კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უპირებდა სტიუარდესას დახრჩობას დათო საგანელიძე, ვის გადააფშვნა მან ფიცარი თავზე და რატომ დასჭირდა მას ცოლის “გაქურდვა„


დათო საგანელიძე ის ადამიანია, ვისთვისაც ოჯახი, მეგობრობა, ურთიერთობა და კარგი განწყობა ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. საჭიროების შემთხვევაში ის არც ჩხუბს ერიდებოდა, სახიფათო სიტუაციიდანაც ადვილად დაუღწევია თავი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოლისთვის თევზიც კი მოუპარავს. ახლა, ბატონი დათო თავს გადახდენილ ისტორიებს სიცილით იხსენებს და, შვილის მოლოდინში, მამობისთვის აქტიურად ემზადება.

– ბატონო დათო, როგორი ბავშვი იყავით, უბანში საქმის გარჩევებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

– ძალიან ლაღი, თავისუფალი და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. ლამაზი წლები იყო და ახლა მესმის ჩემი მშობლების, როცა თავად ვემზადები მამობისთვის. მოკლედ, ძალიან ცელქი ვიყავი, თუმცა, არა უზრდელი. ყოველთვის სიცილით ვიხსენებ. ბავშვობაში თავს გადახდენილ ამბებს. პლეხანოვზე გავიზარდე, 30-ე სკოლაში ვსწავლობდი, და, თუკი რაიმე კარგი ვისწავლე, სწორედ ამ უბნისა და სკოლის დამსახურებაა. ბევრი მხარდამჭერიც მყავდა უბანში და, სკოლაში თუ რამე მოხდებოდა, მათი იმედი ყოველთვის მქონდა. სკოლიდან სახლამდე სპეციალურად შორი გზით მივდიოდით ბიჭები, რომ სხვაუბნელ ბიჭებს გადავყროდით და ჩვენი მაგარი ბიჭობა მათთვის გვენახვებინა.

– მაგარი ბიჭობის ჩვენებაში რას გულისხმობთ?

– რას და, იმ უბანში განსხვავებული „სასტავი“ ცხოვრობდა და ბირჟაობდა, ჩვენს უბანში კი სულ სხვა გაგება და ურთიერთობები იყო. სკოლაში გაკვეთილები რომ დამთავრდებოდა, სპეციალურად შორი გზით მივდიოდით ბიჭები, რომ მათთან, ანუ სხვა უბნის „სასტავთან“ გვეჩხუბა.

– უმიზეზოდ ჩხუბობდით?

– მიზეზის მოგონებას რა უნდოდა? (იცინის). გეტყვით იმასაც, რომ ეს ჩხუბი ძალის გამოცდის კი არა, უფრო თვითგამოვლენისა და თვითდამკვიდრების მომენტი იყო. ყველაზე საინტერესო კი, იცით რა არის? მათაც იცოდნენ, რა დროს უნდა ჩაგვევლო მათ უბანში და გაჭიმულები, კბილებალესილები და თმააქოჩრილები გველოდებოდნენ. ჩვენც მივუახლოვდებოდით და, ისეთი ჩხუბი ატყდებოდა ხოლმე, რომ იტყვიან, დედა შვილს არ აიყვანს ხელშიო (იცინის). ჩხუბი ეს არაფერი, მაგრამ, სახლში რომ დაფლეთილ-დაგლეჯილი, დასისხლიანებული, დალურჯებული, დანგრეული და გაწეწილი მივიდოდი, დედაჩემი გიჟდებოდა. მთელი სკოლის პერიოდი ჩემი დაგლეჯილი ჩანთის, პიჯაკის, შარვლისა და პერანგის დაკერებაში იყო დედა.

– მხოლოდ მუშტით ჩხუბობდით?

– აბა რა! მაშინ დანას და სხვა ცივ იარაღს ვინ გამოიყენებდა, ეს დიდი სირცხვილი და საკუთარი ვაჟკაცობის შეურაცხყოფა იყო. ჩვენი ცივი იარაღი მარტო ჩანთა და გადაბელილი ხის ტოტები იყო (იცინის). ჩანთა ფარი იყო, ტოტები კი – ხმლები და, ვიბრძოდით ასე თავდაუზოგავად, საკუთარი ძალის დასამტკიცებლად. იმდენჯერ მაქვს ტვინის შერყევა მიღებული და თავზე იმდენჯერ მაჯდა კოპი, ის რომ დამეთვალა, ვინ იცის, სადამდე ავიდოდი (იცინის).

– როგორც ვიცი, კალათბურთს თამაშობდით და საქართველოს ნაკრებშიც იყავით. ესე იგი, რომ არა ექიმი და პოლიტიკოსი, კარგი სპორტსმენიც გამოხვიდოდით?

