კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეაგინა სტალინმა ქართულად კაკი წერეთელს ყრილობაზე



იოსებ ჯუღაშვილი მძიმე სოციალურ გარემოში იზრდებოდა. მამისგან მიტოვებულ ოჯახს ძალიან უჭირდა ეკონომიკურად. სოციალური პროტესტის გრძნობა, როგორც ჩანს ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბდა საბჭოეთის მომავალ დიდ ბელადს. სტალინი თავიდანვე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. ჰყავდა მეგობართა ძალიან ვიწრო წრე. თბილისის სასულიერო სემინარიაშიც სულ რამდენიმე მოწაფესთან ჰქონდა შედარებით ახლო ურთიერთობა. სტალინს პრინციპების დათმობა არ უყვარდა, რაც მრავალი კონფლიქტის საფუძველი გახდა, მისი ფართო სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ.

სტალინი რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1899-1900 წლებიდან. ამ დროს, ქართული სოციალ დემოკრატიის ლიდერებს: ნოე ჟორდანიას, სილიბისტრო ჯიბლაძეს, ისიდორე რამიშვილს და სხვებს დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ მოპოვებული, სტალინი კი ავტორიტეტებს არ ცნობდა. ამიტომ იყო, რომ იგი პრაქტიკულად მთელ ქართულ სოციალ-დემოკრატიასთან კონფლიქტში აღმოჩნდა. ქართველი სოციალ-დემოკრატები დიდ პატივს სცემდნენ უხუცეს სოციალ-დემოკრატ, სილიბისტრო ჯიბლაძეს. მას ყველანი თავიანთ მასწავლებლად თვლიდნენ. არსებობს ცნობა, რომ სილიბისტრო ჯიბლაძე სტალინის მასწავლებელიც იყო. მიუხედავად ამისა, ერთ მშვენიერ დღეს, ყველასაგან პატივცემულ სილიბისტროს, სტალინმა უხეშად მიმართა, რის გამოც ვითარება დაიძაბა. გაბრაზებულმა სილიბისტრომ სტალინს ლაწირაკი უწოდა და გაზეთ „კვალის“ რედაქციიდან გააგდო. მძიმედ ვითარდებოდა სტალინისა და ნოე ჟორდანიას ურთიერთობა. ჯუღაშვილი ჟორდანიას ლიდერად არ თვლიდა. სასაცილოდ იგდებდა და საჯაროდ ამცირებდა. ერთ-ერთ წერილში (1904 წელს) სტალინი ჟორდანიას ვირს უწოდებს. იგი წერდა: „ნოე ჟორდანია, საუბრობს სულსა და მატერიაზე, მაგრამ მე მგონი, მატერიაში ჩითის მატერიას გულისხმობს; ამ ვირს, ვერ გაუგია, რომ მის წინაშე გაზეთ „კვალის“ აუდიტორია აღარ არის“.

შეხლა-შემოხლა ჰქონდა სტალინს ცნობილ ქართველ სოციალ-დემოკრატთან ბიკენტი, იგივე ჭოლა ლომთათიძესთანაც, რომელმაც, 1905 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში გამართულ ერთ-ერთ პარტიულ დისკუსიაზე სტალინს ისე ძლიერად შეუტია, რომ ეს უკანასკნელი იძულებული გახდა კრება დაეტოვებინა. ქართველ სოციალ-დემოკრატებთან სტალინის პოლემიკა და შეხლა-შემოხლა გაგრძელდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ყრილობებზეც (1906-1907 წლებში). ერთ-ერთ ყრილობაზე, რომელიც უცხოეთში მიმდინარეობდა, ჭოლა ლომთათიძემ, ისიდორე რამიშვილმა და სხვებმა, სტალინს ბრალი დასდეს, რომ შეგნებულად, არასწორად აშუქებდა 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობას გურიაში, ანუ მოვლენებს ისე წარმოაჩენდა, როგორც ეს ბოლშევიკებს სურდათ. ქართველმა ოპონენტებმა ჯუღაშვილს პასუხი მოსთხოვეს თავის ქმედებებზე. სტალინმა ასეთი პასუხი გასცა: „მე თქვენ გიპასუხებთ, როცა დრო მოვა!“ ეს მუქარა სტალინმა ჭოლა ლომთათიძეს ვერ შეუსრულა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ნაადრევად გარდაიცვალა. რაც შეეხება ისიდორე რამიშვილს, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მას ჯუღაშვილმა დანაპირები შეუსრულა.

