კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩქარობდა ნინელი ჭანკვეტაძე გათხოვებას და რამ ჩააგდო ის შოკში


ყველას ახსოვს პატარა, თხელი აღნაგობის გოგონა, ლამაზი ცისფერი თვალებით ფილმიდან „კუკარაჩა“. ინგას გმირისგან განსხვავებით, ნინელი ჭანკვეტაძეს ცხოვრებამ სხვა სიურპრიზები მოუწყო – ბედნიერი სტუდენტობა, წარმატებული როლები კინოსა და თეატრში, კარგი ქმარი, ბოლოს და ბოლოს შვილი, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა, მაგრამ ბედნიერ წუთებს, ზოგჯერ, სარეველა ბალახივით გამოერევა ხოლმე უსიამოვნო მომენტები. ცხოვრებაც ხომ ეს არის – ხან გტკივა და ხანაც, გიხარია. ახლა კი ყველამ ერთად შევიხედოთ ამ მშვენიერი ქალბატონის პატარა სამყაროში.



– ნინელი, როგორ ჩაიარა თქვენმა ბავშვობამ?

– ოჯახში არავის ჰქონია შეხება ხელოვნებასთან. მამა ინჟინერ-ტექნოლოგია, დედა – ფილოლოგი, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს იმუშავა, რადგან ქმრისა და სამი შვილის მოვლით იყო დაკავებული. იცით, სულ ვამბობ, რომ ადამიანის ყველა სიმახინჯე, რაც თვისობრივად არის მასში თავმოყრილი, ალბათ, ბავშვობიდან მოდის. როცა ბავშვს ოჯახში სიყვარული აკლია, ის დაკომპლექსებულია. ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე და განებივრებული ვიყავი ამით. სუსტი ბავშვი გახლდით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მქონდა და მშობლებს მოზრდილ ასაკშიც ზაფხულობით დასასვენებლად წიწვოვან ადგილებში დავყავდი. საქართველოს ყველა კურორტი მოვლილი მაქვს. ჩემი თანაკლასელები რომ ჩამოდიოდნენ ზღვიდან გაშავებულები, მე ისევ ისეთივე თეთრი ვიყავი და გული მწყდებოდა. თუმცა, მოწყენით, არ ვიწყენდი. ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ვინმეს რომ გავიცნობდი, მალევე ვუახლოვდებოდი. ჩემთვის, მარტო თამაშიც მიყვარდა, წიგნის კითხვა.

– რა თვისება გამოგყვათ ბავშვობიდან?

– ძალიან მძიმედ ვურიგდები უსამართლობას. პატარები რომ ვიყავით, სადღაც ვისვენებდით. ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია. ერთ დღეს გალახული მოვიდა. ვინ გცემა-მეთქი – „ავვარდი“. ვიღაც ბიჭმა, გვერდზე ცხოვრობსო. მოვკიდე ხელი და წავიყვანე, მაჩვენე-მეთქი. მექაჩება, არ გინდა, ძალიან დიდიაო. რასაკვირველია, ცემით ვერ ვცემდი, მაგრამ რომ არ მივსულიყავი, არ შემეძლო. ხომ უნდა დამეცვა უსამართლოდ გალახული ძმა? მივადექით ვიღაცის ეზოს. ვხედავ, აივანზე დიდი მუტრუკი დგას. ჭიშკრიდან მთელი ხმით ვუყვირი, ახლავე გამოდი-მეთქი. ეტყობა, ჩემი ხმის ტემბრის შეეშინდა და არ გამოვიდა. არ გრცხვენია, პატარა ბიჭს მოერიე, ახლავე გამოდი-მეთქი. მოკლედ, იმდენი ვეძახე, ტირილი დაიწყო და დედამისს დაუძახა. გამოვიდა დედამისი, როგორ თუ ჩემი შვილი აატირეთო და გამოგვყარა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავბრუნდი. როცა საქმე უსამართლობას ეხება, უკან ვერ ვიხევ. ჩემი ჰოროსკოპიდან გამომდინარე ვარ ასეთი – „მამალი“. საოცრად არასპორტულს არც ფიზიკური ძალა მაქვს ისეთი, ვინმეს გავუსწორდე, მაგრამ რისკიანი ვარ. როცა ასეთი მომენტია, ძალიან უშიშარი ვხდები. მერე მეშინია, რომ ვუფიქრდები, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. ქუჩაში ხშირად შევსწრებივარ ჩხუბს და შუაში ჩავმდგარვარ. მერე, მიფიქრია, ეს რომ გავაკეთე, ხომ შეიძლებოდა, მეც მომხვედროდა-მეთქი.

