კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ამხილოს ქალმა ქალი ქმრის ღალატში



ნებისმიერ ურთიერთობაში – მთავარია, ადამიანი მიიღო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. განსჯა და განკიცხვა, ყველას შეუძლია, მაგრამ რთულ სიტუაციაში მხარდაჭერა და თანადგომა – ერთეულებს. შეცდომას უშვებს ყველა. ასევე, ყველას აქვს საკუთარი ცხოვრების მოწყობის უფლება. მეგობარი გვჭირდება იმიტომ, რომ რთულ სიტუაციაში გვერდით დაგვიდგეს და გაგვამხნევოს. სწორედ ეს არის მთავარი. კეთილგონიერებისკენ მითითება და ჭკუის დარიგება არ შედის ჭეშმარიტი მეგობრის მოვალეობებში. არ არის საჭირო, რთულ სიტუაციაში მყოფ ახლობელს დაუმტკიცო, რომ შენ მასზე ჭკვიანი ხარ.

როცა ქმარს საყვარელი ჰყავს, საზოგადოება (არცთუ იშვიათად ცოლიც) და მისი საახლობლო ამას ეჩვევა. ყოველ შემთხვევაში, განგაშს არ ტეხს და დამნაშავეს სასამართლოს არ უწყობს. მაგრამ აბა, ცოლმა გაიჩინოს საყვარელი? – უახლოესი მეგობრებიც განუდგებიან და საწყალ ქალს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად უქცევენ. ამ დროს, არავინ, ყველაზე უახლოესი ადამიანიც არ ფიქრობს, რამ უბიძგა მას ღალატისკენ. რატომღაც ყველა დარწმუნებულია, რომ თვითონ ამას არასოდეს გააკეთებს. რატომ გვავიწყდება, რომ მეგობარი ყველგან და ყოველთვის მეგობრად უნდა დარჩეს.



ლიკა (34 წლის): მე რომ ქმარმა მიღალატა, ერთადერთი, ვინც მართლა გვერდით დამიდგა და სწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა, ჩემი დაქალი, მარინა იყო. ძალიან ცუდად ვიყავი. ისე განვიცდიდი ამ ამბავს, რომ ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. ჩემი უახლოესი ნათესავები და დედაც კი, ისეთ რამეებს მეუბნებოდნენ, უარესად მაგიჟებდნენ. მათთვის რომ დამეჯერებინა, დღეს ოჯახი აღარ მექნებოდა.

– ანუ, გირჩევდნენ მიგეტოვებინათ ქმარი.

– დიახ. ასეთი შეურაცხყოფა როგორ უნდა აპატიო, თავმოყვარეობა არ გაქვს?! თუ საკადრის პასუხს არ გასცემ, ცოტა ხანში უარესს გაგიკეთებს და საყვარელს პირდაპირ ლოგინში დაგახვედრებსო. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მოსასმენი იქნებოდა ჩემთვის ამ კეთილმოსურნეთა რჩევები. მზად ვიყავი, ჩემი მოღალატე ქმრისთვის თვალები ამომეთხარა. მარტო მარინამ მითხრა, ეცადე დამშვიდდე და ცივი გონებით მიიღო გადაწყვეტილებაო. არ უთქვამს, აუცილებლად აპატიე, ან აუცილებლად დაშორდიო. დაფიქრდი და კარგად გაიაზრე, როგორ იქნები ორივე შემთხვევაში. თუ ვერ შესძლებ შენი ქმრის გარეშე ცხოვრებას, მაშინ დასვი და დაელაპარაკე, გაიგე, მისი აზრი თქვენი ურთიერთობის შესახებ. მე ღალატი საშინელებად მიმაჩნია, მაგრამ კაცის მკვლელსაც აქვს გამართლება. იქნებ რა გარემოებამ შეუწყო ხელი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა. ისტერიკით მარტო ნერვებს გაიფუჭებ, მეტს ვერაფერს მიაღწევო. კიდევ კარგი, რომ დავუჯერე. ძალიან გამიჭირდა, მოვრეოდი საკუთარ თავს, მაგრამ შევძელი, მომესმინა ჩემი ქმრისთვის.

– თუ იმისთვის, როგორ გაიმართლებდა ის თავს?

