კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწყო სომხეთის პარლამენტმა მსჯელობა ყარაბაღისა და მისი მიმდებარე შვიდი აზერბაიჯანული რაიონის აღიარებაზე და რატომ ნიშნავს ეს გარდაუვალ ომს სამხრეთ კავკასიაში








მართალია, კავკასიის ერთიანობის იდეა ახალი არ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ის თავისი საპრეზიდენტო ვადის მეექვსე წელს ახსენა, თანაც საკმაოდ საფუძვლიანად და, რაც მთავარია, მეტად მაღალი და თვალსაჩინო საერთაშორისო ტრიბუნიდან. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ჩრდილოეთ კავკასია საერთოდაც რუსეთის შემადგენლობაშია, სამხრეთ კავკასიაზე კი ამ უკანასკნელს კბილები უკაწკაწებს, სავსებით ბუნებრივი იყო, რომ ამ მოსაზრებამ რფ გააცოფა. მეორე მხრივ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამგვარი ინიციატივა დამოუკიდებლად, ანუ დასავლელ კოლეგებთან კონსულტაციების გარეშე გამოეთქვა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩრდილოეთ კავკასიას არ ვიგულისხმებთ, სამხრეთკავკასიური ერთობაც ერთობ მყიფეა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების გათვალისწინებით. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტის ამ გზავნილს კონკრეტული ადრესატიც ჰყავს და კონკრეტული მიზანიც. იმის გაგებას, თუ რა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა და როგორ წარმოუდგენია დასავლეთს ერთიანი კავკასია, კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძისგან შევეცდებით.



– პრეზიდენტის განცხადება საკმაოდ მკვეთრი შემოტრიალებაა კავკასიისკენ, განსაკუთრებით, ამ საყოველთაო გაინგლისურენოვნების ფონზე. თქვენი აზრით, რა იგულისხმა მან ერთიან კავკასიაში?

– რასაკვირველია, ეს არ არის წამოსროლილი ფრაზა, როგორც ზოგიერთი შეეცადა, გაესაღებინა. მე ვფიქრობ, რომ ეს გააზრებული პოლიტიკის ნაწილია და ამ საკითხზე დასავლეთთანაც შედგა გარკვეული კონსულტაციები. გავიხსენოთ, რომ კავკასიის ერთიანობის თემა ტრადიციულია ქართული და კავკასიური პოლიტიკისთვის საუკუნეების განმავლობაში. დავითისა და თამარის ეპოქაში საქართველოს სახელმწიფო სწორედ კავკასიის იმპერია იყო. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ 1917 წლის ნოემბერში შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამ ამიერკავკასიურ რესპუბლიკას. პარალელურად, ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა მთიელთა ერთიანი რესპუბლიკა და კონსულტაციები მიმდინარეობდა ამ ორი წარმონაქმნის გაერთიანებაზე. შემდგომ არსებობდა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა. ასე რომ, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ეს იდეა მუდმივად არსებობდა. ამის შემდეგაც საქართველოს ყველა ლიდერს ჰქონდა კავკასიის ერთიანობის სხვადასხვა იდეა: კავკასიის საერთო სახლი – გამსახურდიას, მშვიდობიანი კავკასია – შევარდნაძეს და ახლახან სააკაშვილმა ერთიანი კავკასიის იდეა წამოაყენა. უფრო ადრე მშვიდობიანი კავკასიის იდეა პატრიარქმა ახსენა ბრაიზასთან საუბრისას და, სავარაუდოდ, ეს ერთგვარი გზავნილი იყო დასავლეთისთვის. 90-იან წლებში, როდესაც დეპუტატი ვიყავი, ხშირად ვხვდებოდი დასავლელ დიპლომატებთან და მათთან საუბარში ეს თემა მუდმივად ფიგურირებდა. მათთვის საინტერესო იყო, რომ რაღაც ერთიანობა ჰქონოდა კავკასიას, რადგან უფრო კომფორტული გახდებოდა ჩვენთან ურთიერთობა. იმის თქმა მინდა, რომ, ერთი მხრივ, არსებობს კავკასიური ერთიანობის ტრადიცია და, მეორე მხრივ, დასავლეთიც იყო დაინტერესებული ამ იდეით. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, სააკაშვილის ეს გამოსვლა არის ამ ორივეს პროდუქტი.

