კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „თბილისელები“ N26–40(510)



ანდრო კაბინეტში სცემდა ბოლთას. კარი ღია იყო და, შეეძლო, ნებისმიერ მომენტში გასულიყო სათამაშო დარბაზში, მაგრამ, იცოდა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოცდა ჯობდა. იმათთვის უნდა ეცლია, ვისაც ამ საქმეში გარკვევა მიანდო. იქიდან გამომდინარე, რომ „დარტყმის“ საკუთარ თავზე აღება ყოველთვის ერჩივნა, ამჯერად სიმშვიდის შენარჩუნება უჭირდა. „დარწმუნებული ვარ, ეგ დოყლაპიები ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ამ ფსიქოლოგების არაფერი მჯერა, მარტო ლაპარაკობენ... ლაპარაკობენ დაუსრულებლად და რეალურად არაფერს აკეთებენ. რად უნდა ამდენი ჩალიჩი, კედელთან უნდა მიაყენო, ყელში ხელი მაგრად წაუჭირო და დაფქვავს ყველაფერს!.. ნაბიჭვარი!.. ძველი დრო რომ იყოს, ზუსტად ამას გავაკეთებდი, მაგრამ დღეს კანონი უნდა აბლატავო, თორემ, შენვე დაგერხევა. არადა, რა სიამოვნებით გავულამაზებდი იმ თავდაჯერებულ სიფათს!..“

კაბინეტის კარი უხმაუროდ გაიღო:

– ბატონო ანდრო, ხომ არაფერი გჭირდებათ?

– ინა?! შემოდი, შემოდი... რა ხდება დარბაზში?

ინამ მაგიდაზე კოქტეილით სავსე ჭიქა დადგა და ანდროს, ხელსახოცთან ერთად, ფრთხილად მიუჩოჩა, – თქვენი საყვარელი სასმელი მოგიმზადეთ, ოღონდ, ცოტა ინგრედიენტები შევცვალე, მგონი, მოგეწონებათ.

ანდრო უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა:

– ჯერ კითხვაზე მიპასუხე, მოიგო უკვე?

– არა. ბარში ზის მეგობართან ერთად და ჯინს სვამს, ტონიკით. საკმაოდ მშვიდად არის.

– ჰმ, ნაბიჭვარი! საინტერესოა, რას ელოდება...

– არ ვიცი, ბატონო ანდრო, თქვენ ნუ ნერვიულობთ.

– ნუ ვნერვიულობ?! – ანდრო გაწითლდა, – ინა, რას ნიშნავს, ნუ ვნერვიულობ?! ვიღაც არარაობა აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და მე არ უნდა ვინერვიულო?! გადი და ზურას უთხარი, შემოვიდეს.

– ზურას?..

– ჰო, რას მიყურებ? ზურას, ჩემს ნაცნობ დეტექტივს, ჩვენთან რომ მუშაობს. ინა, რა დაგემართა?

– დიახ, ვიცი. თქვენი მეგობარი...

– „მეგობარი“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, არა უშავს. მიდი, დაუძახე!

ანდრომ ბრაზით ჩაილაპარაკა რაღაც და სიგარეტს მოუკიდა. ზურა შემოსვლას აგვიანებდა ან დრო გადიოდა ძალიან ნელა. ანდრომ პერანგის საყელო შეიხსნა და მოიღეღა.

ზურას მხიარული სახე ჰქონდა. ანდროს მოეჩვენა, რომ მეტისმეტად მხიარულიც კი, ამიტომ, შემოსვლისთანავე ეცა:

– შენც, ალბათ, ბარში ერთობი, არა? სულ დაგავიწყდა, რისთვის ხარ დარბაზში!

– არა, არ დამვიწყებია. ბარში ვიჯექი – თვალყური ხომ უნდა ვადევნო?! ჯერ მაგიდასთან არ გადასულა. და, რაც უფრო ახლოს ვიქნები მასთან, მით უკეთესი. იმ ჩვენმა ფსიქოლოგმაც ასე მირჩია.

– ჰოო?!

ზურა ვერ მიხვდა ანდროს „ჰოში“ შეფარულ ირონიას.

– მოკლედ, მე ახლა გავალ, არაფერი გამომეპაროს. ისე, თუ გინდა, შენც გამოდი და უყურე.

– არ მინდა! – ბოროტად ჩაილაპარაკა ანდრომ.

– შენ იცი, მაგრამ, თუ დამშვიდდები, კარგი იქნება. ერთი ჩვეულებრივი ტიპია, არაფრით გამორჩეული. შენ ყურადღებასაც არ მიაქცევდი.

– მაგ „ჩვეულებრივმა ტიპმა“ უკვე ხუთჯერ მოიგო ისე, რომ მაგიდას მხოლოდ თითოჯერ მიუჯდა. დღესაც მოიგებს, დარწმუნებული ვარ...

– ნუ გეშინია, დავაკვირდებით, არაფერი გამოგვეპარება.

– მეც მაგის იმედი მაქვს, – მოიღუშა ანდრო, – შენ არ დალიო, გესმის?

– არა, რას ამბობ?! – შეიცხადა ზურამ და ხელები გაასავსავა, – ერთ ჭიქა „მარტინის“ ვწრუპავ მთელი საათია...

