კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი პრინცის საჩუქარი ინახება ზურაბ მურვანიძის კოლექციაში და რატომ დაარქვეს მას მორდარვანიძე

ზურაბ მურვანიძის ოჯახში ძალიან საინტერესო ინსტრუმენტთა კოლექცია ინახება. გარდა სანახაობრივი ღირებულებისა ისინი მრავალფეროვანი ამბებითაცაა საინტერესო. ჩვენი რესპონდენტი, ამჯერად სწორედ ამ კოლექციასა და მასთან დაკავშირებულ ისტორიებზე გვესაუბრება.

ზურაბ მურვანიძე: ვსწავლობდი ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. იქ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობდა. ერთ-ერთი იყო განას პრინცი. მან მაჩუქა ტამტამი და მას შემდეგ, ეს ტამტამი ამ პოზიციაშია ჩამოკიდებული კედელზე.

– ეს რომელ წელს იყო?

– 1970 წელს.

– ესე იგი, განას პრინცის მიერ ნაჩუქარი ტამტამი თქვენი კოლექციის პირველი ნიმუშია?

– კოლექციას მანამდეც ვაგროვებდი, მაგრამ როგორც ინსტრუმენტის ახალი სახეობა მეორე იყო. პირველი ტამტამი ქუთაისელებმა მომპარეს. ის სხვა პრინცმა მაჩუქა.

– კი მაგრამ, რამდენი პრინცი სწავლობდა თქვენთან ერთად?

– ძალიან ბევრი იყო აფრიკის თუ სხვა ქვეყნის მიერ წარმოგზავნილები საბჭოეთში სასწავლებლად, რომელთა სწავლებაც ქვეყნის, ან საკუთარი სახსრებით ფინანსდებოდა, თუმცა, საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, ჩვენ კეთილი ნებით ვასწავლითო, სინამდვილეში, ძალიან დიდ თანხებს ახდევინებდნენ. როგორც წესი, საკუთარი თანხით სწავლის უფლებას „სამეფო“ ოჯახის წევრები აძლევდნენ თავს. ვისაც სახელმწიფო აფინანსებდა, ისინი ასე ხუმრობდნენ: აგვყრიან პალმებზე, მერე ამ პალმებს დაარხევენ და, ვინც ჩამოვარდება, მოვმწიფდით და საბჭოთა კავშირში გვაგზავნიანო. ძალიან თბილი ხალხი იყო. მათ შორის პოლიტემიგრანტებიც ერია. მათზე უარესი ხალხი მე არ მინახავს.

– რატომ?

– თავს გვამადლიდნენ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირი აირჩიეს ემიგრაციისთვის. იმისთანა პრეტენზიები და მოთხოვნები ჰქონდათ, გაგიკვირდებოდათ. დანარჩენები ძალიან კარგები იყვნენ.

ერთ-ერთმა პრინცმა ტოგოდან, სახელად აბობლიმ, მაჩუქა პირველი ტამტამი, რომელიც იყო „პაპასმამასი”, ანუ ერთი ხის „ორ-პოტიკა“ კუნძისგან გამოთლილი დასარტყამი ინსტრუმენტი და ამიტომაც უწოდებდნენ ასე. ის უცნაურ ხმას გამოსცემდა. რომ ამიხსნეს, როგორ მზადდებოდა, მივხვდი, ტამტამთან ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ მივა.

– ჩვენც გვიამბეთ ამის შესახებ.

– „პაპასმამასი” კეთდება ორფა ხის კუნძიდან, ზემოდან ჭიმავენ გარეულ ვირის ტყავს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღებული ჭიპის „მიდამოებიდან“, ამ ტყავს აყოლებენ ჭიპის არტერიას და ვენას, რომლითაც ორგანიზმში გადადის სისხლი დედის მუცლიდან, როცა ნაყოფი მის ორგანიზმში იმყოფება. სამედიცინო ენაზე ამას ჰქვია ვენა უმბილიკალისი. ამ ჭიპის ვენითაა ჩაკიდებული ტამტამში ხისგან გამოთლილი უენო ზარები. აი, ასეთი ინსტრუმენტი მაჩუქეს და როდესაც უკვე საქართველოში ვბრუნდებოდი, ბარგში აღარ ჩამეტია და ორკესტრს დავუტოვე, სადაც მე ვმოღვაწეობდი. დავუბარე, ჩამოვალ და წავიღებ-მეთქი. 6 თვის შემდეგ რომ ჩავედი, მითხრეს, ქუთაისლები იყვნენ ჩამოსულები და გამოვატანეთ, ასე გვითხრეს: „ძაან კაათ ვიცნობთო”. ტყუილი, ჩემებს ქუთაისი თბილისის უბანი ეგონათ...

