კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უმზადებს „დაბალიშების“ შემდეგ ბიჭოლა ქალბატონებს და რა განცდა ანიჭებს სიამოვნებას ნინი ბადურაშვილს


მათმა დუეტმა ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდების რეკორდები მოხსნა. ოცდაერთი ათასი მნახველი ერთ კვირაში, ბიონსეს და ლედი გაგას არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ნინი ბადურაშვილისა და ბიჭოლასთვის მხოლოდ ხუმრობა იყო, საქმე ძალიან სერიოზულად შემოტრიალდა და ახალი ჰიტი დაიბადა. „მითხარ, სად გეძებო?!” უკვე ჩემი ტელეფონის ზარია.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

ნინი ბადურაშვილი

– ვიცი რომ, ახლახან ჩამოხვედი მილანიდან, სადაც სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და გადარეული ვარ ამ ქალაქით. შენს შთაბეჭდილებაზე მომიყევი.

– აბსოლუტურად შეშლილი ვარ ამ ქალაქზე. დადებითი ემოციების ქვეშ ვარ. ჯერ ერთი, ანუკა არეშიძისა და კახი კალაძის დახმარებით მილანის „ფეშენ-ვიქის“ სტუმარი ვიყავი – დავდიოდით ჩვენებებზე. ვიყავი ჯორჯო არმანის, დოლჩე და გაბანას და სხვების ჩვენებებზე. თვითონ ამ ჩვენებებზე მისვლის პროცესი იყო ძალიან მაგარი. მანქანიდან რომ გადმოდიხარ და უამრავი პაპარაცი თავს გესხმის, ანუკას ფოტოებს უღებენ. ანუკასადმი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ, თუმცა, ისიც სულ მომზადებულია ამისთვის, ყოველთვის კარგად აცვია, ყოველთვის იცის, რა უპასუხოს. გარშემო სულ ვარსკვლავები იყვნენ.

– ვინ ნახე?

– ჯორჯ კლუნი, მეგან ფოქსი, კაილი მინოუგი, უილ სმიტის მეუღლე იყო შვილთან ერთად. ანა პიაჯი და იტალიური მოდის და „ფეშენ ტივის“ ანალიტიკოსები სრული შემადგენლობით. მოკლედ, ძალიან მოდური სიტუაცია იყო. ქართველ დიზაინერებს სულ გვიჩივიან, ჩვენება მხოლოდ ათ-თორმეტ წუთს რომ გრძელდება. იქ კი, ჩვენება მაქსიმუმ შვიდი-რვა წუთი გაგრძელდეს. ამბობდნენ, არმანის ხაზის ჩვენებამ გასტანა ყველაზე დიდხანსო და სულ რაღაც, ცხრა თუ ათი წუთი იყო. იქ იმას კი არ ცდილობენ დეფილე გაწელონ, რომ ხალხმა არ იწუწუნოს, პირიქით, მოდელები ძალიან ენერგიულად, დინამიკურად დადიან პოდიუმზე. საღამოობით გვქონდა ხოლმე ვახშამი. ვიყავი სან-სიროს სტადიონზე „მილანის“ და „გენუას“ თამაშზე. თამაშობდნენ კახას ყოფილი და ახლანდელი გუნდები. ყოფილი გუნდის გულშემატკივრებმა უდიდესი პლაკატი გამოაკრეს, სადაც ეწერა – დიდი მადლობა კალაძეს ჩვენთან თამაშისთვის. როგორი ამაყი ვიქნებოდი, ხომ წარმოგიდგენია, ლამის ცრემლები წამომივიდა.

– მოკლედ, ვარსკვლავურად იცხოვრე.

– კი. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გავიცანი. ერთად ვვახშმობდით. ანუკას და კახის დახმარებით, კიდევ ერთი კარგი რაღაც მოხდა. შევხვდი ქსოვილების კომპანია „სილქ ენდ თექსთაილ კომპანი ინ მილანოს”. წარმომადგენელს შევთანხმდით, კოლექციებს ყოველთვის მათი ქსოვილებით დავამზადებ, რაც ნიშნავს, რომ ჩემი სამოსის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება. ყველაფერი გაძვირდება, მაგრამ დისქაუნთს გაგიკეთებთ.