– ისტორიული ტრადიციაც გასაგებია და დასავლეთის მოსაზრებებიც, მაგრამ, კავკასიაზე პრეტენზიას აცხადებენ რუსეთი და თურქეთი და, შესაძლოა, ირანიც?

– მივალთ ამ საკითხამდეც. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ დასავლეთს ჩაეშალა თურქეთ-სომხეთის პროექტი. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ახალი პროექტისთვის დაეწყო ზრუნვა და, შესაძლოა, ეს ყოფილიყო აზერბაიჯანი-საქართველოს კონფედერაცია, რომელსაც, შეიძლებოდა, მიერთებოდა თურქეთიც. რაღაც პროექტისთვის თურქეთის მიბმა, როგორც ჩანს, შედის დასავლეთის ინტერესებში. ამ ეტაპზე ამას აქვს სასინჯი და არა რეალური პროექტის ფორმა, მაგრამ, მოსინჯვაც დასაწყისია. საერთოდ, სააკაშვილი ხშირად ამბობს ისეთ წინადადებას, რომელიც გიტოვებს საფიქრალს, მაგრამ დოზირებულად გაწვდის ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით, რას გულისხმობს სააკაშვილი: ჩრდილოეთ კავკასიასაც თუ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას?!

– მე ასე გავიგე, რომ ჩრდილოეთ კავკასია ერთიანი კავკასიის განუყოფელი ნაწილიაო.

– მე სხვანაირად გავიგე. მართალია, რუსები ძალიან გაღიზიანდნენ, მაგრამ სააკაშვილს ყოველთვის შეუძლია, თქვას, რომ ვიგულისხმე ერთიანი ტრადიციული სივრცე, რომელიც თვითიდენტიფიკაციისკენ უბიძგებს. გავიხსენოთ, რომ საბჭოთა ჯარში ჩრდილოკავკასიელები ქართველებს ასე მიმართავდნენ: „ზემლიაკ“. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის ეს გამონათქვამი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ზოგადი ნათქვამი, მაგრამ, ნებისმიერი კავკასიელის ყურისთვის სასიამოვნო. ახლა ისიც ვთქვათ, რამდენად რეალურია ეს: თუ ეს ნათქვამი არ არის გააზრებული, ეს ტყუილი ლაპარაკია, თუ კონსტრუქციული ბაზა აქვს, მაშინ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იგულისხმება. ჩემი შეფასებით, ეს არის ქართულ-დასავლური მოსინჯვა, რომელიც, შეიძლება, გააქტიურდეს ხვალ ან ზეგ.

– ჩრდილოეთ კავკასიას რომ თავი დავანებოთ, სამხრეთკავკასიური ერთობაც საეჭვოა, თუ გავიხსენებთ სომხეთ-აზერბაიჯანის საკმაოდ მწვავე დაპირისპირებას.

– დასავლეთში კარგად ხედავენ, რომ დაპირისპირება, შეიძლება, ომში გადაიზარდოს და იმიტომაც ააქტიურებენ ასეთ პროექტებს, რომ, იქნებ, ამ დაპირისპირებას შეუქმნან ბარიერი და აზერბაიჯანის მზარდი ამბიციები რაღაც სხვა ფორმატით დააბალანსონ, იმიტომ რომ, აზერბაიჯანის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

– აზერბაიჯანის ომისკენ სწრაფვის შეჩერება?

– აზერბაიჯანის მზარდი ამბიციები შეუჩერებელია და ამ ამბიციებში ომიც იგულისხმება. აზერბაიჯანი ნელ-ნელა ხდება ქვეყანა, რომელსაც მადა უჩნდება, რომ იყოს სამხრეთ კავკასიის ლიდერი.

– უფ?!