– მერე არ გაიგეთ ვინ გიცნობდათ „ძაან კაათ”?

– გვარიც გავიგე და სახელიც, ჩავედი და ვნახე. გასკდნენ სიცილით.

– რაზე?

– ერთი ძლივს მოვატყუეთ და ახლა შენ რავა გაგატანთო. მას შემდეგ აღარ ვიცი, რა თავგადასავალი გადახდა ჩემს პირველ ტამტამს.

– დღეისთვის რამდენი დასარტყამი ინსტრუმენტია თქვენს კოლექციაში?

– 19. ძალიან საინტერესოა ეს ინსტრუმენტიც, რომელსაც რინდა ჰქვია. საინტერესოა იმითაც, თუ როგორ მოხვდა ჩემს კოლექციაში. ის მოხსნეს სამხედრო კატარღას, რომლის კაპიტანსაც ოპერაცია გავუკეთე და სიკვდილს გადავარჩინე. ეს იყო პეტერბურგში... კატარღა დაიძრა, შეზარხოშებული კაპიტანი დაეცა და ჩაემტვრა შუბლის ძვლები. მოიყვანეს, გავუკეთე ოპერაცია, ყველაფერი კარგად დამთავრდა და გაწერის დროს მეუბნება, ექიმო, რითი დაგამახსოვრო თავიო? გავეხუმრე – რინდა მაჩუქე-მეთქი. ზარს სამხედრო გემზე რინდა ჰქვია. მესამე დღეს მოვიდა და მითხრა, ჩემი გემიდან მოხსნილი რინდააო. ეს ამბავი 1971 წელს მოხდა.

– ფაქტია, იმ პაციენტს თავი ნამდვილად დაუმახსოვრებია თქვენთვის.

– ამ მოწნულ ტამტამსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ჩემი შვილი ამერიკაში ყოფნისას, მოხვდა რაღაც დღესასწაულზე, რომელზეც ტამტამისტები უკრავდნენ. მივიდა და სთხოვა თუ შეიძლება, მეც დავუკრავო. რომ გაუგიათ საიდანაც იყო, ეტყობა გაიფიქრეს, სად საქართველო და სად ტამტამიო და ირონიულად უთქვამთ, სინჯე ერთი, რა გამოგივაო. ამან კი ისე დაუკრა, ტამტამის პატრონს მოწონების ნიშნად შემსრულებლისთვის ეს ინსტრუმენტი უჩუქებია.

ტამტამს ხომ მარტო მუსიკალური ფუნქცია არ აქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ...

– რომ თავის დროზე ეს ინსტრუმენტი მობილური ტელეფონი ფუნქციასაც ითავსებდა, არა?

– მართლაც არის ზოგიერთისთვის ეს ინსტრუმენტი კომუნიკაციის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას გიამბობთ. „პაპასმამასი“ ვინც მაჩუქა, ის პრინცი, საბჭოეთში ჩამოსული იყო, თავის მსახურთან ერთად უცნაურად უკრავდა ამ ინსტრუმენტზე.

– რა იგულისხმება უცნაურობაში?

– ჩვენი სასწავლებელი რამდენიმე კორპუსთან 2-3 კილომეტრით იყო დაცილებული. როგორც კი მოვიდოდა პრინცი გამოცდაზე, აიღებდა ბილეთს და რატომღაც მერე გავიდოდა გარეთ, დარეკავდა თავის მსახურთან. შემდეგ მსახური გახსნიდა წიგნს და უცებ ძალიან შორიდან ატყდებოდა უცნაური კაკანი. ვიღაცისთვის კაკანი, პრინცისთვის კი კარნახი და ამიტომ, სულ ხუთები ჰქონდა. როცა უკვე სწავლა დაასრულა, ანუ აღარ დასჭირდა „პაპასმამასი“, მე მაჩუქა. ამ ისტორიას მეორე ნაწილიც აქვს.