– ესე იგი, ახალი ქსოვილებით ჩამაცმევ. გადასარევია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენი ტრიუმფი, აღნიშნე. მგონი, არავის ეწყინება, თუ ვიტყვით, რომ ნამდვილი ტრიუმფი მოვახდინეთ.

– ის არის საწყენი, მგონი, ბევრი ვერ მიხვდა, ეს ყველაფერი ხუმრობა რომ იყო.

– არა, როგორ ვერ მიხვდნენ. ყველა მეუბნება, ბიჭოლა თურმე რა კარგად მღერისო.

– მეც იგივეს მეუბნებიან, მაგრამ არ არსებობს, ამ პროფესიას მოვკიდო ხელი. არ მომწონს, როდესაც ბევრ სხვადასხვა პროფესიას ედებიან – არქიტექტორიც ვარ, ფოტოგრაფიც, დიზაინერიც... უნდა იყო ერთი და მთელი შენი ძალისხმევა იმ ერთს მოახმარო. სიმღერა ძალიან რთული პროფესიაა. ვთქვათ ერთი სიმღერით სცენაზე დადგომის სურვილი გამიჩნდა, ასე არ არის. ხმას წლობით დამუშავება სჭირდება. მერე სასცენო ხელოვნება სულ სხვაა. მეგობრის დაბადების დღესა და ქორწილში მანამდეც ვმღეროდი და კიდევ ვიმღერებ.

– ანუ, ჩემთვის შეიძლება ერთხელ კარგი რაღაც შევიკერო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიზაინერობას გადავწყვეტ.

– ერთი ვიცი, რომ კარგად გავერთეთ და ხალხსაც მოეწონა. ძალიან რეიტინგულები ვართ.

– კი, ეს ასეა. პოპულარულ საიტებზე ყველაზე მეტი მნახველი სწორედ ჩვენს სიმღერას ჰყავს და ეს ძალიან მიხარია. ვიცი, რომ „ფეშენ-ვიქისთვის“ ემზადები, თუ საიდუმლო არ არის, მითხარი, როგორი იქნება შენი კოლექცია?

– კოლექციაზე მზადება აქტიურ ფაზაშია. კოლექცია იქნება ოტ-კუტიური. ეძღვნება ხეიბარ ადამიანებს და ამით ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ყველა ადამიანისთვის, უნდა ვიმუშაოთ დიზაინერებმა. კოლექცია იქნება კუზიან ადამიანებზე. ჩვენების დროს ძალიან დიდი დოზით იქნება არტი, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უკვე მიიღებს ჩვეულებრივ ფორმებს, გადაიქცევა პრეტ-ა-პორტედ, რომელიც „ეფ ლეიბორში” გაიყიდება. ფერებია – კრემისფერი, ლურჯი, ხორცისფერი და ლითონის, ანუ ოქროსფერი და ვერცხლისფერი დეტალებით გაკეთებული.

– ანუ, კუზები და წანაზარდები იხსნება და რჩება ჩვეულებრივი კაბა.

– კი. კაბების სიგრძე თითქოს ცოტა არატენდენციურია და მინდა, ტენდენციაში შემოვიტანო. ფეხსაცმელი ისევ ძალიან მაღალი, თხუთმეტი სანტიმეტრიდან იქნება, ქალი მაღალ ქუსლებზე, ბევრად დახვეწილია.

– მეც ასე ვფიქრობ და სულ საკუთარ თავს ვეჭიდავები. მაინც დაბლებისკენ მივიწევ. ისე, ქუსლზე უფრო თავდაჯერებულად და ქალურად ვგრძნობ თავს, მაგრამ ყოველდღე მაინც ვერ ვიხმარ.

– ამის შემდეგ, ერთი კვირა კიდევ წავალ სადმე, ინსპირაციისთვის, რადგან ნოემბრის ბოლოს მეორე „ფეშენ-ვიქი“ ტარდება.

– მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ შენი ცხოვრებით. მით უმეტეს, ვიცი, საიდან და როგორ დაიწყე. მართლა მიხარია, რომ მოდის სფერო ასე დაიქოქა და ქართველი მომხმარებელი ქართველ დიზაინერებთან მუშაობაზე გადმოერთო. შეიძლება ხარისხი იტალიის არ იყოს, მაგრამ ამაშიც წინ წავალთ თუ მოთხოვნა იქნება. ყველაფერი მოთხოვნიდან გამომდინარეობს.

