კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაიწყო ძვალზე ამოტვიფრვა შალვა ბაბუხადიამ და როგორ გადასცა საჩუქრად 670 ნივთი ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმს



პროფესიით ინჟინერ-მშენებელი შალვა ბაბუხადია, დაახლოებით 20 წლის წინ გაიტაცა ძვალზე მუშაობამ და მას შემდეგ უამრავი საინტერესო პორტრეტი და ფიგურა შექმნა, რომელთა ნაწილი მის კოლექციაში ინახება, ნაწილი კი გააჩუქა. თვითნასწავლი ოსტატის სახელოსნოში ამჟამად ორი ათასზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი, რომლებიც ბატონმა შალვამ სიამოვნებით დაგვათვალიერებინა და თითოეული მათგანის ისტორია გვიამბო. დღეს ის ჩვენი რესპონდენტია.

შალვა ბაბუხადია: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს სადილობის დროს აღმოვაჩინე პატარა ძვალი. კოხტად იყო მოჭრილი და იმიტომაც მიიპყრო ჩემი ყურადღება. ავიღე, გავრეცხე, ზედ დავხატე ვაჟა-ფშაველას პორტრეტი, დავიწყე მისი ფხეკა, ამოჭრა, დიდი ძალისხმევის შემდეგ მივაღწიე შედეგს და დავასკვენი, რომ ძვალზე მუშაობას შევძლებდი. ეს იყო 1979 წელს. მაშინ მაღაზიებში იყიდებოდა ხოლმე ძვალი. საქონლის ფეხის მთლიან ძვალს ვყიდულობდი. მძიმე იყო საკმაოდ – თითოეული 12 კილოგრამს მაინც იწონიდა. ამ 12 კილოგრამიდან რომ მოვჭრიდი ძვლის თავ-ბოლოს და რომ ამოვკვეთდი ჩემთვის საჭირო ნაწილს, მრჩებოდა დაახლოებით 3-4 კილოგრამი მასალა დასამუშავებლად. ასე, ნელ-ნელა, თან ვერთობოდი, თან ვსწავლობდი. დროთა განმავლობაში პატარა სახელოსნო მოვიწყვე და ისე გამიტაცა ამ საქმიანობამ, სანამ არ დავუძლურდი, მანამდე განუწყვეტლივ ვმუშაობდი. სამი-ოთხი წელიწადია, აღარაფერი გამიკეთებია. უკვე წლები მომემატა და ახლა ძვალზე სამუშაოდ ძალა აღარ მყოფნის.

– ძირითადად საქონლის ძვლისგან დამზადებული ნივთებია ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– აქ მხოლოდ საქონლის ძვლისგან დამზადებული ნაკეთობებია თავმოყრილი. სპილოს ძვალს მე საიდან შევიძენ, თორემ საუკეთესოა, არაჩვეულებრივია, სპილოს ძვალი სამუშაოდ.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– პროფესიით ინჟინერი-მშენებელი ვარ.

– როგორც ჩანს, რადგან ხაზვა და ხატვა გეხერხებათ, ძვალზე მუშაობასაც ადვილად აუღეთ ალღო.

– ალბათ. მე მართლაც საკმაოდ კარგად ვხატავდი ახალგაზრდობაში. რაც ახალგაზრდობაში დამიხატავს, მოგვიანებით ყველაფერი გავაკეთე ძვალზე.

თემატურად, განსხვავებულ ნივთებს ვამზადებ. ამ კოლექციაში ნახავთ ჩემ მიერ დამზადებულ სამკაულებს, შანდლებს, ლარნაკებს, ჩარჩოებს, ინსტრუმენტებს, ჭადრაკის ფიგურებს, ნარდს, პორტრეტებს... კომპოზიციებიც მაქვს დამზადებული, მაგალითად: „9 აპრილი,“ „მტრედები,“ „დედა ენა“, „სამი გრაცია“, „შვიდკაცა“, „ამირანი“, „ქართული პოეზია“, „ღვინის სასმისები“... ამ ნამუშევარს „ოკრიბა“ დავარქვი. ტყიბულის რაიონში არის ასეთი სოფელი, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ისე, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი გახლავათ, მაგრამ ძალიან მიყვარს სოფელი და ბავშვობაში საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი ხოლმე იქ. ძალიან კარგი ბებია და ბაბუა მყავდა. მათთან ვიყავი ხოლმე მთელი ზაფხულის განმავლობაში. აი, ასეთი ურემი, რომელიც მე დავამზადე ძვლისაგან, სწორედ ოკრიბაში მაქვს ნანახი. მას ოკრიბაში „ჩოჩიალა ურემს“ უწოდებდნენ. ამ ნამუშევარში მოვაგროვე ჩემი ბავშვობის ემოციები. რაც კი სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან მქონდა ნანახი, ყველა ის ნივთი თუ იარაღი დავამზადე: გოდორი, კალათა, სამფეხი, საცეხველი... ასეთ საცეხველზე ღომს ცეხვავდნენ, ასეთ კეცებზე ბებია მჭადს აცხობდა. კარგად მახსოვს, ზედ წაბლის ფოთლებს აფენდა ხოლმე. ეს საჩეჩელია. აი, გობიც, რომელზეც ხან ცომს ზელდა, ხანაც ფხალს კეპავდა ბებიაჩემი. ეს ორშიმოა. ორშიმოთი ღვინო ამოჰქონდათ ჭურიდან, ისე, რომ არ ამღვრეულიყო, ასეთი გიდელიც სოფელში მინახავს, დოქიც, გოდორი, ჩაფი, ქვევრი...