იოსებ ჯუღაშვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო ქართველ მენშევიკ სოციალ-დემოკრატებთან, არამედ, თვით ბოლშევიკებთანაც კი. ერთ-ერთ გამოჩენილ ქართველ ბოლშევიკს, ფილიპე მახარაძეს, რომელსაც თავი მოჰქონდა თავისი განათლებით, სტალინი საშუალო დონის ლიტერატორს უწოდებდა. არც ფილიპე მახარაძეს უყვარდა სტალინი. ერთხელ მათი ურთიერთობა ფილიპესთვის კინაღამ ცუდად დამთავრდა. მოსკოვში ყრილობაზე მიმავალ ფილიპე მახარაძესთან, მივიდა სტალინის დედა კეკე და უთხრა: ფილიპე, მე მოვხუცდი, აღარ შემიძლია, ჩემი შვილი ჩამოიყვანე და შენთან რამე სამუშაო მიეცი თბილისშიო. მახარაძემ არაფერი შეიმჩნია და კეკეს დაჰპირდა შვილს ჩამოგიყვანო. ამ დროს ფილიპესთან კაბინეტში სულ ორი თუ სამი ადამიანი იმყოფებოდა. გავიდა თუ არა კეკე ფილიპემ ჩაილაპარაკა: ამ ბოზს, ჰგონია, რომ მე სტალინზე დიდი კაცი ვარო. მოსკოვში ყრილობის გახსნის წინ სტალინი საქართველოს დელეგაციასთან მივიდა, რამდენიმე სიტყვით მოიკითხა დელეგაციის წევრები, ხოლო ფილიპე გვერდზე გაიხმო, მაგრამ ისე, რომ დელეგაციის წევრებს გაეგონათ უთხრა: „ფილიპე, თუ იცი კიდევ ბოზობს დედაჩემი?“ ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა ძველი ბოლშევიკი.

ირაკლი, (კაკი) წერეთლისა და იოსებ ჯუღაშვილის დაძაბული ურთიერთობა საქართველოში დაიწყო, რომელიც გაგრძელდა რუსეთშიც. შეჯახება წერეთელსა და ჯუღაშვილს შორის, 1917 წელს მოხდა პეტროგრადში, რუსეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე. ამ დროისათვის კარლო ჩხეიძე და ირაკლი წერეთელი რუსული სოციალ-დემოკრატიის აღიარებული ლიდერები არიან. ყრილობაც მათ მიმართ დიდი სიმპათიით იყო განწყობილი. ლენინი, სტალინი და სხვა ბოლშევიკები ამ ყრილობაზე უმცირესობაში იყვნენ და არავინ არაფრად აგდებდა. ირაკლი წერეთლის ყოველი სიტყვა, მათ შორის ამ ყრილობაზე წარმოთქმულიც ორატორული ხელოვნების ნიმუში იყო. დარბაზში ხშირად გაისმოდა ტაში. სტალინი ძალიან გაღიზიანდა და ოვაცია რომ ჩაცხრა, წერეთელს ქართულად ხმამაღლა შეაგინა. ირაკლიმ ცხადია, გაიგონა, მაგრამ გინებითვე არ უპასუხა. სამაგიეროდ ისეთი პასუხი გასცა, ისევ ქართულად, რომელმაც სტალინი პირდაპირ გააცოფა: ჯუღაშვილო, ამ დარბაზში რომ შემოხვედი, ტალახიანი კალოშები სად დატოვეო?!