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ. ვინ იტყვის, არა, დამნაშავე ვარ და დამსაჯეთო, მაგრამ ჩემი ქმარი გულწრფელი იყო. მე ეს ვიგრძენი, მითხრა, თუ შეგიძლია, ერთი შანსი კიდევ მომეციო და მეც მივეცი. არც მინანია. იმ შემთხვევის შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა. მე და ჩემი ქმარი ერთად ძალიან კარგად ვართ. ურთიერთობა თავიდან ავაწყვეთ და დავილაპარაკეთ. ვიცი, რომ არ მღალატობს და მართლა ვუყვარვარ.

– ასეთი რა მიზეზი გითხრათ?

– განსაკუთრებული არაფერი. მითხრა, ის ქალი შეცდომა იყო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე. ოჯახის დანგრევა არ მინდა. შენ გარეშე ძალიან გამიჭირდება. თუ მაპატიებ, ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი ბედნიერებისთვისო. რომ დავფიქრდი, მივხვდი, ძალიან მიყვარდა. წარმოვიდგინე, ჩემი ცხოვრება მის გარეშე და გული მომიკვდა. მივხვდი, რომ მერჩივნა მეპატიებინა მისთვის ღალატი. მარინას დამსახურებაა, რომ ოჯახი არ დავანგრიე.

– გადაწყვეტილება მოგიწონათ?

– არც მომიწონა და არც დამიწუნა. მე შენს ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ და გვერდით დაგიდგებიო, მითხრა. ასეც მოიქცა. გეუბნებით, მისი დამსახურებაა, რომ დღეს ბედნიერი ვარ. მე კი ძალიან ცუდად მოვექეცი. ამიტომ ვერ ვპატიობ საკუთარ თავს. არ მეგონა, ისეთი უტაქტო და სულელი თუ აღმოვჩნდებოდი. თუმცა, ალბათ მეც მაქვს რაღაც გამართლება. საქმე ისაა, რომ მარინას მკვეთრად გამოხატული პოზიცია ჰქონდა ღალატზე და შეიძლება, მეც ამიტომ განვიცადე ისე მწვავედ მომხდარი. თანაც, ისეთი მოულოდნელი იყო, წარმოიდგინეთ, მივდივარ ქუჩაში და უცებ, ვხედავ, როგორ კოცნის ჩემი უახლოესი დაქალი უცხო მამაკაცს. ის ჩემთვის იყო უცხო, თორემ მარინასთვის ნაცნობზე გაცილებით მეტი რომ იყო, მაშინვე მივხვდი. ლამის ენა ჩამივარდა. ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი. იმან ვერ დაინახა მარინა, მაგრამ მე ისე გავფითრდი და გავშეშდი, მიხვდა, რაღაც ხდებოდა. რა მოგივიდა, ასეთი და რა ნახეო, ქუჩის მეორე მხარეს გავახედე. მან კოცნის მომენტი ვერ დაინახა, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, მარინას და იმ კაცის ურთიერთობა ჩვეულებრივ ნაცნობობას რომ არ ჰგავდა. ჩემმა ქმარმა მითხრა, გირჩევ შენს მეგობარს არაფერი უთხრა, თავი შეიკავე, ეს მისი ცხოვრებაა და თვითონ მიხედავს. შენ უფლება არ გაქვს, ჩაერიოო. ძალიან გავბრაზდი, როგორ თუ არ მაქვს უფლება. ხომ არ გავიწყდება, ვინ არის მარინა. ჩემი უახლოესი, ყველაზე საყვარელი მეგობარი. მით უმეტეს, არ უნდა ჩაერიოო. მოიცადე და თუ თვითონ გეტყვის რამეს, მაშინ უთხარი შენი აზრი. ისიც იმ შემთხვევაში, თუკი შეგეკითხებაო.

– რატომო, აგიხსნათ?

