კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები





დაუგეგმავმა ბავშვმა ცხოვრება გამიხალისა

ადრე გავთხოვდი, მაგრამ არ გამიმართლა, ჩემს მეუღლეს ძალიან მძიმე ხასიათი აღმოაჩნდა. თუმცა, ეს ჩემი ბრალი იყო, რადგან ახლობლები მაფრთხილებდნენ, ცოლად თუ გაჰყვები, სიცოცხლეს გაგიმწარებსო. მე მათი რჩევა ყურად არ ვიღე, მხოლოდ იმის გამო, რომ მიყვარდა და ასე ბრმად გავყევი ცოლად. მძიმე ხასიათის მიუხედავად მასთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა. რას იზამ, გულს ხომ ვერ უბრძანებ, ეს არ შეიყვაროო. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ჩემმა ქმარმა გამოამჟღავნა თავისი ხასიათის უარყოფითი მხარე და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ნამდვილი დესპოტი იყო. სიყვარულის მიუხედავად, მას დიდხანს ვერ გავუძელი და ერთმანეთს მალევე დავშორდით. ფეხმძიმედ არ დავრჩენილვარ მისგან და ნაწილობრივ მიხაროდა კიდევაც ეს ამბავი. არ მინდოდა, იმ კაცისგან შვილი, რომლისგან კარგი არაფერი მაგონდებოდა. განქორწინების მერე, თბილისში მარტო დავრჩი. მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ და მათთან დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა. მინდოდა, სამსახურის შოვნა, რადგან ქირის გადასახდელი ფული აღარ მქონდა და ისედაც, არსებობა ხომ მჭირდებოდა. კიდევ კარგი, ჩემი დაქალი ცხოვრობდა ქირით, როცა მნახა გაჭირვებაში მყოფი, სამადლოდ შემიკედლა. მისი სახლი შუახნის ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა, რომლებსაც ბავშვი არ უჩნდებოდათ. ერთი ეს პრობლემა აწუხებდათ, თორემ სხვა მხრივ აწყობილი ჰქონდათ საქმე. შეძლებულად ცხოვრობდნენ. არ ვიცი, რამ აფიქრებინათ ჩემთან დალაპარაკება. ეტყობა მიხვდნენ, რომ ძალიან მიჭირდა, წასასვლელი არსად მქონდა და მეგობარი მინახავდა. მოკლედ, ერთ დღესაც თინა – სახლის პატრონის მეუღლე ჩვენთან შემოვიდა და ტორტი მოგვართვა. თავიდან გამიკვირდა, როდის იყო მდგმურებს ასეთ პატივს სცემდნენ-მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ, მერე მივხვდი, სათხოვარი ან სერიოზული საქმე რომ არა, ისე არც იფიქრებდა ჩვენთან ძღვენით შემოსვლას. თინას სახიდან ღიმილი არ შორდებოდა, დაქალივით მექცეოდა, აშკარა იყო, რაღაც სათხოვარი ჰქონდა. საუბარში მოკრძალებულად შემომაპარა თავისი სათქმელი და მითხრა, თუ ბავშვს გამიჩენ, იცოდე, ხელისგულზე გატარებ, არაფერს მოგაკლებ და იმდენ ფულს მოგცემ, ბინა იგირაო ან ერთოთახიანი მაინც იყიდო სადმეო, ამას გარდა, კარგ სამსახურსაც გიშოვიო. თავიდან შევიცხადე, თინამ მითხრა, ნუ იჩქარებ გადაწყვეტილების მიღებას, კარგად დაფიქრდი და თუ დათანხმდები ჩემს წინადადებას, იცოდე არ ინანებო. ერთი კვირის მერე თინა კვლავ შემოვიდა, ჩემს პასუხს ელოდებოდა. მე ვუთხარი გათხოვილი კი ვიყავი, მაგრამ არ დავფეხმძიმებულვარ და იქნება უშვილო ვარ მეც და ტყუილად იმედს ვერ მოგცემ-მეთქი. რა პრობლემაა, წამოდი და გინეკოლოგს გაგასინჯებო. მართლაც ასე მოვიქეცით, ექიმმა მითხრა, ჯანმრთელი ხარ და შვილი აუცილებლად გეყოლებაო. ბევრი ავწონ-დავწონე და თინას დადებითი პასუხი მივეცი. 2 დღის მერე მოვიდა ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც თინამ და მისმა მეუღლემ ფული გადაუხადეს, რომ ჩემთან დაწოლილიყო, ის კაცი ხშირად მაკითხავდა, სანამ მისგან ფეხმძიმედ არ დავრჩი. მერე ისე გაუჩინარდა, მისი ასავალ-დასავალი ვეღარ გავიგე. თუმცა, მართლა მინდოდა მასთან ყოფნა, რადგან გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ უიმედოდ. თინა და მისი ქმარი ხელისგულზე მატარებნენ, ისე მივლიდნენ. ცხრა თვის მერე კერძო კლინიკაში მამშობიარეს, ბიჭი გამიჩნდა. თინა ბედნიერი ჩანდა, ნანატრი შვილის მოლოდინში, რა იცოდა, გეგმები რომ ჩაეშლებოდა? როცა ექთანმა პატარა მომიყვანა, კალთაში ჩამიგორა, და გულზე მივიკარი, მაშინვე ვიგრძენი დედობრივი მზრუნველობა მის მიმართ. ისე შემიყვარდა, მივხვდი, მას არაფრის დიდებით აღარ დავთმობდი. თინას დავემუქრე, იცოდე, თუ ბავშვს ძალით წაიყვან, სასამართლოში გიჩივლებ და იმდენს ვიზამ, სანამ ციხეში არ ამოგალპობ-მეთქი, ბევრი დავიდარაბის მერე მუქარამ გაჭრა და თავი დამანება. მეტი რა გზა ჰქონდა. მე კიდევ ახალი სიცოცხლე მომევლინა ჩემი შვილის სახით, რომლის გამოც აღარც შეპირებული ფული მინდოდა, რადგან მარტო ამ პატარა არსების გამო ცხოვრება გამილამაზდა!

