კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაართვა ნინო აბრამიძემ თავი იმ საქმიანობას, რასაც ლუდოვიკო მეთოთხმეტეც მშვენივრად ასრულებდა




ნინო აბრამიძის კოლექცია ძალიან საინტერესო, ფერადი, მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელია. მასში ასზე მეტი ნაქარგია თავმოყრილი, რომლებიც თავად ჩვენი რესპონდენტის ხელითაა შექმნილი. თუ სად ისწავლა ქალბატონმა ნინომ აბრეშუმის ლენტებით ქარგვა, ქარგვის კიდევ რამდენ მეთოდს ფლობს ის და რა ფერები ჭარბობს მის ნამუშევრებში, ამას დღევანდელი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ქალბატონო ნინო, რამდენი ხანი დასჭირდა ამ კოლექციის შეგროვებას და როგორ დაიწყეთ მასზე მუშაობა?

– დაახლოებით, 2-3 წელი. ყველაფერი კი სრულიად შემთხვევით დაიწყო. ეს საქმიანობა ჩემთვის პროფესია არაა, ქარგვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცებაა, განტვირთვის საუკეთესო საშუალება. ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე ინტერნეტში და ძალიან დამაინტერესა ქარგვის ამგვარმა ტექნიკამ.

– რა ჰქვია ქარგვის ამ სტილს?

– აბრეშუმის ლენტებით ქარგვა. სულ ლენტებია მის შესაქმნელად გამოყენებული, ძაფი – არსად არის. ერთი სიტყვით, ინტერნეტიდან ვისწავლე აბრეშუმის ლენტებით ქარგვა. ეს მეთოდი საკმაოდ ძველია. არსებობდა ქარგვის სხვადასხვა მეთოდი, თუნდაც ჩინეთში. შემდეგ ეს გამოცდილება ევროპაში გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა. კერძოდ, აბრეშუმის ლენტებით ქარგვის მეთოდი, როგორც ქარგვის ცალკე სახეობა, პირველად საფრანგეთში დაფიქსირდა ლუდოვიკო მეთოთხმეტის კარზე. მაშინ მოდაში შემოვიდა პომპეზური პარიკები, ტანისამოსი და შესაბამისად, ხელმარჯვე ქალბატონებიც ამ საქმიანობით დაკავდნენ. თურმე, თვითონ ლუდოვიკო მეთოთხმეტეც ქარგავდა. ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი აბრეშუმის ლენტებით ქარგვა დავიწყებას მიეცა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ეს საქმე ძალიან კარგად განვითარდა ახალ ზელანდიასა და ბრაზილიაში.

– 2-3 წლის წინ დავიწყე აბრეშუმის ლენტებით ქარგვაო, მანამდე საერთოდ არ გისინჯიათ ქარგვა?

– როგორ არა, მანამდეც ვქარგავდი. ლენტებით ქარგვა არ ვიცოდი, თორემ ქარგვის ძალიან ბევრ მეთოდს ვფლობდი. პირველად იასამანი მოვქარგე. აბრეშუმით ქარგვას ერთი ძალიან კარგი თავისებურება აქვს. აბრეშუმით შესრულებული ნამუშევარი უფრო მოცულობითია, სივრცითი და სწორედ ამიტომ მომეწონა.

– ნახატებს ვინ ქმნის სანამ დაქარგავთ?

– მე.

– ანუ, ხატვაც გეხერხებათ?

– ხატვა არ ვიცი, ნამდვილად. ძირითადად ყვავილებს ვქარგავ...

– მაბნევთ, არც ვიცი, როგორ დაგეთანხმოთ. საყვარელი ფერი თუ გაქვთ?

– მწვანე ძალიან მიყვარს და ჭარბობს კიდეც ამ ფერის სხვადასხვა ტონი ჩემს კოლექციაში.

– თქვენ პროფესიასთან თუ არის ეს საქმიანობა ახლოს?

– აბსოლუტურად არანაირად, ექიმი რეანიმატოლოგი გახლავართ.

– დღეისათვის რამდენ ნამუშევარს იტევს ეს კოლექცია?

– ჩემს კოლექციაში ასამდე ნაქარგი იქნება, თუ არ ჩავთვლით იმ ნამუშევრებს, რომლებიც გაჩუქებული მაქვს.

– სხვას თუ ასწავლეთ აბრეშუმის ლენტებით ქარგვის ეს ტექნიკა?