– შვიდ ნოემბერსაც ასე ფიქრობდით, როცა ოპოზიციის მიტინგის დაშლა დაიწყეს და რეზინის ტყვიებში მოყევით? ესეც ხომ თქვენი ცხოვრების ის ეტაპია, რომელიც, ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ.

– ოპერასთან ახალგაზრდები იდგნენ. მათ ეუბნებოდნენ, რომ დაშლილიყვნენ. ქალები ბავშვებით ეზოებიდან იყვნენ გამოსული, უყურებდნენ და განიცდიდნენ, ვინმე ხომ არ დაშავდა, რა ხდებაო. მერე ნიღბიანებმა პირდაპირ ეზოებში დაიწყეს შემოსვლა. მახსოვს, ერთ ადგილას დავდექი, არ გავიქეცი, იმიტომ რომ ასაკოვანი ქალები, ბავშვები ვერ მირბოდნენ. ვიფიქრე, ესენი ვერ მირბიან, ვერც მე ვერ ვეხმარები ვერაფრით და გავჩერდები-მეთქი. დიდხანს ვიდექი გაშეშებული, სანამ უცხო ადამიანმა არ მომკიდა ხელი და შემათრია ეზოში. პირადად მე, არ მომხვედრია. ვფიქრობდი, სახეში რომ მომხვდეს, რა მწარე იქნება-მეთქი, მაგრამ ჩემს ფეხებთან პანტა-პუნტით ცვიოდა ტყვიები. ბევრი ავკრიფე და შევინახე სახსოვრად. წიოდნენ, კიოდნენ, იმის ნაცვლად, რომ პანიკაში ვყოფილიყავი, აქეთ დავიწყე სხვების დაწყნარება. საშინელებაა, ვიღაც ნიღბიანები შენს ქალაქში რომ გესვრიან. ბევრი უსამართლობა, იმედგაცრუება მქონია, გადაგვარებული ადამიანები მინახავს და ეს არის ყველაზე მტკივნეული.

– თუ სწორად მახსოვს, თქვენი ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი ბინა იყო, რომელიც წაგართვეს. მოგვიყევით, რა და როგორ იყო?