– გვიამბეთ, როგორ მზადდება ეს ნივთები?

– როცა მოვიტანდი ხოლმე ძვალს, ამოვჭრიდი, შიგნიდან ტვინს გამოვაცლიდი, შემდეგ გამოვხარშავდი, სანამ არ გამოუვიდოდა ქონი, სუნი... ყველაფერი. შემდეგ ვიწყებდი უკვე მუშაობას.

– თქვენი გულშემატკივარი ან კრიტიკოსი ვინ არის ამ საქმეში?

– ჩემი გულშემატკივარი და კრიტიკოსი ამ საქმეში ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ნინოა. მის შენიშვნებს ყოველთვის ვითვალისწინებდი ხოლმე. ძვალზე მუშაობამ ძალიან ბევრი მტვერი იცის და სულ მეუბნებოდა, დაანებე თავიო, ნერვიულობდა ჩემ გამო.

– განსაკუთრებით რომელი ნამუშევარი მოგწონთ ამ კოლექციიდან?

– მე მაქვს გაკეთებული ქართველი სასიქადულო პიროვნებების პორტრეტები, რომლებიც განსაკუთრებით მომწონს. ახლაც მიკვირს, როგორ გავართვი თავი. აქ სულ 49 ქართველის პორტრეტია, დაწყებული დავით აღმაშენებლიდან, გიორგი სააკაძე, პეტრე პირველი, იმიტომ, რომ ქართველი იყო ეგეც, ერეკლე მეორე, შალვა და ელიზბარ ერისთავები, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, ილია, მღვდელი თევდორე... პორტრეტები ყველაზე ძნელი გასაკეთებელია, რადგან მსგავსება მაქსიმალური უნდა იყოს.

გავბედე და ამოვკვეთე ძვალზე ავტოპორტრეტიც, მგონი, ურიგო არ გამოსულა. დედაჩემის პორტრეტიც მაქვს გაკეთებული.

ცალკე კუთხეში განვათავსე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ყველა გმირი: როსტევანი, ავთანდილი, თინათინი, ტარიელი, ნესტან-დარეჯანი... როგორც ყველა ქართველი მეც განსაკუთრებულ ადგილზე ვაყენებ ამ პოემას.

– როგორც ვხედავ, რელიგიურ თემაზეც ბევრი ნამუშევარი გაქვთ გაკეთებული.

– რელიგიურ თემაზე შესრულებულ ნამუშევრებს ცალკე კუთხე დავუთმე. აქვე განვათავსე წმიდა ნინოს, თამარისა და ქეთევანის პორტრეტები. ეს ვაზისგან გაკეთებული ჩარჩო ჩემი სოფლიდან წამოვიღე, რადგან ძალიან მომეწონა და მასში ხატი მოვათავსე. ის მეცხრამეტე საუკუნისაა. მოგვიანებით მის მიხედვით ძვალზეც გავაკეთე რამდენიმე ასლი ამ ჩარჩოდან.

ბებია მორწმუნე ადამიანი იყო და ძალიან ბევრი ხატი ჰქონდა, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ იმავე სოფლის ეკლესიას გადავეცი, რომელშიც ის ცხოვრობდა.

– ამ ნივთების გაჩუქება თუ შეგიძლიათ, ბატონო შალვა?

– რასაც აქ ხედავთ, ერთი ამდენი გაჩუქებული მაქვს. ამ ნამუშევრებიდან 670 ნივთი მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის მუზეუმს გადავეცი საჩუქრად.

– სულ რამდენი ნივთია თქვენს კოლექციაში თავმოყრილი?

– ამჟამად ამ კოლექციაში ორი ათასზე მეტი ნივთია თავმოყრილი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია საოცრად მიყვარს, ვაგროვებ, თუმცა, არანაკლებ სიამოვნებას განვიცდი, როდესაც გავცემ.

ეკა სალაღაია


скачать dle 11.3