– რა თქმა უნდა, ამიხსნა. საკმაოდ ლოგიკურად დამისაბუთა, მაგრამ მე გავჯიუტდი და არ დავუჯერე. ახლა რომ ვფიქრობ, ყველა სიტყვა მართალი მითხრა. მამაკაცის ჭკუა მაინც სხვაა. იცით, რა მითხრა? შენ მეგობრობა ცუდად გესმის. თუ მარინა მართლა გიყვარს და მისთვის გული მართლა შეგტკივა, არ ჩაერიო მის პირადულში. არ დაუწყო სულში ხელების ფათური. თვითონ ალბათ იცის, რასაც აკეთებსო. თავი გავიგიჟე. როგორ, ქმარს ატყუებს და ამას ასე მშვიდად ვუყურო? მით უმეტეს, როცა ვიცი, რა შეხედულება აქვს ღალატზე. თვითონ რანაირად მელაპარაკებოდა მაშინ, შენ რომ მღალატობდი-მეთქი. ჩემს ქმარს ამისი მოსმენა არ ესიამოვნა. ან რატომ ესიამოვნებოდა, ძველი ცოდვები გავუხსენე. ერთი სიტყვით, ამის ნიადაგზე, კინაღამ ძალიან სერიოზულად ვიჩხუბეთ მე და ჩემმა ქმარმა. მიმტკიცებდა, ცუდი მეგობარი ხარ. შენი საქციელით იმას ამტკიცებ, რომ მარინას ქმარზე მეტად შეგტკივა გული. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ ქალებს წარმოდგენა არ გაქვთ მეგობრობაზე. საღამოს კიდევ ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი. ქმარზე გაბრაზებული რომ არ ვყოფილიყავი, იქნებ გამეთვალისწინებინა მისი რჩევა, მაგრამ ცხელ გულზე, საღად ვეღარ ვიაზროვნე. თანაც მეორე დღეს მარინამ დამირეკა. მომენატრე და ერთად ვისადილოთო. შესვენებაზე გამოვალ, პიცაზე გეპატიჟებიო. მე ეს ზარი იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ უნდა დავლაპარაკებოდი მომხდარზე. ძალიან ვნანობ, რომ ავჩქარდი. მართლა ვნანობ. თან არც კი მოვიცადე, იქნებ თვითონ ეთქვა რამე. იდიოტი გამოვედი. პირდაპირ მივახალე, ყველაფერი ვიცი-მეთქი. შეცბა და დამნაშავესავით გაიღიმა. არ დაველოდე, რამე ეთქვა. მაშინვე მივაყარე, როგორ შეგეძლო, ასე მოქცეულიყავი. მე შენ წესიერი და სამართლიანი ადამიანი მეგონე. ვამაყობდი შენით და ყველაფერს გიჯერებდი. როცა ქმარმა მიღალატა, შენ თქვი, რომ ღალატი საშინელებაა, ამ დროს, თავად ატყუებ იმ საცოდავ კაცს. დაგინახე, როგორ კოცნიდი იმ ვიღაცას. როგორ არ გრცხვენია, ეს როგორ გააკეთე-მეთქი. განადგურებული მისმენდა. მერე მითხრა, შენ არ იცი, როგორი ცხოვრება მქონდა ქმართან, ბოლო წლის განმავლობაში, თორემ გამიგებდიო. მეც უკვე მიჭირს ამის გაცნობიერება, როგორ მივედი აქამდე, მაგრამ მართლა არ ვარ დამნაშავე. შეეცადე გამიგო იმიტომ, რომ სერიოზულად განვიცდი, ძალიან მინდა, სხვანაირად იყოს საქმე, მაგრამ მომხდარს ვეღარაფერს ვუხერხებ. გამოუვალ სიტუაციაში ვარ. ქმარი შევინარჩუნო და სიყვარულზე ვთქვა უარი?! – ვერ შევძლებ ამ გრძნობის გარეშე ცხოვრებას. ამიტომაც ვერ ვაკეთებ არჩევანსო.

– რატომ ვერ გაუგეთ?