– უკვე ოცი წელია, რაც ნაქირავებში ვარ. ამ ბინის ისტორია კი, ასე იწყება. ალბათ, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ ყველა ახალგაზრდა ოჯახს თავის კუთხე უნდა რომ ჰქონდეს და მეც მინდოდა, ეს, მიუხედავად იმისა, რომ დედამთილის სახლში ძალიან კარგად ვცხოვრობდი. შვილი არ გვყავდა და დიდად არც მქონდა ამის განცდა, გადავიდოდი ცალკე თუ არა. მაშინ აღრიცხვები იყო და სახელმწიფო ხალხს ბინებს სთავაზობდა, ნორმალურად მიდიოდა ბინათმშენებლობის საქმე. კინოსტუდიამ მე და ზაზას, როგორც ორ ახალგაზრდა, წარმატებულ მსახიობს ბინა შემოგვთავაზა. კინოსტუდიაში ბევრი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც ჩვენზე მეტად უჭირდა. ჩავთვალეთ, რომ მათთვის უნდა დაგვეთმო და მერე, ალბათ, რაღაც გამოჩნდებოდა. დავუთმეთ სხვას. მერე კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც დაიწყო და გადავწყვიტეთ, აგვეშენებინა. შევიტანეთ თანხა. მაშინ წარმოუდგენელი იყო, ვინმეს მოვეტყუებინეთ. არ ვიცოდით, თუ ასეთი რაღაცეები ხდებოდა. აქედან დაიწყო ჩვენი ტანჯვა-წამება. მოგვატყუეს. საბუთები ხელში არ გვეჭირა, რადგან ძალიან ვენდეთ იმ ადამიანს. მერე ამას მოჰყვა აფხაზეთის ომი. იმდენი გაუბედურებული ადამიანი ჩამოვიდა თბილისში, ჩავთვალეთ, უზნეობა იქნებოდა, ჩვენი ბინის პრობლემებზე დაგვეწყო ზრუნვა. თბილისის ომის დროს ბევრი უსახლკარო ადამიანი გაჩნდა, რომლებსაც სახლი დაუნგრიეს, ამდენი ადამიანი დაიღუპა და ვერ ვაკადრე თავს, ვინმესთან მივსულიყავი და რამე მეთხოვა. ვცხოვრობდით ქირით. ამასობაში შეგვეძინა ბავშვი. მთელმა ჩემმა საახლობლომ, მეგობრებმა, ნათესავებმა ძალიან იაქტიურეს, განსაკუთრებით დათო ოქიტაშვილმა და ეს ამბავი ზურაბ ჟვანიამდე მივიდა. თვითონ არავისთვის მიგვიმართავს. ჩვენი სამეგობროს მხრიდან წერილიც კი დაიწერა პრეზიდენტის სახელზე. ერთ დღესაც ზურას მეუღლე ნინო ქადაგიძე მოვიდა ჩვენთან და გვითხრა: ზურა ისე შეწუხდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხართ, თუ ნებას დამრთავთ, სანამ რაღაც გამოჩნდება, ჩვენ გადაგიხდით ბინის ქირასო. რასაკვირველია, ამაზე უარი ვთქვით და ძალიან ნაწყენები დარჩნენ. ვერ ავიღებდი, რადგან არ ვიცოდი, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენი უბინაობა. თუ მართლა ისე გაგვიჭირდა, რომელიღაც ეტაპზე ვერ მოვახერხეთ ბინის ქირის გადახდა, პირობას გაძლევთ, მოვალ და ამ თანხას ავიღებ, მაგრამ, ახლა არ შემიძლია-მეთქი. მათი მხრიდან ეს მართლაც დიდი, ადამიანური ჟესტი იყო. ბოლოს და ბოლოს, ყიფშიძეზე, სადაც, მგონი, დღემდე არ აშენებულა, ის კორპუსი მშენებარე ბინის ორდერი გადმოგვცეს. ბატონმა ვანო ზოდელავამ გვითხრა: ახლა არ არის სხვა საშუალება, რომ პირდაპირ შეხვიდეთ და იცხოვროთ, მაგრამ პირობას გაძლევთ, დაახლოებით, წელიწად-ნახევარში დამთავრდება და შეხვალთო. ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. სიტუაცია დამძიმდა და აღარ იყო ბინის ქირის გადახდის საშუალება. ისევ ჩვენმა მეგობრებმა ითავეს ყველაფერი, რადგან ასეთი მდგომარეობაა, სანამ ეს საკითხი მოგვარდება, ჩვენ დაგეხმარებითო. მოკლედ გიყვებით, თორემ ეს წლებში გაწელილი დროა. ფაქტობრივად, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა გავიდა სხვის ბინებში. აღვნიშნეთ ბინის ორდერის აღება, ზედ შამპანურის შხეფებიც კი ეტყობოდა და მაგრად შევინახეთ. ბატონ ვანოს შევპირდი, ბინაში რომ შევალთ, კედელზე თქვენს სურათს დავკიდებ პატივისცემის ნიშნად-მეთქი. მერე მშენებლობა დაკონსერვდა. ამასობაში, ღვთის მადლით, გამოჩნდა კაცი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო მსახიობებზე ზრუნვა. ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. დღეს რომ მე წყნარად მძინავს, ეს მისი დამსახურებაა. როგორც გაირკვა, ის მხოლოდ მსახიობებს არ ეხმარება. გავიდა სამი წელი. ერთ დღესაც ჟურნალისტი მირეკავს და მეუბნება: სამოცდათხუთმეტ ადამიანს, მათ შორის თქვენც, დღეს ბინები ჩამოგართვეს და თუ შეგიძლიათ, კომენტარი გააკეთეთო. ვერ მივხვდი, რაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ სახლში ბინის ორდერი მედო. არ მიყვარს ჭორის დონეზე ლაპარაკი და ამიტომ ვუთხარი, – მაპატიეთ, მაგრამ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სანამ თვითონ არ გავარკვევ ყველაფერს-მეთქი. უგულავა ახალი დანიშნული იყო მერად. მას მე სხვა მხრიდან ვიცნობდი. ერთი ეკლესიის მრევლი ვიყავით. ადრე სტიქაროსანი იყო და ყოველთვის დადებითად ვუყურებდი. რატომღაც, ვერ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, ასე უსაფუძვლოდ, თან, ახალი წლის დღეებში სამოცდათხუთმეტი ადამიანი უსახლკაროდ დაეტოვებინა. ვითხოვე მასთან შეხვედრა. რაღაცნაირად აიცილა თავიდან. ქალაქიდან არის გასულიო, მითხრეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გვერდზე კაბინეტში იჯდა. მოვხვდი მამუკა ახვლედიანთან. როცა ვკითხე, რის საფუძველზე წაგვართვით ბინები-მეთქი, ვერაფერი მიპასუხა. ვიღაცას დაურეკა, ფურცელი შემოატანინა და გაკვირვებული უყურებდა. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ თქვენი ხელმოწერაა ქვემოთ და არაფერი იცით-მეთქი? ჩემი მდგომარეობა დღესაც არ შეცვლილა. პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო მძიმდება. მერე გამოვიდნენ ტელევიზიით და თქვეს, რომ ეს შეცდომა იყო და არ უნდა გაეკეთებინათ ასე, მაგრამ შეცდომა შეცდომად რჩება. აქ უსამართლობაზეა საუბარი, რომელიც ჩემს ქვეყანაში ვერა და ვერ აღმოიფხვრა, თორემ, როგორმე გავიტანთ თავს. ჩვენს შვილს ჩვენგან არაფერი მოაკლდება, როგოც თავის დროზე ჩემი მშობლები არ მაკლებდნენ არაფერს.

