კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი ძილის წინ და როდის არ შეიძლება საწოლში ნებივრობა



დღეს ხშირად საუბრობენ ადამიანები, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი, როგორ უნდა იქცეოდეს ის, რას უნდა აკეთებდეს და როგორ უნდა ლოცულობდეს. შესაბამისად, ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი).



– მამაო, როგორ უნდა იწყებოდეს ქრისტიანის ყოველი დღე?

– ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ყოველთვის ადგეს ადრე და განსაზღვრულ დროს. თუ მას რამე განსაკუთრებული მიზეზი არ აქვს, კარგი იქნება, თუ შვიდ საათზე მეტს არ იძინებს, რადგან ეს უკვე მას სიზარმაცედ ექცევა, ძილში გაატარებს მთელ ღამეს, დღის გარკვეულ ნაწილსაც და, შესაბამისად, მას ლოცვაც დაეზარება და მუშაობაც. როგორც კი ადამიანი ადგება, მან მაშინვე ღვთისკენ უნდა აღმართოს გონება, მოწიწებით უნდა გამოისახოს პირჯვარი, მადლობა გადაუხადოს ღმერთს, რომ მშვიდობით აღადგინა: „გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, მშვიდობით რომ აღმადგინე. მაკურთხე დღესაც, მომეცი შემწეობა, ეს დღეც ლოცვაში გავატარო, სიკეთე ვაკეთო და დამიფარე უხილავი და ხილული მტრებისგან”, მერე კი წარმოთქვას იესოს ლოცვა. ამის შემდეგ ყოველი ქრისტიანი დაუყოვნებლად უნდა წამოდგეს და შეიმოსოს. სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლება არ უნდა მისცეთ საკუთარ თავს. რაც მთავარია, შემოსვის დროს ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგას, უნდა გაიხსენოს ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაკარგა სამოსელი უმანკოებისა და უნდა შესთხოვოთ იესო ქრისტეს, რომ სულიწმიდის მადლით შეგმოსოთ. ამის შემდეგ ადამიანი უნდა მოწესრიგდეს და შეუდგეს დილის ლოცვის კითხვას; მუხლმოდრეკილებმა, ყურადღებით, მოწიწებით და ღრმა სინანულის განცდით უნდა ილოცოთ და არა უყურადღებოდ და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით. ჩვენი ყოველი დილა უფალთან ურთიერთობით უნდა იწყებოდეს, მას უნდა გადავუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ გაგვითენა ახალი დღე და შევთხოვოთ, რომ კიდევ ერთმა დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისა და ახლობლებისთვის, კიდევ ერთხელ განვმტკიცდეთ რწმენაში, გავძლიერდეთ სარწმუნოებაში, სიყვარულში და დავითმინოთ განსაცდელები. ლოცვის კითხვის დროს ადამიანი წესიერად უნდა იყოს შემოსილი; ქალებმა აუცილებლად უნდა დაიფარონ მანდილი და სიყვარულით, სიმშვიდით აღავლინონ ლოცვა.

– რა უნდა შესთხოვოს უფალს ადამიანმა ყოველ დილით ლოცვის აღვლენის დროს?

– ადამიანმა უნდა მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ის ყველაფერს ღვთის სათნოდ აღასრულებს, მზად არის, აკეთოს სიკეთე და შეეწიოს მოყვასს. ყოველდღე თითოეულმა ადამიანმა მეოთხედი საათი მაინც უნდა დაუთმოს სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს, განსაკუთრებით კი – გონებისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე, ძე ღმერთის განკაცებაზე, მის მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე ფიქრს. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ, შეიძლება, ეს დღე თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, როგორც ისურვებდით, გაგეკეთებინათ მაშინ, დაუყოვნებლივ, რომ წარმდგარიყავით ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. ყოველ დილას მადლობა უნდა შესწიროთ უფალს, რომ მან დაგიფარათ განვლილ ღამეს, რომ ჯერ ისევ ცოცხალი ხართ და არ მომწყდარხართ საკუთარ ცოდვებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი წარსდგა იმ ღამეს ღვთის სამსჯავროს წინაშე და თქვენთვის ეს დღე ჯერ არ დამდგარა. ყოველდღე უნდა ფიქრობდეთ იმაზე, რომ მხოლოდ ახლა იწყება და გსურს, რომ იყო ქრისტიანი და რომ წარსული დრო ტყუილად დაკარგე. ლოცვის შემდეგ, თუ ადამიანს აქვს დრო, სასურველია, წაიკითხოს სულისთვის სასარგებლო წიგნი და იკითხოს მანამ, სანამ მისი გული არ მოლბება და უფლის სიყვარულით არ აივსება; კითხვის დროს უნდა იფიქროს იმაზე, რას კითხულობს, დაუკვირდეს იმას, თუ რას ეუბნება უფალი. ამის შემდეგ უკვე შეიძლება საქმეების კეთება. რა თქმა უნდა, სასურველია, თუ ადამიანი საქმის კეთების დაწყების წინ წაიკითხავს სპეციალურ ლოცვას, რადგან ამის შემდეგ მისი საქმე უფლისგან იკურთხება და ადამიანს კარგი, კეთილი საქმის აღსრულებაში ხელი მოემართება. ასევე არსებობს ლოცვა საქმის დამთავრების შემდეგ, რომელიც ერთგვარი სამადლობელი ლოცვაა, უფლის წინაშე აღვლენილი. თავად უფალმა ბრძანა: „ჩემსა გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი”. მუშაობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავით და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდეთ. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმთ, შეასრულეთ როგორც ეპიტიმია თქვენი ცოდვებისათვის. გახსოვდეთ: თუ საქმე წარუმატებლად დამთავრდება, იცოდეთ, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა და ასე იყო თქვენთვის საჭირო.