– თქვენი ნებართვით გადავიდეთ, მეორე ნაწილზეც.

– ტამტამისტი გვჭირდებოდა ორკესტრში. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შავკანიანი მეგობარი შესანიშნავად შეითავსებდა ამ ფუნქციას. ვუთხარი „რუმბას“ რიტმი უნდა დაუკრა-მეთქი. ვერაო. მაშინ „ჩა-ჩა-ჩა”-მეთქი. ვერც მაგას დავუკრავო. გადმოვიღე ჩვენი ბაბინებიანი მაგნიტოფონი, ჩავურთე და ვეკითხები: ამ მუსიკას თუ დაუკრავ-მეთქი. არაფერს არ ნიშნავს ეს ჩემთვის, არაფერს ამბობსო. საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა, რომ დაკვრა არ შეეძლო. ავდექი და რაღაც რიტმი ვაჩვენე, როგორ დაეკრა. ოდნავი შესწორება შეიტანა, ასე რომ დავუკრა არ ჯობიაო, მკითხა. დაუკარი, „მამბოს“ რიტმში ჯდება-მეთქი. „მამბო“ არ ვიცი, ასეთი რიტმი ჩვენთვის ნიშნავს „მშიასო”. ჰოდა, შენც ადექი და იმეორე: „მშია, მშია, მშია...”. ცოტა ხანს დაუკრა, მერე კი მითხრა, მომწყინდა სულ ერთ სიტყვას რომ ვამბობ, ახლა სხვა რამე მათქმევინეო (იცინის).

– კიდევ რას გვიამბობთ ამ ინსტრუმენტების შესახებ?

– ერთ დღეს სახლში ვარ და ჩემთან მოდის ვლადიმირ ვისოცკი, მარინა ვლადისთან ერთად ტამტამის სანახავად. ვითომ სანახავად, არადა ახალი შერიგებულები იყვნენ. რაზე იჩხუბეს არ გაინტერესებთ?... თურმე, ციმბირში კონცერტზე, ვალოდიასთვის ციხეში ხელნაკეთი სანთებელა უჩუქებიათ. ის ხომ ძალიან ბევრ „ბლატნოი” სიმღერას მღეროდა და ჩათვალეს, ჩვენიანიაო. ამის შემდეგ დაუწყია სანთებელების კოლექციის შეგროვება. ამ დროს ჩამოვიდა მარინა ვლადი და რომ ნახა მეუღლის წამოწყება, წავიდა და ვიღაც ჰოლანდიელი მილიონერისგან იყიდა მსოფლიოში სანთებელების ერთ-ეთრი საუკეთესო კოლექცია და ჩამოუტანა. ამაზე უჩხუბიათ, „სვოლოჩ ია სტაკიმ უდავოლსტვიემ საბირალ, ვსიუ მალინუ ზაგადილა…ვეს ინტერეს პრაპალ” და სწორედ ახალი შერიგებულები იყვნენ, როდესაც მე მესტუმრნენ.

– კასტანიეტები სად შეიძინეთ?

– ესეც სტუდენტობის დროიდან ინახება ჩემს ოჯახში. ჩვენთან ესპანელი და მექსიკელი სტუდენტებიც სწავლობდნენ. სტუდენტურ კონცერტზე, მე მათ ცეკვას შევუერთდი და ერთ-ერთმა მოცეკვავემ მითხრა: ჩემი კასტანიეტა უნდა გაჩუქოო, შემდეგ იმას მეორემაც მიბაძა და შედეგად ჩემი კოლექცია ორი წყვილი, ნამდვილი და არა სასუვენირო კასტანიეტით შეივსო.

ძალიან საინტერესოა ამ კოლექციაში ეს ფანდურიც. ის სოხუმში ყოფილა დამზადებული 1936 წელს.

– თქვენთან როგორ მოხვდა?

– პაციენტმა მაჩუქა. როდესაც ჩემს ოჯახში მოხვდა, მითხრა: მამაჩემის ნაქონი ფანდური მაქვს და უნდა მოგიტანოთ. ის ხის კანისგანაა გაკეთებული, რომელიც მამამ სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიღაც ხეს შემოაძრო და შემდეგ საკუთარი ხელით დაამზადა მისგან ინსტრუმენტიო. მეც ვთხოვე, მოიტანე-მეთქი. მართლაც მომიტანა, გავუკეთე რესტავრაცია და მას შემდეგ ვინახავ.