– როგორ გახდით მსახიობი? ეს ის იყო, რაც გინდოდათ?

– ჩემი კლასელის ბებია სამოყვარულო თეატრის რეჟისორი იყო და ორივე ხშირად დავყავდით სპექტაკლებზე. იმან იცოდა, რა მონაცემებიც მქონდა – როგორ ვმღეროდი, ვცეკვავდი და ერთხელაც მკითხა: არ გიფიქრია მსახიობობაზეო. მართლა არ მიფიქრია. ისე კარგად ვსწავლობდი, ოჯახში ეგონათ, სამედიცინოზე ან სხვა ბევრად სერიოზულ ფაკულტეტზე ჩავაბარებდი. პირადად მე, ძალიან მაინტერესებდა ჟურნალისტის პროფესია. მერე კიდევ მითხრა: იცი, თეატრალურში რა საინტერესო რაღაცეები ხდება – ყველაფერს ასწავლიან, ცხენზე ჯირითს, მეტყველებას, პლასტიკას, ხელოვნების ისტორიას, ყველაფერს, რაც შენ გიყვარსო და ამან დამაფიქრა. რა მეჩქარება პროფესიის არჩევა, მოდი, ჩავაბარებ თეატრალურზე-მეთქი. ეს რომ ოჯახში გაიგეს, საშინელი წინააღმდეგობა მოჰყვა. იმდენად, რომ გამოცდებიდან გამოსულს, გულშემატკივარი არ მხვდებოდა. მთელ კურსზე მხოლოდ ორი ხუთიანი დაიწერა და ერთ-ერთი მე ვიყავი, ვისაც ხუთი დაუწერეს. მამუკა ლორიამ რომ დამინახა, ასე უპატრონოდ ვიყავი, აბსოლუტურად თავის თავზე აიღო შეფობა. სულ კუდში დამდევდა, ეს არ დაგავიწყდეს, ის არ დაგავიწყდესო.

