა, დავიწყეთ ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. მერე განერვიულებულმა დედამთილმა თქვა, რა სასწაულია, ახლა მოვიხსენი და საძინებელ ოთახში დავდე, ნეტავი, ქურდი როგორ შემოძვრა, რომ მოეპარაო. მოკლედ, ბევრი ვეძებეთ, მაგრამ უშედეგოდ. ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ გავიღვიძე და რას ვხედავ, ჩემი დედამთილის საყურეები ჩემს საძინებელში დევს. გამიკვირდა და ისე, რომ არც დავფიქრებულვარ, სიხარულით გავუტანე დედამთილს. აი ნახე, ვიპოვე დაკარგული საყურეები-მეთქი. მართლა მიამიტურად მომივიდა და ვერ ვაცნობიერებდი, რა მოჰყვებოდა ჩემს საქციელს. დედამთილიც და ქმარიც სახტად დარჩნენ. ამ დროს კი მულმა ჩაიქირქილა – ალბათ, შენ მოიპარე და ახლაღა ინამუსე და დაბრუნება გადაწყვიტეო. მისმა სიტყვებმა წყობიდან გამომიყვანა. ისე ამეშალა ნერვები, რომ საცემად გავიწიე. შუაში ჩაგვიდგნენ ქმარი და დედამთილი. მერე კი გაგვაშველეს, მაგრამ მე ისეთი შეურაცხყოფელი ვიყავი, იქ დარჩენას აღარ ვაპირებდი. ამიტომ, მშობლების სახლში გადავედი. ჩემმა ბოროტმა მულმა იმდენი ისისინა, რომ ქმარსაც გული ააყრევინა ჩემზე. არ მოდიოდა და არ მკითხულობდა, არც შერიგებას მთხოვდა და ჩემს სიმართლეში კიდევ ეჭვი ეპარებოდა. როცა გავიდა კარგა ხანი და მულიც დაიღალა ხრიკების მოწყობით, მხოლოდ მერე მოვიდა ჩემი ქმარი აზრზე და სახლში დაბრუნება მთხოვა. ჩემს ბედად, ბოროტი მული გათხოვდა და სახლში დაბრუნებაზე იმიტომ აღარ ვთქვი უარი. კიდევ კარგი, გათხოვდა და დამასვენა, თორემ სახლში რომ დარჩენილიყო, მე დღეს ოჯახი დანგრეული მექნებოდა. რადგან ის იკადრა, რომ საკუთარ დედას ოქროული მოპარა და ქურდობა მე დამაბრალა, ამის გამკეთებელი ყველაფერზე წამსვლელი იყო. იმ ოჯახმა იკითხოს, სადაც შევიდა, თორემ მე ახლა მართლა დავისვენე მისი ხრიკებისგან.

ლიკა, 27 წლის, თბილისი.