ეკა, თბილისი, 26 წლის.



ქალთან ურთიერთობის მეშინია

არ ვიცი, საიდან დავიწყო ჩემი გასაჭირის მოყოლა, ალბათ, ამ წერილის დაწერას აჯობებდა სექსოლოგთან მივსულიყავი და მკურნალობა დამეწყო, მაგრამ ისეც არ ვიცი, მჭირდება თუ არა. საქმე ისაა, რომ სრულფასოვანი მამაკაცი ნამდვილად ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ქალთან ურთიერთობა არ მქონია უკვე ორი წელია და ამას ძალიან განვიცდი. ადრე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, უცოლო კაცი ვიყავი და ქალებშიც დავდიოდი. მერე ასე ხეტიალი მომბეზრდა და საყვარელი გავიჩინე, რომელთანაც სტაბილური ურთიერთობა მქონდა. ეს ქალი მე გასართობად მინდოდა და არა ცოლად, როცა ცოლად მოყვანაზე პრეტენზია წამომიყენა, ავდექი და დავშორდი. ვიცოდი, სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა, იმ ქალისგან კი შვილის ყოლა არ მინდოდა. მას მერე, რაც საყვარელს დავშორდი, კარგა ხანი ქალისკენ აღარ გამიხედავს. ვიფიქრე, ვაის გავეყარე და უის არ შევეყარო-მეთქი, ამიტომ ჩემთვის წყნარად ყოფნა ვამჯობინე. ასე მარტოობაში გავიდა რამდენიმე თვე. კაცი ვარ და ცხადია, სულ ასე ვერ ვიქნებოდი. ერთ დღესაც ერთი გოგო გავიცანი და ბევრი არც მომინდომებია თავის ფეხით წამომყვა სასტუმროში. მართლა სიმპათიური და კარგი გოგო იყო, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა, მოკლედ, კაცისთვის თავბრუს დახვევა არ გაუჭირდებოდა. მეგონა, მეც მათ რიცხვში მოვხვდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ქალი მეფერებოდა, მკოცნიდა, მაგრამ მე გაყინულივით ვიყავი და ვერაფერს ვგრძნობდი, ერთი სიტყვით, მეძნელება დეტალებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია, გოგოს მცდელობის მიუხედავად, არაფერი გამომივიდა. შევატყვე, გაბრაზდა და მითხრა, რას მიწუნებ, ნეტავი ვიცოდე, ყველა კაცი ჩემზე გიჟდება და შენ ასე რამ გაგაშეშა, თუ ასეთი საწყალი იმპოტენტი იყავი, რაღას მომყვებოდი სასტუმროშიო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იმ ქალმა სასტიკად დამცინა და დამამცირა. გაბრაზებული და შეძრწუნებული გამოვვარდი სასტუმროდან. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რატომ ვერ შევძელი ქალთან ურთიერთობის დამყარება, რა მომივიდა და რით იყო ეს გამოწვეული. ამ ფიასკოს მერე ორი წელი გავიდა და იმდენად ვარ დათრგუნული, ქალისკენ გახედვაც აღარ მინდა, მეშინია, კიდევ იგივე არ დამემართოს და ხელმეორედ მათი დაცინვის ობიექტი არ გავხდე. რა მოხდა იმ დღეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საპირისპირო სქესთან ურთიერთობას გავურბივარ და ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ. საკმაოდ თავმოყვარე კაცი ვარ და ექიმთან მისვლის კომპლექსი მაწუხებს. იქნება მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და აწი როგორ გავაგრძელო ცხოვრება. სანამ არ ვიმკურნალებ, ცოლის მოყვანაზე საუბარი ზედმეტია და თუ ვერ მოვაგვარებ ამ პრობლემას, მაშინ რაღა აზრი ექნება ასეთ ცხოვრებას. ან მე კაცად ჩავითვლები თუ არა, ისიც საკითხავია.