– ყველა პროფესია თავისებურად საინტერესო და პატივსაცემია, მაგრამ თეატრი და კინო, ეს ცალკე ცხოვრებაა, ცალკე შეგრძნებებია, რომლის განცდა ყველას არ შეუძლია. ყველამ არ იცის, რა სიამოვნებას განიცდი, როცა რაღაცას დგამ, თამაშობ. მოდით, პირველ შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ.

– ჩემი საკურსო სპექტაკლი „ბაკულას ღორები“ იყო, რომელიც დღესაც რეპერტუარშია და ვთამაშობ. მერე იყო სადიპლომო სპექტაკლი. ცოტნე ნაკაშიძემ მიმიწვია სპექტაკლში „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, სადაც ნინიკოს როლი ვითამაშე. რაც შეეხება კინოს, სტუდენტობის დროს გადავიღეთ რაღაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი, მაგრამ დიდად არ მოვხიბლულვარ, მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი არაჩვეულებრივი იყო. კინოს რეჟიმი, თეატრის რეჟიმისგან განსხვავებით, აბსოლუტურად მოუწესრიგებელია. ამინდზე და ბევრ სხვა რაღაცაზეა დამოკიდებული. არ მომეწონა ეს ქაოსი და არეულობა. მივიღე გადაწყვეტილება, – კინოში არასოდეს წავიდოდი გადასაღებად და არ მოვიშლიდი ნერვებს. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს მერაბ კოკოჩაშვილმა გამომიგზავნა სცენარი. ბატონ მიშა თუმანიშვილს არ უყვარდა, როცა მისი მსახიობი კინოგადაღებებით კავდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თეატრს დააკლდე. საშინლად ეჭვიანობდა ხოლმე, და უარი ვთქვი, მაგრამ თვითონ გამიშვა. კოკოჩაშვილს უარი არ უთხრაო. ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის ეს როლი. ეს იყო იდეალური გადაღება. თან, ჩემი პირველი კინოპარტნიორი კახი კავსაძე იყო.

– როგორც ვიცი, თქვენს მომავალ მეუღლეს, ზაზა მიქაშავიძეს ერთ-ერთ სპექტაკლში თამაშის დროს შეხვდით. როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ზაზას სწორედ სპექტაკლზე, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, მუშაობის დროს შევხვდი, სადაც ის მთავარ როლს – კოკა მხეიძეს თამაშობდა. თუმცა, მას მანამდეც ვიცნობდი, როგორც ბატონი მიშას მოწაფეს. იმ ჯგუფში იყო, რომლის მიზეზითაც შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. ესენი იყვნენ: მურმან ჯინორია, მზია არაბული, ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ზურა ყიფშიძე. შემდეგი ჯგუფი ჩვენ ვიყავით. მახსოვს, მათ სპექტაკლებზე რა ხდებოდა. დარბაზში ადგილები არ იყო. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ზაზას გავყევი. იმ ზაფხულს რეზო ჩხეიძე იღებდა მრავალსერიიან ფილმს – „რაიკომის მდივანს“. სცენარი რომ მომიტანეს, არ წავიკითხე, ვერ ვითამაშებ, ვთხოვდები-მეთქი. ყველა გაოცდა, როგორ, რეზო ჩხეიძეს ეუბნები უარსო? იმ დროს რეზო ჩხეიძე კინოსტუდიის დირექტორი იყო და საკმაოდ მკაცრიც. ყველამ იცოდა, რასაც ნიშნავდა მისთვის უარის თქმა – რომ კინოკარიერა დაღუპული გქონდა. მახსოვს, მასთან რომ შევდიოდი, დერეფანში მისი ასისტენტები მომდევდნენ, უარი არ უთხრაო. შევედი თუ არა მკითხა, – სცენარი წაიკითხეო. არა-მეთქი. გაუკვირდა, რატომო? იმიტომ, რომ ვთხოვდები-მეთქი. ერთი ზაფხული მქონდა დასასვენებლად, მერე თეატრში სეზონი იწყებოდა. ჯვრისწერაც უნდა მოგვესწრო, ქორწილიც და თაფლობის თვეც. ამას ვერანაირ კინოზე და მთავარ როლზე ვერ გავცვლიდი. მახსოვს, დიდხანს მებუტებოდა ბატონი რეზო.

