კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები



ჩემმა შვილმა მამამისს ქალთან შეუსწრო

დედისერთა ვარ. რომ გავთხოვდი, მე და ჩემი ქმარი ცოტა ხანში ჩემს მშობლებთან გადავედით საცხოვრებლად, რადგან გუჯა ოჯახში ბევრნი ცხოვრობდნენ და ჩვენ, ახალდაქორწინებულ წყვილს ჩვენი ოთახი გვჭირდებოდა, რისი საშუალებაც არ იყო, ჩემი დედ-მამა კი მარტო ცხოვრობდა ოთხოთახიან ბინაში. ამ გადაწყვეტილებას ორივე მხარე სიხარულით შეხვდა.

თავიდან გუჯა ძალიან მორიდებული იყო ჩემს მშობლებთან, მაგრამ, როგორც ჩანს, მამაჩემმა ისე გაათამამა, რომ თავში აუვარდა. ორი წელიც არ იყო გასული, ოფიციალურად მოსთხოვა, კარებზე გარედან თქვენი გვარი რომ აწერია, ჩემიც მივაწეროთ, „მიტყდება”, ვინმეს ეგონოს, რომ ზედსიძე ვარო. ყველაზე მეტად სიტყვა „ეგონოს” „მომეწონა”. მამას აშკარად არ ესიამოვნა, მაგრამ კაცურად გაუგო და კარზე გუჯას გვარიც მიაწერა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემმა პატივცემულმა მეუღლემ გამომიცხადა (მამაჩემს ვეღარ გაუბედა), მამაშენი პენსიაზეა, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს და კარზე მარტო ჩემი გვარი უნდა დავტოვოო. ამაზე კატეგორიული უარი ვუთხარი და პირველი სერიოზული ჩხუბი სწორედ მაშინ მოგვივიდა. კიდევ ცოტა ხანი რომ გავიდა, უკვე ჩემი გვერდის ავლით, ჩემს მშობლებს სთხოვა, თქვენ მეორე ოთახში გადმოდით, რადგან თქვენს ახლანდელ ოთახში კაბინეტი მინდა გადმოვიტანოო. იმისთვის რომ არ ეწყენინებინათ, ულაპარაკოდ დასთანხმდნენ. ასე გვაბურთავებდა თავის ნებაზე. ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი იმდენი მოახერხა, დამითანხმა, რომ ბინა თავის სახელზე გადაეფორმებინა.

საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვეყრებით, რადგან ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა საკუთარ მამას, საკუთარ სახლში, ქალთან შეუსწრო და ეს ქალი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ბავშვი კინაღამ შოკში ჩავარდა. ამის პატიება ვერ შევძელი და გაყრა მოვთხოვე. დიდი უარისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ (არ გამეყაროო), მაინც დავითანხმე, რადგან დავემუქრე, შენს სამსახურში დავრეკავ და თავს მოგჭრი-მეთქი, მაგრამ ახლა აქეთ მემუქრება: კი ბატონო, გავეყაროთ, მაგრამ მეორე დღიდან აიკრავთ ნაბადს შენ და შენი შვილები, ეს ბინა ჩემიაო. ასეთ უნამუსოსთან თუ ვცხოვრობდი ამდენ წელიწადს, ვერ წარმოვიდგენდი. დაქალი მყავს იურისტი და იმის რჩევით განცხადება შევიტანე სასამართლოში, სადაც ბინის შესახებ ყველაფერს დაწვრილებით ვწერ. აღმოჩნდა, რომ მე, როგორც ჩემი მშობლების პირველი რიგის მემკვიდრეს, მხოლოდ ბინის ნაწილი მეკუთვნის, რადგან ამჟამად ბინა ჩემი აწ უკვე ყოფილი მეუღლის სახელზეა გადაფორმებული. ერთი სიტყვით, ჩემი მშობლების ნაწვალები სახლ-კარიდან მხოლოდ ნაწილი მხვდება და ისიც სასამართლოებისა და ნერვიულობების შემდეგ. მან კი ვიღაც „პუტანკები“ უნდა მიიყვანოს იქ და ორგიები მოაწყოს, თან შვილები გადამირიოს. ერთმა ნათესავმა მითხრა, მაინც ნუ დაანგრევ ოჯახს, კაცებს, ხომ იცი, მეტი ეპატიებათო. ამ სიტყვებმა სულ მთლად გადამრია და კატეგორიული უარი ვთქვი შერიგებაზე, თუმცა თვითონ ბოდიშებს მიხდის და მეხვეწება, რომ ვაპატიო. მაგრამ აქ მარტო ჩვენი ცოლქმრობა არ არის გასათვალისწინებელი. ჩემი გოგონა მოზარდია და ისეთ ასაკშია, ახლა სულ მოფერება და დაყვავება სჭირდება. არანაირი სურვილი არ მაქვს, ბავშვი ზედმეტად ვანერვიულო.