როგორ „შემაბა“ მდგმურმა და თავი ცოლად მომაყვანინა

ალბათ, ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ ხალხი შეიცვალა, ვეღარავის ენდობი, რა მოგატყუოს და როგორ გაგაცუცურაკოს, ყველა იმაზე ფიქრობს, რომ მერე შენს ხარჯზე სათავისოდ რამე სარგებელი ნახოს. დაახლოებით ასე მომექცა მეც ერთი ადამიანი. ეგონა, ხეირს ნახავდა ჩემი გაბითურებით, მაგრამ, საბედნიეროდ, გონს დროულად მოვედი. ორი ბინა მქონდა. ერთში მე დედასთან ერთად ვცხოვრობდი, მეორეს კი ვაქირავებდი. როცა მდგმურებმა ბინა დაცალეს და წასვლა გადაწყვიტეს, ახლის პოვნა გადავწყვიტე. გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე, რომ ბინას ვაქირავებდი. მართლაც ბევრი გამომეხმაურა, მაგრამ ბინა ჩემი იყო და ვისაც მინდოდა, იმას შევუშვებდი. როცა რამდენიმე ადამიანი უარით გავისტუმრე, უცებ დამირეკა ერთმა ახალგაზრდა გოგომ, სახლში თუ ხართ, ბინა მინდა ვნახოო. მეც დავუთქვი დრო და იმ დღესვე მოვიდა დასთან ერთად. მითხრა, სტუდენტები ვართ და მშობლები სოფლიდან ფულს გამოგვიგზავნიან, პრობლემას არ შეგიქმნითო. ბიჭების შემოშვებას ისევ გოგოები ვამჯობინე და თანხმობა ვუთხარი. ეს გოგო ისე ეშმაკურად მიღიმოდა და მიბრიალებდა თვალებს, რომ მეც კაცი ვარ და ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ. ეს არ გამოპარვია ანას და თვითონაც აქტიურობა დაიწყო, ჩემი ორივე ბინა ერთ სადარბაზოში იყო და ამის გამო ხშირად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა. ანა აქტიური და მხიარული გოგო იყო, მაგრამ თუ ეშმაკიც იქნებოდა, ეგ არ მეგონა. მოკლედ, იმდენი ქნა, ამ ხნის კაცი „შემაბა“. ქალს, რომელთანაც რომანი გავაბი, ქირის ფულს ისედაც აღარ გამოვართმევდი. ამით სარგებლობდა ჩემი მდგმური, ანუ უკვე საყვარელი. მერე ჩამაცივდა ბავშვი აღარ ხარ, სადამდე უნდა დავმალოთ ეს ურთიერთობა და ბარემ დავქორწინდეთო. მე ცოტა კი ვიჭოჭმანე, მაგრამ მაინც დამიყოლია. დედაჩემი წინააღმდეგი იყო, სოფლიდან ჩამოსული გოგოა, ასე უცებ ჩაგიგდო ხელში და მაგ ყაიდის ხალხი უკადრებელს კადრულობენ და ვინმე შენი შესაფერისი მოძებნეო. მაგრამ, მე მის რჩევას ყური არ ვათხოვე და ანა ცოლად მოვიყვანე. თავიდან უფრო თავმდაბალი და უპრეტენზიო ჩანდა, მერე მოთხოვნები წამომიყენა – ეს მიყიდე, ის მიყიდეო, ხან რას მთხოვდა, ხან – რას. იმას არ მეკითხებოდა, მქონდა თუ არა ამის საშუალება. თუმცა, მაშინ მართლა მიყვარდა და მის ნაკლს ვერ ვხედავდი, ან არ მინდოდა, დამენახა. როცა მითხრა, ფეხმძიმედ ვარ, შენგან შვილს ველოდებიო, ძალიან გამიხარდა. მაგრამ მალე ეს სიხარული ტკივილად გადაიქცა. ერთ დღეს, როცა სამსახურისკენ მივიჩქაროდი, უცხო ქალბატონმა გამაჩერა. მითხრა, რომ შორიდან მიცნობდა და გული შესტკიოდა ჩემზე. შეიძლება, ჩემი საქმე არც იყოს, მაგრამ მეც შენხელა შვილი მყავს და ის რომ ისევე მოატყუონ, როგორც შენ, გული გამისკდებაო. ჩავეკითხე, ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან. მითხრა, მე შენი ცოლის საყვარლის მეზობელი ვარ. შენი ცოლი ხშირად მოდის ჩემს მეზობელ ბიჭთან და განცხრომაში არიან. დაგცინის ეგ გოგო ზურგსუკან. იმ დღეს სადარბაზოში ჩამოდიოდნენ ორივე და შენი ცოლი ეუბნებოდა თავის საყვარელს, იმას იმიტომ გავყევი, ბინა მჭირდებოდაო. ამიტომ, სანამ კიდევ დროა, გამოფხიზლდი, შვილო და შენს ცოლს ყურადღება მიაქციეო. მერე კი მთხოვა, ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩენილიყო. ამ უცნობი ქალის სიტყვებს მთლად არ ვენდე, მაგრამ მაინც საფუძვლიანი ეჭვი გამიჩნდა და ცოლის კონტროლი დავიწყე. სულ ვეჩხუბებოდი, ეჭვიანობის სცენებს ვუწყობდი. აბა, ამ ამბის გაგების მერე სხვანაირად როგორ მოვიქცეოდი? ბევრი დავიდარაბის შემდეგ, ანამ უნამუსოდ პირში მომახალა, თუ აღარ გჭირდები, პრობლემა არაა, გაგშორდები, მაგრამ ეს ბავშვი რომ გვეყოლება, ამას ბინა სჭირდება და ერთი ბინა მე მომცე, აჯობებსო. მეც ვუთხარი, ეგ ბავშვი ან არის ჩემი შვილი, ან არა და ვერაფერს მიიღებ ჩემგან-მეთქი. ამაზე ჩხუბი მოგვივიდა. როგორ მაკადრებ და ღალატში როგორ მადანაშაულებო. ამის მერე აიკრა გუდანაბადი და წავიდა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვადანაშაულებდი ჩემს თავს, უცხო ქალის სიტყვებს როგორ ვენდე-მეთქი, მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ თავად გავხდი მისი ღალატის შემსწრე. ქუჩაში მანქანით მივდიოდი და ამ დროს შეყვარებულ წყვილს მოვკარი თვალი. დავაკვირდი კარგად და ქალში ანა ამოვიცანი, შუა ქუჩაში ვიღაც კაცს კოცნიდა. ამის მერე მეგობარმაც მითხრა, შენი ცოლი ვიღაც კაცთან დავინახეო. მოკლედ, საეჭვო აღარაფერი იყო. ბოღმა მახრჩობდა, ვიღაც სოფლელმა გოგომ როგორ გამაბითურა და „შემაბა“ ამხელა კაცი-მეთქი. კიდევ კარგი, გონზე დროულად მოვედი და კინწისკვრით გავაგდე სახლიდან. არც ბავშვი მინდოდა მისგან, რადგან ვფიქრობდი, საყვარლისგან ელოდებოდა. ამ ამბის მერე 3 წელი გავიდა და ცოლზე არაფერი გამიგია. არც მინდა, ვიცოდე რამე, რადგან მე მან დამამცირა და საქვეყნოდ თავი მომჭრა.

ზურა, 33 წლის, თბილისი.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3