***

ვახომ შეუმჩნევლად მოჰქაჩა ლაშას სახელოზე.

– რას აპირებ? რატომ აგვიანებ?

– ვაგვიანებ? სად? – ლაშამ ჭიქაში ყინულები შეანჯღრია და სიამოვნებით მოსვა, – კარგია, რომ კაზინოში სასმელში ფულს არ გვახდევინებენ. არც საათი ჩანს სადმე. ასე რომ, მოეშვი და მიიღე სიამოვნება, სად გეჩქარება?

– არ ვიცი. ვნერვიულობ...

– რატომ? – ლაშამ გაიღიმა და ისევ შეანჯღრია ყინულები ჭიქაში.

– არ ვიცი.

– თუ არ იცი, მაშინ, ნუ ნერვიულობ, თორემ შენი მდგომარეობა გადამდებია. მე კი თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, განსაკუთრებულად კარგად.

– ჰოდა, მეც ეგ მაშინებს. დღეს რაღაც სხვანაირი ხარ, – აწრიალდა ვახო და დახლთან მსხდომები შეათვალიერა.

– ჰო, სხვანაირი ვარ, – ისეთივე სიმშვიდით მიუგო ლაშამ, – ფულის სუნი ვიგრძენი, დიდი ფულის. მალე ყველაფერი შეიცვლება.

ვახო ოდნავაც ვერ დაამშვიდა მეგობრის უცნაური პათოსით წარმოთქმულმა სიტყვებმა. იქვე, დახლთან ყველაზე ახლოს მჯდარი ორი მამაკაცი შეათვალიერა და ლაშას ისევ დაჰქაჩა სახელოზე.

– მიდი რა, ითამაშე და წავიდეთ!

– ვახო, ბავშვივით ნუ იქცევი. აუცილებლად ვითამაშებ, აბა, აქ რისთვის ვარ! თან, დღეს ბევრი უნდა მოვიგო. ორჯერ ჩავაბრუნებ თანხას.

ვახომ ამოიხვნეშა:

– დარწმუნებული ხარ?

– აბსოლუტურად.

– მერე?

– რა, მერე, რას მეკითხები? ავიღებთ მონაგებს, თითო ჭიქას კიდევ დავლევთ და წავალთ.

– შენ ფიქრობ, ასე ადვილად გაგვიშვებენ? არ მავიწყდება, იქ რომ შეგვაყოვნეს. მგონი, ეს შემთხვევით არ მომხდარა.

– შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ, რას ხედავ ამაში საგანგაშოს? მათ თუ ეჭვი გაუჩნდათ, ეს ბუნებრივია. მთავარია, რომ ვერაფერს დამაკლებენ.

– ძალიან თავდაჯერებული ხარ.

– ჰო, ვარ. იმიტომ, რომ მალე ბევრი ფული მექნება, ძალიან ბევრი, – ლაშამ ჭიქა დადგა და ვახოს თვალი ჩაუკრა:

– ჰო, კარგი, წამოდი, თამაშს ვიწყებ...

ანდროსთან, კაბინეტში, თითქმის ერთდროულად შევიდნენ ფსიქოლოგი, ზურა-დეტექტივი, ინა და დაცვის უფროსი. მათი შემხედვარე ანდრო ყველაფერს მიხვდა.

– ისევ იგივე განმეორდა. ასეა?

ინამ თავი დაუქნია:

– ამჯერად რამდენი მოიგო?

– თხუთმეტი ათასი, – სწრაფად უპასუხა ზურამ.

– დოლარი თუ ლარი? – კბილები გააღრჭიალა ანდრომ, – თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. სად არის?

– ბარში. ფული ჯერ არ აუღია. რის გაკეთებას ვაპირებთ? – ზურამ ფსიქოლოგს გადახედა, – თქვენ რას გვირჩევთ?

– პირადად მე, ვამბობ, რომ უნდა გავჩხრიკოთ ისიც და მისი ძმაკაციც, – თავისი აზრი გამოთქვა დაცვის უფროსმა.

– კი მაგრამ, რის საფუძველზე? დანარჩენ კლიენტებზე ეს ცუდად იმოქმედებს. იმიჯი შეგველახება, – გააპროტესტა მენეჯერმა და მას ინაც დაეთანხმა:

– ჰო, არ იქნება კარგი, თუკი მთელი დარბაზის თვალწინ გავაკეთებთ ამას.

– დარბაზის თვალწინ რატომ? დაცვის ოთახში გავიყვან და იქ გავჩხრეკ ორივეს, ბატონო ანდრო, რას იტყვით?

– შენ ფიქრობ, გადამცემს უპოვი? დარწმუნებული ხარ, რომ ჩხრეკა რამე შედეგს გამოიღებს?

დაცვის უფროსი შეყოყმანდა:

– დარწმუნებული როგორ ვიქნები, ბატონო ანდრო, არაფერი დამინახავს.

– მე სხვა გეგმა მაქვს, – ფსიქოლოგი მაგიდას მიუჯდა და ანდროს ყურადღებით შეხედა, – მოიწვიეთ თქვენს კაბინეტში და გაუმასპინძლდით.

– რა?!