გოგა, გორი, 23 წლის.



ჩემი და ინტერნეტით გავიცანი

რაც თავი მახსოვს, ოჯახში სულ ჩხუბი და უკმაყოფილება იყო მშობლებს შორის. საქმე ის გახლდათ, რომ მამაჩემს ზომაზე მეტად უყვარდა ქალები. დედას ეჭვიანობის საბაბს აძლევდა და ამის გამო სულ უკმაყოფილება ჰქონდათ. ერთი პერიოდი, გაცილდნენ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ შვილებმა მოვინდომეთ მათი შერიგება და მას მერე ოჯახის დანგრევა არც უცდიათ. თუმცა, სამაგალითო ცოლქმრობით არ გამოირჩეოდნენ, ვიდრე ასაკში არ შევიდნენ და მამა არ მოჭკვიანდა. მე და ჩემმა დამ დედისგან ვიცოდით, რომ მამას შვილი ჰყავდა ვიღაც ქალისგან, მაგრამ ისინი რუსეთში ცხოვრობდნენ და ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონდა მათთან, მამამ იმ გოგოს თავის გვარი მისცა, რომელიც ჩემზე სულ რაღაც ორი წლით იყო უფროსი. მართალია, არც გვაწუხებდა და მასთან არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ, რომ არსებობდა, დედას ეს აზრიც კი აწუხებდა და გვაფრთხილებდა, თუ ოდესმე იმ ნაბუშარმა გოგომ თქვენი გაცნობა მოინდომოს, ჩემი ხათრით ხმაც არ გასცეთო. ცხადია, გვესმოდა დედის, მაგრამ ის გოგო არაფერ შუაში არ იყო და მასზე ჯოხის გადატეხვას არც ვაპირებდით. გულის სიღრმეში მართლა გვინდოდა, დებს გაგვეცნო ის. ერთ მშვენიერ დღესაც ჩავრთე კომპიუტერი, შევედი ერთ-ერთ პოპულარულ ქსელში და რას ვხედავ? ვიღაც გოგოა სახელად ირინა, რომელიც აშკარად რუსია, მაგრამ იმავდროულად, მამაჩემის ასლიცაა. უცებ ვერ მოვედი აზრზე, ვინ შეიძლება ყოფილიყო, ინტერესმა თავისი ქნა და მისი სურათები დავათვალიერე. გვარი არ ეწერა, თუმცა ერთ სურათზე მე ქართველი ვარო, ასეთი წარწერა ამოვიკითხე. დიდი ინტერესის მიუხედავად, მისთვის არაფერი მიმიწერია. რამდენიმე დღის შემდეგ ირინასგან წერილი მოვიდა, მე ორივე დას რამდენი ხანია, გეძებთ და ახლა გვარითა და სახელით ძლივს მოგაგენით. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ მე თქვენი ნახევარდა ვარ და დიდი სურვილი მაქვს ახლოს გაგიცნოთო. რა თქმა უნდა, ჩვენც მივწერეთ, რომ გვინდოდა, მისი გაცნობა. ერთ თვეში თბილისში უნდა ჩამოვიდე და დაგიკავშირდებითო, ასე შევთანხმდით, ოღონდ ამ საუბრის შესახებ დედისთვის არაფერი გვითქვამს. მამას გავუმხილეთ ეს ამბავი, მან კი გვთხოვა, დედათქვენმა რომ გაიგოს, არ მინდა. ჩემი შვილი წლებია, არ მინახავს და რომ არ ვნახო ის აჯობებს, რადგან ოჯახის დანგრევა აღარ მინდაო, შემოგვჩივლა. გავიდა ერთი თვე და ირინა მართლაც ჩამოვიდა თბილისში. დაგვირეკა, მოგვაკითხა და შეხვედრაც დავთქვით. ვერ გავბედეთ მისი სახლში დაპატიჟება დედის გამო. რაც გინდათ დაარქვით ამას, სისხლის ყივილი თუ სხვა რამ, მაგრამ დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი და შეგვიყვარდა. ისეთი გრძნობა გაგვიჩნდა დებს, თითქოს დიდი ხანია, ვიცნობდით ერთმანეთს. მერე ირინამ მამა მოიკითხა. მართალია, მას კარგი მამობა არ გაუწევია ჩემთვის, მაგრამ, მისი შვილი ვარ და მაინც მიყვარსო. გვთხოვა, მასთან შემახვედრეთო. ასეც მოვიქეცით და გავბედეთ მისი სახლში დაპატიჟება დედის გაუფრთხილებლად. ვიცოდით, ირინას მიღებაზე არაფრით დაგვთანხმდებოდა და ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდება, იქნება მერე შეეგუოსო, ვიფიქრეთ. მაგრამ, მწარედ შევცდით, ირინას გამოჩენას დედაჩემის უკმაყოფილება და პანიკაში ჩავარდნა მოჰყვა, ახლა ეს გოგო დედამისსაც თუ მოიყვანს აქ, მაშინ ჩემი ადგილი აღარ იქნება ამ ოჯახშიო. დაჰკრა ფეხი და წავიდა სახლიდან. მერე, როგორც იქნა, შემოვირიგეთ და დავარწმუნეთ, რომ მამას ირინას დედასთან რომანი დაქორწინებამდე ჰქონდა და ამით მისთვის არ უღალატია. რას იზამ, როცა ეჭვიანია ადამიანი, ის აგრესიულიც ხდება. ირინას გაცნობიდან რამდენიმე თვეში მას დედა გარდაეცვალა, საწყალი გოგო ობლად დარჩა და საცხოვრებლად ჩვენთან შევთავაზეთ გადმოსვლა. დღეს ერთად ვცხოვრობთ და მართლა გვიხარია, რომ ირინას სახით ასეთი კარგი და შევიძინეთ.

ანა, 19 წლის.