– დასავლეთმა თურქეთთან ლოლიავით ჯინი გამოუშვა ბოთლიდან და ახლა ამ ჯინის უკან ჩატენა უწევს. თურქეთ-სომხური ურთიერთობების ფორმატში თურქეთმა ძალიან ბევრი დაპირება მიიღო, მაგრამ, პარალელურად გაუჩნდა ამბიცია, გახდეს რეგიონის ლიდერი, თან, ისე კი არა, როგორც ადრე იყო, ანუ ნატოს ფრთებქვეშ, არამედ – დამოუკიდებლად; ამასთან, უნდა, რომ გახდეს ისლამური სამყაროს ლიდერიც. მეტიც, მოუნდა, რომ მის ტერიტორიაზე განხორციელდეს ატომური პროექტები, თანაც, არა მხოლოდ თურქული, არამედ ირანულიც, ანუ, ყველაფერი მოინდომა ერთდროულად და დასავლეთს იგივე დაემართება აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი თურქეთზე ბევრად უფრო სუსტი სახელმწიფოა. ნუ დაგვავიწყდება, რომ აზერბაიჯანი აგროვებს ძალიან დიდ რესურსს და, იმ ფონზე, რომ აზერბაიჯანში სოციალური საკითხები მეათეხარისხოვანია, უფრო და უფრო მეტი ფულის აკუმულირებას ახერხებ. ამდენად, დასავლეთს მისი დაჭერა გაურთულდება. თურქეთმა იმდენი მოახერხა, რომ თავისი საქციელით გააღიზიანა ყველა მოკავშირე, რუსეთის ჩათვლით. უნდა გითხრათ, რომ, როგორც კი თურქეთმა ისრაელზე წამოიწყო შეტევა, მაშინვე გააქტიურდნენ თურქეთში ქურთები და თავს დაესხნენ ესკანდერუნის სამხედრო ბაზას. მოხდა რამდენიმე ტერაქტი ქურთებით დასახლებულ ქალაქში და ეს პროცესი გრძელდება. რამდენიმე დეტალს გეტყვით: იცით, რომ საქართველო ყიდის თავის ტერიტორიაზე გამავალ მაგისტრალურ გაზსადენს. 2011 წლის აპრილში მთავრდება ის ვადა, რომელიც ამერიკელებმა დააწესეს, როდესაც აგვიკრძალეს გაზსადენის გაყიდვა და, მე არ ვიცი, როგორი პოზიცია ექნებათ მათ 2011 წლის აპრილისთვის.

– გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჩვენი მაგისტრალური გაზსადენი, შეიძლება, აზერბაიჯანმა იყიდოს.

– აზერბაიჯანმა გამოთქვა ასეთი სურვილი. ეს ობიექტი დაახლოებით 500 მილიონი დოლარი ეღირება და აზერბაიჯანი მზადაა, გადაიხადოს ეს ფული. ერთი შეხედვით, რაში სჭირდება აზერბაიჯანს ეს გაზსადენი?

– როგორ არ სჭირდება?! სომხეთს ჩაუკეტავს რუსეთიდან მიმავალ გაზს.

– რა თქმა უნდა, მაგრამ, გადაკეტვა კომერციული მოსაზრებების გამო გამორიცხულია და ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი მოექცევა რუსეთის დიდი ზეწოლის ქვეშ. მაგრამ, ფაქტია, რომ აზერბაიჯანი გაზსადენს გამოიყენებს, როგორც ბერკეტს სომხეთზე ზემოქმედებისთვის. მეორე საკითხი: მას შემდეგ, რაც მექსიკის ყურეში გაჟონა ნავთობმა, „ბრიტიშ პეტროლიუმს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რადგან გადასახდელი აქვს ოთხმილიარდიანი კომპენსაცია და, გაჩნდა მოსაზრება, რომ „ბი პიმ“, შესაძლოა, გაყიდოს თავისი წილი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის პროექტში.

– და მაშინვე რუსეთი იყიდის.