– დიახ, ესაა საუკეთესო ვარიანტი. მეც აქ ვიქნები, – დაელაპარაკეთ, კეთილგანწყობა უჩვენეთ და ვნახოთ!

– აჰა, ესე იგი, ექსპერიმენტის გაგრძელების მომხრე ხართ... მერე, მე რა გამოვდივარ – საცდელი ლაბორატორიის დირექტორი? – ანდრომ ხმადაბლა შეიგინა და დაცვის უფროსს მიუბრუნდა, – ამჯერად ჩხრეკისგან თავი შევიკავოთ, მაგრამ, ერთ საათში მის შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდე, აბსოლუტურად ყველაფერი: ვინ არის, სად ცხოვრობს, რას ჭამს, რითი სუნთქავს – ერთი სიტყვით, ყველაფერი. ინა, მოიწვიე ჩემს კაბინეტში და შენც აქ იყავი!

ფსიქოლოგმა თავი გააქნია:

– ბევრი ხალხი საჭირო არ არის. ბატონი ანდრო და მე სრულიად საკმარისი ვიქნებით. თუ ის თაღლითია, მაშინ, აუცილებლად პროფესიონალია. ამიტომ, სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. თამაშის წესები ჩვენ უნდა ვუკარნახოთ და არა იმან.

ანდროს ეტყობოდა, რომ არ იზიარებდა ფსიქოლოგის იდეებს, მაგრამ, მისთვის ხელის შეშლაც ვერ გადაეწყვიტა. თუმცა, დიდხანსაც არ უყოყმანია. ეს ყველაფერი ახალ, საინტერესო თამაშს ჰგავდა და ცდუნებას ვერ გაუძლო. მაგრამ „ფიგურების“ განლაგებაში „კორექტივი“ მაინც შეიტანა.



– მოდი, ასე მოვიქცეთ: კაბინეტში თქვენ და ზურა დარჩით და შეხვდით. მეც აქ ვიქნები, გვერდით, პატარა ოთახში. კარს კი ღიას დავტოვებ. რატომღაც, არ მინდა, სახეზე მცნობდეს, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით...

ფსიქოლოგმა და ზურამ ერთმანეთს გადახედეს. ანდრომ ბრაზით აიქნია ხელი:

– არ მინდა და მორჩა! მეც მაქვს რაღაც გეგმები!..

– კარგი. ჩვენ შევხვდებით, არ არის პრობლემა. პრინციპში, მგონი, ასეც ჯობს. ჯერ კიდევ არ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.

– ჰოდა, ეგ თქვენ უნდა გაარკვიოთ, თქვენგან ამას მოვითხოვ...

***

... როგორ შეიძლება, ბოროტება იყოს ის, რაც, შეიძლება, სიკეთეს ემსახურებოდეს? როგორ თავსდება ორი, ერთმანეთის გამომრიცხავი თვისება და არსი ერთ კონკრეტულ ნივთში, თუკი, საერთოდ, შესაძლებელია, მას ნივთი ვუწოდოთ... არადა, ხელშესახებია, ანუ, ნივთის ყველა თვისება აქვს... დიახ, გამოიცანით, ისევ ფული მაქვს მხედველობაში. ბევრი ვიფიქრე და მაინც ვერაფრით მივხვდი, ბოროტი საწყისი უფრო ძლიერია მასში თუ კეთილი. იქნებ, თავად ნეიტრალურია და მხოლოდ ჩვენი, ადამიანების ხელში იძენს ბოროტ და კეთილ თვისებებს. ძალიან უცნაური რაღაც გამოდის. ფული რყვნის ადამიანებს, ადამიანები კი, პირიქით – რყვნიან ფულს და ამ „მღვრიე წყალში“, მტყუან-მართლის გარკვევა ისე ჭირს, უფრო ხშირად ფულს ბრალდება ყველა უბედურება. არადა, არც ჩვენ, ადამიანები ვაკლებთ ხელს. რა გვენაღვლება, თავს ხომ მაინც ვერ გაიმართლებს... თუმცა, არც არაფერში სჭირდება...

***

ლაშამ სიამოვნებით დალია კონიაკი და თავი მოწონებით გადააქნია:

– შესანიშნავია, შესანიშნავი... კარგი გემოვნება გქონიათ, ბატონო...

– ზურა. მაგრამ, „ბატონო“ საჭირო არ არის. კიდევ მიირთმევთ?

– რატომაც არა, მიყვარს კარგი კონიაკი და საერთოდ, ყველაფერი კარგი ძალიან მიყვარს.

– იღბლიანი ყოფილხარ, კაზინოში მარტო მოსაგებად მოდიხარ.

– ჰო, იღბლიანი ვარ, ძალიან იღბლიანი, – გაიცინა ლაშამ. მერე, ყასიდად გაიოცა, – განა კაზინოში ყველა მოსაგებად არ დადის? ვითომ, მე ვარ გამონაკლისი?

ფსიქოლოგმა გაიღიმა:

– რა თქმა უნდა, გამონაკლისი არ ხარ. აქ ყველა იმ იმედით მოვდივართ, რომ ერთ დღეს აუცილებლად გაგვიმართლებს. გულის სიღრმეში ყველა „იგროკს“ ამისი სჯერა, თან, ყველას ეჭვი ეპარება – ეს ორი გრძნობაა, რომ გვანერვიულებს და საკუთარი თავის რწმენას გვაკარგვინებს, მაგრამ შენ ეს არ უნდა გაწუხებდეს. ბევრს არ უმართლებს შენსავით.