ნატალია, 36 წლის.



რატომ გამექცა შვილი

ვიცი, ახლა უკვე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ, მინდა, საქვეყნოდ ვაღიარო შეცდომა, რომელიც, როგორც დედამ ჩავიდინე.

ჩემმა მშობლებმა ძალიან მკაცრად აღგვზარდეს მე და ჩემი და. იმ დონეზე მკაცრად, რომ დაგვაკომპლექსეს. თავიდან ვფიქრობდი, რომ ასე იყო საჭირო, მაგრამ, რომ წამოვიზარდე, გულში გადავწყვიტე, ჩემი შვილები უფრო თავისუფლად გამეზარდა, რადგან ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე არ მომწონდა და შინაგანი პროტესტი მქონდა, თუმცა ამ პროტესტის აშკარად გამოხატვას ვერ ვბედავდი.

სწორედ მათი აღზრდის მეთოდის „წყალობა” იყო ის, რომ ჩემი და საერთოდ ვერ გათხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ არც გარეგნობით დაიწუნებოდა, არც სხვაზე ნაკლები ნიჭიერი იყო და ვერც უხასიათობას დასწამებდა ვინმე. მე კი გავთხოვდი, მაგრამ ქმარმა მალე მიმატოვა პატარა ბავშვით ხელში. მაშინ ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ახლა კი დარწმუნებული ვარ, ჩემს კომპლექსებსა და „არ შეიძლებას” ძახილს ვერ გაუძლო. ერთი სიტყვით, მარტო დავრჩი პატარა შვილით და მარტო შევები ცხოვრების უღელში. მეორედ გათხოვება აღარც მიფიქრია, არც მეგობარი მამაკაცი გამიჩენია – ჩემი მტკიცედ ჩამოყალიბებული მორალი ამის უფლებას არ მაძლევდა და მთლიანად შვილს მივუძღვენი თავი.

ისედაც დაკომპლექსებულს, ქმრის წასვლის შემდეგ შიშის გრძნობა დამემატა – რომ ჩემს შვილს რამე არასწორი ნაბიჯი არ გადაედგა ცხოვრებაში და დედაჩემი მონაგონი იყო ჩემთან შედარებით, ისეთ მარწუხებში მოვაქციე ჩემი საწყალი შვილი. ყოველთვის წყნარი ბავშვი იყო, თვინიერი, სათნო, კარგად სწავლობდა, გარეგნობითაც გამოირჩეოდა, მაგრამ, ერთი სიტყვა რა არის, ერთი საქებარი სიტყვაც კი არ დამცდებოდა მასზე არც მასთან და არც სხვასთან. საწყალი ბავშვი სულ თვალებში მიყურებდა, სულ ცდილობდა, ჩემი მოსაწონი გაეკეთებინა რამე, მე კი სულ შენიშვნებს ვაძლევდი, ვაკრიტიკებდი, საყვედურებს ვეუბნებოდი. სულ დამავიწყდა, მის ასაკში რომ ვიყავი, რას განვიცდიდი ხოლმე ჩემი მშობლების მსგავსი საქციელის გამო. შემიძლია, ვთქვა, ჩემი ერთადერთი შვილი ისეთ ტერორში გავზარდე, ყველა პიროვნული თვისება ჩავუხშე. ჩემი და სულ მეჩხუბებოდა, ასე არ შეიძლება, ნუ შეშალე ბავშვიო, მაგრამ ყურს არ ვუგდებდი. სკოლა ისე დაამთავრა, მეგობართან არ გამიშვია. მხოლოდ ჩემს დასთან წასვლის უფლებას ვაძლევდი, მაგრამ, როცა ვიგრძენი, რომ იქ ყოფნა ერჩივნა ჩემ გვერდით ცხოვრებას, ვიფიქრე, ალბათ ის ათამამებს, ბავშვი არ გამიტუტუცოს-მეთქი და ერთადერთ დეიდასთანაც ავუკრძალე სიარული – როცა მოენატრებათ ერთმანეთი, თვითონ მოვიდეს-მეთქი. ბავშვი რამდენიმე დღეს რომ აღარ მივიდა, ჩემი და, შეიძლება ითქვას, მომივარდა და პირში მომახალა, მიხვდი, რომ ბავშვი ჩემთან ყოფნისას შენგან ისვენებს, რომ შენი დაბღვერილი და მარად უკმაყოფილო სახის ყურებას ჩემთან ყოფნა ურჩევნია, ეჭვიანობ ჩემზე და იმიტომ აუკრძალე ლიკას ჩემთან მოსვლაო. ერთი სიტყვით, კარგა მაგარი ჩხუბი გამოგვივიდა. თავიდან, რა თქმა უნდა, უარვყავი, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მართლაც ვიეჭვიანე, ამ ეჭვიანობამ კი ერთადერთი შვილის დაკარგვის შიში გამიჩინა და თავდაცვის ინსტინქტი ამუშავდა.