– სულ ახლახან დავიწყე იტალიურ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასში“ მუშაობა, სადაც მიუსაფარ ბავშვებს გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ძალიან მომწონს და მიხარია ამის გაკეთება. მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ლენტებით ქარგვა დავიწყე, კიდევ ერთი გატაცება გამიჩნდა. იმას ვგულისხმობ, რომ ზოგი თუ დადის მუზეუმში, იტაცებს სიძველეები, მე, მათგან განსხვავებით, დავდივარ მშრალ ხიდზე და ვათვალიერებ ძველისძველ ლენტებს, ღილებს, ნამუშევრებს... მაქვს შეძენილი უამრავი ნაქარგი და იქიდან ძალიან ბევრს ვსწავლობ. ჩემი მეუღლე სულ დამცინის, როგორ არ დაიღალე ამ ძველმანების ქექვითო. ამას წინათ მშრალ ხიდზე ერთ-ერთ გამყიდველთან შევჩერდი და ვუყურებ. ისიც მომჩერებია გაოგნებული. რამე გნებავთო, – მკითხა ცოტა ხნის შემდეგ. ჯერ ვუპასუხე, – არაფერი-მეთქი, მერე კი შევკადრე, თქვენ რომ ზიხართ მაგ ბალიშს არ მომყიდით-მეთქი? გადაირია, ადგა ბალიშიდან და მომყიდა. საკუთარი ხელით აღვადგინე ბალიშის ზედაპირზე არსებული ნაქარგი და არც კი სჯერათ მნახველებს, რომ რესტავრირებული და გაახლებულია. ასე, ბევრი რამ მაქვს შეძენილი.

თავდაპირველად, ბისერებით დავიწყე ქარგვა. მაშინაც ძველი, დაზიანებული ბალიში შევიძინე მშრალ ხიდზე. გავიგე, ერთი ქალბატონის შესახებ, რომელიც ამ სიძველეების აღდგენით იყო დაკავებული. ვთხოვე და მეც დამთანხმდა, რომ ბისერებით აღადგენდა ჩემს ბალიშს, მაგრამ დროში გაიწელა მისი განახლება, ხან იმას არ ეცალა, ხან – მე. ერთხელ ჩემს თავს ვკითხე, რა უნდა უნდოდეს ისეთი მის გაახლებას, რომ ვერ შევძლო-მეთქი. დავჯექი და აღვადგინე. შემდეგ ისე მომეწონა ეს პროცესი, თავად დავიწყე და ბევრი ნაქარგი შევქმენი ბისერებით.

– ქარგვის რამდენ მეთოდს ფლობთ?

– თითქმის ყველანაირად შემიძლია ვქარგო. გობელენის სტილში, ბისერებით, აბრეშუმის ლენტებით, ჯვარედინად, რიშელიეს სტილში, ოქრომკედით...

– სულ რამდენი სტილი არსებობს ქარგვის?

– ამას წინათ მითხრა ერთმა ქალბატონმა, რომ ქარგვის 55 სტილი არსებობს. მე ყველას არა, მაგრამ უმრავლეს მეთოდს ვფლობ.

– ყველაზე შრომატევადი და ძნელი რომელი სტილით ქარგვაა?

– ალბათ ოქრომკედით, რადგან ძალიან შრომატევადია, ორი ნემსით იქარგება ერთდროულად.

– საყვარელი ნამუშევარი თუ გაქვთ, რომელსაც არასდროს არ გააჩუქებთ?

– განსაკუთრებით მომწონს აბრეშუმის ლენტებისგან შექმნილი ეს „თაიგული“. ალბათ, ვერასდროს ვერავის ვაჩუქებ.

– კიდევ თუ გაიხსენებთ რაიმე ისტორიას, რომელიც კავშირშია ამ კოლექციასთან?

– ჩემთვის ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ისტორია თქვენი ჩემი კოლექციით დაინტერესებაა. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, ამ ნაქარგებით ფართო საზოგადოება თუ დაინტერესდებოდა.

– რა რეაქცია აქვთ, როდესაც თქვენს ოჯახში შემოდიან და ამ ნამუშევრებს ხედავენ?

– საოცარი. სიმართლე გითხრათ, ასეთმა რეაქციამ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ნამუშევრები სადმე გამომექვეყნებინა.


скачать dle 11.3