ერთმა ჩხუბმა ცხოვრება დამინგრია

ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს ყველაფერს, მეც დაახლოებით ასე დამემართა. მაგრამ, ახლა რაღა დროსია! თავიდანვე ცოტა ავარდნილი ბიჭი ვიყავი, უბნის ბიჭებს ავყევი და ბირჟაზე დიდ დროს ვატარებდი. თუ სადმე საქმის გარჩევა ან ჩხუბი იყო, იქ ვიყავი, ყველგან უტარო კოვზივით ვერჭობოდი. წლების მერე, როცა ასაკი მომემატა, ცოტა დავსერიოზულდი, ცოლი მოვიყვანე და ჩემს მშობლებს უხაროდათ, იქნება ახლა მაინც ვეღარ მოიცალოს „საბირჟაოდო”, მართლაც ასე იყო, სამსახური დავიწყე, ჩემი საქმე მქონდა. მოკლედ, როგორც იტყვიან, კალაპოტში ჩავდექი, მაგრამ ვერ ვისვენებდი. ერთ დღეს, გვიან ღამით, როცა სახლისკენ მოვდიოდი, აყალმაყალის ხმა შემომესმა, უბნის ბიჭები ჩხუბობდნენ, ჩემი მეგობრები ვიღაცას აყაჩაღებდნენ. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ატყდა ჩხუბი. ჩემმა ბიჭებმა შესაშინებლად დანები ამოიღეს. სიტუაცია იძაბებოდა და მეც ვერ გავიქცეოდი კუდამოძუებული, ამიტომ, უნებლიეთ ჩხუბში ჩავები. ერთ-ერთმა მთელი აგრესია ჩემზე გადმოიტანა, შენ საიდანღა მოხვედი შენი დედაცო, შემაგინა. მეც გინება ასე არ უნდა-მეთქი და გაბრაზებულმა დანა მუცელში გავუყარე, მისი მოკვლა არ მინდოდა. ბევრი სისხლი დაღვარა და „სასწარაფოთი“ წაიყვანეს საავადმყოფოში. კიდევ კარგი, გადარჩა, თორემ უარესი დღე მელოდა. თუმცა, მაინც ვერ გამოვედი მშრალზე და საქმე ჩვენს წინააღმდეგ აღიძრა. ხულიგნობისა და ადამიანის მოკვლის მცდელობის მუხლით. ოთხნი დაგვაპატიმრეს, ციხეში გვიკრეს თავი. რა თქმა უნდა, ოჯახმა ძალიან განიცადა ჩემი დაპატიმრება, განსაკუთრებით ცოლს გაუჭირდა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მივატოვე. თავიდან ის უფრო ყურადღებიანი იყო, ხშირად მოდიოდა ჩემთან პაემნებზე. მერე მოსვლას უკლო, მიზეზად ის მოიდო, რომ ბავშვი მეტირება და დიდხანს ვერ ვტოვებო. სულ წუწუნებდა, რა ვქნა, უფულოდ დავრჩი, ბავშვს რამდენი რამ უნდა და რითი რა გავუკეთო, არც შენს მშობლებს აქვთ საშუალება და არც ჩემებსო, ისედაც იმიტომ გავთხოვდი, ქმარი გვერდით მყოლოდა, ახლა კი შენ წლები მანდ უნდა იჯდე და მე მარტო როგორ ვიყოო. მისი სიტყვები გულზე ცუდად მომხვდა, ცხადია არ ვამტყუნებდი, ქმარი ციხეში ჰყავდა და აბა, რა უნდა ეთქვა, მაგრამ მისი სიტყვებიდან ისეთი დასკვნა გამოვიტანე, უკვე ჩემს შემცვლელს ეძებდა. ამან