ასე იყო თუ ისე, სკოლის პერიოდში აღვირი მე მეჭირა, მაგრამ, სკოლის დამთავრების მეორე თუ მესამე დღეს ლიკამ ჩაალაგა თავისი ნივთები და ჩემს დასთან გადავიდა – გამომიცხადა, ჯერ ბანკეტისთვის უნდა მოვემზადო (მე ვუკრძალავდი ბანკეტზე წასვლას), მერე კი გამოცდებისთვის მაქვს ბევრი სამეცადინო და იქ უფრო მშვიდად გავაკეთებ ყველაფერსო. მაშინ პირველად ვიტირე შვილთან, მაგრამ ჩემმა ცრემლებმა არ გაჭრა – ლიკა დეიდამისთან გადავიდა. წასვლის წინ კი მითხრა, ასე იმიტომ ვიქცევი, რომ არ მინდა, შენნაირი გავხდე და მეც ასე გავამწარო ჩემი შვილიო. ძალიან მეტკინა გული, ბევრიც ვიტირე, მაგრამ მივხვდი, რომ ლიკამ მართალი მითხრა. შვილი თავისუფალ ადამიანად უნდა გაზარდო და არა ჭიანაჭამ, შეშინებულ, უუნარო ან, თუნდაც, დესპოტ არსებად. ამას რომ მივხვდი, შევურიგდი ბედს და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, წერილი მომეწერა თქვენთვის.

ლიკა დღესაც დეიდამისთან ცხოვრობს. ჩვენი ურთიერთობაც ნელ-ნელა გვარდება და, მიუხედავად ამდენი ნერვიულობისა, ახლა ვხვდები, რომ კარგია, ჩემს შვილს ასეთი დეიდა რომ ჰყავს. მეც რომ მყოლოდა ვინმე მისნაირი გულშემატკივარი, ალბათ, ჩემს ცხოვრებას სხვანაირად ავაწყობდი.

ნინელი, 48 წლის.



ჩემს დაღუპვას მშობლებს ვაბრალებ

5 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გაიყარნენ. თავიდან დედამ წამიყვანა და მამას მარტო შაბათ-კვირას მივყავდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, „გრაფიკი” შეცვალეს და მთელი კვირა მამასთან ვცხოვრობდი და დედა მხოლოდ უქმე დღეებში მაკითხავდა.