– მამაო, აუცილებელია თუ არა საკვების მიღების დროს ლოცვის წაკითხვა?

– სადილობისას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ უფალი გვიწვდის ხელს, რათა გამოგვკვებოს; შესაბამისად, არასდროს არ უნდა გამოტოვოთ საზრდელის მიღების წინ ლოცვის წაკითხვა. სადილობის შემდეგ კი, ჩათვალეთ, რომ იმ ხუთიათასთაგანი ხართ, რომელიც სასწაულებრივად განაძღო უფალმა იესო ქრისტემ, ამიტომ გულით უნდა შესწიროთ მადლობა უფალს, რომ მან არ მოგაკლოთ ზეციური საზრდო. თუ მშვიდი ცხოვრება გსურთ, უნდა მიენდოთ უფალს. სულის სიმშვიდეს ვერ მოიპოვებთ მანამ, სანამ უფალს არ მიენდობით და არ გეყვარებათ ის სულით და ხორცით. ყოველთვის უნდა იყოთ ფხიზლად და უნდა დაუკვირდეთ საკუთარ გრძნობებს, გულისთქმასა და ვნებებს. რაც მთავარია, უნდა იყოთ თავმდაბლები, მშვიდები და მორჩილები. ყოველთვის უნდა დადუმდეთ და მორჩილება გამოიჩინოთ უფლის დარად, ის არასდროს მოგცემთ იმ ჯვარს, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. დღის განმავლობაში უნდა შეეცადოთ, რომ გამონახოთ დრო განმარტოებისთვის, იესოს მსგავსად, რომელიც კაცთა მოშორებით ლოცულობდა ზეციური მამის მიმართ. ნურასდროს იკამათებთ და ნუ მოჰყვებით თავის დაცვასა და მართლებას. რაც მთავარია, უნდა იყოთ გულწრფელნი და გულით, სიყვარულით მიიღეთ დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყოთ. არ უნდა იყოთ მოძულეები, შურიანები და ზედმეტად მკაცრები სიტყვასა და საქმეში. რაც თქვენთვის არ გსურთ, სხვას ნუ გაუკეთებთ და რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ, თავად გაუკეთეთ სხვებს. თუ ვინმე სტუმრად გეწვევათ, მას ალერსიანად, ყურადღებით მოექეცით, იფიქრეთ, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთან ერთადაც თქვენ იმყოფებით და საუბრობთ. ჯობია ყოველთვის უსმინო სხვებს, ვიდრე ილაპარაკო – ამ შემთხვევაში, მრავალსიტყვაობისას, ცოდვას ვერ გადაურჩებით. უფლისგან ყოველდღე უნდა გამოითხოვოთ მადლი კათილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნებით ცნობისმოყვარეები ახალი ამბების მიმართ. რაც მთავარია, უნდა ეცადოთ, რომ ყველას სიკეთე გაუკეთოთ, მაგრამ არასდროს უნდა იფიქროთ იმაზე, დააფასებს ამას სხვა თუ არა. ვახშმობის დროს ყოველთვის უნდა გაიხსენოთ იესო ქრისტეს უკანასკნელი მწუხრი და უნდა შეევედროთ მას, რომ ღირსი გაგხადოთ ზეციური მწუხარებისა. დაწოლის წინ კი აუცილებლად უნდა გამოსცადოთ საკუთარი სინდისი; ილოცეთ, რომ განგინათლდეთ გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრეთ მათზე და ითხოვეთ პატიება, წაიკითხეთ ძილის წინ ლოცვები და ღმერთს შეევედრეთ ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდით მის წინაშე წარდგომას, შეავედრეთ თავი ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმიდანებს, რომლის სახელსაც ატარებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საწოლი კუბოა, გადასაფარებელი კი – სუდარა. თუ ვერ იძინებთ ან ფხიზლობთ ღამით, გაიხსენეთ უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ქრისტე ევედრებოდა ზეციურ მამას თავისი სისხლის დათხევამდე, ევედრეთ უფალს, რათა საუკუნო წყვდიადმა არ შთანთქას სული თქვენი. ასე გვირჩევენ წმიდა მამები ყოველი დღის გატარებას.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3