გამაბრაზა და წყობიდან გამომიყვანა, მაგრამ რა უნდა მექნა? უძლური ვიყავი და ციხის გისოსებიდან ვერაფერს გავხდებოდი. იმის მიუხედავად, რომ ცოლი არ მაკითხავდა, სულ მასზე ვფიქრობდი და ჩემებს მის ამბავს ვეკითხებოდი, მაგრამ, მამას ან დედას ვერ დავავალებდი, უყარაულეთ ვინმეს ხომ არ ხვდება-მეთქი. ჩემი ცოლი თავის მშობლების სახლში გადავიდა საცხოვრებლად და პერიოდულად, ჩემებთანაც მიდიოდა, რომ ბავშვი ენახვებინა მათთვის. გული ცუდს მიგრძნობდა და მალე გავიგე, კიდეც, რომ ჩემი ცოლი ვიღაც კაცს გაჰყოლია ცოლად. ვერ აგიწერთ, როგორ განვიცადე ეს ამბავი. არ მეგონა, თუ ასე უცებ მიღალატებდა და ოჯახს დამინგრევდა, თან ბავშვი მყავდა და არ მინდოდა, მამინაცვლის გასაზრდელი გამხდარიყო. რას ვიზამ, ყველაფერი გამართლებაზეა, ალბათ. ცოლები წლების განმავლობაში ელოდებიან ქმრებს. ჩემი ცოლყოფილი კი, ჩემი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე გაყვა ცოლად სხვას. გავიდა დრო, მე ციხეში ვიხდიდი სასჯელს, ის კი თავის ახალ ოჯახში იყო. ამ ხნის განმავლობაში მან ბავშვი მხოლოდ ორჯერ მაჩვენა და თვითონ არც კი ისურვა ჩემი ნახვა. ნაწილობრივ არც ვამტყუნებდი. მე მას იმედები გავუცრუე, ის კი სამაგიეროს მიხდიდა. ასე ტანჯულად გავატარე რამდენიმე წელი ციხეში, ახლოვდებოდა ჩემი გათავისუფლების ვადა და მიხაროდა უზომოდ. მართლაც დადგა ის ნანატრი დღეც და ციხიდან გამოვედი. ძმაკაცები დამეხმარნენ და სამსახური დამაწყებინეს, რაც დიდი პრობლემა იყო. ნაციხარის სამსახურში მიღებაზე ბევრი უარს ამბობდა, მაგრამ ნაცნობობამ გაჭრა. გვიან, მაგრამ მაინც ვისწავლე ჭკუა და საეჭვო რეპუტაციის ხალხისგან თავი შორს დავიჭირე. მინდოდა, დაშვებული შეცდომები გამომესწორებინა, ჩემი ცოლის ჯინაზე და რაც მთავარია, ბავშვისთვის კარგი მამობა გამეწია. მთავარია მონდომება და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. მეც ასე მომივიდა. ახლობლებს უხაროდათ ჩემი წარმატება. ბავშვს ხშირად ვნახულობდი. დედამისი აგზავნიდა და ჩვენთანაც ხშირად რჩებოდა. ჩემი ყოფილი ცოლი კი თავის მეორე ბავშვის მოვლა-პატრონობით იყო გართული. შევუთვალე, ხომ ხედავ, დატვირთული ხარ ბავშვების მოვლით და ჩემს შვილს თვითონ მოვუვლი, არ შეგაწუხებ-მეთქი, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, შენი გაზრდილი შვილი რა უნდა იყოს, ბავშვი აუცილებლად დედამ უნდა გაზარდოსო.