– ჰო, ვიცი. ამიტომაც ვთქვი, იღბლიანი ვარ-მეთქი. გამასპინძლებისთვის მადლობელი ვარ. ბატონო ზურა, პრობლემებს ხომ არ გიქმნით ჩემი იღბლიანობით?

ზურას, რაც შეეძლო, თავაზიანად გაიღიმა:

– პრობლემებს? რას ამბობ? ასე რომ იყოს, კონიაკზე არ დაგპატიჟებდი, თანაც, ასეთ კონიაკზე. ყოველთვის გიმართლებს ასე? ყველაფერში?

ლაშამ ოდნავ მოჭუტა თვალები:

– გააჩნია, „ყველაფერში“ რას ვიგულისხმებთ. არა, ყველაფერში არ მიმართლებს. ვიტყოდი, უფრო პირიქით იყო-მეთქი, მაგრამ... თქვენ ეს ძალიან გაინტერესებთ?

– არა, არა, ისე, უბრალოდ გკითხეთ. იმედი მაქვს, მოგწონთ ჩვენთან და კიდევ გვესტუმრებით. ჩვენი კაზინოსთვის ეს მხოლოდ წარმატების მომტანი იქნება.

– მართლა? ძალიან არ დავაზარალებ თქვენს ბიუჯეტს?

– არა, ნამდვილად არ დააზარალებთ. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ზოგჯერ ჩვენ გაგვიღიმებს იღბალი და არა თქვენ.

– ჰო, ეგ მარტო იღბლის გადასაწყვეტია. ახლა კი, თავს აღარ შეგაწყენთ და, თქვენი ნებართვით, დაგტოვებთ. ხომ შეიძლება?

– რა თქმა უნდა. რა უფლება გვაქვს, დაგაყოვნოთ! ახლავე მიიღებთ თქვენს ფულსაც... – ზურა ადგა, მაგრამ კაბინეტიდან გასვლას აყოვნებდა, თითქოს რაღაცას ელოდა. ლაშამ ისევ გაიცინა.

– კარგად ბრძანდებოდეთ, – ზურას ხელი ჩამოართვა და კარი გამოაღო, – მეგობარი მელოდება...

ზურა ისევ აწრიალდა. უკვე აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა. დაცვის უფროსი ლაშას და ვახოს ბართან წამოეწია:

– ერთი წუთით კიდევ შეგაყოვნებთ!

ვახო გაფითრდა, ლაშამ კი მეგობრულად დაუქნია ხელი.

– უთხარით თქვენს შეფს, რომ დღეისთვის კონიაკი საკმარისია, სხვა დროს იყოს!

დაცვის უფროსმა გზა გადაუღობა:

– ბატონებო, მე მაქვს თქვენთან საქმე. რამდენიმე წუთით, თუ შეიძლება, აქეთ მობრძანდით...

ანდრომ მაგიდაზე დაატყაპუნა გაშლილი ხელისგული. ოთახში თითქოს ჰაერიც დამძიმდა.

– აბა, გელოდებით! გაითვალისწინეთ, ყველაფერი მესმოდა და მხოლოდ ერთი დასკვნა გავაკეთე: მაგარი ნაბიჭვარია!

ზურამ სწრაფად დააქნია თავი:

– მეც ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

ანდრო მოიღუშა.

– ზურა, შენ დეტექტივი ხარ, თუ მეხსიერება არ მღალატობს და, შენგან იმაზე ცოტა მეტს ველი, ვიდრე ჩემი სიტყვების დადასტურებაა.

– ჰო, რა თქმა უნდა, – მექანიკურად ჩაილაპარაკა ზურამ და ანდროს გამოხედვით დაბნეულს, ენა აერია, – არა, მინდოდა მეთქვა, მე ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

– კარგია. ესე იგი, შეგიძლია, მშვიდად იყო, შენი მოვალეობები პირნათლად იცი. მაგრამ, როგორ ასრულებ, ეს არის საქმე. თუმცა, მე ჯერ თქვენი მოსმენა უფრო მინდა, – ანდრო ჩუმად მჯდარი ფსიქოლოგისკენ შებრუნდა, – როგორია დაკვირვების შედეგები?

– დამაკმაყოფილებელი. რასაც ვეჭვობდი, ის არის, – თავდაჯერებული კაცის ტონით, საქმიანად წარმოთქვა ფსიქოლოგმა და ანდროსაც ნერვებმა უმტყუნა.

– მომისმინეთ! თქვენი პაციენტი ხომ არ გგონივართ?! აქ მე ვარ სიტუაციის და, საერთოდაც, ყველაფრის ბატონ-პატრონი. ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ, თორემ, ისე გავაკეთებ, ლიცენზიას საერთოდ გაგიუქმებენ. მითხარით გასაგები ენით: რა გაარკვიეთ? გასაგები ენით-მეთქი!

– კარგი, გასაგები ენით აგიხსნით ჩემს მოსაზრებას: ის თაღლითი არ არის, მაგრამ, იცის, რომ არ წააგებს.

