კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადის ნაკურთხი სახლიდან ან ოფისიდან კურთხევით მიღებული მადლი და როგორ ცვლის ფუძის ანგელოზს ბნელი ძალა


როდესაც ბინას სასულიერო პირის დახმარებით ვაკურთხებთ, ამ დროს მფარველი ანგელოზი შემოდის სახლში და ამ ოჯახის მფარველი ხდება. როდის უნდა აკურთხოს ადამიანმა ბინა, როგორ უნდა ცხოვრობდეს ის ნაკურთხ სახლში, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიგაშვილი).


მამა საბა (ბიგაშვილი): დღეს არაეკლესიური და ეკლესიური ადამიანები დგებიან იმ საკითხის წინაშე, რასაც სახლის განათლება, კურთხევა ჰქვია. ამ დროსაც, ღვთის შეწევნით, მფარველი ანგელოზი შემოდის ოჯახში, განწმენდს იქაურობას და ისადგურებს სითბო, სიყვარული, შეწევნა, სიწმიდე. ეს ტრადიცია არ არის ახალი აღთქმისეული, ძველ აღთქმაშიც გვხვდება ასეთი მომენტები. ეგვიპტის ტყვეობიდან გამოსულ ებრაელ ხალხს აღთქმულ ქვეყანაში, ქანაანში თავის დამკვიდრება გამუდმებული ბრძოლებით უხდებოდა. მეორე სჯულის მეოცე თავის მეხუთე მუხლში, უფალი მოსეს სახელით მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ ხალხის დამოძღვრა. ანუ, რჯულის მასწავლებლებს აძლევს კურთხევას, რომ, თუ ვინმემ ააშენა ახალი საცხოვრებელი სახლი და იმ დროს კი ბრძოლაა, სახლში დარჩენის უფლებას მისცემენ, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოასწრო სახლის განათლება. რადგან შეიძლება, ის ბრძოლაში გარდაცვლილიყო და მის სახლს მის მაგივრად სხვა გაანათლებდა, ანუ აკურთხებდა. ამიტომ, ეს რომ არ მომხდარიყო, უფალი მოსეს დახმარებით ადამიანებს აძლევდა კურთხევას, სახლში დარჩენილიყვნენ და საკუთარი ბინა თავად გაენათლებინათ. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს და არავის ეგონოს, ახალ აღთქმაში მოხდა ამის დაკანონება. სახლის კურთხევისას, როდესაც ლოცვას ვკითხულობთ, იქ სახარებიდან ის მომენტია მოყვანილი, როდესაც მაცხოვარი მიდის მეზვერე ზაქეს სახლში და აქედან იწყება ისტორია სახლის კურთხევისა. როდესაც ახალი აღთქმის დროს დაარსდა ეკლესია, პირველ საუკუნეებში იყო ასეთი ტრადიცია – მორწმუნე მრევლი, ერისკაცები საკუთარ სახლს ყოველდღე აკურთხებდნენ, რათა სახლი განწმენდილიყო და ღვთის კურთხევა ყოფილიყო იმ ოჯახზე. ახლა ეს ტრადიცია დაკარგულია, აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, დღეს არ არის იმის საშუალება, რომ ყოველდღე აკურთხონ სასულიერო პირებმა ბინა. თუმცა, წელიწადში ერთხელ სახლის კურთხევა აუცილებელია. ეს არცთუ ისე პატარა, მცირე პერიოდია. ერთ წელიწადში შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, რაც სულიერ ასპექტში დააზიანებს ოჯახს, მის წევრებს. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება, ჩვენს სახლში, დაწესებულებაში ისეთი ადამიანები შემოვიდნენ, რომლებმაც, როგორც მას ვუწოდებთ თავისი აურით, რაც არასწორი გამოთქმაა, ანუ საკუთარი სულიერი მდგომარეობით, უარყოფითი ემოციებით ცუდად იმოქმედონ ჩვენზე, ოჯახზე. ამიტომ, აუცილებელია, რაც შეიძლება ხშირად ვაკურთხოთ სახლი, ყოველდღე არა, მაგრამ ექვს თვეში ერთხელ მაინც – პატრიარქის კურთხევით. მაგრამ, თუ ადამიანს სურვილი აქვს, შეუძლია, სამ თვეში, ან თვეში ერთხელ მოიწვიოს სასულიერო პირები და აკურთხებინოს ბინა. რაც ხშირად მოხდება ეს, მით უფრო უკეთესი იქნება.