შენი ბალიშები სულ გაიყიდა, არადა ეს შემოდგომა-ზამთრის კოლექცია იყო. ამ სეზონზე რა უნდა ჩავიცვათ?

– მასიურად ბალიშების თემა ახლა შეიკერება. ანუ, ჩემი შემოდგომა-ზამთარი სწორედ ეს არის. ვაპირებ შევკერო სულ „დაბალიშებული” ზამთრის ქურთუკები, ანუ „დუტი” იქნება ბალიშებისგან. ძალიან ლამაზია. დიდი და გაუჭრელი სახელოებით იქნება, რაღაც „ბალახონის” სტილში. ერთი სიტყვით, იყო ბიჭოლას ბროშები, რომელიც ხალხს ძალიან მოეწონა, მერე იყო ბალიშები და ახლა იქნება... ამას არ გეტყვით, რაც იმედია, ასეთივე მოწონებას დაიმსახურებს.

– მხრები მომწონს ძალიან და რა ხდება, ისევ რჩება ხომ?

– მინდა, დაგამშვიდო და მსოფლიო მოდის ტენდენციებში მხრები ამ ზამთარს კი არა, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზეც აქტუალურია. მაღალი მხრები, რომელიც „ბალმაინმა” ჯეკსონისთვის შექმნა ისეთი უტრირებული და საოცრად მაღალი აღარ არის. ცოტა დაწყნარებულია, მაგრამ მაინც მოდაშია. ჯეკსონის სიკვდილმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მოდაზე.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ბიჭოლა

– რა ხდება „სტეფანეს და სამი გოგოს“ ამბავზე?

– ცოტა ხანში კონცერტი გვექნება თბილისში. უკვე ძალიან სერიოზული სამუშაო მეწყება. ამ კონცერტისთვის ვემზადებით, გვინდა, კარგი გამოვიდეს.

– დარწმუნებული ვარ, კარგი გამოვა. შენ მითხარი ჩვენ სიმღერაზე რას ფიქრობ, გამოვიდა?

– ერთმნიშვნელოვნად. მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. არ მიყვარს საკუთარ თავზე და ჩემს რაღაცეებზე ლაპარაკი, მაგრამ ეს მართლა მომეწონა. ეტყობოდა, რომ სასაცილო იყო, ვიხუმრეთ და გავერთეთ. მგონი, ჩანაფიქრი გავამართლეთ.

– მითხარი, როგორია შეყვარებული ნინი ბადურაშვილი?

– ოჰ, რა გადასვლა იყო. შეყვარებული ნინი ბადურაშვილი ბევრად უფრო შრომისმოყვარე, აქტიური, ლაღი და ხალისიანია, მაგრამ იმავდროულად, ცოტა სევდიანიც. იცი რატომ?! სულ მეშინია, რომ ურთიერთობები არ გამიფუჭდეს და ამიტომ ვუფრთხილდები, ბევრს ვფიქრობ ამაზე. ასეთი რაღაცეები ადრე არ მქონდა, დროთა განმავლობაში იმდენი რაღაც გავიგე საკუთარ თავზე, იმდენი რამ მოხდა, რომ მივხვდი, იმას, რაც მოგეცემა, მერე რამხელა მოფრთხილება სჭირდება. ძალიან ვუფრთხილდები ადამიანებთან ურთიერთობას, ზოგადად და მით უმეტეს, თუ ეს სიყვარულს ეხება.

– რაღაცეები მოქმედებსო, თქვი. მე სულ ახალი შემოსული ვარ თქვენს სფეროში, მიდის ერთმანეთის ჭამა, სმა და...

– მონელება (იცინიან).

– ზუსტად. ეს ყველაფერი კიდევ ნერვებს გიშლის თუ აღარ მოქმედებს?