– მოიცა, მოიცა, ეგ როგორ?

– მგონი, გასაგები ენით ვთქვი: არ არის თაღლითი. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ რაიმე თაღლითური სქემით ან გეგმით მოქმედებდეს, მაგრამ, აქ მოსაგებად მოდის, ანუ, დარწმუნებულია, რომ მოიგებს.

– რანაირად? ვინმე ჰკარნახობს? აქ ჰყავს თანამზრახველები? – ანდრო ერთბაშად მიხვდა, სისულელე რომ წამოსცდა და გაცხარდა, – გამაგებინეთ, ბოლოს და ბოლს, ვისთან მაქვს საქმე?

– თქვენ უკვე მიიღეთ ზომები, ბატონო ანდრო, რატომღა ნერვიულობთ? თითქმის დარწმუნებული ხართ იმაში, რასაც მე ვვარაუდობ, ხომ მართალი ვარ?

– რას გულისხმობთ? – ანდრო შეაცბუნა ფსიქოლოგის სიტყვებმა, რომლებიც ბრალდებასავით ჟღერდა, მაგრამ უარყოფის უაზრობაც გააცნობიერა.

– დიახ, მე საჭიროდ ჩავთვალე, ორივე ძალიან დელიკატურად გაეჩხრიკათ.

– აჰა! – წამოიძახა ფსიქოლოგმა.

– რა – „აჰა“?! მე ეს უნდა გამეკეთებინა!

– და, რისი პოვნის იმედი გქონდათ? – ირონია არ დამალა ფსიქოლოგმა, – მაგნიტის? გადამცემის? მართლა მაინტერესებს.

– არაფრის! დიახ, არაფრის პოვნის იმედი არ მქონდა, მაგრამ, გავაკეთე ის, რაც ამ დაწესებულების განაწესში ნორმაა. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ჩვენს საქციელში.

– შეიძლება, მაგრამ, თქვენ კლიენტი დაკარგეთ.

– ჯანდაბა! ერთ კლიენტს როგორმე შეველევით, პრობლემა ეს არ არის, ამ ქალაქში კიდევ რამდენიმე კაზინო მეკუთვნის. თუ ასეთი მაგარი ტიპია, არ გაჩერდება.

– ეგ უკვე აღარ ვიცი, როგორი ტიპია. ხვალ რას მოიმოქმედებს, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ დღეს ზუსტად იცოდა, რომ მოიგებდა.

– ზურა, შენ როდემდე უნდა იჯდე ჩუმად და ჩვენს ყველა სიტყვაზე თავს აკანტურებდე? დაგვცინი თუ რაშია საქმე?

– მე? არა, რას ამბობ?! ჯერ მხოლოდ გისმენთ, დასკვნა ხომ უნდა გავაკეთო?

– ცოტა მალე გააკეთე, გელოდები! მოთმინება ამდენ ხანს არ მეყოფა!

ზურამ ანდროს შეხედა და შუბლი მოისრისა...

***

... არც ვიცი, გავაგრძელო თუ არა ფულზე – კაცობრიობის ამ მარადიულ პრობლემაზე საუბარი. იქნებ, არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ფულს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მე ამ „ბედნიერებას“ ნამდვილად ვერ დავიბრალებ. მთელი ჩემი ცხოვრება სწორედ რომ ფულმა განსაზღვრა, მან დაატრიალა წაღმა (ან, შეიძლება, უკუღმა. გააჩნია, ვისთვის რა არის წაღმა და უკუღმა), ყოველ შემთხვევაში, სანამ იმდენი ფული მექნებოდა, რამდენის ქონაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი, მასზე აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენის ვიყავი. იმიტომ არა, რომ მის ღირებულებაზე მქონდა არასაკმარისი ცოდნა, ან მარკეტინგში ვიყავი გაუთვითცნობიერებელი. ამ ყველაფერს იმიტომ გიყვებით, რომ ძალიან ბევრია ჩემნაირი. თქვენც ზუსტად ჩემნაირი ხართ, ისეთი, როგორიც მე ვიყავი, მანამდე, სანამ ფულის ახლოს გაცნობის ბედნიერება მხვდებოდა წილად. ყველაფერს აქვს ნათელი და ბნელი მხარე: ადამიანებს, ნივთებს, მოვლენებს... ფულიც ასეა, ოღონდ, მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ის მხოლოდ ერთი მხრიდან გაიცნოთ...

***

ვახომ ფულის დასტებს სიყვარულით შეავლო ხელი და გაუღიმა...

– მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მაგარი განცდაა. ღირს იმ წვრილმან უსიამოვნებად, რომელიც მის გამო მოგვაყენეს.

ლაშამ დივანზე მოირთხა ფეხი. გვერდით ყავით სავსე ფინჯანი ედგა და ნელა, მოზრდილი ყლუპებით სვამდა. ვახოს სიტყვებზე ჩაეცინა:

– ჰმ, გაჩხრეკა თუ წვრილმანი უსიამოვნებაა!..

– ამასთან შედარებით წვრილმანია, – ვახომ ალერსით დახედა ფულს.