– იმიტომ, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი, როგორც უკანასკნელი იდიოტი. არ მოვუსმინე და როგორ გავუგებდი. მაშინვე განაჩენი გამოვუტანე. თანაც, ძალიან მკაცრი. არჩევანს წესიერი ქალი იმის სასარგებლოდ აკეთებს, ვისთანაც სტაბილური ოჯახი აქვს და შვილი ჰყავს-მეთქი. რა სისულელე ვთქვი, ხომ წარმოგიდგენიათ. როდის იყო, შვილი ცოლ-ქმრის ურთიერთობას დარაჯად ედგა. რა შუაში იყო ბავშვი. ჩემი საუკეთესო დაქალი, თავის ტკივილზე მელაპარაკებოდა. იმის ნაცვლად, მოვფერებოდი და მეთქვა, რომ ყოველთვის შეეძლო, ჩემი იმედი ჰქონოდა, მსაჯულად ვექეცი. საშინელი რაღაცეები ვუთხარი. ახლა ვგიჟდები, როგორ არ შემეცოდა. მარინამ მითხრა, ჩემი ქმარი ბოლო დროს ძალიან ცუდად მექცეოდა, სულ მამცირებდა, მიმეორებდა, უკვე ძალიან ხშირად ვნანობ იმას, რომ ცოლად შეგირთეო. ამაზე დიდი შეცდომა, ცხოვრებაში არ დამიშვიაო.

– თქვენს დაქალსაც ღალატობდა ქმარი და ამისთვის სამაგიერო გადაუხადა?

– არა. მარინას ამის მსგავსი არაფერი უთქვამს. მის ქმარს არ ჰყავდა საყვარელი. ყოველშემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, არ ჰყავდა. მე მართლა არ ვიცი, რა პრობლემა ჰქონდა მარინასთან, რომ ამ გზით ცდილობდა მის გამწარებას. მარინამ მითხრა, ძალიან მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ისეთს მიმიღებდა, როგორიც ვარ. ჩამიხუტებდა, მომეფერებოდა და თავს ისევ ქალად მაგრძნობინებდა. გამოჩნდა ასეთი მამაკაცი და თავი ვეღარ გავაკონტროლეო.

– შეეძლო ეთქვა ქმრისთვის, რომ სხვა შეუყვარდა და წასულიყო მისგან.

– მეც ეს ვუთხარი, მიპასუხა, სულ მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ. თუმცა, იმასაც ვხვდები, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებაო. უკვე ძალიან შევტოპე და გამოსავალი აუცილებლად უნდა მოვძებნოო. ერთი სიტყვით, მე მაინც ვერ დამარწმუნა თავის უდანაშაულობაში. ზედმეტად მკაცრი და შეუვალი ვიყავი, დიდი მორალისტივით. სამარცხვინოდ მოვიქეცი, ძალიან სამარცხვინოდ. მარინა მიხვდა, რომ იმედი გავუცრუე. მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც მას გაუგებდა. წარმომიდგენია, როგორ ეტკინებოდა გული. ადგა და სიტყვის უთქმელად წავიდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. სახლში გულგასიებული მივედი. ჩემმა ქმარმა მაშინვე შენიშნა, რაღაც რომ იყო მომხდარი და ნიშნის მოგებით მკითხა, მიიღე მისაღები?! ხომ გეუბნებოდი, სადაც არ გეკითხებიან, იქ ცხვირი არ უნდა ჩაყო, რატომ არ დამიჯერეო. გავცოფდი, არ მეყო ძალა, მეღიარებინა შეცდომა, თუ დანაშაული. მე ხომ მართლა მარინას მეგობარი ვიყავი და არა მისი ქმრის. ყველას აქვს უფლება, თავად განაგოს საკუთარი ცხოვრება. ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუ მართლა გვიყვარს, არ უნდა განვიკითხოთ ისინი. ახლა უკვე ვიცი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება.

– თუ ვხედავთ, რომ შეცდომას უშვებენ და ცხოვრებას იმახინჯებენ?

– ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ის შეიძლება უშვებს შეცდომას, მაგრამ თანახმაა ამაზე. რატომ ამბობენ, სიყვარული ბრმააო. მართლა რეალურ სიბრმავეზე კი არ არის საუბარი. თავს იბრმავებს ადამიანი შეგნებულად, იმიტომ, რომ ასე უნდა, რომ იყოს. უყვარს და ცხოვრობს ამ სიყვარულით ბრმად. მარინაზე ვერ ვიტყვი, რომ უჭკუოა და ამიტომ დაემართა ასეთი რაღაც. ეტყობა, მართლა შეუყვარდა ის ადამიანი. მით უმეტეს, თუ ქმართან პრობლემები ჰქონდა.