– რას ნიშნავს ეს კოლექცია თქვენთვის?

– გახსენებას. ახლა, რომ გესაუბრებით, ყველაფერი თვალწინ აღმიდგა. მაგალითად, გამახსენდა განას პრინცი, რომელიც ფანტასტიკური ადამიანი იყო. მესამე ინსტიტუტს ამთავრებდა. რუსი ქალი მოიყვანა ცოლად – ყოფილი სტიუარდესა, რომელმაც ეტყობა, ვიღაცასთან „იშმაშუნა” თავის დროზე, ისიც სამაგიეროს დაჰპირდა და მოაწყო კიდეც ინსტიტუტში. „მოსულა“ საბჭოთა კავშირში ასეთი რაღაცეები. ეს ქალბატონი იყო მზეთუნახავი, გადასარევი სილამაზის – ფეხი, ტანი, თმა... ყველაფერი, მაგრამ, ამასთან ერთად, იყო „სასწავლო ინსტრუმენტი“ უცხოელებისთვის. ამ განელთან ვმეგობრობდი და ვეკითხები, ეს ცოლად როგორ მოგყავს, ხომ გესმის, რომ ყველა შენი თანამემამულე სტუდენტი აქედან ჩაიტანს ამბავს, რომ პრინცის მეუღლე ასეთი და ასეთი წესით ცხოვრობდა საბჭოეთშიო. მან კი მიპასუხა, ვერც ერთი განელი ვეღარ ჩამოვა განაშიო.

– რატომო?

– მითხრა, გავაფრთხილე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ჩავახოცვინებ. სერიოზულად ამბობდა. მეორე კიდევ, შეხედე, ხომ არის დედოფალიო? – არის-მეთქი. მესამეო, დასაჭურისებული ოცი კაცი მყავს, იმათ მივამაგრებ და ახლოს არავის მიაკარებენო. ბოლოს კიდევ მე ყველა ფერის ქალი მყავს ცოლად და ესეც რომ მყავდეს, რა მოხდებაო?! თავის მხრივ ამ გოგოს რომ ეკითხებოდნენ, განაში რა გინდა რომ მიდიხარო, პასუხობდა: მე ჩავალ და იქ რასაც ვიზამ, ჩემი საქმეაო. ჩავიდა და ერთი წლის შემდეგ მეგობრებს წერდა: დედა, რა საშინელება ყოფილა დედოფლობა, ყველაფერი ოქროსი მაცვია, არაფერი მაკლია, მაგრამ რად მინდა, გვერდზე ვერ ვიხედებიო.

– რაც შეეხება ტოგოს პრინცს?

– გაგიჟდა საწყალი. ძალიან ბევრს ფიქრობდა ინგლისის დედოფალზე. ტოგოსა და ინგლისს კონფლიქტი ჰქონდათ. ინსტიტუტი არ დაუმთავრებია, ისე წავიდა.

– რამდენი საინტერესო ისტორია ახლავს თქვენს კოლექციას და საერთოდ მასთან დაკავშირებულ ადამიანებს...