– ჰოო?! მეეჭვება, მაშინ ამაზე გეფიქრა. როცა გჩხრეკდნენ, ისე გაფითრდი, მეგონა, გონებას დაკარგავს-მეთქი. თავიდან ფეხებამდე კანკალებდი.

– ვის მოეწონება, რომ გაჩხრიკონ? – ხელები გაშალა ვახომ, – არც შენ ჩანდი ნასიამოვნები.

– მაგრამ, შენგან განსხვავებით, მე მშვიდად ვიყავი, – ნიშნისმოგებით თქვა ლაშამ, – ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ საკუთარი თავის ხელში აყვანას არ ისწავლი, იძულებული ვიქნები, სათამაშოდ მარტო ვიარო.

ვახო შეცბა – ლაშა აშკარად არ ხუმრობდა.

– არა, შენ ამას არ იზამ, – ჩაილაპარაკა ნირწამხდარი კილოთი, – ამას არ გააკეთებ. მე შენი მეწყვილე ვარ ამ საქმეში და ბოლომდე ერთად უნდა ვიყოთ. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი.

– მაშინ, ხელს ნუ შემიშლი, მეწყვილევ, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ.

ვახომ პატარა ბავშვივით, მორჩილად დაუქნია თავი.

– ხვალ ორივე, მეც და შენც, სამსახურში წავალთ. აუცილებლად. ხომ გესმის?

– მესმის, მაგრამ, რატომ?

– იმიტომ, რომ ხვალიდან ორივე დაკვირვების ქვეშ ვიქნებით. როგორ ფიქრობ, ეს ამბავი ჩხრეკით დამთავრდება?

– აუ, მაგაზე არ მიფიქრია.

– ჰოდა, კარგი იქნებოდა, გეფიქრა. ცოტა ხანს დისკომფორტს შეგვიქმნიან – ამას ვერ ავცდებით. მერე კი ყველაფერი სხვანაირად იქნება.

– როგორ სხვანაირად?

– არაჩვეულებრივად, – ლაშა ნებივრად გაიზმორა, – ჰო, მართლა, აიღე რამდენიც გინდა, ფულზე გეუბნები!

ვახომ მხრები აიჩეჩა:

– რისთვის? თუკი, მაინც არაფერი უნდა შემემჩნეს, ვერაფერს დავხარჯავ და რად მინდა?

– ნუ გეშინია, დახარჯე, ეგ პრობლემა მალე აღარ იარსებებს. ტანსაცმლის ყიდვა და გართობა ახლაც შეგიძლია, არავინ გიშლის.

– შენ არ მიშლი, თუმცა, მეუბნები, რომ ჯერ სამსახურიდან არ უნდა წამოვიდე. მაგრამ, მე რომ აღარ მინდა მუშაობა?! რატომ ვარ ვალდებული, ის გავაკეთო, რაც მე არ მინდა და არ მომწონს?

– იმიტომ, რომ, როგორც თავად აღნიშნე, „ნაპარნიკები“ ვართ. იცი, ეგ რას ნიშნავს?

– ჰო, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა ვახომ.

– არა, არ იცი. ეს ნიშნავს ვალდებულებებს ერთმანეთის წინაშე. მე ვალდებულება ავიღე, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო, შენ კი – ხელი შემიწყო ამაში.

– კარგი, კარგი, გავიგე! თავი მოსწავლე მგონია, მასწავლებელი სკოლის შინაგანაწესს რომ უხსნის და ვერ აგებინებს.

– ვახო, შენ სხვა რაღაც გაწუხებს და, მოდი, პირდაპირ მითხარი.

– არაფერიც არ მაწუხებს, უბრალოდ, ამ სიტუაციამ ჩემზე უარყოფითად იმოქმედა.

– ჯერ ხომ კონიაკი დაგვალევინეს ტონუსის ასამაღლებლად. ესეც რაღაცას ნიშნავს.

– რას ნიშნავს?

– იმას, რომ ხელაღებით ვერ დაგვიპირისპირდებიან. ძალიან კარგად ხვდებიან იმასაც, რომ კლიენტს სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდება.

– უფრო სერიოზული ზომები რომ მიიღონ?

– მაინც? რას გულისხმობ „უფრო სერიოზულში“? პოლიციას გადაგვცემენ? კარგი რა, ვახო, ნუ ფეთდები! გინდა, მეც გადამედოს შენი შიშები? ეგ არაფერში გჭირდება ლიდერის გზაზე შემდგარ კაცს! – მედიდურად წარმოთქვა ლაშამ. ვახომ გაურკვეველი ბგერები ამოუშვა ოდნავ გაღებული პირიდან.

– ხვალ ბანკს ვესტუმრები და სესხს მთლიანად დავფარავ, მერე ბავშვს წამოვიყვან და მთელი დღე ჩემთან მეყოლება.

– აუჰ! – ამოიოხრა ვახომ, – ესე იგი, მძიმე დღე გელის – შენი და შენი ცოლის შეხვედრა მარტივად არ ჩაივლის და ცოტა ფრთხილად იყავი. ისე არ შეასკდეთ ერთმანეთს, რომ პატრულის გასაშველებლები გახდეთ. შენს სიტუაციაში ეს პრობლემების მეტს არაფერს მოგიტანს.