როდესაც სასულიერო პირები შევდივართ ოჯახში, ჩვენი მეშვეობით, ლოცვით ხდება სახლის კურთხევა. ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მან იმ ოჯახისთვის მფარველი, მცველი ანგელოზი გამოგზავნოს. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს ნათლობისას ეძლევა მფარველი ანგელოზი, რომელიც მისი მფარველია, მას უწევს ამ ცხოვრებაში წინამძღვრობას, განაწყობს ლოცვისთვის, კეთილი საქმისთვის, სიკეთისთვის. ბინის მფარველი ანგელოზი კი ერთ ადამიანს კი არა, მთელ ოჯახს იცავს. ლოცვის დროს ვკითხულობთ: ღმერთმა დაიცვას ეს ოჯახი ყველანაირი განსაცდელისგან, შეჭირვებისგან, უცხო მტერთა ზედა მოსვლისგან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ოჯახში შევდივართ, ყველას ვეუბნებით, ძალიან კარგია, რომ ადამიანმა ისურვა სახლის კურთხევა, მაგრამ მეორე საკითხია – თავად როგორ იქცევა. ანუ, როცა ვაკურთხებთ სახლს, იმ დროს ოჯახში შემოდის მფარველი ანგელოზი, მას შესაფერისი სიტუაცია, გარემოება უნდა შევუქმნათ, რომ დაივანოს, სუფევდეს უფლის შეწევნით და აკურთხებდეს ოჯახს. თუ სახლის განათლების, კურთხევის შემდეგ, იმ ოჯახში იქნება ბილწსიტყვაობა, გინება, თამბაქოს წევა, ანუ ის გარემოება, რაც არ შეესაბამება ქრისტიანულ ცხოვრებას, მფარველი ანგელოზი ძალიან მალე დატოვებს ოჯახს. ასეთი გამონათქვამიც არის: ფუძის ანგელოზმა დატოვა ოჯახიო, ანგელოზი გადის ამ ოჯახიდან. ღმერთმა ყველა დაიფაროს და მის მაგივრად შემოდის ბნელი ანგელოზი, რომელიც წარმართავს ოჯახის წევრებს არა კარგი საქმის კეთებისკენ, არამედ დაშლისკენ, უთანხმოებისკენ, უსიყვარულობისკენ, სიძულვილისკენ. ეშმაკი ყოველთვის გაყოფს, ღმერთი ყოველთვის აერთიანებს. ამიტომ, ის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს ბინის კურთხევას, პირველ ყოვლისა, უნდა მოემზადოს საკუთარი თავის გასანათლებლად, საკუთარი თავი უნდა აკურთხოს. თუ მანამდე ოჯახში დაძაბული სიტუაცია იყო, თამბაქოს ეწეოდნენ, ბილწსიტყვაობდნენ, ამის შემდეგ მაინც მოიშალონ, რათა ის მადლი, რომელიც სახლის კურთხევისას ოჯახში დამკვიდრდა, დიდხანს დარჩეს. რა თქმა უნდა, ამას და არა ანგელოზს, სჭირდება პერიოდულად განახლება, რათა ის მადლი, ერთხელ რომ დამკვიდრდა კურთხევის დროს, წარმატებული იყოს და ოჯახში დიდხანს სუფევდეს. ამისთვის საჭიროა, სახლის ხშირი კურთხევა და განწმენდა.

– თუ არსებობს დღეები, საეკლესიო დღესასწაულები, რომლის დროსაც უკეთესია სახლის კურთხევა?