– ადრე უფრო არ მიშლიდა ნერვებს, სიმართლე გითხრა. ხომ არის, რომ რაღაც ნერვებს გიშლის და შეეგუები, შეეჩვევი. თავიდან ეს რაღაცეები მომწონდა, ვიღაცა ჩემზე რაღაცას ამბობს, ესე იგი აქტუალური ვარ, ვაინტერესებ-მეთქი. მერე ეს უკვე ძალიან ნერვების მომშლელი გახდა. არ ვიცი, შესაძლოა, ახლა უცებ რომ გაჩუმდნენ, ამაზეც დავფიქრდე, რა ხდება- მეთქი, მაგრამ იმდენად შევწუხდი, იმდენი არარეალობა მოვისმინე საკუთარ თავზე, რომ შეუძლებელია, ამ ყველაფერმა არ იმოქმედოს. ყველაზე მეტად ადამიანებში სიბოროტე მაოცებს. რაც დრო გადის, რაც უფრო ვიზრდები და ვყალიბდები, მით უფრო ვხვდები, როგორი რთულია ცხოვრება – ადამიანები და მათთან ურთიერთობა. რაც დრო გადის, მით უფრო ცოტა ადამიანი გრჩება შენიანი.

– აბსოლუტურად გეთანხმები.

– ბავშვობაში ყველა ლაღია, ყველა ერთმანეთისთვის არის, ყველა კარგია. მერე იზრდები და ვერც ხვდები, რატომ იცვლება ყველაფერი. ნელ-ნელა იგებ, ვინ არის მართლა შენიანი და ვინ – არა. იმდენი რაღაცა დავინახე, რომ ცოტა იმედგაცრუებული ვარ თვითონ ადამიანზე. შორიდან მოვუარე და ისევ სიყვარულს დავუბრუნდები. აღარ მინდა, ჩემი გრძნობების „აფიშირება“ გავაკეთო, რადგან როგორც კი ორი ადამიანის ურთიერთობა საჯარო ხდება, მერე რაღაც აუცილებლად ირევა. საჯაროობაში ვგულისხმობ, თუ მესამე ჩაერევა, აღარაფერს ვამბობ, უკვე მთელი ქვეყნის განსახილველ თემად რომ იქცევა ხოლმე.

– კრიტიკა რომ გვიყვარს, ეს ვიცით. კრიტიკა განსაკუთრებით ინტერნეტსივრცეშია ფეხმოკიდებული, რადგან შეუძლიათ, გაგლანძღონ ისე, რომ მის ვინაობასაც ვერ დაადგენ. შენ ხარ „ფეისბუქის” მეგობარი და პასუხობ თუ არა კრიტიკას?

– ინტერნეტთან და „ფეისბუქთან” ვმეგობრობ, მაგრამ არც ერთხელ ჩემს კრიტიკას არ გამოვხმაურებივარ. მართლა მეზარება, რადგან ვიცი, ერთ გამოხმაურებას მთელი დღის ლაპარაკი უნდა მოჰყვეს. ყველას თავისი აზრი აქვს და რაც უნდა, ის წერონ. უბრალოდ, იცი, რა არ მომწონს?! გამაკრიტიკე, კი ბატონო, მაგრამ შეურაცხყოფაზე რატომ გადადიხარ?! ეს მართლა საწყენია. ვერ მოვითხოვ, რომ აუცილებლად, ყველას ვუყვარდე. ვიღაცას მოვეწონები, ვიღაცას – არა, მაგრამ ხომ შეიძლება, შენი კრიტიკული აზრი ჩამოაყალიბო და დაამთავრო საუბარი. არა, ბოროტულ რაღაცეებს თუ არ დაწერენ, ისე შენზე აზრს ვერ აყალიბებენ.

– როცა სახლში ზიხარ და არაფერს აკეთებ, ადვილია ნინიზე ილაპარაკო. რთული რა არის იცი?! ადექი და მასზე უკეთ იმღერე. არ მოსწონთ ქართული ესტრადა, მოსწონთ უცხოური, მაგრამ არ იციან, ეს უცხოური რა არის. ყველა გიჟდება როკზე – როკს რომ უსმენ, ძალიან მოდურია. ვითომ გაიგეს.

– მეცინება ხოლმე ასეთ ადამიანებზე. როკსაც ვუსმენ, ჯაზსაც და ყველაფერს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოდაშია. ეს საშინელებაა.

– მაინტერესებს, როგორ გესმის სიტყვა „გოიმი”?