რაც ციხიდან გამოვედი, ორი წელი იყო გასული, მაგრამ ამის მიუხედავად, მეორე ოჯახის შექმნაზე არც ვფიქრობდი, მარტო შვილის მოვლაზე ვიყავი გადართული. ბავშვიც დედას ეტყობა უყვებოდა, რომ არაფერს ვაკლებდი, ყურადღებით ვექცეოდი და ბავშვის საშუალებით შემომითვალა კიდეც, როგორც ჩანს, ციხემ მოგარჯულა, თორემ შენგან თუ მზრუნველი მამა დადგებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდიო. არ ისვენებდა ჩემი ცოლყოფილი, სულ ცდილობდა, გავებრაზებინე. დაგროვილი აგრესია ერთ დღესაც ვეღარ დამალა და გავიგე, ქმრის სახლიდან გამოიქცაო. გულში კი გამიხარდა, სულ მე მსაყვედურობდა და, რომ გეკითხათ, ჩემზე უარესი ქმარი მეორე აღარავინ დადიოდა დედამიწაზე. აღმოჩნდა, თურმე, არც მეორე ჯერზე გაუმართლა. რამდენიმე თვის მერე შემომითვალა, მე იმ კაცთან დამბრუნებელი აღარ ვარ და თუ სურვილი გექნება, შევრიგდეთო. ერთი პირი კი ვიფიქრე, მის წინადადებას დავთანხმებოდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჩემი შვილის გამოც კი არ მიღირდა ამ მსხვერპლის გაღება. ის მე რამდენიმე წელი არ დამელოდა, არ მაპატია ჩადენილი შეცდომა და არც მე ვაპირებდი მის პატიებას. სხვა კაცში გამცვალა და ახლა მისი დასმა ცოლად სირცხვილიც კი იქნებოდა. უარი შევუთვალე. ერთი ის მიკლავს გულს, რომ ჩემი შვილი განიცდის, მშობლები გაშორებულები რომ არიან, მაგრამ რას ვიზამთ. ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მე კი ნამდვილად მექნება იმის შანსი, მეორედ ვცადო, ოჯახის შექმნა – მოვნახო ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც გაჭირვებაში მარტო არ დამტოვებს და არ მიღალატებს.

თენგო, ქუთაისი 41 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3