– თავის დროზე ამირჩიეს საერთო საცხოვრებლის უფროსად სტუდენტთა მხრიდან. ეს საერთო საცხოვრებელი შერეული გახლდათ. მეორე სართულზე მხოლოდ უცხოელი უფროსკურსელები ცხოვრობდნენ, მესამეზე, შერეული – 2 უცხოელი და 1 საბჭოთაკავშირელი და ბოლოზე მესამე კურსს გადაცილებულები 1 უცხოელი და 1 საბჭოთაკავშირელი. თითქმის ყველა ოთახი შუაში გატიხრული იყო და ჩაბნელებულ მხარეს საბჭოელი სტუდენტი ცხოვრობდა, მზიან და ფანჯრიან მხარეს კი – უცხოელი. ძალიან ხშირად ინსტიტუტიდან მოდიოდა კომისია. ახლა რომ არავის აინტერესებს, რა ხდება საერთო საცხოვრებლებში, ასე არ იყო მაშინ. ერთ დღესაც მოვიდა კომისია და დადიან, ათვალიერებენ ოთახებს – რა ხდება, ლოთობას ხომ არ აქვს ადგილი, ხომ არავინ არავის სჩაგრავსო და ასე შემდეგ. ამ დროს შეაღეს განელი პრინცის ოთახი და დაინახეს, რომ პრინცი, თავის მომავალ მეუღლესთან, „სასწავლო პროცესითაა” დაკავებული. რექტორი გაგიჟდა. განელმა თავი ასწია და ეკითხება: რა უფლება გაქვთ, ამ ოთახში რომ შემოხვედით, გარედან გერბი რომ კიდია ვერ დაინახეთო?! წინასწარ გამაფრთხილეთ, რომ სტუმრად მოდიოდით?! ახლავე გადით, თორემ გაეროში მივდივარო და გამოაბუნძულა იქიდან. რექტორმა მეორე დღეს დაიბარა. მივიდა და მეც იქ ვიყავი ამ საუბარსაც შევესწარი. რექტორმა უსაყვედურა: სად ცხოვრობ იციო? მე კი ვიცი, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი სწავლის თანხას ხომ ვიხდიო? რექტორი უსიამოვნოდ დაეთანხმა. ვსწავლობო? ამაშიც დაეთანხმა. აბა, ჩემს კერძო საქმესთან თქვენ რა საერთო გაქვთ, მე გეკითხებით, ცოლის გარდა კიდევ რამდენთან გაქვს საქმე და რომელთან რა წესით ცხოვრობთო?! როდისმე შემოვედი შენს ოთახშიო?! რექტორი გაგიჟდა, – ეს საერთო საცხოვრებელიაო? – შეახსენა. კი მაგრამ, მე სხვა ბინა ხომ არ მაქვს, მე ამ ბინაში ფულს ვიხდი, ჰოდა, ჭკვიანად იყავითო. ეს იყო 1968-1969 წლებში იცით, ამგვარი დიალოგი რას ნიშნავდა საბჭოთაკავშირელისთვის მაშინ? რომ გამოვედი, თმები ყალყზე მქონდა.

ერთხელ ამ პრინცმა წერილი მომწერა, სახელიც პრინცი ერქვა, დარაგოი „მორდარვანიდზე”, – მწერდა ის.

– მურვანიძეს ვერ იმახსოვრებდა?

– არა, ერთხელ ერთი ზანგი გავლახე და მას შემდეგ ასე მეძახდნენ. „მორდა“ და „რვაც მორდუ” ანუ „მორდარვანიძე”.

– რატომ სცემეთ?

– კომენდანტმა დამიძახა, ერთი გალეწილი მთვრალი ბიაფრელი სტუდენტი აუშარდა. კომენდანტი იმ სტუდენტს შუაღამისას პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდა, მასთან ერთად თავისუფალი ყოფაქცევის გოგონას. გავედი და ძალიან თავაზიანად და ზრდილობიანად ვუხსნი, რომ მართალი არ არის. წადი, შე ქართველოო. ჰო, ვუთხარი – მე ქართველი ვარ, ეს რუსი შენ ბიაფრელი-მეთქი. ბიაფრელი ხარო, გაგიჟდა. თურმე, იქაურს რომ ეუბნები, ბიაფრელი ხარ – ეს ლანძღვა ყოფილა. თავის ჭკუით, მეც გამლანძღა ქართველი ხარო, რომ მითხრა. უცებ დამარტყა და ისე გადამეკეტა... რეანიმაციაში მოხვდა, ხოლო იქიდან – სამშობლოში. მე კი ინსტიტუტიდან გარიცხვას გადავრჩი. მეორეკურსელი ვიყავი, ის მეხუთე და არ ვიცოდი, თურმე ეს ბიაფრელი ყოფილა ის შავკანიანი, რომელმაც პირველად მოაწყო საბჭოთა კავშირში დემონსტრაცია კავშირის წინააღმდეგ.

– ალბათ, მაგანაც გადაგარჩინათ, რომ არ გაგრიცხეს ინსტიტუტიდან.

– შეიძლება. ერთი სიტყვით, ეს კოლექცია ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ხედავთ რამდენი ადამიანი გამახსენა თავისი პატარ-პატარა, ლამაზი ისტორიებით.

– სულ რამდენი ინსტრუმენტია ამ კოლექციაში?

– ოთხმოცამდე ინსტრუმენტი იქნება, ისტორია კი – უამრავი.


скачать dle 11.3