– ჭკუის დამრიგებლის როლში არ ვარგიხარ, – უხალისოდ თქვა ლაშამ. თვითონაც იცოდა, ლიკასთან შეხვედრას უსიამოვნებები რომ მოყვებოდა, მაგრამ, სწორედ ამ უსიამოვნებების მოსალოდნელი განცდა იზიდავდა. „ეტყობა, მაზოხიზმისკენაც მაქვს მიდრეკილება... თუმცა, მთელი ჩვენი დედამიწა მაზოხისტებითა და სადისტებით არ არის დასახლებული?! ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ ეს ორი ფენომენი თითოეულ ჩვენგანში თანაბრად არის გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაზოხისტის თუ სადისტის როლს ერთნაირი ოსტატობით ვირგებთ და ვიხდენთ, ისე, რომ შედეგებზე ნაკლებად ვფიქრობთ. რატომღაც, გვგონია, ვიღაც სხვა იფიქრებს ჩვენ მაგივრად. ვიღაც სხვა აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენს შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზეც ის იზრუნებს. იმედგაცრუება მაშინ გვეწვევა ხოლმე, როცა ერთ დღეს ერთბაშად აღმოვაჩენთ, რომ „ის“ არ არსებობს და ყველაფერი მარტო ჩვენ მოგვეკითხება...“

როცა ცუდ გუნებაზე ხარ და ღიმილის ნაცვლად სახეზე გროტესკული გრიმასა გაქვს უნიჭოდ მიხატული, სხვისი კარგი განწყობა ორმაგად თვალშისაცემი და გამაღიზიანებელია. აუცილებელი არ არის, ბოროტი იყო, ეს ემოცია ბუნებრივად მოდის, შენგან დამოუკიდებლად. მერე ან გშურს, ან, უბრალოდ, გული გწყდება, რომ შენ არ გაგიმართლა...

***

ლიკას არ შეეძლო, ლაშაზე არ ეფიქრა. საკუთარ თავს კი მისცა პირობა, ამას არ გავაკეთებო, მაგრამ, ერთ საათსაც ვერ შეძლო პირობის შესრულება, გონების გაკონტროლება. რობოტივით, მექანიკურად მუშაობდა. თითები თავისით ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ სოფოს მოციმციმე თვალები და გაბრწყინებული სახე მხედველობიდან მაინც არ გამორჩენია. შესვენებაზე თვითონ სოფო მოვიდა მასთან, ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუჯდა.

– უსიტყვოდ ვხვდები, რომ პრობლემები ისევ თავზე საყრელად გაქვს.

– ჰო, ვერ მოგატყუებ. ან, რა აზრი აქვს. ლაშას დავშორდი.

სოფომ გაიღიმა:

– არა უშავს, შერიგდებით.

– არა, არა, ამჯერად ყველაფერი დამთავრდა.

– არასოდეს თქვა – „არასოდეს“, – თითი გამაფრთხილებლად შემართა სოფომ, – ხომ იცი, როცა რაღაცას კატეგორიულად უარყოფ, სწორედ იმას გააკეთებ. თანაც, ცოლ-ქმრის ჩხუბი მხოლოდ სულელებს ჰგონიათ მართალი.

– არა, ზუსტად ვიცი, რომ აღარ შევურიგდები. ჩვენ ერთმანეთი ამოვწურეთ, მორჩა ყველაფერი. ის კი არა, გადავწყვიტე, იმ შენს მეგობარზე სერიოზულად ვიფიქრო, ძალიან სერიოზულად.

სოფომ თავი გადააქნია:

– ანდრო ის კაცი არ არის, მასზე ქალმა სერიოზულად იფიქროს. ოღონდ, ამას გულწრფელად გეუბნები.

– რას მეუბნები? საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მსჯელობ ასე? ფიქრობ, რომ არასერიოზულად აღმიქვამს და მარტო გასართობად ვჭირდები? მე რომ შენ არ გგავარ?!

სოფოს ეწყინა ეს უცერემონიოდ ნათქვამი – „მე რომ შენ არ გგავარ“, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– ჰო, შეიძლება. შენ სხვანაირი ხარ, ძალიან სხვანაირი, მაგრამ, ანდროსთან მაინც ფრთხილად იყავი. ლაშაზე კი, შენ კიდევ იფიქრებ. აი, ნახავ...

– თუ ეს გაგახარებს, ახლაც ვფიქრობ. თანაც, მუდმივად. უკვე დავიღალე. ანდროსაც იმიტომ შევხვდები კიდევ, რომ როგორმე ჩემი ყოფილი ქმრის აჩრდილი „გამოვირეცხო“ ტვინიდან.

– ეგ შეცდომა არ დაუშვა. ანდროსთან შეხვედრები ლაშას დავიწყებაში ვერაფრით დაგეხმარება, ვერანაირად. ქალები ძალიან ხშირად ცდებიან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებენ. გეუბნები. ჯერ ერთი უნდა დაივიწყო, მერე შეხვდე მეორეს. დამიჯერე.

ლიკამ ჯიუტად გააქნია თავი:

– იცი, მადლობელი ვარ, ასე რომ ზრუნავ ჩემზე, მაგრამ, ამიერიდან თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებებს, დამოუკიდებლად. დროა, აღარავისზე ვიყო ჩამოკიდებული! როდესღაც ხომ უნდა გავიზარდო?!