– შეიძლება გეწყინათ, თავის ცხოვრებაში რომ არ ჩაგახედათ.

– არა. უფრო იმისი ბრალია, რომ თავი შეუცდომელ ადამიანად წარმოვიდგინე და ჭკუის დარიგება დავუწყე. ჩემი თავი მარინას ადგილზე რომ წარმოვიდგინე, ძალიან ცუდად გავხდი. გამახსენდა, როგორ მეუბნებოდა მარინა, რა სისულელეც უნდა ჩაიდინო, მე მაინც მეყვარები და ყველაფერში გაგამართლებო .

– მარინამ ურთიერთობა გაწყვიტა თქვენთან?

– აღარ მეკონტაქტება. მარტო მესიჯი მომწერა, რითიც ისე მომიკვდა გული, რომ მოსვენება დავკარგე. რა ეწერა ამისთანა იმ მესიჯში? გეტყვით, რაც ეწერა: შენი იმედი მქონდა, თუმცა ქვეცნობიერად ვხვდებოდი, რომ ვერ გამიგებდი. ამიტომაც არაფერს გეუბნებოდიო. გულზე მომხვდა. მარინამ ზუსტად გამშიფრა იმიტომ, რომ მართლა ძალიან კარგად მიცნობდა. იცით, როგორ განვიცდი ამას?! მარინა ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარია. რატომ ვერ შევძელი ისეთი მიმეღო, როგორიც იყო სინამდვილეში. თუნდაც ქმრის მოღალატე. მეგობრობაში მთავარია, მეგობრობას და საკუთარ ადამიანობას არ უღალატო, თორემ პირად ცხოვრებას როგორ მოიწყობ, ეს მარტო შენი გადასაწყვეტია. ახლა რა გამოვიდა: ქმართან დაძაბული მაქვს ურთიერთობა, დაქალი კი დავკარგე. ამაზე რომ ვფიქრობ, ლამის ჭკუიდან შევიშალო.

– ქმართან რომ დაგეძაბათ ურთიერთობა, ამას განიცდით?

– ქმართან როგორმე მოვაგვარებ ურთიერთობას. მე მას ღალატი ვაპატიე და ჩემს დაქალთან თუ რამე შემეშალა, ეს მარტო ჩემი პრობლემაა. მაგას არავინ ეკითხება. სხვა საქმეა, რომ აშკარად მართალი იყო, როცა მირჩევდა, გავჩუმებულიყავი. რაც შეეხება ნერვიულობას, მე მადარდებს და მანერვიულებს მარინა. რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ მაპატიოს. როგორ დავიბრუნებ მისი ნდობას. რამდენიმე დღის წინ, საერთო ნაცნობი შემხვდა და მითხრა, ოჯახი ძალიან აერიათ. მგონი დაშორდნენ. ქალბატონს საყვარელი ჰყოლიაო. ეს სიტყვები ისეთი შხამით თქვა, რომ ცუდად გავხდი, ქალმა თუ ქალს არ გაუგო, მამაკაცს სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი განცდები.

– შეიძლება, მაგრამ ქალის ღალატი ყოველთვის ძალიან მწვავედ აღიქმება საზოგადოების მიერ.

– ვიცი, ძალიან ცუდია. ვითომ ქალი რა არის. ღალატი ღალატია. კაცები უფრო მეტად განიცდიან ღალატს, თუ რა არის? მკვდარი ვიყავი, ჩემი ქმრის ღალატის ამბავი რომ გავიგე.

– მაშინ მარინას ქმრის უნდა გესმოდეთ.

– არ მინდა მესმოდეს იმიტომ, რომ ვიცი, მან მიიყვანა ჩემი დაქალი აქამდე. ამცირებდა და გულს სტკენდა. შეუძლებელია, ქალი არეული ცხოვრების მომხრე იყოს. ჩვენ კაცებზე ძვირად გვიღირს სტაბილურობა. რომ შემეძლოს, გამბედაობა რომ მყოფნიდეს, მივიდოდი მარინასთან, მოვეხვეოდი და ბოდიშს მოვუხდიდი, მაგრამ მეშინია, ხელი არ მკრას.

დალი მიქელაძე


скачать dle 11.3