– რა უხერხულ რაღაცეებს მეკითხები?! (იცინიან) ალბათ, პრობლემა მაინც აზროვნებაა – როდესაც ადამიანს არ გააჩნია ინდივიდუალიზმი; როცა მოსწონს როკი იმიტომ რომ, მოდაშია და ძალით უსმენს. ეს პრობლემაა. „გოიმობაა” უცოდინარი რომ ჩაერევა ისეთ საკითხში, რომელიც საერთოდ არ ესმის და რაღაცეების გამომჟღავნებას დაიწყებს. ეს ჩემთვის ძალიან ფართო ცნებაა, მოკლედ გითხარი, მაგრამ მაინც.

– რა მიზნები გაქვს? არ ვამბობ ოცნებას, რადგან ოცნებები და არარეალური რაღაცეები, არ მიყვარს. იმ მიზანს ვგულისხმობ – კონკრეტულ გზას, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ.

– ბავშვობაში დასახული მიზნისთვის, ვფიქრობ, ჯერ არ მიმიღწევია. მინდა, ვიყო წარმატებული მომღერალი არა მარტო საქართველოში, ზოგადად. ნელ-ნელა ვხვდები, რომ რაღაცეები სრულდება. იცი, რა არის ძალიან მაგარი შეგრძნება?! რაზეც ბავშვობაში გიოცნებია, რომ გრძნობ, როგორ გისრულდება, როგორ აღწევ იმ სიმაღლეს და მერე ხვდები – ვაა, ამაზე ხომ ოდესღაც ვოცნებობდი და რა მაგარია! ის, რომ ჩემს ქვეყანაში მიცნობენ, ვუყვარვარ, მოსწონთ ჩემი სიმღერა, ეს უდიდესი რაღაცაა ჩემთვის. ნელ-ნელა ვისწავლე, რომ მიუღწეველი არაფერია. თუ რაღაც ძალიან გინდა, ბევრი მუშაობით იქამდე აუცილებლად მიხვალ. წარმატებული ვარ, მაგრამ იმისთვის, რაც მინდა, ჯერ არ მიმიღწევია.

– ოჯახის შექმნა, ალბათ, ამ ყველაფერს ხელს შეუშლის.

– ალბათ, რადგან რთულია ამ ყველაფრის ბალანსი. შენ თუ გადაწყვეტილი გაქვს კარიერაზე ზრუნვა, ოჯახს ნამდვილად ვერ შექმნი. ამ პრობლემაზე ხშირად მიფიქრია და ვმდგარვარ კიდეც მის წინაშე. თან, რომ ვუფიქრდები, საბოლოო ჯამში უკვე ის პერიოდი მაქვს, როდესაც ვფიქრობ, ოჯახზე, შვილი მინდა. მაგრამ, ყველაფერი ერთდროულად არ გამოდის. თუმცა, ხვალ რას გადავწყვეტ, არ ვიცი. რომ გავთხოვდები, შეიძლება, იმდენი დრო ვერ დავუთმო სიმღერას, ნაკლებ კონცერტებზე გამოვიდე. უბრალოდ, არ მომინდეს და იმიტომ, თორემ, ის, რომ საერთოდ გადავიკეტო კარიერა, ჩავიწყვიტო ხმა და სახლში დავჯდე, ეს წარმოუდგენელია. ბავშვობიდან ვარ ეს ტიპი და მართლა მოვკვდები, დავითრგუნები და გარდავიცვლები, რომ არ მამღერო. არ შემიძლია, ამის გარეშე. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ ამ ორი რაღაცის დაბალანსება რთულია, მაგრამ – შესაძლებელი.

– მარტო ცხოვრებაზე არ გიფიქრია?

– მიფიქრია. რაღაც ასაკის მერე, ყველა ადამიანმა მარტო უნდა იცხოვროს. მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, ვიცი, ამას თბილისში რამხელა ამბებს მოაყოლებენ და არ მიღირს. ვეღარ ავიშლი ნერვებს. ძალიან კომფორტულად ვარ სახლში. უბრალოდ, მინდა, გამოვცადო დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ ამას ჭორების ახალი, უსაფუძვლო ტალღა მოჰყვება.


скачать dle 11.3