– (იცინის) ვერ გეტყვით, რამდენად კარგი და წარმატებული სპორტსმენი ვიქნებოდი, მაგრამ, თავის დროზე, ხელიც მოვიტეხე, ფეხიც და, მეტი რა მექნა, თავი როგორღა გამომეჩინა ამ სფეროში! ფიზიკურადაც ძლიერი ვიყავი. ისე, სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი და სპორტის თითქმის ყველა სახეობაშიც მოვსინჯე ძალები. სკოლა კი დავამთავრე მედალზე, მაგრამ, ისეთი ცელქი ვიყავი, ვერ აგიწერთ. არც „შატალო“ დამიკლია და არც ცუღლუტობა.

– მერე, მასწავლებლები როგორ გპატიობდნენ?

– კი ვიყავი „შატალოების“ ორგანიზატორი, დამრტყმელი, ცუღლუტი და მოჩხუბარი, მაგრამ, კარგად რომ ვსწავლობდი, მაინც ყველაფერს მპატიობდნენ.

– დათო, ვიცი კარგი თამადა ხართ – სუფრასთან არც სიტყვა-პასუხი გეშლებათ და არც ცეკვა-მოლხენა. ის თუ გახსოვთ, სულ პირველად სად დალიეთ და როგორ შეგერგოთ პირველი სიმთვრალე?

– სუფრასთან მოლხენა მართლა მიყვარს. ქეიფზე ცეკვაც „მოსულა” და სიმღერაც, აბა, როგორ!.. პირველი დალევა კი... ეს დღე არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. მოკლედ, პირველი ჩემი დათრობა კარგად მახსოვს: ბიჭები მეგობართან შევიკრიბეთ სახლში – ფიზიკაში უნდა გვემეცადინა. ალბათ, მეშვიდე კლასში ვიქნებოდით. გავიხედეთ, ამ ჩვენმა ძმაკაცმა კონიაკის ბოთლი „გააძრო“. კარგად გეახელით და, მართლა არ მახსოვს, იქიდან როგორ წამოვედი, სახლში როგორ მივედი, საწოლს როგორ მივაგენი (იცინის). ყველაფერი საშინელება მე დამემართა, გონზე არ ვიყავი. ეს პირველი დათრობისას იყო, თორემ, ახლა დალევასაც ვირგებ, თამადობასაც „ვქაჩავ” და მოლხენასაც კარგად ვახერხებ ჭიქით ხელში. ერთხელ, ძმაკაცთან ვიყავით საქეიფოდ. ქეიფი რომ დასრულდა, გამოვედით ქუჩაში ტაქსის გასაჩერებლად. გვიანი იყო, თან, მეგობარი გოგონებიც გვახლდნენ. იმ უბნის ბიჭებმა იფიქრეს, ახლა ამათ დავაგოიმებთო და რაღაცაზე აგვიშარდნენ. იცოცხლე, იქ ჩვენ ვაჩვენეთ კლასი (იცინის). რომ დავერიეთ, ძლივს გამოგვგლიჯეს ხელიდან. გოგონები უნდა გენახათ, რას ჩხუბობდნენ, სულ თმები დააგლიჯეს იმ საწყლებს. გავიხედე და ჩემი ერთი ძმაკაცი წაბორძიკდა და წაიქცა. მივვარდი ასაყენებლად და ისეთი მომხვდა წელში ფიცარი, დღესაც მწარედ მახსოვს ის ტკივილი. უფრო სწორად, მაშინ ისეთი ნასვამი ვიყავი, ტკივილი ვერ ვიგრძენი, მაგრამ მერე ხშირად მაწუხებდა წელის ტკივილი და ეს იმ დღის ბრალი იყო. მუშტით რომ ვერ მოგვერივნენ, ფიცრებით შემოგვიტიეს. დამიჯერეთ, სულ თავზე გადავამტვრიეთ ის ფიცრები (იცინის), ამაში ნასვამობას ნამდვილად არ შეუშლია ხელი.

– ხშირად დადიხართ უცხოეთში და, ალბათ, ბევრი საინტერესო ამბავიც გაქვთ გასახსენებელი?