ახლაც არ ვიცი, რა მოხდა მაშინ ჩემს მშობლებს შორის, მაგრამ შერიგებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. მალე დედაც გათხოვდა და მამამაც ცოლი მოიყვანა და თუ მანამდე ჩემ გამო ერთმანეთს ხოცავდნენ – არა ჩემთან უნდა იყოს ბავშვი და არა ჩემთანო, მეორედ დაოჯახების შემდეგ ორივესთვის ზედმეტი აღმოვჩნდი და სულ იმას „ჩალიჩობდნენ“, ერთმანეთისთვის „შეეტენათ” ერთადერთი შვილი. იმასაც ვერ ხვდებოდნენ, როგორ სტრესში მაგდებდნენ ამით. ვერ ვიტყვი, რომ ან დედინაცვალი და ან მამინაცვალი გამოკვეთილად ცუდად მექცეოდნენ, მაგრამ დედასთანაც და მამასთანაც თავს ზედმეტ ნივთად ვგრძნობდი. მერე ორივეს თავ-თავიანთი შვილები ეყოლათ და მე საერთოდ ბოლო ადგილზე გადავიწიე. ძირითადად ბებიებთან ვცხოვრობდი – ხან ერთთან, ხან – მეორესთან. ორივე კარგად მექცეოდა, მაგრამ მე დედის სითბო და მამასთან კაცური ურთიერთობა მენატრებოდა, მათ კი ჩემთვის არასდროს ეცალათ, შემიძლია ვთქვა, უარმყვეს. მათთვის რომ გეკითხა, თან მყვებოდნენ: კარგად მეცვა და საჭმელ-სასმელი არ მაკლდა და სულ ამით ამოიწურებოდა მათი მშობლიური მოვალეობის მოხდა. სკოლაში განსაკუთრებით ვცდილობდი ორივესთან დაახლოებას, მაგრამ არაფერი გამომივიდა და საერთოდ შევწყვიტე მათთან სიარული – ვიფიქრე, ამით დავსჯი და მიხვდებიან, რომ მეც უნდა მომაქციონ ყურადღება და შვილად ჩამთვალონ-მეთქი. მთელი სამი კვირის განმავლობაში არც ერთთან არც მივსულვარ, არც დამირეკავს. მაინტერესებდა, რას იზამდნენ, მაგრამ, არაფერიც არ ქნეს. ტელეფონითაც კი არ ვუკითხივარ არც ერთს. მაშინ კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არავის ვჭირდებოდი, არავისთვის არაფერს წარმოვადგენდი და თუ მანამდე, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, საერთოდ, ავიღე სწავლაზე ხელი. ბებიები ვეღარ მაკონტროლებდნენ და ჩემს ნებაზე ვცხოვრობდი. 13 წლის ვიყავი, ქუჩაში რომ გავედი, სკოლაში საერთოდ აღარ დავდიოდი. მერე ჩემზე უფროსმა ქუჩის ბიჭებმა „შემიკედლეს”, „იზრუნეს” ჩემზე, გამომზარდეს და 15 წლისა პირველად წამიყოლეს „საქმეზე”, ანუ ბინის გასაქურდავად. მერე პლანის მოწევა დავიწყე, ცოტა ხანში „დამაწინაურეს” და „წამალიც” შემომთავაზეს და ასე თანდათან ვიქეცი არარაობად. ჩემმა მშობლებმა ყველაზე გვიან გაიგეს ეს ყველაფერი და არც მაშინ მოუკლავთ თავი იმაზე ფიქრით, რომ როგორმე ან ერთს, ან მეორეს ამ ჭაობიდან ამოვეყვანე – შორიდან შემომითვალეს, ოჯახის შემარცხვენელი ხარ, შენ გამო თავი მოგვეჭრა, ჩვენს შვილებს არ გაეკარო და ისინიც არ გადაგვიგვაროო და ამით ამოწურეს მშობლის მოვალეობები. 16 წლის რომ გავხდი, ჯერ ერთი ბებია გარდამეცვალა, მერე – მეორე. ჩემი მშობლები პანაშვიდებზეც კი არ დამლაპარაკებიან წესიერად. დასაფლავების შემდეგ კი საერთოდ დამივიწყეს. ერთი არ უფიქრიათ, 16 წლის ბიჭს, თავის სისხლსა და ხორცს, თავისთან თუ არ წაიყვანდნენ, რამე ნუგეშის მომცემი სიტყვა მაინც ეთქვათ. ეტყობა, გულში კიდევ მქონდა იმედის რაღაც ნამცეცი, რომ მთლად უპატრონოდ დარჩენილს არ მიმატოვებდნენ, მაგრამ მათი საქციელის შემდეგ მივხვდი, რომ მთელი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა ადამიანი, რომელსაც ვუყვარდი, რომელიც ფიქრობდა და ზრუნავდა ჩემზე, რომელიც თავზე ხელს გადამისვამდა და გულის სითბოს მაჩვენებდა. ამაში რომ დავრწმუნდი, საერთოდ ხელი ავიღე ადამიანობაზე, ყველაზე და ყველაფერზე გაღიზიანებული, საშინელი აგრესიული გავხდი. ყველანაირ ცუდ საქმეზე მივდიოდი და ისეთი დაუნდობელი ვიყავი ადამიანების მიმართ, ჩემს „თანამოძმეებსაც” კი უკვირდათ. მალე ერთ „საქმეზე” ჩავვარდი და შვიდი წელი მომისაჯეს. ჩემს მშობლებს არც გაუგიათ. ციხეში დრო ბევრი მქონდა და ათას რამეზე ვფიქრობდი. მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ დამღალა ასეთმა ცხოვრებამ და თუ მეღირსებოდა იქიდან გამოსვლა, სხვანაირად უნდა მეცხოვრა.

ახლა წელიწადი ხდება, რაც პატიმრობის ვადა დამიმთავრდა და თავისუფალი ვარ. შავბნელ საქმეებსაც შევეშვი, მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყებაც აღარ გამომივა, რადგან ციხეში ჰეპატიტი და ტუბერკულოზი ავიკიდე და დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩენია, მით უმეტეს, რომ მკურნალობის არც საშუალება და არც სურვილი არ გამაჩნია.

ამ აღსარებისთვის წერილს კი იმიტომ გწერთ, რომ მინდა, თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან მივმართო ჩემს მშობლებს, რომლებმაც საზოგადოების ელიტაში მოიდგეს ფეხი და თავზე ბუზს არ ისვამენ: ჩემო „ძვირფასო” ბიოლოგიურო მშობლებო! ღმერთმა კარგად გიმყოფოთ შვილები, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ჩემი დაღუპვა თქვენი ბრალია, ორივესი თანაბრად. დარწმუნებული ვარ, ვერც ჩემს ამქვეყნიდან წასვლას გაიგებთ და, რომც გაიგოთ, გასვენებაში მოსასვლელადაც ვერ მოიცლით, მაგრამ იმქვეყნად რომ შევხვდებით ერთმანეთს, მაინტერესებს, როგორ შემხედავთ თვალებში.

ზვიადი, 27 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3