– ნათლისღებას, ასევე სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე, როდესაც ერთიანი სიხარული სუფევს დედაეკლესიაში, კარგია სადღესასწაულო წირვის აღსრულების შემდეგ ეს დღესასწაული ოჯახშიც გაგრძელდეს სახლის კურთხევით. ანუ, კარგია ასეთ დღეებში ბინის კურთხევა, მაგრამ ასეთი კანონიკა არ არსებობს და ნებისმიერ დღეს თუ ვაკურთხებთ ბინას, არანაირი დარღვევა არ იქნება.

– აუცილებელია თუ არა სახლის კურთხევა, როდესაც ოჯახში ადამიანი გარდაიცვლება, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს ბინაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის?

– როდესაც ოჯახის წევრი გარდაიცვლება, ამას ყოველთვის მოსდევს შფოთი, წუხილი, ტირილი. ამიტომ, როცა მას მივაგებთ პატივს, ავუგებთ წესს, შემდეგ სასურველია, ვაკურთხოთ ბინა, თუნდაც ის ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე იყო ნაკურთხი. რათა წყალობა, ნუგეში დაბრუნდეს ოჯახში.

– ბინის კურთხევისას კარზე, კედლებზე სასულიერო პირები ჯვარცმის გამოსახულებას აკრავენ, ეს რისთვისაა საჭირო?

– ესეც სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს. როდესაც ებრაელი ხალხი უნდა გამოსულიყო ეგვიპტიდან, უფალმა მოსეს სახელით მათ მოუწოდა, დაეკლათ საპასექო ზვარაკი, ანუ ცხვარი და მისი სისხლი ჯვრის სახით ეცხოთ კარისთვის. როდესაც უფლის ანგელოზი შემოვიდოდა და ყველა პირველშობილს მოაკვდინებდა ეგვიპტის ქვეყანაში, დაინახავდა ჯვრისნიშნიან სახლს და გვერდს აუვლიდა მას. ეს ახალ აღთქმაში კიდევ უფრო განმტკიცდა, იმიტომ, რომ ნებისმიერ ნიშანს შორის, რასაც ქრისტიანები ვატარებთ, ჯვარი ყველაზე აღმატებულია. ჯვარმა ჯერ კიდევ უფლის ჯვარცმის დროს შეიძინა ძალა, რომელიც განდევნის ეშმაკებს, აკურთხებს სახლებს, განწმენდს, განამტკიცებს ქრისტიანებს. შესაბამისად, როდესაც სახლს ვაკურთხებთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს ჯვრის გამოსახულება. ეს ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ვეთაყვანებით ჯვარს. როგორც მოციქული ამბობდა: ჯვარი ურწმუნო ადამიანებისთვის სიცოფეა, მაგრამ ქრისტიანებისთვის – ძალა, შეწევნა.

– დღეს ადამიანები ხშირად აკურთხებენ სხვადასხვა ნივთებს, განსაკუთრებით ავტომობილებს.

– თუ ჩავხედავთ „კურთხევანს“, რომლითაც მღვდელმსახური აღასრულებს ნებისმიერ საიდუმლოს, განგებას ლოცვისას, მასში წერია ასეთი ლოცვა – „კურთხევა ნავისა“. ადრე არ იყო ავტომობილები, ამიტომ, რადგან ადამიანებს უწევდათ ნავებით გადაადგილება, მათ აკურთხებდნენ. დღეს ეს ლოცვა, შეიძლება ითქვას, გადმოკეთდა ავტომობილზე. თუმცა, თუ ვინმეს ნავის კურთხევა უნდა, შეუძლია აკურთხოს. ქრისტიანები ნებისმიერი საქმის კეთებას ლოცვით უნდა ვიწყებდეთ, რომ ღვთის კურთხევა და მადლი გვეწეოდეს ყველა საქმეში. ავტომობილი, რადგან გადაადგილების საშუალებაა, იკურთხება იმიტომ, რომ გადაადგილების, საქმის კეთების დროს, უფლის წყალობა არ მოგვაკლდეს.


скачать dle 11.3