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში ქართველი სოციალ-დემოკრატების მოსვლამ სტალინი უკიდურესად გააღიზიანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ თვით ლენინი გახდა იძულებული ეცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ტერიტორიული მთლიანობა. სტალინი იყო ერთადერთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც საქართველოს ცნობას ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა. მისი ნების წინააღმდეგ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში მაინც მოეწერა ხელი საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას. სტალინს უკან მაინც არ დაუხევია და საქართველოს დელეგაციის მეთაურს გრიგოლ ურატაძეს ასეთი რამ უთხრა: „ბიჭო, შენ მართლა ფიქრობ, რომ რუსეთი ბათუმს ასე ადვილად დათმობს?!“ ამით გამოხატა სტალინმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მომხდარისადმი.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველო დაიპყრო. მომდევნო წელს სტალინი სამშობლოში ჩამოვიდა. ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. საზოგადოების ყველა ფენა და ყველა პოლიტიკური პარტია, აღშფოთებული იყო საქართველოს დაპყრობის ფაქტით. გამწარებული თბილისელები დასჯის საფრთხის მიუხედავად, ასე მღეროდნენ: „ნატვრა მომცა, ნატვრა მომცა, ნატვრა ამსრულებოდეს, ლენინ-ტროცკი-მახარაძე სახრჩობელას სწვეოდეს, ჩვენი ნოე ჟორდანია ქალაქს დაბრუნებოდეს.“ აი, ასეთი განწყობილება დახვდა სტალინს თბილისში. სტალინი თბილისელ მუშებს შეხვდა ნაძალადევის კლუბში. დარბაზში მსხდომთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი იყო, ისინი იარაღით ხელში ებრძოდნენ თბილისის მისადგომებთან მეთერთმეტე წითელ არმიას. მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების ნაწილი ამ ბრძოლაში დაიღუპა. სტალინს შეხვდნენ, როგორც დამპყრობელს. ეს აშკარად იგრძნო იოსებ ჯუღაშვილმა დარბაზში შესვლისთანავე, მაგრამ უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდა. ისიდორე რამიშვილმა სტალინი ღიად დაადანაშაულა საქართველოს დაპყრობასა და ქართველთა სისხლის დაღვრაში. დარბაზიდან ისეთი შეძახილები გაისმოდა, რომ სტალინს სასიკეთოს არაფერს უქადდა. ჩეკისტების რაზმის თანხლებით ჯუღაშვილმა უსიტყვოდ დატოვა დარბაზი. იმავე ღამეს დაიწყო დიდი დაპატიმრებები. დააპატიმრეს ისიდორე რამიშვილიც.

ნოე ჟორდანია საბჭოთა წყობილებასა და ბოლშევიზმს არასდროს შერიგებია. ეს კარგად უწყოდა სტალინმაც, მაგრამ 1945 წელს, ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტს, რომელმაც ცოტა სხვა კუთხით წარმოადგინა ძლიერების ზენიტში მყოფი ზესახელმწიფოს ერთპიროვნული მბრძანებელი. იოსებ სტალინისა და შარლ დე გოლის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდებოდა 1921 წელს გატანილი განძი. საფრანგეთში უნდა გამგზავრებულიყო დელეგაცია პეტრე შარიასა და პროფესორ შალვა ამირანაშვილის შემადგენლობით. პარიზში გამგზავრებამდე შარია და ამირანაშვილი სტალინმა მიიღო. ამ დროისათვის უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ ექვთიმე თაყაიშვილი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. პეტრე შარიამ სტალინს ასეთი კითხვა დაუსვა: ნოე ჟორდანიამ რომ ისურვოს სამშობლოში დაბრუნება როგორ მოვიქცეთო? სტალინმა მოკლედ უპასუხა: „წამოიყვანეთ“. ცხადია, ისეთ გამოცდილ ადამიანს, როგორიც პეტრე შარია იყო, ეს პასუხი არ აკმაყოფილებდა. ამიტომ ბელადს დამატებით ჰკითხა: რომ იკითხოს ნოე ჟორდანიამ, მისი სამშობლოში დაბრუნება შეთანხმებულია თუ არა თქვენთან, რა ვუპასუხოო? „უთხარით, რომ ეს საკითხი ჩემთან შეთანხმებული არ ყოფილა“, – თქვა სტალინმა. ნოე ჟორდანია კარგად იცნობდა სტალინს და როდესაც პეტრე შარიამ მას საქართველოში დაბრუნება შესთავაზა, პირველი, რაც ნოემ იკითხა იყო, შეთანხმებულია თუ არა ეს სტალინთანო. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ნოე ჟორდანიამ უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე. ასე დამთავრდა იოსებ სტალინისა და ნოე ჟორდანიას ურთიერთობა.

P.S. ნოე ჟორდანია იოსებ სტალინზე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა; სილიბისტრო ჯიბლაძე – 1902 წელს, მისი გვამი ჩეკისტებმა მოიტაცეს და სადღაც დაფლეს; ჭოლა ლომთათიძე 1916 წელს ჭლექმა იმსხვერპლა. ისიდორე რამიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, სტალინის სიკვდილს მხოლოდ ირაკლი წერეთელი მოესწრო.

ვახტან გგურულის

მასალების მიხედვით მოამზადა

ანრი შავლაძემ


скачать dle 11.3