– უნდა გაიზარდო, რა თქმა უნდა, მაგრამ, იმ ბავშვს ნუ დაემსგავსები, დიდობა რომ მოუნდება, ქუსლებიან ფეხსაცმელს ჩაიცვამს და ფეხს მოიტეხს. ოღონდ, შენს შემთხვევაში, შეიძლება, კისერი მოიტეხო.

– სოფო! – გაცხარდა ლიკა.

– რას იზამ, სიმართლე იშვიათად არის სასიამოვნო მოსასმენი, – არ დაინდო სოფომ, – ყოველთვის არ ვიქნები სიმართლის თქმის გუნებაზე. ამიტომ, კარგად დაიხსომე, რასაც ახლა გეუბნები.

ლიკამ თვალები მოჭუტა და სოფოს ეჭვით შეხედა:

– რა მოხდა დღეს? რატომ ხარ ასეთი მონდომებული, რომ უსიამოვნებებისგან დამიცვა? ხომ არ შეგიყვარდი, დასავით?

– არ ვიცი, – არად ჩააგდო ლიკას ირონია სოფომ, – მართლა არ ვიცი. ალბათ, არ მინდა, დაკარგო ის, რაც უკვე გაქვს. ზოგჯერ ამას თავად ვერ ხვდები. მერე კი, ნანობ. მართლა არ მინდა, ინანო, ძალიან არ მინდა. მით უმეტეს, რომ შვილი გყავს.

– მეტისმეტად კეთილი ხარ დღეს, ფრთხილად იყავი, – დამცინავი ღიმილით გააფრთხილა ლიკამ სოფო და შემოსასვლელისკენ გაიხედა, უფრო სწორად რაღაც ძალამ აიძულა, რომ იქით გაეხედა.

– მობრძანდა ვაჟბატონი, – ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა და თითები შესამჩნევლად აუკანკალდა, – სიგარეტი მომეცი და, იქნებ, შენ დაელაპარაკო. არ მინდა, ნერვები მოვიშალო.

– შეცდომას უშვებ. მართლა პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. რა აზრი აქვს, ახლა დაემალო, და ხვალ შეხვდე. დაელაპარაკე. თუ გინდა, მეც შენ გვერდით ვიქნები. სიგარეტიც არაფერში გჭირდება.

ლაშამ სოფოს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა და ვარცხნილობა შეუქო. სოფო გაოცდა.

– როგორ შეამჩნიე, რომ ახალი ვარცხნილობა მაქვს? ყოჩაღ! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შენ ასეთი ყურადღებიანი იყავი!

– ჰო, მაქვს ფარული ღირსებები და გადავწყვიტე, ნელ-ნელა სააშკარაოზე გამოვიტანო. ლიკა, საქმე მაქვს შენთან.

– მე არ მაქვს შენთან საქმე, შესვენება დამთავრდა, უნდა ვიმუშავო.

– ჰოდა, მეც სწორედ შენს სამუშაოსთან დაკავშირებით მაქვს საქმე. ფული მოვიტანე.

ლიკა შეცბა და უნებლიეთ სოფოს გადახედა, რომელიც ყურადღებით ათვალიერებდა ლაშას თავიდან ფეხებამდე და ტუჩები მოწონებით გაებუსხა.

– რა ფული? – ფერი ეცვალა ლიკას.

– მთელი თანხა, რაც სესხის დასაფარად არის საჭირო, – ლაშამ კონვერტი მაგიდაზე დადო.

– მთელი თანხა? სესხს ფარავ? შენ?! როგორ? კახა დაბრუნდა? – ლიკამ გაუბედავად შეახო კონვერტს ხელი, – არ ხუმრობ? აქ მართლა სრული თანხაა?

– ვხუმრობ? რა სისულელეა. სულაც არ ვხუმრობ. კახაც არაფერ შუაშია, ეს ფული მე მოვაგროვე.

– შენ?! ლაშა, იქნებ ამიხსნა, რა ხდება?

– აგიხსნა? ჰო, მაგრამ, ლიკა... სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი, შენ რომ ჩემთან ლაპარაკი არ მოინდომე. ახლა კი, მე აღარ ვარ ახსნა-განმარტებების გუნებაზე. ძალიან ბევრი საქმე მას. ვატოს უნდა გავუარო სკოლაში და ბოულინგ-ცენტრში წავიყვანო, მერე მაღაზიებშიც გავივლით და ტანსაცმელს ვუყიდი. იმედია, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.

– მე-ე?! – ლიკას ლაპარაკის უნარი წაერთვა, – არა... რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო... მაგრამ...

ლაშამ აღარ დაიცადა, როდის დაასრულებდა სათქმელს ლიკა, კონვერტი მიუჩოჩა და წამოხტა:

– ძალიან კარგი. გავიქეცი. აიღე ფული და მიხედე. სესხი შენს სახელზეა, ამიტომ აღარ გჭირდები. კარგად იყავი... – ლაშამ სოფოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და გაოგნებული ცოლის თვალწინ, ჩქარი ნაბიჯით გავიდა შენობიდან...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3