– თვრამეტი წელი არ გყავდათ შვილი. ეს კი, თითქმის მთელი ცხოვრებაა. არ ფიქრობდით იმ წლების განმავლობაში, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ოჯახური თანაცხოვრება?

– ამას წინათ ვუთხარი ჩემს შვილს, თავის დროზე რომ გამჩენოდი, ახლა, ალბათ, შვილიშვილებიც მეყოლებოდა-მეთქი. რასაკვირველია, ეს ჩემთვისაც და ზაზასთვისაც დიდი ტკივილი იყო და ბევრი ოჯახი ვიცი, ამ მიზეზით რომ ინგრევა. მაგრამ, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ ტკივილმა კიდევ უფრო დაგვაკავშირა ერთმანეთთან და უფრო მეტად დაგვაახლოვა. ძალიან მიმძიმდა, როცა სადმე სუფრასთან ვიყავით მე და ზაზა და შვილების სადღეგრძელო ისმებოდა. ყოველთვის ვცდილობდი, რაღაც მიზეზით ავმდგარიყავი სუფრიდან, თავი დამეძვრინა. გული მტკიოდა ხოლმე აბსოლუტურად მინდობილი ვიყავი უფალს. ასე რომ ვიტანჯები, ალბათ, უფალს ნებავს-მეთქი. ამან გამაძლებინა და მომიყვანა აქამდე. ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო მომენტი იყო, როცა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი გავიგე. ამ ბედნიერების წუთებს სხვებიც ესწრებოდნენ: ჩემი მეგობარი ნინო სუხიშვილი და მეგობრის და – მარინა გელაშვილი, რომლებიც ექოზე წამომყვნენ. ვფიქრობდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდა და სიტუაციაში მინდოდა გარკვევა. მერე, ექიმმა რომ თქვა, აქ ბავშვზეა ლაპარაკიო, კინაღამ გადავირიე. სამივე ერთდროულად ვტიროდით. გარშემო ვერავინ ვერაფერს მიხვდა, რა ხდებოდა. ვიღაცას ეგონა, ბავშვი არ მინდოდა და შემთხვევით დავფეხმძიმდი. მერე რომ დამინახეს, მე ვიყავი, მთელ სამშობიაროში ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, იმ საღამოსვე მთელმა თბილისმა იცოდა ეს ამბავი. მამაჩემს ქუჩაში ახარა ვიღაცამ, ვიდრე მე ვეტყოდი. ზაზასთვის ხომ აბსოლუტური შოკი იყო. ზაზა დღესაც ამბობს: ანას გაჩენამდე ხომ ვცხოვრობდით მე და შენ სავსე ცხოვრებით, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, გასტროლებზე დავდიოდით, მეგობრები მოდიოდნენ, ჩვენ მივდიოდით მათთან, ჩვენს სახლში სტუმრიანობა არ წყდებოდა, მაგრამ რა გვიხაროდა, როცა ანა არ გვყავდა, ვერ ვხვდებიო. შვილი ამქვეყნად ყველაზე მთავარია.


скачать dle 11.3