– რასაკვირველია. ჩემი კურიოზები, ძირითადად, მგზავრობას უკავშირდება. ერთხელ, ტოკიოში მივფრინავ. თვითმფრინავში ჩემ გვერდით დაჯდა ერთი რუსი კაცი. მიამბო თავისი ცხოვრების დეტალები და მოაყოლა, ლოს-ანჯელესში მაქვს ბიზნესი და იქ მივდივარო. დავფიქრდი... ვიფიქრე, ეს ლოს-ანჯელესში მიფრინავს, მე – ტოკიოში და რაფრა იქნება ახლა ჩვენი საქმე-მეთქი (იცინის). ჩავეძიე: ბატონო ჩემო, ხომ არ გეშლებათ, ეს თვითმფრინავი ტოკიოში უნდა დაჯდეს და თქვენ ლოს-ანჯელესში როგორ მოხვდებით-მეთქი? გადაირია, რა ტოკიო, ეტყობა შეგეშალათ რეისი, ზუსტად ვიცი, სადაც მივფრინავო. დამცხა, ცივმა ოფლმა დამასხა. ვიფიქრე, ნამდვილად შარში ვარ-მეთქი. თანაც, ცაში ხარ და, ხომ არ ეტყვი პილოტს, შენი ჭირიმე, გააჩერე, შემეშალა გზაო (იცინის). მოკლედ, ორივე უბედური ვართ, ვაწყნარებთ ერთმანეთს და, ამ დროს, სტიუარდესამ ჩამოიარა. ვეცი და ვეკითხები: შენი ჭირიმე, ხომ ჩავფრინდებით ტოკიოში-მეთქი, გამიღიმა – კიო. ახლა ის კაცი ეცა: გოგონი, შენი თვალების ჭირიმე, ხომ ჩავალ ლოს-ანჯელესშიო. იმასაც გაუღიმა და უპასუხა, კიო. ვა, სულ გადავირიე. ვიფიქრე, ნაღდად „გვეღადავება“ ეს ქალი და ახლა ამას დავახრჩობ-მეთქი (იცინის). საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა რომ ჯერ ტოკიოში დაჯდებოდა და შემდეგ ჩაფრინდებოდა ლოს-ანჯელესში. მერე ვშაყირობდი, არ გადავრჩით მე და ის რუსი იმ სტიუარდესას გამო ციხეს-მეთქი?! (იცინის). ამ ზაფხულს კი ცოლთან და მეგობრებთან ერთად გახლდით უცხოეთში დასასვენებლად, კერძოდ, ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ დღესაც, სათევზაოდ გადავწყვიტეთ წასვლა. ვიტრაბახე კიდეც, ნახეთ ახლა რამდენ თევზს დავიჭერ, მაგრად გამომდის თევზაობა-მეთქი. გადავაგდე ანკესი და ველოდები. აქეთ გავიხედავ – ერთი ჩემი მეგობარი ამოათრევს თევზს წყლიდან, გავიხედავ – მეორე, ჩემმა ცოლმაც კი მაჯობა (იცინის). რაჭველი კი ვარ, მაგრამ, სწრაფად მოვისაზრე, ბევრი არ მიფიქრია, ისე ვიპოვე გამოსავალი.

– რა გამოსავალი?

– რა და, ქურდობა (იცინის). ისე, თვითმფრინავში, გვერდით მჯდომი მგზავრისთვის, ოსტატურად მომიპარავს კექსი და მიჭამია, ბიბლიოთეკიდან წიგნი მომიპარავს, ზღვის სანაპიროზე, ხილის ასორტის თეფშიც შემიცვლია, მაგრამ, თევზი პირველად მოვიპარე ჩემს ცხოვრებაში და არ გამიმართლა. ამ შემთხვევაში უიღბლო აღმოვჩნდი (იცინის). მოკლედ, დავყევი და, ვისაც ბევრი თევზი ჰყავდა დაჭერილი, ვიპარავდი და ჩემს ჭურჭელში ვყრიდი. ცოლსაც კი მოვპარე (იცინის), მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველამ არ იცნო თავისი დაჭერილი თევზი?! მოცვივდნენ და გადაირივნენ, ეს ჩემი დაჭერილია, ეს – ჩემიო. ასე რომ, ჩემგან თევზის ქურდი არ დადგება და ამ საქმეში ვერ ვივარგებ (იცინის).

– ხილის ასორტის მოპარვა რატომ გადაწყვიტეთ, ფული არ გქონდათ მის საყიდლად?

– ფული როგორ არ მქონდა! მე და ჩემი მეგობარი ვიყავით სანაპიროზე და, რომ შევუკვეთეთ ხილის ასორტი, ისეთი პატარა თეფშით მოგვიტანა, ის რას გვეყოფოდა?! გვერდით კი უცხოელები ირუჯებოდნენ და მათ დიდი ლანგრით მოართვა. ის უცხოელები ზღვაში შევიდნენ თუ არა, წამოვხტი და თეფშები შევცვალე. არც არავინ შემომდავებია და ვერც ვერაფერი გაიგეს. ასე რომ, ამ საქმესაც ცოდნა უნდა (იცინის).


скачать dle 11.3