– საქმეც ეს არის. „გაზპრომმა“ პირველმა გამოთქვა ასეთი სურვილი, მაგრამ, ამის სურვილი გამოთქვა აზერბაიჯანმაც. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ „ბი პის“ წილი შეისყიდონ თურქულმა და აზერბაიჯანულმა სტრუქტურებმა. თუ ეს ორივე გეგმა შესრულდა, მაშინ აზერბაიჯანის ხელში აღმოჩნდება როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი დერეფანი.

– ანუ ის, რითაც ჩევნ ვფიქრობთ პურის ჭამას.

– ასე რომ, აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, დასავლეთს ისევ იმ ჯინთან ექნება საქმე, რომელიც თურქეთის შემთხვევაში გამოუშვა.

– სომხეთი რაღას უშვებს, ყარაბაღის აღიარებას რომ მიადგა?

– გული მწყდება, რომ ჩვენი ჟურნალისტების დიდი უმრავლესობა თემას მაშინვე ივიწყებს, როგორც კი მას სიმწვავე მოაკლდება. ქართულმა მედიამ აღარ მიადევნა თვალი, როგორ განვითარდა მოვლენები სომხეთში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის იჯარის გაგრძელების გარშემო, არადა, სომხეთის პარლამენტს არ მოუხდენია ამ დოკუმენტის რატიფიკაცია. საქმე ის არის, რომ მედვედევმა ბაქოში აზერბაიჯანისთვის იმდენად მომგებიან დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომ სომხებისთვის ნათელი გახდა, პოზაში დგომა და გაძალიანება მისთვის მომგებიანი იქნებოდა. ჩვენმა მედიამ არ იცის, რა მოხდა ბაქოში.

– რა მოხდა?

– ჯერ ერთი, ხელი მოეწერა აზერბაიჯანისთვის საოცრად მომგებიან დოკუმენტს ენერგეტიკის სფეროში. ანუ რუსეთი აზერბაიჯანულ გაზს ბევრად უფრო დიდ ფასად იძენს, ვიდრე აქამდე: იძენს ევროპაში მიღებულ ფასად. არადა, აზერბაიჯანის გაზი ასეთ ფასში არ იყიდება. იცით, რომ თურქეთს აქვს აზერბაიჯანული გაზის დისტრიბუცია და დაბალ ფასს უხდის. მეორეც, ის „C-300“ რაკეტები, რომლებიც რუსეთმა ადრე სომხეთს გადასცა, მან უკვე გადასცა აზერბაიჯანსაც.

– ეს რუსული სტილია. გასაგებია, რომ ერთმანეთისთვის სასროლად გადასცა.

– რაც მთავარია, იმ დროს, როდესაც რუსეთი ჩვენ მიწებს გვართმევს და მცოცავ ანექსიას ახორციელებს, აზერბაიჯანს გადასცა თავისი ტერიტორიის ნაწილი.

– რის საფუძველზე?

– აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში გადის მდინარე სამური, ეს არის დაღესტნის მდინარე, რომელიც, უკვე რამდენი წელია, სასმელი წყლით კვებავს ბაქოს. მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც პირითაა აზერბაიჯანისკენ, მდებარეობს ჰიდროკვანძი, რომელიც ამ წყალს ანაწილებს: როგორც სასმელ წყალს დაღესტნისა და ბაქოსთვის, ისე სარწყავ წყალს. რუსეთმა ამ მდინარის მარჯვენა სანაპირო თავისი ჰიდროკვანძიანად გადასცა აზერბაიჯანს და საზღვარი გაავლო მდინარის შუაწელზე. დაღესტანში ამის გამო დასაბმელები არიან. მედვედევის ხელშეკრულების ეს ნაწილი სრულიად მოულოდნელი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ რუსეთისთვის ასეთი რამ უცხოა. ამდენად, სომხეთში ფიქრობენ, მოსკოვი ჩვენ გვექცევა, როგორც უფროსი ძმა, აზერბაიჯანს კი – როგორც პარტნიორიო. შეშფოთებული არიან და ამიტომაც არ გაუკეთეს რატიფიცირება სამხედრო ბაზასთან დაკავშირებულ დოკუმენტს და დროს წელავენ. მაგრამ სომხეთს უფრო უარესი რამ დაემართა: ოპოზიციური პარტია „დაშნაკ ცუტუნის“ ინიციატივით დაიწყო ყარაბაღის აღიარების საკითხზე მსჯელობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოსკოვის ინიციატივაა. ყარაბაღის აღიარების საკითხის განხილვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სერჟ სარქისიანი, რადგან, ორივე შემთხვევაში, აღიარებენ თუ არა, სერჟ სარქისიანი წაგებულია. თუ სომხეთის პარლამენტი, სადაც უმრავლესობა პრეზიდენტს ჰყავს, არ აღიარებს ყარაბაღს, სომხეთისა და ყარაბაღის მოსახლეობისთვის სარქისიანი გამოვა მოღალატედ; ხოლო, თუ სომხეთის პარლამენტი აღიარებს, მაშინ ეს ნიშნავს სომხეთის საერთაშორისო იზოლაციას, რადგან იმ დოკუმენტში არა მხოლოდ ყარაბაღის აღიარებაზეა ლაპარაკი, არამედ აზერბაიჯანის იმ შვიდი რაიონისაც, რომლებიც ოკუპირებული აქვს სომხეთს. ასე რომ, სომხეთს საერთაშორისო იზოლაცია გარანტირებული აქვს და, თუ აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო თავისი რაიონების დასაბრუნებლად, მას არავინ გაამტყუნებს. აზერბაიჯანს შეუძლია, ალყაში მოაქციოს ყარაბაღი, თუ იმ შვიდ რაიონს დაიკავებს და სომხეთს აღარ ექნება არგუმენტი. ბაქოში ეს იციან და ამიტომაც არიან გასუსულები. სერჟ სარქისიანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მგონია, რომ სარქისიანის ხელისუფლების ლოიალობაში ეჭვი შეიტანა მოსკოვმა და ამიტომაც ასეთ რამ გაუკეთა „დაშნაკ ცუტუნის“ ხელით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის უძველესი პარტია, სხვათა შორის, 1998 წელს თბილისში, ავლაბარში დაარსებული. ეს არის დიასპორული პარტია და სხვანაირად მას ჰქვია „სომხეთის რევოლუციური პარტია“.

– გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიაში ომის დაწყება მაინც რეალურია?

– თუ სომხეთის პარლამენტმა მიიღო ყარაბაღის აღიარების გადაწყვეტილება, ომი გარდაუვალია; თუ არ მიიღო, ომი გადაიწევს, მაგრამ აზერბაიჯანის პრეტენზიას იმ შვიდი რაიონის დასაბრუნებლად ვერაფერი შეაჩერებს.

– ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ჩვენ, გარდა იმისა, რომ ერთიანი კავკასიის შექმნის იდეა გვაქვს, რეგიონში მიმდინარე პროცესებში აღარ ვასრულებთ ფაქტორის როლს?

– ვერ ვიტყოდი ამას. მე მაინც ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, არ დარჩეს თამაშგარედ და, მეორეც, დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული იდეების პრეზენტირების ფუნქცია მიანიჭა.

– ჩვენ დავრჩით რეგიონში დასავლეთის ერთადერთ მოკავშირედ?

– ისეთ მოკავშირედ, რომელიც უხმოდ ასრულებს დასავლეთის მითითებებს, ერთადერთი ვართ, თუმცა, აზერბაიჯანიც მოკავშირედ მიიჩნევა, ოღონდ, ის თავის პრეტენზიებს აყენებს. აზერბაიჯანს, ჩვენგან განსხვავებით უზარმაზარი რესურსი აქვს, თუმცა, ის ტრაგედია რომ არ გადაგვხდენოდა თავს, რაც 2008 წელს მოხდა, ჩვენც საკმაოდ ხმამაღლა ვილაპარაკებდით.


скачать dle 11.3